გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3-1180-02 8 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,
თ. კობახიძე
დავის საგანი: ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
მ. მ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა 2000წ. 5 იანვარს მ. მესხთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და სადავო ბინაზე ყადაღის დადება შემდეგ გარემოებათა გამო:
1999წ. 28 დეკემბერს მ. მ-სა და მესამე პირს, სამშენებლო კომპანია “კ-ს” შორის დაიდო ¹1/3/3 ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად მოსარჩელემ თავის საკუთრებაში რიცხული ბინა მდებარე ქ. თბილისში, ჩააბარა მესამე პირს _ სამშენებლო კომპანია “კ-ს”. სამშენებლო კომპანია “კ-ი” ვალდებული იყო 2000წ. დამთავრებამდე ქ. თბილისში, ...ისა და ...ის ქუჩებს შორის არსებულ ტერიტორიაზე ააშენებინა ბინა და ჩაბარებული ბინის ნაცვლად გადაეცა მისთვის პირად საკუთრებაში ¹3 კორპუსის მესამე სართულზე ოროთახიანი ბინა. სამშენებლო კომპანია “კ-ის” წინადადებით მოსარჩელესა და მოპასუხე მანანა მესხს შორის 2000წ. 5 იანვარს გაფორმდა ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც სანოტარო წესით იქნა დადასტურებული. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ აღნიშნული ხელშეკრულება თვალთმაქცურად არის დადებული და ამიტომ იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. სამშენებლო კომპანია “კ-მა” არ შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა და არ გამოუყო ბინა ახალ მშენებარე სახლში.
მოპასუხე მ. მ-მა სასამართლოში შეიტანა შეგებებული სარჩელი, რომლითაც მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მორალური ზიანის ანაზღაურება 15000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით და მისი გადახდის დაკისრება მოსარჩელისათვის იმ საფუძვლით, რომ ბინაზე ყადაღის დადებამ მას მიაყენა მძიმე ეკონომიკური და მორალური ზიანი და სსკ-ს 199-ე მუხლის თანახმად მოსარჩელე ვალდებულია, აუნაზღაუროს ის ზარალი, რაც მას მიადგა სარჩელის უზრუნველსაყოფად გატარებულ ღონისძიებათა შედეგად.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი მ. მ-სა და მ. მ-ს შორის 2000წ. 5 იანვარს დადებული საცხოვრებელი სახლის ნასყიდობის ხელშეკრულება ქ. თბილისში, ... მდებარე ბინა. გაუქმდა მოსარჩელე მ. მ-სა და მოპასუხე სამშენებლო კომპანია “კ-თან” 1999წ. 28 დეკემბერს დადებული ¹1/3/3 ხელშეკრულება; მოპასუხე მ. მ-ი თანმხლებ პირებთან ერთად გამოსახლდა ქ. თბილისში, ... მდებარე ბინიდან.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ძირითად სარჩელში მოპასუხე, ხოლო შეგებებულ სარჩელში მოსარჩელე მ. მ-მა. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2002წ. 21 მაისს გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება იმ საფუძვლით, რომ სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი მ. მ-ი, რომლისთვისაც ცნობილი იყო სხდომის დრო და ადგილი კანონით დადგენილი წესით. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 27 ნოემბრის გადაწყვეტილება.
მ. მ-მა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 21 მაისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა და მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის განხილვის განახლება იმ საფუძვლით, რომ იგი 15 მაისიდან 25 ივნისამდე იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე, რის გამოც ვერ მოახერხა სხდომაზე გამოცხადება და ვერც აცნობა სასამართლოს ამის შესახებ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 4 ივლისის განჩინებით მ. მ-ის საჩივარი დაუშვებლობის გამო, დარჩა განუხილველი. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. მ-ს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდა 2002წ. 17 ივნისს, მან კი საჩივარი შეიტანა 2002წ. 28 ივნისს, რითაც დაირღვა გასაჩივრების 10 დღიანი ვადა.
სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 4 ივლისის განჩინებაზე მ. მ-მა კერძო საჩივარი შეიტანა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 16 სექტემბრის განჩინებით მ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის შინაარსი და თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელი უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 4 ივლისის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 237-ე მუხლის თანახმად დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადაა 10 დღე. ამ ვადის ათვლა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარეს ჩაბარდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში.
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მ. მ-მა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი ჩაიბარა 2002წ. 17 ივნისს, ხოლო მან დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა 2002წ. 28 ივნისს ანუ გასაჩივრების 10 დღიანი ვადის დარღვევით.
პალატა ვერ გაიზიარებს საჩივრის ავტორის თხოვნას, რომ საპატიოდ ჩაეთვალოს გასაჩივრების ვადის გაშვება, რადგან სსკ-ს 237-ე მუხლი ამ ვადის გაგრძელებას არ ითვალისწინებს.
პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საჩივრის განხილვისას კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უცვლელი უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 4 ივლისის განჩინება.
განჩინება საბოლოა და არ გასაჩივრდება.