Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 1119-გ-38-03 28 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მ. წიქვაძე,

ლ. გოჩელაშვილი

განიხილა კავშირი (ასოციაცია) “ს. ე. ს. ბ.” განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 26 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ.

პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

2003წ. 4 აგვისტოს კავშირი (ასოციაცია) “ს. ე. ს. ბ.” განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 26 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა შემდეგი საფუძვლით:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 14 ივლისის განჩინებით საბითუმო ბაზარი აღიარებული იქნა ადმინისტრაციულ ორგანოდ. ზემოთ მითითებული დავა კი განიხილა არა ადმინისტრაციულმა, არამედ სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ, ანუ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა მიიღო მოსამართლემ, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა მონაწილეობა მიეღო გადაწყვეტილების მიღებაში.

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წინამდებარე განცხადება, მიაჩნია რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” პუნქტის შესაბამისად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული მხარის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად, უფლება არ ჰქონდა მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში. კანონმდებელი ამ კატეგორიის მოსამართლეში მოიაზრებს სსკ-ს 29-ე, 30-ე და 31-ე მუხლებში მითითებულ მოსამართლეს. კერძოდ იმ მოსამართლეს, რომელიც მონაწილეობდა საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვაში და მონაწილეობა მიიღო ამავე საქმის სააპელაციო ან საკასაციო ინსტანციაში განხილვის დროს; რომელიც მონაწილეობდა საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვაში და მონაწილეობა მიიღო ამავე საქმის პირველი ან საკასაციო ინსტანციაში განხილვის დროს; რომელიც მონაწილეობდა საქმის განხილვაში საკასაციო ინსტანციაში და მონაწილეობა მიიღო ამ საქმის ქვედა ინსტანციაში განხილვის დროს; საქმე განიხილა ისეთმა შემადგენლობამ, რომლებიც ერთმანეთის ახლო ნათესავები იყვნენ, ანდა, თუ მოსამართლე თვითონ იყო მხარე ან ამა თუ იმ მხარესთან საერთო უფლებები, ან ვალდებულებები აკავშირებდა და ა.შ.

როგორც ცნობილია, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003წ. 26 მარტის გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდნენ მოსამართლეები, რომლებსაც კანონის თანახმად, უფლება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ ამ გადაწყვეტილების მიღებაში, ვინაიდან ისინი არ მიეკუთვნებოდნენ სსკ-ს 29-ე, 30-ე და 31-ე მუხლებში ჩამოთვლილ იმ მოსამართლეთა კატეგორიას, რომლებსაც კანონის თანახმად, უფლება არ ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ ამ გადაწყვეტილების მიღებაში.

სსკ-ს 430-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საქმის ზეპირი განხილვის შედეგად აღმოჩნდება, რომ განცხადება უსაფუძვლოა, სასამართლო თავისი განჩინებით უარს იტყვის განცხადების დაკმაყოფილებაზე.

ზემოთ მითითებული გარემოებების გამო საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კავშირი (ასოციაცია) საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის განცხადება უსაფუძვლოა და ამიტომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 430-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კავშირი (ასოციაცია) “ს. ე. ს. ბ.” განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 26 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ, როგორც უსაფუძვლო, არ დაკმაყოფილდეს.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.