Facebook Twitter

¹3კ-14-02 29 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია,

თ. კობახიძე

დავის საგანი: სამკვიდრო ქონებიდან წილის მიღება (ძირითადი სარჩელი); კუთვნილი წილის გაზრდა და სამკვიდრო ქონების მიკუთვნება (შეგებებული სარჩელი).

აღწერილობითი ნაწილი:

ც. ფ-ე 1995 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ნო. ხ-ესთან. ერთად ცხოვრების პერიოდში მათ შვილი არ ჰყოლიათ. ისინი თავდაპირველად ცხოვრობდნენ ქ. ბათუმში, ..... მდებარე ბარაკის ტიპის საცხოვრებელ სახლში, რომელიც საკუთრების უფლებით ეკუთვნოდა ნ. ხ-ეს. 1997 წელს აღნიშნული საცხოვრებელი ბინა ნ. ხ-ემ გაყიდა 11000 აშშ დოლარად და ამ თანხის ნაწილით, 6000 აშშ დოლარად, შეიძინა ქ. ბათუმში, ..... მდებარე ¹8 ერთოთახიანი საცხოვრებელი ბინა ავტოფარეხით და ავტომანქანა “ვოლგა გაზ-24” _ 2000 აშშ დოლარად. 2000წ. თებერვალში ნ. ხ-ე გარდაიცვალა. მას პირველი ქორწინებიდან ჰყავდა ოთხი შვილი: რ., ნა., ნ. და თ. ხ-ეები. განცხადების საფუძველზე მამკვიდრებლის ქონება ქ. ბათუმის ნოტარიუსის მიერ განაწილებულ იქნა. ც. ფ-ეს მიეკუთვნა სამკვიდროს 3/5 ნაწილი, ხოლო დანარჩენი 2/5 წილი კი – თ. ხ-ეს, რადგანაც რ., ნა. და ნ. ხ-ეებმა თავიანთი წილი მას დაუთმეს.

ც. ფ-ემ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების: რ., ნა., ნ. და თ. ხ-ეების მიმართ და მოითხოვა აწ გარდაცვლილი მეუღლის, ნო. ხ-ის, სამკვიდროში მოპასუხეთა კუთვნილი წილის შემცირება და მთელი სამკვიდროს მის საკუთრებაში გადაცემა, მოპასუხეთათვის ფულადი კომპენსაციის გადახდა.

თ. ხ-ის წარმომადგენელმა რ. მ-მა შეგებებული სარჩელით მოითხოვა თ. ხ-ის მამის დანაშთ ქონებაზე მემკვიდრედ ცნობა, მისთვის ბინის, ავტომანქანის გადაცემა, ასევე, დარჩენილი თანხის – 4000 აშშ დოლარის – 4/5-ის მიკუთვნება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 4 ივნისის გადაწყვეტილებით ც. ფ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოსარჩელეს საკუთრებაში გადაეცა აწ გარდაცვლილ ნ. ხ-ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი ბინა და შესაბამისი ცვლილება განხორციელდა ქ. ბათუმის მერიის ტექნიკური სამსახურის მიერ, რისთვისაც ც. ფ-ეს გადახდა მოპასუხე თ. ხ-ის სასარგებლოდ 1614 აშშ დოლარი. ც. ფ-ის სარჩელს რ., ნა., ნ. და თ. ხ-ეების მიმართ სამკვიდროში მათი წილის შემცირებისა და ავტომანქანა “ვოლგის” მიკუთვნების ნაწილში ეთქვა უარი. თ. ხ-ის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. თ. ხ-ეს საკუთრებაში გადაეცა ნ. ხ-ის საკუთრებაში რიცხული ავტომანქანა “ვოლგა გაზ-24” და შესაბამისად, ქ. ბათუმის საგზაო პოლიციის სამმართველოს ტექნიკური სამსახურის მიერ გადაფორმების განხორციელება, რისთვისაც თ. ხ-ეს ც. ფ-ის სასარგებლოდ უნდა გადაეხადა 244 აშშ დოლარი.

თ. ხ-ის შეგებებულ სარჩელს ც. ფ-ის მიმართ სამკვიდროში მოსარჩელის წილის შემცირებისა და საცხოვრებელი ბინის მიკუთვნების ნაწილში უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 22 აპრილის გადაწყვეტილებით თ. ხ-ის წარმომადგენლის რ.მ-ის სააპელაციო სჩივარი დაკმაყოფილდა, ხოლო ც. ფ-ეს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა.

გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 4 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. მოსარჩელე თ. ხ-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, საკუთრებაში გადაეცა აწგარდაცვლილი ნო. ხ-ის სახელზე რიცხული ავტომანქანა “გაზ-24” და მოხდა მისი გადაფორმება დადგენილი წესით. ც. ფ-ეს კომპენსაციის სახით გადახდა 4160 ამერიკული დოლარი ერთი წლის ვადაში თ. ხ-ის სასარგებლოდ.

ც. ფ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სამვიდრო ქონებიდან ნაცვლად 4/5 წილისა მიეკუთვნა 1/5 წილი და მიეცა უპირატესი უფლება სადავო ბინაში საცხოვრებლად დარჩენისა.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 22 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ც. ფ-ის წარმომადგენელმა ი. შ-ემ და თ. ხ-ის წარმომადგენელმა რ.მ-მა.

კასატორმა ც. ფ-ის წარმომადგენელმა ი. შ-ემ მოითხოვა მოცემული გადაწყვეტილების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა სკ-ს 1161-ე მუხლი, რომლის თანახმადაც ც. ფ-ისა და ნ. ხ-ის ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ შეძენილი ქონება არ ჩათვალა მეუღლეთა თანასაკუთრებად. აღნიშნული სადავო საკითხის სამართლებრივად გადაწყვეტისას სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სკ-ს 1158-ე მუხლით. გარდა ამისა, სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა ის ფაქტი, რომ ც. ფ-ემ ისესხა 500 აშშ დოლარი, რომელიც მამკვიდრებლის დაკრძალვასთან დაკავშირებით იქნა დახარჯული.

კასატორმა, თ. ხ-ის რწმუნებულმა რ. მ-მა მოითხოვა მოცემული გადაწყვეტილების შეცვლა იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო პალატამ ბინაში დარჩენის უპირატესი უფლების მინიჭების საკითხის გადაწყვეტისას არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ თ. ხ-ე არის არასრულწლოვანი, მოსწავლე, მას ქ. ბათუმში რაიმე საცხოვრებელი ფართი არ გააჩნია. ბინაში დარჩენის უპირატესი უფლება თ. ხ-ეს გააჩნია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. ხ-ის წარმომადგენლის რ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. დაკმაყოფილდა ც. ფ-ის საკასაციო საჩივარი, გაუქმდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 22 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. ც. ფ-ეს ნ. ხ-ის დანაშთი სამემკვიდრეო ქონებიდან მიეკუთვნა ბინა მდებარე ქ. ბათუმში, ..... თ. ხ-ეს ნო. ხ-ის დანაშთი ქონებიდან მიეკუთვნა ბინა მდებარე ქ. ბათუმში, .... თ. ხ-ეს ნო. ხ-ის დანაშთი ქონებიდან მიეკუთვნა ნო. ხ-ის სახელზე რიცხული ავტომანქანა “გაზ-24”, ც. ფ-ეს თ. ხ-ის სასარგებლოდ კომპენსაციის სახით უნდა გადახდეს 480 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში, თ. ხ-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თ. ხ-ის წარმომადგენელმა რ. მ-მა 2003წ. 24 თებერვალს განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატის 2002წ. 19 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით იმ საფუძვლით, რომ საკასაციო პალატამ საქმე განიხილა სსკ-ს 422-ე მუხლის I ნაწილის “ბ” პუნქტის დარღვევით, კერძოდ საკასაციო პალატამ საქმე განიხილა მოპასუხე თ. ხ-ის და მისი წარმომადგენლის რ. მ-ის დასწრების გარეშე; მათ შეტყობინება საქმის განხილვის თარიღის შესახებ არ მიუღიათ.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, განცხადების საფუძვლები და თვლის, რომ განმცხადებლის მოთხოვნა საკასაციო პალატის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მხარეები კანონით დადგენილი წესით გაფრთხილებულნი იყვნენ 2002წ. 19 დეკემბერს საკასაციო პალატაში საქმის განხილვის შესახებ. მაგრამ საქმის განხილვის დროს სხდომაზე არ გამოცხადდა კასატორი თ. ხ-ე და მისი წარმომადგენელი რ. მ-ი, მათ სსკ-ს 70-78-ე მუხლების შესაბამისად გაეგზავნათ სასამართლო უწყება, მიუხედავად შეტყობინების ჩაბარებისა, ისინი საკასაციო პალატის სხდომაზე არ გამოცხადდნენ და არც წინასწარ შეატყობინეს სასამართლოს მათი გამოუცხადებლობის მიზეზები. საკასაციო პალატის მიერ მოძიებული მტკიცებულებები ცხადყოფენ, რომ თ. ხ-ის და რ. მ-ის სახელზე 2002წ. 9 დეკემბერს გაგზავნილი შეტყობინებები, მათ ჩაბარდათ 2002წ. 10 დეკემბერს (ს.ფ. 306-307). ამდენად, საკასაციო პალატა წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე უფლებამოსილი იყო განეხილა სამოქალაქო საქმე თ. ხ-ის და მისი წარმომადგენლის რ. მ-ის დასწრების გარეშე.

აღნიშნულის გათვალისწინებით პალატა თვლის, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლები, რის გამოც ხ-ის და მისი წარმომადგენლის რ. მ-ის განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 284-ე და 422-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თ. ხ-ის წარმომადგენლის რ. მ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 19 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 19 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.