Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ 635-03 7 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

მ. ცისკაძე,

მ. სულხანიშვილი

დავის საგანი: ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000წ. 25 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

მ. ს-ა-ც-ის დედა – კ. ს-ა გარდაიცვალა 1988წ. 17 თებერვალს, ხოლო მამა – ი. ს-ა _ 1977წ. 11 ივნისს. კ. ს-ას სახელზე ირიცხებოდა ზუგდიდის რაიონის სოფ..... მდებარე საცხოვრებელი სახლი. კ. და ი. ს-ებს ჰყავდათ ორი შვილი – დ. და მ.

მ. ს-ა-ც-მა 1988წ. 11 აპრილს განცხადებით მიმართა ზუგდიდის რაიონის სოფ.... მშრომელთა დეპუტატების სასოფლო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარეს სამკვიდროს მიღების დამტკიცების, მემკვიდრეობის უფლების მოწმობის გაცემისა და მიწის ფართობის გამოყოფის შესახებ.

ზუგდიდის რაიონის სანოტარო კანტორის მიერ 1988წ. 26 აგვისტოს დ. ს-აზე გაცემულ იქნა კანონით მემკვიდრეობის მოწმობა. დ. ს-ა გარდაიცვალა 1991წ. 30 მარტს. მისი გარდაცვალების შემდეგ 1991წ. 20 სექტემბერს მ. ს-ა-ც-მა განცხადებით მიმართა ზუგდიდის რაიონის სანოტარო კანტორას; მან განცხადებაში მიუთითა, რომ დედის გარდაცვალების შემდეგ სამკვიდრო ქონება გაიფორმა მისმა ძმამ – დ. ს-ამ, რომელიც გარდაიცვალა 1991წ. 30 მარტს და ითხოვა, რომ მისი თანხმობის გარეშე ძმის მემკვიდრეებისათვის (მეუღლე და შვილები) არ მიეცათ სამკვიდრო მოწმობა.

1995წ. 11 ოქტომბერს, დ. ს-ას სამკვიდრო ქონებაზე გაცემულ იქნა კანონით მემკვიდრეობის მოწმობა მის მეუღლეზე – ლ. ჩ-ლ-ს-აზე.

მ. ც-ი-ს-ამ 1998წ. ნოემბერში სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს – მოითხოვა სანოტარო ჩანაწერების ბათილობა და სამკვიდრო ქონების ნახევრის მიკუთვნება.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2000წ. 19 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი ზუგდიდის რაიონის სანოტარო კანტორის 1988წ. 26 აგვისტოს ჩანაწერი – კ. ს-ას ქონების დ. ს-აზე კანონით მემკვიდრეობის მოწმობის გაცემისა და ზუგდიდის სანოტარო კანტორის 1995წ. 11 ოქტომბრის ჩანაწერი – დ. ს-ას სახელზე რიცხული ქონების ლ. ს-აზე სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ. მ. ს-ა-ც-ის სარჩელი სამკვიდრო ქონების ნახევრის ნატურით მიკუთვნების შესახებ დატოვებულ იქნა განუხილველი მოთხოვნის დაუზუსტებლობის გამო. მოსარჩელე მ. ს-ა-ც-ს განემარტა, რომ შეუძლია აღნიშნულზე აღძრას სარჩელი.

ლ. ჩ-ი-ს-ამ სააპელაციო საჩივრით მიმართა ქუთაისის საოლქო სასამართლოს და მოითხოვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2000წ. 19 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000წ. 25 ივლისის გადაწყვეტილებით გაუქმდა მოცემულ საქმეზე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2000წ. 19 მაისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელს უარი ეთქვა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

მ. ს-ა-ც-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2000წ. 17 ნოემბრის განჩინებით არ დააკმაყოფილა მ. ს-ა-ც-ის საკასაციო საჩივარი, უცვლელად დატოვა მოცემულ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000წ. 25 ივლისის გადაწყვეტილება.

მ. ს-ა-ც-მა 2002წ. 25 ოქტომბერს განცხადებით მიმართა ქუთაისის საოლქო სასამართლოს და მოითხოვა, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000წ. 25 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. მან ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიუთითა იმაზე, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 16 აპრილის განაჩენით იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 220-ე მუხლით (ძველი რედაქციით) და სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 25 დღიური მინიმალური ანაზღაურებით – 50 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ეს განაჩენი კანონიერ ძალაშია. ამ განაჩენით დადგინდა, რომ მ. ს-ა-ც-ი ფაქტობრივად ფლობდა სადავო სახლ-კარს, მშობლების გარდაცვალების შემდეგ ყოველ წელს ჩადიოდა სოფ.ორსანტიაში, ცხოვრობდა ამ სახლში, პატრონობდა მას. განმცხადებელმა მიუთითა, რომ ის გარემოებები, რომლებიც თავის დროზე არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ, დამტკიცდა სასამართლოს განაჩენით.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 22 იანვრის განჩინებით მ. ს-ა-ც-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000წ. 25 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ. სააპელაციო პალატის განჩინება ემყარება შემდეგ მოტივებს:

განმცხადებლის მიერ მითითებული ახლად აღმოჩენილი გარემოება თავის დროზე იყო სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 16 აპრილის განაჩენში მითითებული გარემოებები ეხება არა მამკვიდრებლის – კ. ს-ას გარდაცვალების შემდგომ – 1988 წლიდან პერიოდს, არამედ – 1998 წლიდან პერიოდს.

მ. ს-ა-ც-მა საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის განჩინებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და ხელახალი განხილვისათვის საქმის დაბრუნება იმავე პალატაში შემდეგი საფუძვლებით: ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 16 აპრილის განაჩენით დადგინდა, რომ იგი ფაქტობრივად ფლობდა სამკვიდრო ქონებასა და ცხოვრობდა სადავო სახლში, ამიტომ ეს განაჩენი წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებას სსკ-ს 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის საფუძველზე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ მ. ს-ა-ც-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო პალატის 2000წ. 25 ივლისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მ. ს-ა-ც-ის სარჩელი ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, რადგან მისთვის 1991 წელს უკვე ცნობილი იყო, რომ მთელი სამკვიდრო ქონება მის ძმას დ. სახოკიას ჰქონდა გაფორმებული, იგი ზუგდიდის სანოტარო ბიუროს სთხოვდა, რომ არ მიეცათ სამკვიდრო მოწმობა მისი ძმის დ. ს-ას, მემკვიდრეებისათვის. მაგრამ მან სასამართლოს მიმართა 1998წ. ნოემბერში, რითაც გაუშვა სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 75-ე მუხლით დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად არ მიიჩნია საქმის წარმოების განახლების საფუძვლად ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 16 აპრილის განაჩენით დადგენილი გარემოებები იმის შესახებ, რომ მ. ს-ა-ც-ი ფაქტობრივად ფლობდა სამკვიდრო ქონებას. სსკ-ს 423-ე მუხლის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ხოლო იმავე მუხლის მესამე ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ ამ მუხლის პირველი ნაწილის “ე” _ “ვ” ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

საკასაციო პალატა თვლის, რომ, ვინაიდან დედის, კ. ს-ას, სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების თაობაზე მ. ს-ა-ც-ი მიუთითებდა მოცემული საქმის არსებითი განხილვისას, და მისი სარჩელი სააპელაციო პალატამ მიიჩნია ხანდაზმულად, ამიტომ რაიონული სასამართლოს განაჩენით დადასტურებული გარემოებები წარდგენილი რომ ყოფილიყო სასამართლოში საქმის განხილვის დროს, მაინც ვერ გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.

ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მ. ც-ი-ს-ას განცხადების განხილვისას კანონი არ დაურღვევია და ამდენად, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების იურიდიული საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. ს-ა-ც-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 22 იანვრის განჩინება.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.