გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-490-01 15 ნოემბერი, 2002 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი,
ქ. გაბელაია
დავის საგანი სარჩელში: სარგებლობის უფლებით ფართის გამოყოფა.
შეგებებულ სარჩელში: დაკავებული ფართიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისში, ... მდებარე 64 კვ. მეტრი ფართობის საცხოვრებელი სახლი საკუთრების უფლებით ირიცხებოდა ს. და ნ. ა-ეებზე. მათ 1997წ. 3 დეკემბერს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე მთელი თავისი უძრავ-მოძრავი ქონება აჩუქეს მხოლოდ ორ შვილს _ ო. და მ. ა-ეებს, ხოლო თ. ა-ესა და მის მეუღლეს, მ. ც-ს, რომლებიც აღნიშნული სახლის მეორე სართულზე ცხოვრობენ, მოთხოვეს სახლის გამოთავისუფლება.
თ. ა-ემ და მ. ც-მა მიმართეს ვაკე-საბურთალოს რაიონის სასამართლოს და მოითხოვეს სარგებლობის უფლებით “ლიტ ა-ს" მე-2 სართულზე მდებარე ¹... 23,25 კვ.მ. ოთახის გამოყოფა, მოგვიანებით მოსარჩელეებმა ნაწილობრივ შეცვალეს დავის საგანი და მოითხოვეს სარგებლობის უფლებით სხვა ოთახის, ფართით 8,45კვ.მ, გამოყოფა და პირველ და მეორე სართულებს შორის არკაში არსებული ფართის _ 27 კვ.მ-ის მესაკუთრედ ცნობა.
ს., ნ., ო., და მ. ა-ეებმა შეგებებული სარჩელით მოითხოვეს თ. ა-ისა და მ. ც-ის სადავო ფართიდან გამოსახლება შვილებთან ზ. და დ. ა-ეებთან ერთად.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 20 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო შეგებებულ სარჩელს ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო. კერძოდ, თ. ა-ე და მ. ც-ი შვილებთან ერთად ცნობილ იქნენ ქ. თბილისში, ... მდებარე ო. და მ. ა-ეების საკუთრებაში რიცხული საცხოვრებელი 64 კვ.მ-იდან მათ მიერ დაკავებული საცხოვრებელი 8,45 კვ.მ-ის მოსარგებლეებად. ასევე, მათ დაეკისრათ საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეების, ოთარ და მაია ა-ეების, სასარგებლოდ ბინის ქირის გადახდა.
მოსარჩელეებს _ თ. ა-ესა და მ. ც-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვათ უარი ქ. თბილისში, ... დაშენებული ანტრესოლის საცხოვრებელი 27 კვ.მ-ის მესაკუთრედ ცნობის შესახებ და ამ ნაწილში სამოქალაქო საქმე დარჩა ღიად.
მოპასუხეებს: ს., ნ., ო., და მ. ა-ეებს საცხოვრებელი ფართიდან თ. ა-ისა და მ. ც-ის გამოსახლების შესახებ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვათ უარი უსაფუძვლობის გამო.
პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ" საქართველოს კანონზე, კერძოდ, აღნიშნული კანონის მე-2 და მე-3 მუხლებზე.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ს., ნ., ო. და მ. ა-ეებმა, რომლებმაც მოითხოვეს გადაწყვეტილების გაუქმება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება იმ მოტივით, რომ სასამართლოს მიერ ანტრესოლის მესაკუთრის დადგენამდე საქმის ღიად დატოვება უკანონოა, ვინაიდან სასამართლოსათვის ცნობილი იყო მესაკუთრე. ასევე, გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული, თუ რატომ არ გამოიყენა სასამართლომ საბინაო კოდექსის 109-ე მუხლი.
სააპელაციო სასამართლომ 2002წ. 8 აპრილის გადაწყვეტლებით დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი, გააუქმა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 20 აპრილის გადაწყვეტილება და მიიღო ახალი გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ ო. და მ. ა-ეების შეგებებული სარჩელი დააკმაყოფილა მოსარჩელეები გამოასახლა ქ.თბილისში, ... მდებარე მ. და ო. ა-ეების საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლიდან.
თ. ა-ისა და მ. ც-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილება დაასაბუთა შემდეგით:
სკ-ს 1507-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ვინაიდან მხარეები შეთანხმდნენ დავის გადასაწყვეტად გამოიყენონ მოქმედი სამოქალაქო კოდექსი, პალატამ გადაწყვეტილება დაასაბუთა ამ კოდექსის ნორმებით.
სკ-ს 172-ე მუხლის თანახმად მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
მოსარჩელეებმა ვერ წარმოადგინეს მტკიცებულება, რომ მათ აქვთ სადავო სახლის ფლობის უფლება, ვინაიდან მართლზომიერი ფლობის უფლება წარმოიშვება სახელშეკრულებო ან კანონისმიერ საფუძველზე.
ის გარემოება, რომ თ. ა-ე არის ყოფილი მესაკუთრის შვილი და ამჟამინდელი მესაკუთრეების ძმა, ანუ ოჯახის წევრი, არ წარმოშობს მოქმედი კანონმდებლობით მის უფლებას, ისარგებლოს სხვისი, თუნდაც ოჯახის წევრის, საკუთრებით მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ.
თ., დ., ზ. ა-ეებმა და მ. ც-მა საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება. მათი საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია სკ-ს 393-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ" ქვეპუნქტისა და 397-ე მუხლის “ე" პუნქტის დარღვევით.
სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ს 162-ე მუხლი. მართალია, პალატამ, მიუთითა ამავე კოდექსის 172-ე მუხლზე (რა შემთხვევაში აქვს მესაკუთრეს ნივთის უკანონოდ მფლობელობიდან გამოთხოვის უფლება). მაგრამ პალატა ვერ ასაბუთებს, როდის გახდა თ. ა-ე და მისი ცოლ-შვილი ნივთის უკანონო მფლობელი ან რატომ მოხდა სადავო ბინის გასხვისება _ გაჩუქება კონფლიქტის წარმოშობის შემდეგ. მოსარჩელეებს კი სადავო სახლის სარგებლობის უფლება წარმოეშვათ ოჯახური ურთიერთობის საფუძველზე. ვინაიდან პირი სადავო ბინაში ცხვრობს დაბადებიდან, ის კანონიერი მფლობელია და არ არსებობს მისი გამოსახლების საფუძველი.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ განიხილა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლი საკუთრების უფლებით ეკუთვნის და-ძმა მ. და ო. ა-ეებს, რომლებსაც საცხოვრებელ სახლზე საკუთრების უფლება წარმოეშვათ 1997წ. 3 დეკემბრის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე. აღნიშნული ხელშეკრულებით მშობლებმა _ ნ. და ს. ა-ეებმა მთელი თავისი უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის, საცხოვრებელი სახლი გადასცეს მხოლოდ ორ შვილს: მ. და ო. ა-ეებს. საცხოვრებელ სახლში ცხოვრობს ნ. და ს. ა-ეების მესამე შვილი თ. ა-ე ცოლ-შვილით.
თ., დ. და ზ. ა-ეებმა და მ. ც-მა სარჩელით მოითხოვეს სადავო სახლში მათ მიერ დაკავებული ფართის გამოყოფა სარგებლობის უფლებით, ხოლო ნ., მ. და ო. ა-ეებმა შეგებებული სარჩელით მოითხოვეს კასატორთა გამოსახლება მათი საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან.
პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული კასატორთა მოტივაცია, რომ მათ, როგორც სადავო ბინის კეთილსინდისიერ და მართლზომიერ მფლობელებს აქვთ ბინის ფლობის უფლება, იმ საფუძვლით, რომ ისინი სადავო ბინაში დაბადებიდან ცხოვრობენ, კანონიერი მფლობელები არიან და არ არსებობს მათი გამოსახლების საფუძველი.
პალატა იზიარებს კასატორთა მოტივაციას, რომ ისინი კეთილსინდისიერი მფლობელები არიან, მაგრამ მიაჩნია, მესაკუთრეებს ო. და მ. ა-ეებს უკეთესი უფლება აქვთ მოსარჩელეებთან შედარებით.
სკ-ს 168-ე მუხლის მიხედვით ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოდავე მხარეებს შორის წლების მანძილზე მძიმე კონფლიქტური და დაძაბული ურთიერთობაა, რაც, როგორც წესი, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში გამოიხატება. მოპასუხეთა განმარტებით, მათ საკუთარი საცხოვრებელი სახლი საცხოვრებლად სჭირდებათ, არსებული პირობებით კი არ ეძლევათ სახლით სარგებლობის საშუალება.
პალატას მიაჩნია, რომ მესაკუთრეთა მხრიდან წამოყენებული პრეტენზია დასაბუთებულია და სადავო სახლის არამესაკუთრე მფლობელთა მფლობელობის შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველია.
სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით საოლქო სასამართლოს პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულია სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
კასატორთა მხრიდან ასეთი პრეტენზია წამოყენებული არ არის.
გამომდინარე აღნიშნულიდან, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე, მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ., დ., ზ. ა-ეების და მ. ც-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 8 აპრილის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.