გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3-გან-3-03 11 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,
თ. კობახიძე
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გ. ლ-ის წარმომადგენლის შ. შ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 19 თებერვლის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ.
პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1998წ. 30 ივლისის გადაწყვეტილებით თ. ი-ს გ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 3520 აშშ დოლარის გადახდა. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გამოიწერა სააღსრულებო ფურცელი. თბილისის საქალაქო სასამართლოს 1998წ. 5 ნოემბრის დადგენილებით სასამართლოს გადაწყვეტილება შეიცვალა თანხის ოდენობის ნაწილში და მოპასუხე თ. ი-ს დაეკისრა 3200 აშშ დოლარის გადახდა ეროვნულ ვალუტაში. 1999წ. აგვისტოში Dდაიწყო სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999წ. 10 სექტემბრის განჩინებით თ. ი-ს საზედამხედველო საჩივარი სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე არ დაკმაყოფილდა.
გ. მ-ის სასარგებლოდ დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება მიექცა თ. ი-ს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, კერძოდ, საცხოვრებელ ბინაზე, მდებარე ... თბილისში. 1999წ. 28 მაისს გამართულ საჯარო ვაჭრობაზე ბინა 7000 ლარად შეისყიდა გ. ლ-მა.
თ. ი-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს ი-ის სამინისტროს სააღსრულებო სამსახურის ტერიტორიული ორგანოს – კრწანისი-მთაწმინდის რაიონის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლებისა და გ. ლ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა 1999წ. 28 მაისის ნაგებობის საჯაროდ გაყიდვის აქტის ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ საჯარო ვაჭრობა ჩატარდა კანონის მოთხოვნათა დარღვევით. კერძოდ, “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის იმ ნორმების დარღვევით, რომლებიც ითვალისწინებენ მოვალის უფლებას, მონაწილეობა მიიღოს აღსრულების პროცესში, დაესწროს აღსრულების მიმდინარეობას, მორიგდეს კრედიტორთან, იდავოს ქონების ფასზე და ა.შ. აღმასრულებლებმა ისარგებლეს მოვალის ავადმყოფობით და ბინა მნიშვნელოვნად დაბალ ფასში გაყიდეს.
ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 1999წ. 31 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თ. ი-მ აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საოლქო სასამართლოში გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის პერიოდში მოპასუხედ აღმასრულებლების: მ. ჟ-ისა და ნ. კ-ის ნაცვლად ჩაბმულ იქნა კრწანისი-მთაწმინდის რაიონისა და ისანი-სამგორის რაიონის სააღსრულებო ბიუროები, ხოლო მ. ჟ-ი და ნ. კ-ი – მესამე პირებად მოპასუხის მხარეზე.
საქმე არაერთგზის განიხილა სხვადასხვა ინსტანციის სასამართლომ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 2 ივლისის გადაწყვეტილებით თ. ი-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 1999წ. 3 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: დაკმაყოფილდა თ. ი-ს სარჩელი და ბათილად იქნა ცნობილი თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონის სააღსრულებო ბიუროს 1999წ. 28 მაისის ნაგებობის საჯაროდ გაყიდვის აქტი.
გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 19 თებერვლის გადაწყვეტილებით გ. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თ. ი-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 2 ივლისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად და მას დაემატა შემდეგი პუნქტი: შევიდა შესაბამისი ცვლილება საჯარო რეესტრში და თბილისში, ... მდებარე სახლის 28/404 აღირიცხა თ. ი-ს სახელზე.
გ. ლ-ის წარმომადგენელმა შ. შ-მა განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 19 თებერვლის გადაწყვეტილების განმარტება. კერძოდ, განმცხადებელს აინტერესებს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი გულისხმობს თუ არა, რომ გ.მ-ემ გ.ლ-ს უნდა დაუბრუნოს აუქციონზე ბინისთვის გადახდილი თანხა და გ.მ-ემ ქ.თბილისის მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 1998წ. 30 ივლისის გადაწყვეტილების აღსასრულებლად თ.ი-ზე დაკისრებულ 3200 აშშ დოლარის გადახდის მოთხოვნით უნდა მიმართოს თუ არა ქ.თბილისის სააღსრულებო ბიუროს “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად ხელახლი აუქციონის ჩატარების მოთხოვნით. ასევე, თ.ი-ს განცხადების საფუძველზე მიღებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება – ყადაღა და ლუქი რჩება თუ არა ძალაში.
საკასაციო პალატა გაეცნო გ. ლ-ის წარმომადგენლის შ. შ-ის განცხადებას და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 262-ე მუხლის თანახმად გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა თხოვნით განმარტოს გადაწყვეტილება მისი შინაარსის შეუცვლელად.
განცხადების შინაარსის მიხედვით განმცხადებელს სურს მიიღოს იურიდიული კონსულტაცია გადაწყვეტილების სამართლებრივ შედეგებზე.
სსკ-ს 262-ე მუხლი მიზანშეწონილად მიიჩნევს გადაწყვეტილების განმარტებას იმ შემთხვევაში, როცა იგი ბუნდოვანი და გაუგებარია მხარეთათვის.
გამომდინარე აღნიშნულიდან პალატა მიუთითებს, რომ იურიდიული კონსულტაციის მიცემა არ შეიძლება იყოს განმარტების ობიექტი და მხარემ უნდა მიმართოს იურიდიულ კონსულტაციას. Pპალატა თვლის, რომ განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ განმარტების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს; მხარეებს განემარტოთ, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ. ლ-ის წარმომადგენლის შ. შ-ის განცხადება დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 19 თებერვლის გადაწყვეტილება განემარტოს მხარეებს იმგვარად, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმებული არ არის. Dდანარჩენ ნაწილში განცხადება არ დაკმაყოფილდეს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.