გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-165-658-03 8 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი,
მ. წიქვაძე
აღწერილობითი ნაწილი:
1999წ. 24 დეკემბერს დ. შ-ამ სარჩელი აღძრა ს. ზ-ის წინააღმდეგ 5500 ლარის დაკისრების შესახებ.
2000წ. 16 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. 2000წ. 21 იანვარს დ. შ-ამ კვლავ აღძრა სარჩელი ს. ზ-ის წინააღმდეგ, რომელიც 2000წ. 16 ივნისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა. დ. შ-ამ ორივე გადაწყვეტილებაზე შეიტანა სააპელაციო საჩივრები, რომლებიც სააპელაციო სასამართლომ ერთ წარმოებად გააერთიანა. სააპელაციო სასამართლოში აპელანტის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ მოპასუხე მხარეთ ჩააბა მ. კ-ა.
სააპელაციო საჩივრის განხილვის პერიოდში მხარეები – დ. შ-ა და ს. ზ-ი – მორიგდნენ და 2001წ. 26 ოქტომბრის განჩინებით საქმის წარმოება შეწყდა სსკ-ს 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის საფუძველზე.
2002წ. 18 ოქტომბერს დ. კ-ამ და მ. ა-ამ კერძო საჩივრით მიმართეს სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვეს 2001წ. 26 ოქტომბრის განჩინების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მ. ა-ა სააპელაციო სასამართლომ საოქმო განჩინებით მოპასუხე მხარედ ჩააბა საქმეში, გასაჩივრებული განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება დ. შ-ას სარჩელზე ს. ზ-ის მიმართ, ხოლო მ. ა-ას მიმართ მოთხოვნაზე არც მორიგების აქტში და არც გასაჩივრებულ განჩინებებში არაფერია მითითებული. ამ განჩინებით ასევე უნდა შეწყვეტილიყო დავა მ. ა-ასა და დ. შეროზიას შორის 1800 ლარის გადახდაზე.
კერძო საჩივარი დაუსაბუთებლად მიიჩნია სააპელაციო სასამართლომ და იგი ზემდგომ სასამართლოში გადააგზავნა.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ იგი უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა განსახილველ საქმეში მოსარჩელემ სარჩელში მოპასუხე მხარედ მიუთითა ს. ზ-ი. გასაჩივრებული განჩინებით დამტკიცდა მორიგება მხარეებს – დ. შეროზიასა და ს. ზ-ს – შორის და ამ საფუძვლით საქმის წარმოება შეწყდა. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოცემული საქმის განხილვისას მ. ა-ას და დ. კ-ას მიმართ დ. შეროზიას სარჩელი არ წარუდგენია.
სსკ-ს მე-3 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე თვითონ მოსარჩელე ირჩევს მოპასუხეს და მის მიმართ სარჩელის წარდგენის გზით იწყებს საქმის წარმოებას სასამართლოში. როგორც წესი, სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს პირველი ინსტანციის სასამართლოში. სარჩელის წარდგენის წესი დადგენილია სსკ-ს 177-185-ე მუხლებით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოცემული საქმის განხილვისას დ. კ-ა და მ. ა-ას მიმართ დ. შ-ას სარჩელი არ წარუდგენია, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინებაც მათ უფლებებს და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს არ შეხებია. მართალია, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას საოქმო განჩინებით მ. ა-აც ჩაბმულ იქნა მოპასუხე მხარედ, მაგრამ, ვინაიდან მის მიმართ კანონით გათვალისწინებული წესით მოთხოვნა არ არსებობდა, სასამართლო უფლებამოსილი იყო მხოლოდ დ. შ-ას და ს. ზ-ის მორიგების გამო საქმის წარმოება შეეწყვიტა. დ. კ-ას და მ. ა-ას მიმართ საქმის წარმოება მორიგებით ვერ შეწყდებოდა, ვინაიდან ამ საქმეში მათ მიმართ არ არსებობდა მოსარჩელის მოთხოვნა, ამასთან მათ შორის არც მორიგება არ მომხდარა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ს. ზ-ის და დ. შ-ას მორიგების გამო 2001წ. 26 ოქტომბერს მიღებულ საქმის წარმოებით შეწყვეტის შესახებ განჩინების გაუქმების საფუძველი არ შეიძლება გახდეს კერძო საჩივარში მითითებული გარემოებები.
აქედან გამომდინარე, დ. კ-ა და მ. ა-ას კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დ. კ-ა და მ. ა-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 26 ოქტომბრის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.