Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-573-03 20 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი,

მ. წიქვაძე

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 23 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მ. მ-ს ნ. ა-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1949 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში გადახდა.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაში დაშვებულია აშკარა არითმეტიკული შეცდომა. ნაცვლად გადაწყვეტილებით დაკისრებული 1949 აშშ დოლარისა დაკისრებული უნდა იყოს 2813,9 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში, რადგან 2000წ. 18 სექტემბრიდან მოპასუხეს გადასახდელი დარჩა 1695,2 აშშ დოლარი 18 სექტემბრიდან 2002წ. 23 ივლისამდე, ე.ი. გადაწყვეტილების გამოტანამდე ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანია 1695,2-ის 3%, 50,85 აშშ დოლარი X 22 = 1118,7 აშშ დოლარს. ამას დამატებული ძირითადი თანხა 1695,2 აშშ დოლარი, სულ 2813,9 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში.

გადაწყვეტილებაში მითითებული იყო, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს უნდა გადაუხადოს როგორც ძირითადი თანხის დარჩენილი გადაუხდელი ნაწილი, ასევე სკ-ს 403-ე მუხლის თანახმად ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის გამო კანონით განსაზღვრული პროცენტი.

განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. მ-მა. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილიდან გამომდინარე არ ეთანხმება განჩინებაში მოცემულ გაანგარიშებას შემდეგი გარემოების გამო:

ნასესხები 3000 აშშ დოლარი უნდა დაბრუნებულიყო 1999წ. 21 სექტემბრისათვის. თანხის ნაწილი გადახდილი იქნა 2000წ. 6 ივლისს 1850 აშშ დოლარის ოდენობით. ამ თარიღისათვის სასამართლოს მიერ განსაზღვრულმა ზიანის ოდენობამ შეადგინა 810 აშშ დოლარი. აქედან გამომდინარე, ამ მომენტისათვის გადახდილი იქნა ზიანის თანხა 810 აშშ დოლარი და ძირითადი თანხა 1040 აშშ დოლარის ოდენობით. შესაბამისად გადასახდელი დარჩა ძირითადი თანხა 1960 აშშ დოლარი. ამ თანხის ზიანი შეადგენდა თვეში 58,8 აშშ დოლარს. იმავე წლის 18 ოქტომბერს გადახდილი იქნა 500 აშშ დოლარი. ამ დროისათვის ზიანის ოდენობა შეადგენდა 176 აშშ დოლარს. აქედან გამომდინარე 2000წ. 18 ოქტომბრიდან გადასახდელი დარჩა ძირითადი თანხა 1636 აშშ დოლარი. 2000წ. 18 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების მიღების დღემდე (2002წ. 22 ივლისამდე) გასულია 21 თვე. შესაბამისად ამ დროისათვის ზიანის თანხა შეადგენს 1030 აშშ დოლარს. ამ თანხას დამატებული ძირითადი თანხა 1636 აშშ დოლარი, საერთო ჯამში შეადგენს 2666 აშშ დოლარს.

კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა განჩინებით განსაზღვრული თანხის 147 აშშ დოლარით შემცირება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 13 მარტის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ თვით კერძო საჩივრის ავტორიც არ უარყოფს, რომ მოწინააღმდეგე მხარეს სესხის დაუბრუნებლობით ადგება ზიანი. უფრო მეტიც, ზიანი მხარეს ადგება მის დაბრუნებამდე. სასამართლომ კი ზიანის ანაზღაურება მხარეს დააკისრა 2002წ. 23 ივლისამდე. ე.ი. გადაწყვეტილების გამოტანამდე და არა თანხის დაბრუნებამდე. ამდენად, კერძო საჩივრის მოთხოვნა უკანონოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 260-ე მუხლის თანახმად სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები.

აშკარა არითმეტიკული შეცდომის გასწორების შესახებ განჩინებაში მითითებული უნდა იყოს არითმეტიკულ შეცდომაზე და იგი არ უნდა შეეხოს იმ იურიდიულ საკითხებსა და პრინციპებს, რომელიც გადაწყვეტილებით არის დადგენილი და განსაზღვრული.

აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ ზიანი მხარეს ადგება თანხის დაბრუნებამდე, სასამართლომ კი ზიანის ანაზღაურება მხარეს დააკისრა 2002წ. 23 ივლისამდე. ე.ი. გადაწყვეტილების გამოტანამდე და არა თანხის დაბრუნებამდე. ამდენად, კერძო საჩივრის მოთხოვნა უკანონოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სააპელაციო პალატა, მოცემულ შემთხვევაში, სცდება მისი გადაწყვეტილებით დადგენილ გაანგარიშების წესს და მსჯელობს არა ამ წესიდან გამომდინარე გაანგარიშებაზე, არამედ ადგენს გაანგარიშების ახალ წესს, რაც არ შეესაბამება სსკ-ს 260-ე მუხლის მოთხოვნებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და განჩინებით განსაზღვრული თანხა უნდა შემცირდეს 147 აშშ დოლარით.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. მ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 20 ნოემბრის განჩინება და ამავე პალატის 2002წ. 23 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი შესწორდეს შემდეგნაირად: დაეკისროს მ. მ-ს ნ. ა-ის სასარგებლოდ 2666 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარებში გადახდა.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.