3კ-7-02 3 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე, ქ. გაბელაიადავის საგანი: ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს პოლიგრაფიისა და საგამომცემლო საქმის სამსახურის ბალანსზე ირიცხება ქ.თბილისში, ... განთავსებული საერთო საცხოვრებელი. ამ სამსახურმა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა აღნიშნული საერთო საცხოვრებლის ¹9-ე ბინიდან იძულებითი ადგილნაცვალი პირის ვ. ბ.-ს გამოსახლება.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე ვ. ბ.-ა ოჯახის წევრებთან ერთად გამოსახლებულ იქნა სადავო ფართიდან. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დაევალა ვ. ბ.-ს შესაბამისი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა.
ვ. ბ.-მ სააპელაციო საჩივრით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 6 აპრილის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ვ. ბ.-ს სააპელაციო საჩივარი: უცვლელად იქნა დატოვებული დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 17 ნოემბრის გადაწყვეტილება.
ვ. ბ.-მ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 6 აპრილის განჩინების გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ვ. ბ.-ს საკასაციო საჩივარი, გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 6 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება.
საქართველოს პოლიგრაფიისა და საგამომცემლო საქმეების სამსახურს სარჩელში, ვ. ბ.-ს მასთან მცხოვრებ პირებთან ერთად ქ.თბილისში, ... განლაგებული ¹9 ბინიდან გამოსახლებაზე ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო.
საქართველოს პოლიგრაფიისა და საგამომცემლო საქმის სამსახურმა 2002წ. 25 თებერვალს განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 28 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 7 მარტის განჩინებით საქართველოს პოლიგრაფიისა და საგამომცემლო საქმის სამსახურის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დატოვებულ იქნა განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2002წ. 12 ივლისს ხელმეორედ მიმართა საკასაციო პალატას საქართველოს პოლიგრაფიისა და საგამომცემლო საქმის სამსახურმა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, განცხადებით. განმცხადებლის განმარტებით ახლად აღმოჩენილ გარემოებას წარმოადგენს საქართველოს საგამომცემლო პოლიგრაფიული საქმის სამსახურისა და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს 2002წ. 8 ივლისის ურთიერთშემოწმების აქტი, რომლითაც დასტურდება რომ მხარეთა შორის ვ. ბ.-ს ჩასახლებაზე რაიმე შეთანხმება არ არსებობდა.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო განცხადებას და თვლის, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს გარემოებათა გამო:
სსკ-ს 423-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
პალატა თვლის, რომ განცხადების ავტორს პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე თვით უნდა წარმოედგინა სასარჩელო მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებები სასამათლო სხდომაზე, რაც მას მისი ბრალით არ გაუკეთებია.
პალატას მიაჩნია, რომ საქმის წარმოების განახლება დასაშვები რომც იყოს, წარმოდგენილი აქტი მაინც ვერ გახდება საქმის წარმოების განახლების საფუძველი, ვინაიდან სსკ-ს 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” პუნქტი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში, საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი აქტი ვერ დაედებოდა საფუძვლად მხარისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას, ვინაიდან აღნიშნული აქტი არ ადასტურებს, ვ. ბ.-ს ჩასახლებაზე თანხმობის არ არსებობას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პოლიგრაფიისა და საგამომცემლო საქმის სამსახურის მიერ წარმოდგენილი აქტი ვერ გახდება საქმის წარმოების განახლების საფუძველი, რის გამოც არ არსებობს განცხადების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 429-ე, 425-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საქართველოს პოლიგრაფიისა და საგამომცემლო საქმის სამსახურის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 28 ნოემბრის გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე, დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოა და არ გასაჩივრდება.