Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-28-02 11 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია,

თ. კობახიძე

დავის საგანი: ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

ლ. ს-ი 1981 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ი. ხ-ასთან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი. ლ. ს-ი და მისი მეუღლე ქორწინების პერიოდში ცხოვრობდნენ ... ქ.¹52/37-ში მდებარე სადავო ბინაში, რომლის ძირითადი დამქირავებელიც იყო მოსარჩელის მამამთილი გ. ხ-ა, ან მოსარჩელის სახელზე რიცხულ, ... ქ.42 კ.2/41-ში მდებარე ერთოთახიან ბინაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999წ. 29 აპრილის გადაწყვეტილებით ლ. ს-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ... ქ.¹52/27-ში მდებარე ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულებები, რის გამოც სადავო ბინაზე აღდგა პირვანდელი მდგომარეობა და ბინა აღირიცხა ვაკის რაიონის ადგილობრივი მმართველობის ორგანოს ბალანსზე. ამავე გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ლ. ს-ის სარჩელი მემკვიდრედ ცნობის, ბინის სარგებლობაზე უფლებამოპოვებულად ცნობის და ბინაში შესახლების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999წ. 14 დეკემბრის განჩინებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა _ ძალაში დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999წ. 29 აპრილის გადაწყვეტილება.

ლ. ს-ის წარმომადგენელი ა. ს-ი განცხადებით ითხოვს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999წ. 29 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ ლ. ს-ი მეუღლესთან განქორწინებული არასოდეს ყოფილა; საამისო დამადასტურებელი დოკუმენტი არ არსებობს, ლ. ს-ის ქმრის თანამშრომლებმა მისცეს ცრუ ჩვენებები მათი განქორწინების თაობაზე.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ განიხილა განცხადება და მიაჩნია, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 423-ე მუხლის პირველი ნაწლის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ დადგენილია მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, რასაც მოჰყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით ზემოთ მითითებული საფუძვლით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, თუ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენი, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

საქმის მასალების მიხედვით პალატა დადგენილად თვლის, რომ განმცხადებელი უზენაეს სასამართლოში მონაწილეობდა სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას სადაც სხვა საკითხებთან ერთად განხილული იყო ფაქტობრივი გარემოებები ი. ხ-ასა და ლ. ს-ის ერთად ცხოვრებისა და ქორწინების შესახებ. აღნიშნული გამორიცხავს განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოების მიჩნევას ახლად აღმოჩენილ გარემოებად, რაც შეიძლება იურიდიულად გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი გახდეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ ლ. ს-ის წარმომადგენელ ა. ს-ის განცხადება ა. აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999წ. 29 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 430-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ლ. ს-ის წარმომადგენელ ა. ს-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999წ. 29 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის გარემოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.