Facebook Twitter

¹ 3კ-689-03 11 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ნ. კვანტალიანი,

მ. სულხანიშვილი

სარჩელის საგანი: სამკვიდროდან წილის გამოყოფა.

აღწერილობითი ნაწილი:

ნ. ა.-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს მ. ა.-ის მიმართ სამკვიდროდან წილის გამოყოფის შესახებ. მან აღნიშნა, რომ თბილისში, ... მდებარე 1221 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული ლიტ “ა”, ლიტ “ბ” და ლიტ “კ” შენობა-ნაგებობები საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღრიცხული იყო მამის ი. ა.-ის სახელზე, რომელიც გარდაიცვალა 1971 წელს. აღნიშნული მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია მოხდა ნ. ა.-ის ხარჯებით. მოსარჩელემ განმარტა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთით არათანაბრად სარგებლობდა ძმასთან მ. ა.-თან ერთად. შენობა-ნაგებობა ლიტ “ა” საცხოვრებელი სახლი აშენებულია მის მიერ, ლიტ “ბ” კი, მისი ძმის მ. ა.-ის მიერ. თბილისის გლდანი – ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 1995წ. 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნაგებობა ლიტ “ა” იქნა გაყოფილი მხარეებს შორის სარგებლობის წესით მიუხედავად იმისა, რომ საცხოვრებლად უვარგისია. ასეთი გაყოფით კი მოსარჩელეს ფაქტობრივად აეკრძალა ... ქუჩიდან შესასვლელი გზით სარგებლობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნ. ა.-მ მოითხოვა მემკვიდრედ ცნობა და სამკვიდროს გაყოფა, ლიტ”ა” შენობის, როგორც მომეტებული საფრთხის წყაროს მოშლა, ძველად არსებული გზით სარგებლობის უფლების აღდგენა, მოპასუხისათვის მიწის რეგისტრაციისა და საგადასახადო დავალიანებაზე გაწეული ხარჯებიდან 539,40 ლარიდან თავისი წილის შესაბამისი თანხის დაკისრება.

მ. ა.-მ შეგებებული სარჩელით მოითხოვა მემკვიდრედ და ლიტ “ბ” ნაგებობის მესაკუთრედ ცნობა. ასევე, სარჩელი აღძრეს ი. ა.-ის დანარჩენმა მემკვიდრეებმაც – ე. ა.-მ, თ. ა.-მ, ზ. ა.-მ და მოითხოვეს მათი მემკვიდრეებად ცნობა, ხოლო შემდეგ ზ. ა.-მ და ე. ა.-მ უარი თქვეს მემკვიდრეობაზე მ. ა.-ის სასარგებლოდ, თ. ა.-მ კი – ნ. ა.-ის სასარგებლოდ.

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. ა.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა – ნ. ა.-ი ცნობილ იქნა თბილისში, ... მდებარე ი. ა.-ის სახელზე რიცხული სამკვიდრო ქონების 2/5 ნაწილის, 584,84 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის მემკვიდრედ და მესაკუთრედ. გამიჯვნა მოხდა 2002წ. 24 მაისის საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის ¹3 დანართის (წითლად და მწვანედ შეფერადებული ნაწილი) მიხედვით ნ. ა.-ს ლიტ.”ა” ნაგებობის მოშლაზე და მის ადგილას გზის გამოყოფაზე უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო. რაც შეეხება მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობების დაკანონებისათვის გაღებული ხარჯის 539 ლარისა და 40 თეთრის 3/5 თანხის გადახდას, იგი დაეკისრა მოპასუხე მ. ა.-ს.

მ. ა.-ის შეგებებული სარჩელიც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მ.ა.-ი ცნობილ იქნა სამკვიდრო ქონების 3/5-ის მემკვიდრედ და მესაკუთრედ, კერძოდ, ლიტ “ბ” შენობა-ნაგებობის მთლიანად, ლიტ “ა” ნაგებობის 3/5 ნაწილის, 664,24 კვ.მ ნაკვეთის, 2002წ. 24 მაისის საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის ¹3 დანართის მიხედვით კი ლურჯად შეფერადებული ნაწილის მემკვიდრედ და მესაკუთრედ.

ზ. ა.-ის, ე. ა.-ისა და თ. ა.-ის სარჩელის გამო საქმის წარმოება შეწყდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. და ნ. ა.-ებმა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწამეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 18 მარტის გადაწყვეტილებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ გაუქმდა.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო სახლთმფლობელობა და მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში აღირიცხა 2002წ. 21 ივნისს ი. ა.-ის სახელზე, რომელიც გარდაიცვალა 1971 წელს. მას დარჩა 5 მემკვიდრე. ი. ა.-ის გარდაცვალების მომენტისათვის აღნიშნულ მისამართზე არსებობდა ლიტ “ა” შენობა. მოგვიანებით 1988 წელს ნ. ა.-მა ააშენა ლიტ “ა”, ხოლო მ. ა.-მა ლიტ “ბ” ნაგებობა.

ნ. ა.-მა სადავო მიწის ნაკვეთის საქმეში არსებული საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის 2001წ. 11 სექტემბრის დასკვნის დანართ ¹1-ზე არსებული გაყოფის ნაწილში, მ. ა.-ის სააპელაციო საჩივარი ცნო. ამრიგად, სსკ-ს 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ აღნიშნულ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შეცვალა და მ. ა.-ი ცნობილ იქნა სადავო მიწის ნაკვეთის 730,68 კვ. მეტრის, ხოლო ნ. ა.-ი _ 479,41 კვ. მეტრის მესაკუთრედ. რაც შეეხება ნ. ა.-ის სააპელაციო საჩივარს სასამართლო და ექსპერტიზის ხარჯების ნაწილში აპელანტმა უარი განაცხადა მოთხოვნაზე და სსკ-ს 378-ე მუხლის თანახმად, ამ ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მ. ა.-ის სააპელაციო საჩივარი, ნ. ა.-ის სასარგებლოდ 535,40 ლარის 2/3-ის დაკისრების შესახებ, არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატამ ჩათვალა, რომ თუ შემსრულებლის მოქმედება არ მოიწონა მეპარტონემ, შემსრულებლის მხრივ, კი საქმიანობის მორალურ-სამართლებრივი პრინციპი დაცული იყო, სკ-ს 971-ე მუხლის თანახმად, საქმიანობით დამდგარ შედეგებზე მეპატრონე პასუხს აგებს უსაფუძვლო გამდიდრების წესებით. ამიტომ, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში მიჩნეულ იქნა ამავე კოდექსის 987-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად.

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სკ-ს 180-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიიჩნია, რომ ნ. ა.-ს რაიონული სასამართლოს მიერ სწორად ეთქვა უარი ...-ის ქუჩის მხრიდან მისასვლელი გზის მოწყობაზე, ვინაიდან დადგენილია, რომ მხარეთა შორის დავა გზის თაობაზე გადაწყდა ჯერ კიდევ 1995-96 წლებში. ნ. ა.-ის ნაკვეთს გააჩნია საჯარო გზასთან დამაკავშირებელი შესასვლელი, ამიტომ ... ქუჩიდან მეორე შესასვლელის მოწყობა პალატამ აუცილებლად არ მიიჩნია.

საოლქო სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ნ. ა.-მ. მან მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მისთვის აუცილებელი გზის გამოყოფის ნაწილში და ამ ნაწილში მისი სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ს 180-ე მუხლი, რომლის სწორად განმარტების შემთხვევაში სასამართლო გამოიტანდა განსხვავებულ გადაწყვეტილებას, რადგან მოცემულ შემთხვევაში კასატორისთვის სარგებლობის უფლებით გამოყოფილი გზა იმდენად მოუხერხებელია სარგებლობისათვის, რომ დგება აუცილებლობა გამოყენებულ იქნეს ... არსებული შესასვლელი. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დავა მისასვლელი გზის შესახებ გადაწყდა 1995-96 წლებში და საჭირო შეფასება არ მისცა ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის 2001წ. 12 ივნისის წერილს, რომლის მიხედვითაც, ნ. ა.-ს სახლში შესასვლელი და მისამართი მიეცა ... ქუჩიდან, რაც არ ნიშნავს ნ.ა.-ის მიერ სამკვიდროთი, ამ შემთხვევაში მიწის ნაკვეთით, სარგებლობის აკრძალვას, თუმცა გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ლიტ “ა” შენობა ავარიულ მდგომარეობაშია და მისი მოშლის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება აღნიშნული გზით სარგებლობა.

კასატორის აზრით, საოლქო სასამართლომ საერთოდ არ მისცა შეფასება იმ გარემოებას, რომ წლების განმავლობაში კასატორს აკრძალული ჰქონდა ... არსებული გზით სარგებლობა და უწევთ ... ქუჩიდან შესვლა ერთი მეტრის სიმაღლის შესასვლელიდან, თუმცა, სკ-ს 174-ე მუხლის შესაბამისად, მეზობლები ვალდებულნი არიან პატივი სცენ ერთმანეთს.

კასატორის განმარტებით, საოლქო სასამართლოს მიერ დაირღვა სსკ-ს 249-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რადგან არც შესავალ ნაწილში და არც შემდგომ არაფერია ნათქვამი მესამე პირის, ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის შესახებ, რომლის პოზიცია გზით სარგებლობის თაობაზე აუცილებელ და სავალდებულო გარემოებას წარმოადგენდა საქმის სრულყოფილად გამოსაკვლევად და სწორი გადაწყვეტილების მისაღებად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების საკასაციო საჩივრის ფარგლებში შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ქ. თბილისში, ... მდებარე სახლთმფლობელობა და მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში აღირიცხა 2002წ. 21 ივნისს ი. ა.-ის სახელზე, რომელიც გარდაიცვალა 1971 წელს. მას დარჩა მემკვიდრედ ხუთი შვილი – ნ., მ., თ., ე. და გ. (ეს უკანასკნელი გარდაიცვალა). შემდგომში თ. და ე. ა.-ებმა უარი განაცხადეს მემკვიდრეობაზე ნ. და მ. ა.-ების სასარგებლოდ.

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ თბილისის ნაძალადევის რაიონის სასამართლოს 1995წ. 2 ოქტომბრის ¹2/346 გადაწყვეტილებით ნ. ა.-ისათვის ... ქუჩასთან შესასვლელის მოწყობის საკითხის გადაწყვეტა ქვემდებარეობით დაევალა ნაძალადევის რაიონის გამგეობას.

ნაძალადევის რაიონის გამგეობის 1996წ. 24 მარტის ¹27 გადაწყვეტილებით ნ. ა.-ს შესასვლელი და მისამართი მიეცა ...-ის ქუჩიდან, რაც აღსრულებელ იქნა 1996წ. 24 ივნისს ნაძალადევის რაიონის სასამართლოს აღმასრულებლის მიერ. ამდენად, სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია დადგენილად, რომ მხარეთა შორის დავა გზის თაობაზე ჯერ კიდევ 1995-96 წლებში გადაწყდა.

უსაფუძვლოა კასატორ ნ. ა.-ის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სასამართლოს შესაბამისი შეფასება რომ მიეცა გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის წერილისათვის, იგი სხვა გადაწყვეტილებას მიიღებდა. ზემოხსენებული გამგეობის წერილით გამგეობა მიიჩნევს, რომ ... მდებარე ლიტერ “ა” შენობის მოშლის შემთხვევაში შესაძლებელია ნ. ა.-ის მიერ ... ქუჩიდან შესასვლელი გზით სარგებლობა. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 18 მარტის გადაწყვეტილების იმ ნაწილით, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული, ნ. ა.-სა და მ. ა.-ს შორის სადავო მიწა გაიყო საქმეზე მოწვეული ექსპერტის მიერ შედგენილი ნახაზით და მხარეები ცნობილი იქნენ მესაკუთრეებად, იმგვარად რომ ლიტერ “ა” შენობის წინ, ... ქუჩაზე გამავალი მიწის ნაკვეთი მოექცა მ. ა.-ის საკუთრებაში. მ. ა.-ს კი მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე სამეზობლო თმენის ვალდებულება შეიძლება დაეკისროს მხოლოდ აუცილებელი გზის საჭიროებისას.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ს 180-ე მუხლი, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში კასატორისათვის სარგებლობის უფლებით გამოყოფილი გზა იმდენად მოუხერხებელია, რომ დგება აუცილებლობა გამოყენებულ იქნეს ... ქუჩიდან არსებული შესასვლელი. სკ-ს 180-ე მუხლის პირველი ნაწილით თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. კანონის ეს დანაწესი დასაშვებად მიიჩნევს მესაკუთრის მიერ მის საკუთრებაში არსებული ქონების კანონისმიერი შებოჭვით ფლობას და სარგებლობას, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა ამავე ნორმით გათვალისწინებული პირობები. ცხადია, რომ საკუთრების ასეთი შებოჭვა დასაშვებია ობიექტურად აუცილებელი გარემოებების არსებობისას, ანუ ეს ის შემთხვევაა, როდესაც მიწის ნაკვეთი აუცილებელი გზის გარეშე გამოსაყენებლად ნაკლულია ან საერთოდ უვარგისია, რაც იწვევს სხვისი მიწის ნაკვეთით სარგებლობის საჭიროებას. მოცემულ შემთხვევაში ნ. ა.-ისთვის ... ქუჩიდან შესასვლელის მოწყობის აუცილებლობა რაიმე მტკიცებულებებით დადასტურებული არ არის. აღნიშნულის მტკიცება კი ნ. ა.-ის ვალდებულებას წარმოადგენს, რადგან სსკ-ს 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 18 მარტის გადაწყვეტილება კანონის დაცვითაა მიღებული და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. ა.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 18 მარტის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.