Facebook Twitter

¹ ას-608-03 21 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მ. წიქვაძე,

რ. ნადირიანი

დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება.

აღწერილობითი ნაწილი:

ნ. ჯ-ასა და ე. მ-ის მინდობილობით ნ. ჯ-ეს შორის 2001წ. 20 აპრილს დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც სესხის ხელშეკრულებით გაცემული 4800 აშშ დოლარის უზრუნველსაყოფად დაიტვირთა ე. მ-ის საკუთრებაში არსებული ბინა მდებარე ქ. თბილისში.

ნ. ჯ-ამ მიმართა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს და მიუთითა, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადა დასრულდა 2001წ. 20 ოქტომბერს, მაგრამ მოპასუხემ ვალდებულება არ შეასრულა.

მოსარჩელემ მოპასუხისაგან მოითხოვა 4800 აშშ დოლარი სესხის მიღებული თანხა და ამ თანხის ორი თვის პროცენტი 288 აშშ დოლარი, სულ _ 5208 აშშ დოლარი და 130 ლარი.

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 18 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელე ნ. ჯ-ას სარჩელი და მოპასუხე ნ. ჯ-ეს მის სასარგებლოდ დაეკისრა 4800 აშშ დოლარი და 720 აშშ დოლარი ვადის გადაცილებისათვის.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ნ. ჯ-ემ. აპელანტი მიუთითებდა, რომ სესხის ხელშეკრულება ჯ-ასა და მ-ს შორის რწმუნებულზე ნ. ჯ-ეზე გაფორმდა არასწორად. მხარეთა შორის დადებული გარიგება არ შეესაბამება იპოთეკის ხელშეკრულების შინაარსს, ასევე 10% სარგებელი თვეში, რამაც შეადგინა 1800 აშშ დოლარი, აღემატება ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონის მიერ დადგენილ ზუსტ ოდენობას.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას აპელანტის მარწმუნებლის, ე. მ-ის, გარდაცვალების გამო სასამართლომ დაადგინა მის უფლებამონაცვლედ ნ. ჯ-ე, რომელიც მის ერთადერთ კანონიერ მემკვიდრედ მიიჩნიეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით ე. მ-ის უფლებამონაცვლე ნ. ჯ-ეს დაეკისრა 4800 აშშ დოლარი და 5 თვის სარგებლის 720 აშშ დოლარის გადახდა.

სააპელაციო პალატა მიუთითებს, იგი ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ მას იპოთეკის ხელშეკრულება არ დაუდია 4800 აშშ დოლარის უზრუნველსაყოფად, მან მოსარჩელისაგან სესხად აიღო 3000 აშშ დოლარი. აღნიშნული გარემოება საქმის მასალებით არ დასტურდება და მის სასარგებლოდ ვერც სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეძლო აპელანტმა იმის დადასტურება, რომ იპოთეკის ხელშეკრულება დაიდო მხოლოდ 3000 აშშ დოლარის უზრუნველსაყოფად.

სააპელაციო პალატა, ასევე არ იზიარებს აპელანტის მტკიცებას, რომ იპოთეკის ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იყო 3000 აშშ დოლარის სარგებელი 10%, რამაც 6 თვეში შეადგინა 1000 აშშ დოლარი. იპოთეკის ხელშეკრულებით დასტურდება, რომ 4800 აშშ დოლარი მსესხებელმა ისესხა უპროცენტოდ. საპირისპიროს დამადასტურებელი წერილობითი მტკიცებულების წარმოდგენა აპელანტმა ვერ შეძლო.

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა შეიცვალოს ნ. ჯ-ეზე თანხის დაკისრების ნაწილში, ვინაიდან ნ. ჯ-ე იყო ე. მ-ის წარმომადგენელი. სკ-ს 104-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი იმ გარიგებით, რომელსაც წარმომადგენელი დებს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში და იმ პირის სახელით, რომელსაც იგი წარმოადგენს, უფლებები და მოვალეობები წარმოეშობა მხოლოდ წარმოდგენილ პირს. შესაბამისად, ნ. ჯ-ას სასარგებლოდ თანხის გადახდა უნდა დაკისრებოდა ე. მ-ს. მას შემდეგ, რაც ნ. ჯ-ე გახდა ე. მ-ის უფლებამოსილი, თანხის გადახდაც მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ნ. ჯ-ეს, როგორც ე. მ-ის უფლებამონაცვლეს.

გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ჯ-ემ. კასატორი მიუთითებს, თვლის საოლქო სასამართლო მართლზომიერად მიუთითებს, რომ ნ. ჯ-ას სასარგებლოდ თანხის გადახდა უნდა დაეკისროს ე. მ-ს. ამავე დროს აღნიშნავს, რომ რაც ნ. ჯ-ე გახდა ე. მ-ის უფლებამოსილი, თანხის გადახდაც მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ნ. ჯ-ეს, როგორც ე. მ-ის უფლებამონაცვლეს. კასატორი აღნიშნავს, გაურკვეველია თუ რომელი ნორმის საფუძველზე ცნეს ნ.ჯ-ე ე.მ-ის უფლებამონაცვლედ.

კასატორი მოითხოვს გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება და მოსარჩელეს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 394-ე მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

სსკ-ს 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს მტკიცებულებანი და მოსაზრებანი, რომელსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები.

სააპელაციო სასამართლო სწორედ მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი იპოთეკის ხელშეკრულებით დასტურდება ე. მ-ის მიერ 4800 აშშ დოლარის სესხად აღება და აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულებები საქმეში არ არის წარმოდგენილი, ასევე სწორია სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ სკ-ს 104-ე მუხლის შესაბამისად, იმ გარიგებით, რომელსაც წარმომადგენელი დებს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში და იმ პირის სახელით, რომელსაც იგი წარმოადგენს, უფლებები და მოვალეობები წარმოეშობა მხოლოდ წარმოდგენილ პირს.

გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული მტკიცებულებანი და მოსაზრებანი, რომლითაც სასამართლო ასკვნის, რომ ნ. ჯ-ე არის ე. მ-ის უფლებამონაცვლე და სწორედ მას უნდა დაეკისროს თანხის გადახდა.

საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს მტკიცებულებები, თუ ასეთი არსებობს და მიუთითოს იმ მოსაზრებებზე, რომელსაც ემყარება მისი დასკვნა, რომ ნ. ჯ-ე არის ე. მ-ის უფლებამონაცვლე, ან უარყოს ამგვარი დასკვნა და კანონით განსაზღვრული წესით განსაზღვროს სათანადო მოპასუხე.

ზემოაღნიშნული დარღვევის გამო გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების იურიდიული საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 25 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.