Facebook Twitter

3კ-35-02 6 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია,

თ. კობახიძე

დავის საგანი: ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წ. 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ. ს-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ამ საქმეზე გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999წ. 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ლ. ს-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999წ. 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე 2003წ. 15 იანვარს ლ. ს-მა შემოიტანა განცხადება, რომლითაც მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა შემდეგი საფუძვლით:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999წ. 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნას დაკმაყოფილებაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო დაეყრდნო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1996წ. 5 დეკემბრის ¹2/3-13 გადაწყვეტილებას საქართველოს შკკ-ს 213-ე მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ, არასწორად მიუთითა შკკ-ს 213-ე მუხლზე, არ მიუთითა აღნიშნული მუხლის მინაწერი და აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულად აჩვენა 1996წ. 5 იანვრის თარიღით, რამაც გამოიწვია სასამართლოს მიერ უკანონო გადაწყვეტილების მიღება. აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელი სსკ-ს 423-ე მუხლის “ვ” პუნქტის თანახმად მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის წარმოების განახლებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი განცხადების საფუძვლები და თვლის, რომ განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999წ. 10 დეკემბრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” პუნქტის თანახმად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოებით განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.

პალატა თვლის, რომ განმცხადებელ ლ. ს-ის მიერ მითითებული გარემოება არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ახლად აღმოჩენილ გარემოებად, რადგან საქმის მასალებიდან ჩანს, რომ ლ. ს-ისთვის საქმის განხილვის დროს ცნობილი იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1996წ. 5 დეკემბრის ¹2/3-13 გადაწყვეტილება, საქართველოს შკკ-ს 213-ე მუხლის გაუქმების თაობაზე.

პალატა თვლის, რომ განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოება არ არის ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველი. მისი განცხადება ფაქტობრივად წარმოადგენს არა ახლად აღმოჩენილ გარემოებებზე მითითებას არამედ ე.წ. საჩივარს ზეწესით, რაც მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 430-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ლ. ს-ის განცხადება არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999წ. 10 დეკემბრის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.