გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 07-1984 22 სექტემბერი, 2003 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,
რ. ნადირიანი
პალატამ ზეპირი განხილვის გარეშეE განიხილა ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის შუამდგომლობა გადაწყვეტილების აღსრულების გადადების შესახებ.
პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 30 იანვრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს უნივერსალური ბანკი “ი.” საკასაციო საჩივარი და სს “კ. ა.”, სს ხ. ქ. ფ.” და სს “ს. – ჯ.” გადასახდელად დაეკისრა 240945 ლარი.
2003წ. 4 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ საქართველოს უზენაეს სასამართლოში შეიტანა განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ზემოთმითითებული გადაწყვეტილების აღსრულების გადადების შესახებ.
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი შუამდგომლობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 263-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სასამართლოს, რომელმაც საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით გადადოს ან განაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი.
მოცემულ შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულების გადადების შესახებ სასამართლოს თხოვნით მიმართა ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ, რომელიც არ არის მხარე იმ საქმისა, რომლის თაობაზეც მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების გადადებას მოითხოვს იგი.
ზემოთმითითებული ნორმის შესაბამისად საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების გადადების მოთხოვნა შეუძლია მხოლოდ მხარეს და არა სხვა პირს, ვინაიდან გადაწყვეტილების აღსრულების გადადების თაობაზე მიღებული განჩინება, გადაწყვეტილების განუყოფელი ნაწილია, შესასრულებლად სავალდებულოა და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების გადადების საკითხის განხილვა მხოლოდ საქმეში მონაწილე მხარეთა კომპეტენციას განეკუთვნება.
ამრიგად, ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების გადადების შესახებ უსაფუძვლოა და დაკმაყოფილებული ვერ იქნება.
ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე იხელმძღვანელა სსკ-ს 263-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ.წ. 30 იანვრის გადაწყვეტილების აღსრულების გადადების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.