გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-1174-02 7 ივლისი, 2003წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი
შემადგენლობით: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,
ლ. გოჩელაშვილი
პალატამ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სს “ლ-ს” განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 31 იანვრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოებით განახლების თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 31 იანვრის გადაწყვეტილებით გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 8 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება.
სს უნივერსალურ ბანკ “ი-ის” სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სს “კ-ს”, სს “ს-სა” და სს “ხ-ს” სს უნივერსალური ბანკი “ი-ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 240945 ლარი, ხოლო სახელმწიფო ბაჟის სახით 5000 ლარი.
2003წ. 26 ივნისს სს “ლ-მ” განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. მან მოითხოვა ზემოთ მითითებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოებით განახლება შემდეგი საფუძვლით:
სს “ლ.” შეიქმნა 1999წ. 1 ივნისს. იგი გამოეყო სს “ს-ს”, რომელიც თავის დროზე სს ,,კ-ის” ნატურით დაყოფის შედეგად იყო წარმოშობილი.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით სს “ს.” სს უნივერსალური ბანკის “ი-ის” სოლიდარული მოვალეა. ეს გადაწყვეტილება თავის მხრივ გავლენას ახდენს სს “ლ-ს” უფლებებზეც, ვინაიდან სს “ს.” თანხის ანაზღაურების ნაწილში ვალდებულებას აკისრებს მათ საზოგადოებას.
ვინაიდან სს “ლ.” ჩაბმული არ იყო საქმეში მხარედ, ამით დაირღვა მისი უფლებები, რაც მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილობის საფუძველია.
მანვე მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმომადგენლის განცხადებას, საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული მხარის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ ერთ-ერთი მხარე არ იყო მოწვეული საქმის განხილვაში. პალატა განმარტავს, რომ კანონმდებელს მხედველობაში ჰყავს ისეთი მხარე, რომელიც ჩაბმულია, მონაწილეობს საქმეში, მაგრამ საქმის განხილვაში არ იყო მოწვეული. კანონმდებელი ასეთ მხარედ იმასაც გულისხმობს, რომელიც საერთოდ არ იყო ჩაბმული საქმეში, მაგრამ მას შეეხო გადაწყვეტილება, ანუ გადაწყვეტილება გამოვიდა მის წინააღმდეგ. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან სს “ლ.” მოცემულ საქმეში მხარედ არ იყო ჩაბმული, გადაწყვეტილებით სოლიდარული პასუხისმგებლობა დაეკისრათ სს “ს-ს”, სს “კ-ს” და სს “ხ-ს”. მას უფლება არა აქვს შეიტანოს განცხადება გადაწყვეტილების ბათილობის თაობაზე. საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ გამოტანილა სს “ლ-ს” წინააღმდეგ. იგი მიღებულ იქნა საქმეში მონაწილე მოპასუხეების სს “ს-ს”, “სს “კ-სა” და სს “ხ-ის” წინააღმდეგ.
სკ-ს 465-ე მუხლის პირველი წინადადების შესაბამისად, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს, ხოლო ამავე კოდექსის 469-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელის შეტანა ერთ-ერთი სოლიდარული მოვალის მიმართ კრედიტორს არ ართმევს უფლებას შეიტანოს სარჩელი დანარჩენ მოვალეთა მიმართაც.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ საქმეში მოპასუხედ მოიწვია მხოლოდ სამი სოლიდარული მოვალე, რისი უფლებაც მას სსკ-ს მე-3 მუხლის პრინციპებიდან გამომდინარე ჰქონდა. სს “ლ.” სს “ს-სთან” ერთად სოლიდარული მოვალეც რომ იყოს მისი მოწვევა მხარედ საქმეში დაუშვებელი იქნებოდა, ვინაიდან სოლიდარული მოვალეებიდან მოპასუხის არჩევის უფლება აქვს კრედიტორს და სარჩელის შეტანა ერთ-ერთი სოლიდარული მოვალის მიმართ მას უფლებას არ ართმევს ახალი სარჩელი შეიტანოს დანარჩენ მოვალეთა მიმართაც.
სსკ-ს 430-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ აღმოჩნდება, რომ განცხადება უსაფუძვლოა, სასამართლო თავისი განჩინებით უარს იტყვის განცხადების დაკმაყოფილებაზე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სს “ლ-ს” განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 31 იანვრის გადაწყვეტილების ბათილობის თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამავე მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს განცხადება ამ გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესახებ.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 430-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სს “ლ-ს” განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 31 იანვრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და ამავე გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
უკანონოდ დაკავებული ფართიდან გამოსახლება