გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-1436-02 13 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,
თ. კობახიძე
დავის საგანი: მიუღებელი ხელფასისა და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი:
ვ. ფ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მიუღებელი ხელფასის _ 12960 ლარისა და მორალური ზიანის 600000 ლარის ანაზღაურება შემდეგი საფუძვლით: 1991 წლიდან ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობდა მძღოლად. მის საქმიანობას კონტროლს უწევდა მოპასუხე ორგანიზაციები: შპს “ო.” და შპს “... – 91”. შრომითი ხელშეკრულები თანახმად მოპასუხეებს მისთვის უნდა მიეცათ შეტანილი თანხის 6%, რაც არ შეასრულეს.
მოპასუხე შპს ავტოვაგზალი “ო-ს” გენერალურმა დირექტორმა არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ ვ. ფ-ის სარჩელი არის უსაფუძვლო; მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულება არ არის იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი; მოსარჩელე არ მიუთითებს, თუ რომელ გაანგარიშებას ეფუძნება მისი მოთხოვნა; გარდა ამისა, მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ ვ. ფ-ე არ ითვლებოდა “ო-ს” საშტატო განაკვეთით გათვალისწინებულ პირად, ხოლო ხელშეკრულებაში მითითებული ავტომანქანა არ ირიცხებოდა “ო-ს” ბალანსზე. მოპასუხემ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია ვ. ფ-ის მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე. მოპასუხემ განაცხადა, რომ ვ. ფ-ეს გაშვებული აქვს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და ამ საფუძვლითაც უარი უნდა ეთქვას მის სასარჩელო მოთხოვნას. სარჩელი ასევე არ ცნო შპს “...-91-ის” წარმომადგენელმა და განმარტა, რომ მოსარჩელე სარჩელში არ განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომლებსაც მის მიმართ აყენებს. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიამ შპს “...-91” გაათავისუფლა მოპასუხის უფლება-მოვალეობებისაგან.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ვ. ფ-ის სარჩელი მოპასუხე შპს “ო-ს” მიმართ სახელფასო დავალიანებისა და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყაოფილდა. სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. ფ-ე თავისი ავტომანქანით შპს “ო-ს” სადგურიდან ქ. ქუთაისის მიმართულებით ავტორეისს ახორციელებდა 1999წ. თებერვლამდე. მან მიუღებელი ხელფასისა და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ სასამართლოს მიმართაA 2002წ. ივლისში, რითაც დაარღვია სკ-ს 130-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა. სასამართლომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულება არ მიიჩნია იურიდიულ დოკუმენტად, რადგან იგი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო კოდექსით ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მისი შინაარსი გაუგებარია. სასამართლომ ასევე ჩათვალა, რომ ვ. ფ-ე არ იმყოფებოდა შპს “ო-ს” შტატში როგორც დაქირავებული მუშაკი. იგი ასრულებდა სამუშაოებს როგორც უშტატო მძღოლი, რომელთანაც ხელშეკრულება არ გაფორმებულა. სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია ასევე ვ. ფ-ის მიერ ხელფასის თანხის 12960 ლარის გამოანგარიშების საფუძველი და არ დააკმაყოფილა მისი სარჩელი.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ვ. ფ-ის წარმომადგენელმა დ. კ-ემ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგ გარემოებათა გამო: ვ. ფ-ესა და მოპასუხეებს შორის არსებობდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოსარჩელეს ევალებოდა ავტორეისების გაკეთება, ხოლო მოპასუხეები ვალდებული იყვნენ მოსარჩელისათვის გადაეხადათ შეტანილი თანხის 6%. უსაფუძვლოა სასამართლოს მითითება ხანდაზმულობის ვადის გასვლაზე, რადგან ხელშეკრულება დღესაც ძალაშია, რაც შეეხება ხელშეკრულების ფორმასა და შინაარსს, ამ საკითხზე პასუხისმგებლობა ერთნაირად ეკისრება ორივე მხარეს.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ფ-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთA კოლეგიის 2002წ. 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
კოლეგიის მიერ დადგენილია, რომ კასატორი ფ-ე თავისი კუთვნილი ავტომანქანით შპს “ო-ს” სადგურიდან ქ. ქუთაისის მიმართულებით რეისებს ახორციელებდა 1999წ. თებერვლამდე. მან 2002წ. ივნისში მიმართაA სასამართლოს და მოპასუხე შპს “ო-სგან” მოითხოვა ყოველთვიურად შეტანილი თანხის 6%-ის უკან დაბრუნება. სკ-ს 129-ე მუხლის თანახმად სახელშეკრულებო მოთხოვნისა და იმ მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, არის სამი წელი. ფ-ე ითხოვს ხელშეკრულებით პერიოდულად მისთვის გადასაცემი თანხის დაბრუნებას სამი წლისა და ოთხი თვის შემდეგ. ზემოაღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, ფ-ის სასარჩელო მოთხოვნა არის ხანდაზმული და ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიამ სწორად უთხრა უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
პალატა თვლის, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთაA კოლეგიაში საქმის განხილვის დროს კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელი უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ვ. ფ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 23 ოქტომბრის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.