Facebook Twitter

¹ ას-8-710-03-03 16 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მ. წიქვაძე,

ლ. გოჩელაშვილი

დავის საგანი: მიუღებელი სარჩოს გადაანგარიშება და დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 14 ნოემბერს ა. მ.-მ შპს “ს.-ის ფილიალი თბილისის ... უბნის” წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ იგი მუშაობდა შპს “ს.-ის ფილიალ ქ. თბილისის ... უბანში” ... მატარებლის გამცილებლად. 1987წ. 21 იანვარს მიიღო საწარმოო ტრავმა, რის გამოც შრომისუნარი 80%-ით დაკარგა. ადმინისტრაციის ბრალი განისაზღვრა 90%-ით, ხოლო მისი 10%-ით. სასამართლოს 1991წ. 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით ტრავმის მიღებაში საწარმოს ბრალეულობა განისაზღვრა 100%-ით, მაგრამ საწარმო დღემდე საზღაურს უხდის შერეული ბრალის შესაბამისად.

მოპასუხის მიერ გაცემული ცნობის შესაბამისად, ვაგონის გამცილებლის ხელფასის ოდენობა შეადგენს 75 ლარს.

მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეს დაეკისროს 1994წ. იანვრიდან 2001წ. დეკემბრამდე მიუღებელი სარჩო 3550 ლარი, ხოლო 2001წ. დეკემბრიდან ყოველთვიურად 60 ლარი.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მხარეს უფლება არა აქვს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გამო პრეტენზია განაცხადოს იგივე სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით. მისი მოსაზრებით, მოსარჩელე 1994წ. იანვრიდან 2001წ. დეკემბრამდე ღებულობდა სარჩოს 80%-ის ოდენობით, ხოლო 17 თვის განმავლობაში მიღებული აქვს 90%. რაც შეეხება 2001წ. დეკემბრიდან მიუღებელ სარჩოს ეს საკითხი გადაწყდება 1991წ. სასამართლოს გადაწყვეტილებისა და საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების შესაბამისად.

2001წ. 21 დეკემბერს მოსარჩელემ ახალი სარჩელი წარადგინა სასამართლოში, რომლითაც ნაცვლად 1994წ.ა მიუღებელი სარჩოს ანაზღაურება მოითხოვა 1988 წლიდან 2002წ. იანვრამდე 8404 ლარის, ხოლო 2002 წლიდან მდგომარეობის შეცვლამდე თვეში 60 ლარის ოდენობით.

გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 21 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს 1991წ. 1 ივლისიდან 2002წ. იანვრამდე ერთდროულად დაეკისრა 5860 ლარის გადახდა, ხოლო 2002წ. იანვრიდან მდგომარეობის შეცვლამდე ყოველთვიურად - 60 ლარი.

რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში არსებული ცნობით საშუალო თვიური ხელფასი შეადგენს 75 ლარს. საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის” მე-12 მუხლის თანახმად, ორგანიზაციაში შრომის ანაზღაურების ან მისი მინიმალური დონის ცვლილებების შესაბამისად ხდება სასამართლოს ან დამქირავებლის მიერ დადგენილი ყოველთვიური სარჩოს ოდენობის გადაანგარიშება მიუხედავად იმისა, თუ როდის მიიღო მან ეს დასახიჩრება. ამ გარემოების გათვალისწინებით რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ანაზღაურება 1991წ. ივლისიდან უნდა მოხდეს 75 ლარის მიხედვით და ერთდროულად მისაღები თანხა სულ 5860 ლარით განსაზღვრა, ხოლო 2002წ. იანვრიდან მდგომარეობის შეცვლამდე ყოველთვიურად მისაღები თანხა განისაზღვრა 60 ლარით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 7 ივნისის განჩინებით დაკმაყოფილდა მოპასუხის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა მოცემულ საქმეზე რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება 5860 ლარის დაკისრების ნაწილში და საქმე ხელახალი გნხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ რაიონული სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის” მე-12 პუნქტი არეგულირებს სასამართლოს ან დამქირავებლის მიერ დადგენილი ყოველთვიური სარჩოს გადაანგარიშებას ორგანიზაციაში შრომის ანაზღაურების ან მისი მინიმალური დონის ცვლილებების დროს. მოცემულ შემთხვევაში საწარმო იხდიდა სარჩოს თანხას, მაგრამ მისი მოცულობა არ იქნა გათვალისწინებული. გარდა ამისა სასამართლომ მიუთითა, რომ ზემოთ მითითებული ბრძანებულების 52-ე პუნქტის თანახმად, ზიანის ასანაზღაურებელი ყოველთვიური სარჩოს ოდენობის გადაანგარიშება ხდება მიმართვის დღისათვის ორგანიზაციაში არსებული შესაბამისი ხელფასიდან, რაც მოიცავს მიმართვის დღიდან შემდგომი პერიოდის ანაზღაურებას,

მაგრამ აღნიშნული ნორმა არ აწესებს საწარმოსათვის მიმართვამდე პერიოდის გადაუნგარიშებელ სარჩოს თანხის გადახდევინებას მიმართვის დროს არსებული ხელფასის შესაბამისად.

გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 12 მარტის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 1999წ. თებერვლიდან 2002წ. იანვრამდე ერთდროულად დაეკისრა 572 ლარი.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოებები იმის თაობაზე, რომ სასამართლოს 1991წ. გადაწყვეტილებით დადგენილია საწარმოს 100%-ით პასუხისმგებლობა მიყენებული ზიანისთვის. ასევე კანონიერ ძალაშია სასამართლოს გადაწყვეტილება ყოველთვიური სარჩოს სახით 60 ლარის ანაზღაურების შესახებ.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სარჩოს გადაანგარიშება უნდა მოხდეს დადგენილი 60 ლარიდან მიმართვის დღიდან ანუ 1999წ. თებერვლიდან 2002წ. იანვრამდე, რაც სულ შეადგენს 572 ლარს.

2003წ. 29 აპრილს ა. მ.-მ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

კასატორმა მოითხოვა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის ერთდროულად 5860 ლარის, ხოლო 2001წ. დეკემბრიდან ყოველთვიურად 60 ლარის გადახდა მდგომარეობის შეცვლამდე შემდეგი საფუძვლით:

მას მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად მოახდინა 1999 წლიდან გადაანგარიშება. გადაანგარიშება უნდა მომხდარიყო 1991 წლიდან, ვინაიდან მოცემულ საქმეზე არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელსაც არ ასრულებდა მოპასუხე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებანი და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ 1991წ. 24 ნოემბრის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად მოსარჩელე სარჩოს ღებულობდა. მან მდგომარეობის შეცვლის გამო სარჩოს ოდენობის გადაანგარიშების თაობაზე სასამართლოს მიმართა 2001წ. 14 ნოემბერს. ამ დროისათვის მატარებლის გამცილებლის საშუალო თვიური ხელფასი შეადგენდა 75 ლარს.

გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 21 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს ერთდროულად დაეკისრა 5860 ლარი, ხოლო 2002წ. იანვრიდან მდგომარეობის შეცვლამდე ყოველთვიურად – 60 ლარი.

მითითებული გადაწყვეტილება ყოველთვიურად 60 ლარის დაკისრების თაობაზე შევიდა კანონიერ ძალაში, ხოლო ერთდროულად თანხის დაკისრების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება გაუქმდა და საბოლოოდ ერთდროულად მისაღებ თანხად განისაზღვრა 572 ლარი, რაც 1999წ. თებერვლიდან 2002წ. იანვრამდე მოიცავს პერიოდს, ანუ მოიცავს პერიოდს სარჩოს ოდენობის 60 ლარით განსაზღვრისათვის სასამართლოსთვის მიმართვიდან ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებამდე. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სარჩელით მიმართვის თარიღად შეცდომით მიუთითა 1999წ. თებერვალი ნაცვლად 2001წ. ნოემბრისა, მაგრამ ვინაიდან მოპასუხეს მოცემულ საკითხთან დაკავშირებით პრეტენზია არ გამოუთქვამს, საკასაციო სასამართლო ამაზე ვერ იმსჯელებს.

არასწორია კასატორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ თითქოს სასამართლოს მიუღებელი სარჩოს გადაანგარიშების თაობაზე დაანგარიშება უნდა დაეწყო 1991 წლიდან.

საქმეში წარმოდგენილი ცნობით 2001წ. 18 სექტემბრისათვის ვაგონის გამცილებლის საშუალო ხელფასი შეადგენდა 75 ლარს.

1991წ. 24 ივნისის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელეს სარჩო დაენიშნა მდგომარეობის შეცვლამდე. ამ გადაწყვეტილების შესაბამისად იგი ღებულობდა სარჩოს.

ვაგონის გამცილებლის ხელფასი 75 ლარის სახით განისაზღვრა 2001 წლიდან. აქედან გამომდინარე, ამ ხელფასის შესაბამისად, გადაანგარიშებულ სარჩოს ყოველთვიურად 60 ლარის ოდენობით უკუქცევითი ძალა ვერ მიეცემა, ვინაიდან წინა პერიოდში ვაგონის გამცილებლის ხელფასი უფრო დაბალი იყო. აქედან გამომდინარე, სასამართლო მიუღებელი თანხის ოდენობას ვერ გამოიანგარიშებდა 1991 წლიდან.

ასევე არასწორია კასატორის მითითება, რომ თითქოს მოპასუხე არ ასრულებდა სასამართლოს 1991წ. გადაწყვეტილებას. საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებით დადგენილია, რომ მოპასუხე სისტემატურად უხდიდა სარჩოს მოსარჩელეს 1991წ. სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ა. მ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 12 მარტის გადაწყვეტილება და 2003წ. განჩინება არითმეტიკული შეცდომის გასწორების შესახებ.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.