გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3ა-942-02 30 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი,
მ. წიქვაძე
დავის საგანი: საქმის წარმოების განახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
1985 წელს პ. ო-მა თავისი და ინვალიდი შვილიშვილის სახელზე ოზურგეთის შემნახველ ბანკში შეიტანა 11488,30 მანეთი. საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმით მანეთის კურსი შეიცვალა ლარის კურსით და ანაზღაურება დაიწყო პირველ რიგში პირველი ჯგუფის ინვალიდებზე. ვინაიდან პ. ო-ი იყო პირველი ჯგუფის ინვალიდი, მან 2000წ. 13 მარტს მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხისათვის _ გ-ის ოზურგეთის ფილიალისათვის კუთვნილი თანხის _ 11488,30 მანეთის ეკვივალენტის 547,88 ლარის დაკისრება.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 14 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1997წ. 8 დეკემბრის ¹716 ბრძანებულებით მოქალაქეების მიერ შეტანილი ფულადი თანხები პირველ ეტაპზე გაიცემოდა მხოლოდ პირველი ჯგუფის ინვალიდებზე, ანუ ეს ბრძანებულება ეხებოდათ მხოლოდ მათ, ვინც პირველი ჯგუფის ინვალიდად ირიცხებოდა აღნიშნული ბრძანებულების გამოცემამდე. პ. ო-ის ინვალიდობა კი დადგენილია 1998წ. 2 სექტემბრიდან.
პ. ო-მა აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილება გაასაჩივრა ქუთაისის საოლქო სასამართლოში. აპელანტმა მიუთითა, რომ მისი და მისი შვილიშვილის სახელები შეტანილი იყო ინვალიდთა შესაბამის სიაში, რის გამოც მოპასუხე ბანკს უნდა დაკისრებოდა თანხის გადახდა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ მთლიანად გაიზიარა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და 2000წ. 10 აგვისტოს განჩინებით არ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი.
პ. ო-მა აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა საკასაციო წესით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000წ. 15 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დატოვებული იქნა განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2001წ. 24 დეკემბერს პ. ო-ის წარმომადგენელმა დ. მ-ემ განცხადებით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ მოსარჩელე სრულყოფილად ვერ ფლობდა ქართულ ენას და ვერ შეძლო პროცესზე თავისი ინტერესების დაცვა. მოსარჩელე აგრეთვე მიუთითებდა, რომ აღმოჩენილი იქნა ახალი მტკიცებულება. კერძოდ, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1999წ. 8 სექტემბრის ბრძანება, რომლის თანახმადაც ყველა პირველი ჯგუფის ინვალიდს უნდა მიეღო ანაბარზე ინდექსირებული თანხა. პ. ო-მა მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება და მოპასუხისათვის საანაბრო თანხის _ 547 ლარის, ორი წლის მანძილზე მის მიერ გაწეული სასამართლოს ხარჯების _ 983 ლარის და მორალური ზიანის _ 3000 ლარის დაკისრება (სულ 4550 ლარი).
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 13 თებერვლის განჩინებით განმცხადებელს უარი ეთქვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათ გამო საქმის წარმოების განახლებაზე უსაფუძვლობის გამო.
აღნიშნული განჩინება პ. ო-ის წარმომადგენელმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 22 მაისის განჩინებით გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 13 თებერვლის განჩინება, 2001წ. 28 დეკემბრის განჩინება განცხადების დასაშვებად ცნობის შესახებ და პ. ო-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებაზე დარჩა განუხილველად.
სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ პ. ო-ის მიერ მითითებული გარემოება _ ფინანსთა მინისტრის ბრძანება, მისთვის ცნობილი იყო 2001წ. 24 დეკემბერს ე.ი. მან სასამართლოს მიმართა კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ. აღნიშნული ფაქტი დაადასტურა თვითონ განმცხადებელმაც.
პ. ო-მა ქუთაისის საოლქო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა. საჩივარში მიუთითა, რომ კონკრეტული შემთხვევა იყო ბანკსა და მეანაბრეს შორის წარმოშობილი ურთიერთობა და აქედან გამომდინარე გამოყენებული უნდა ყოფილიყო სკ-ს 128-ე მუხლი, რომელიც არანაირ ხანდაზმულობის ვადას გასაჩივრებისთვის არ იცნობს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 7 აგვისტოს განჩინებით პ. ო-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ პ. ო-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 426-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა.
მოცემულ საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ პ. ო-ისათვის საქმის განახლების საფუძველი ცნობილი გახდა 2001წ. 14 თებერვალს. ა. ო-მა სასამართლოს მიმართა 2001წ. 24 დეკემბერს ე.ი. სსკ-ს 426-ე მუხლით დადგენილი ვადის დარღვევით.
სსკ-ს 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.
საკასაციო პალატა თვლის, რომ ვინაიდან პ. ო-მა საქმის განახლების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადის დარღვევით, სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია განცხადება დაუშვებლად და დატოვა იგი განუხილველი.
მითუმეტეს პრეზიდენტის 2001წ. 2 ივლისის ¹258-ე ბრძანებულებით გაუქმდა ¹716 ბრძანებულება და მოქმედებს კანონი სახელმწიფო ვალის შესახებ, რომლის შესაბამისადაც მეანაბრეთა დავალიანება სახელმწიფო ვალშია აყვანილი და ამ საქმეზე მხარედ შეიძლება იყოს მხოლოდ ფინანსთა სამინისტრო.
რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სკ-ს 128-ე მუხლი, საკასაციო პალატა არ იზიარებს, რადგან პ. ო-მა საქმის განახლების შესახებ განცხადება სასამართლოში შეიტანა სამოქალაქო საპროცესო ვადის დარღვევით, რაც გათვალისწინებულია სსკ-ს 426-ე მუხლით და წარმოადგენს კანონის იმპერატიულ მოთხოვნას, ხოლო სკ-ს 128-ე მუხლით რეგულირდება სამოქალაქო მატერიალური სამართლებრივი ურთიერთობა, როცა მეანაბრეთა მოთხოვნებზე სასარჩელო ხანდაზმულობა არ ვრცელდება. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანი იყო საქმის წარმოების განახლება და არა სასარჩელო წარმოება ანაბრის დაბრუნების თაობაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
პ. ო-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 22 მაისის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.