Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-550-03 23 სექტემბერი, 2003 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მ. წიქვაძე,

რ. ნადირიანი

დავის საგანი: გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართეს ქ. და გ. ზ-ებმა. მოსარჩელეთა განმარტებით, სასამართლოს მიერ დამტკიცებული მორიგების აქტის საფუძველზე დაევალათ მოწინააღმდეგე მხარისათვის თანხის გადახდა, გამოტანილი განჩინების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე აღმასრულებელმა ჩაატარა საჯარო ვაჭრობა, სადაც გაიყიდა მათი კუთვნილი საცხოვრებელი სახლი. მათი განცხადებით საჯარო ვაჭრობისას უხეშად დაირღვა გადაწყვეტილების აღსრულების წესი. აღნიშნულის გამო მოსარჩელეებმა მოითხოვეს 1998 წელს ჩატარებული საჯარო ვაჭრობის ბათილად ცნობა და მოპასუხეების მიერ ნივთების უკან დაბრუნება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 13 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელეებს სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვათ უარი სასარჩელო ხანდაზმულობის გამო.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით ქ. და გ. ზ-ების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

მოსარჩელეთა მოთხოვნა საჯარო ვაჭრობის ბათილად ცნობის შესახებ დაკმაყოფილდა. სარჩელს დატაცებული ნივთების ან მათი ღირებულების 4310 აშშ დოლარის დაბრუნების ნაწილში ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილება მ. კ-ემ, ა. ა-მა, ნ. გ-ემ და ს. ჯ-ემ გასაჩივრეს საკასაციო წესით და მოითხოვეს გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა სარჩელი იმ საფუძვლით, რომ სარჩელი სასამართლოს არ უნდა დაეკმაყოფილებინა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო და ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნიეს საჯარო ვაჭრობის შედეგის ბათილად ცნობაც.

უზენაეს სასამართლოს შეგებებული საკასაციო საჩივრით მიმართეს მოსარჩელეებმა. მათი განმარტებით სააპელაციო პალატამ არასწორად არ დააკმაყოფილა სარჩელის ის ნაწილი, რომლითაც მოითხოვდნენ დატაცებული მოძრავი ნივთების დაბრუნებას ან მათი ღირებულების ანაზღაურებას. მათი მოსაზრებით, ნივთების დატაცება აღიარებული იყო მოპასუხეთა მიერ და სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სსკ-ს 131-ე მუხლი. შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორმა მოითხოვა ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

საქართელოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 20 ივნისის გადაწყვეტილებით მ.კ-ის, ა.ა-ის, ნ.გ-ისა და ს.ჯ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.

ქ. და გ. ზ-ებს უარი ეთქვათ საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

უზენაეს სასამართლოს განცხადებით მიმართეს გ. და ქ. ზ-ებმა და მოითხოვს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება შემდეგ გარემოებათა გამო:

განცხადების ავტორთა მითითებით, შეტყობინება საქმის 2003წ. 20 ივნისს განხილვის თაობაზე არ მიუღია და თვლიან, რომ დაირღვა სსკ-ს 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტი. ზ-ების მითითებით, მართალია, 2003წ. 13 ივნისს მათი წარმომადგენელი მ.კ-ე მონაწილეობას იღებდა საქმის განხილვაში, მაგრამ პროცესი გადაიდო 20 ივნისისათვის და იმ მიზეზით, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოში აუცილებელი გახდა ამავე დღეს კოხრეიძის გამოცხადება, მან ვერ შეძლო 20 ივნისს უზენაეს სასამართლოში საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღება, რაც განცხადების ავტორთა მითითებით ეცნობა საკასაციო პალატას.

გ. და ქ. ზ-ები თვლიან, რომ დაირღვა სსკ-ს 83-ე მუხლი და ითხოვენ საქმის წარმოების განახლებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, განიხილა განცხადება და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 93-ე მუხლის მიხედვით მხარეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში პირადად და აგრეთვე წარმომადგენლის მეშვეობით.

საქმის მასალებით დადგენილია და განცხადების ავტორებიც ადასტურებენ, რომ 2003წ. 13 ივნისს მათი წარმომადგენელი გ.კ-ე მონაწილეობას იღებდა საქმის განხილვაში. სხდომის ოქმიდან ირკვევა, რომ პალატამ ადგილზე თათბირით დაადგინა, რომ სხდომა გაგრძელდებოდა 20 ივნისს. ზ-ების წარმომადგენელმა გ. კ-ემ ხელმოწერით დაადასტურა, რომ მას ეცნობა სხდომის გაგრძელების დღე 20 ივნისი. აღნიშნული ფაქტი ცხადყოფს, რომ გ. კ-ეს ეცნობა სასამართლოს სხდომის 20 ივნისს ჩანიშვნის შესახებ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა ვერ გაიზიარებს განმცხადებელთა მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მათ შეტყობინება არ ჩაბარდათ კანონით დადგენილი წესით, რადგან თუ წარმომადგენელი გაფრთხილებული იყო სხდომის დღის დანიშვნის შესახებ იგულისხმება, რომ მხარეს სხდომის დღე ეცნობა.

არ დასტურდება იმ გარემოებების არსებობა, რომელიც სსკ-ს 422-ე მუხლის შესაბამისად გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 430-ე მუხლის მე-2 პუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ქ. და გ. ზ-ების განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს. მოცემულ საქმეზე უცვლელი დარჩეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 20 ივნისის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.