გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-95-ბ-808-03 28 ოქტომბერი 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ნ. კვანტალიანი,
მ. სულხანიშვილი
სარჩელის საგანი: თანხის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
ჭ. ხ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს თავდაპირველად ჯ. ა-ის, ვ. ვ-ისა და ლ. ჩ-ე-ქ-ის მიმართ, ხოლო შემდგომში მხოლოდ ჯ. ა-ე მიიჩნია მოპასუხედ და მოითხოვა მოწინააღმდეგე მხარისათვის 1700 რუსული მანეთის ეკვივალენტის, 2842 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება შემდეგი საფუძვლებით: ჭ. ხ-ისთვის ვ. ვ-ისგან ცნობილი გახდა, რომ იყიდებოდა სოფ..... ჩაის ფაბრიკის ბალანსზე არსებული ამორტიზირებული ბინები. ბინის შესყიდვის მიზნით, ჭ.ხ-ემ 1990წ. 15 აგვისტოს 1700 მანეთი გადასცა ვ.ვ-ეს, რომელსაც ეს თანხა უნდა გადაეცა ჯ. ა-ისათვის. სახლი ერთობლივად შეიძინეს ჭ.ხ-ემ და ლ. ჩ-ე-ქ-ემ. ჭ.ხ-ისთვის ცნობილი იყო, რომ ლ. ჩ-ე-ქ-ეზე გაფორმდებოდა შეძენილი სამშენებლო მასალა. ჭ.ხ-ემ იმავე წელს დაშალა სახლი და ხის მასალა თავისი ხარჯებით გაუგზავნა ლ. ჩ-ე-ქ-ეს, ხოლო თავისი მასალის წაღება ვერ მოახერხა, ჯერ მეუღლის ავადმყოფობის, შემდეგ სამოქალაქო ომისა და გაჭირვების გამო. შემდგომში ჯ. ა-ემ დააპირა სამშენებლო მასალის გაყიდვა, მაგრამ მოსთხოვეს საკუთრების დამადასტურებელი ქვითარი, რის გაცემაზეც ჯ. ა-ემ უარი განუცხადა.
მოპასუხე ჯ. ა-ემ სარჩელი არ ცნო შემდეგი მოტივებით: იგი საერთოდ არ იცნობდა ჭ. ხ-ეს და პირველად 2001 წელს ნახა. 1990 წელს მას ვ. ვ-ემ გადასცა 1700 რუსული მანეთი სახლის სამშენებლო მასალების შესაძენად. აღნიშნული თანხა მან მაშინვე გადასცა ბინის მეპატრონეს _ ა. კ-ეს. მეორე დღესვე დაიწყეს ამ ბინის დარღვევა, მაგრამ შემდეგ ნგრევა შეჩერდა და თერთმეტი წლის განმავლობაში არავის მიუკითხავს და არც საბუთი მოუთხოვიათ. აღნიშნული ბინა იმჟამადაც იმავე მდგომარეობაში იმყოფებოდა და ჭ.ხ-ეს სურვილისამებრ შეეძლო გამოეყენებინა.
ჯ. ა-ემ აღნიშნა, რომ მას არანაირი თაღლითობა არ ჩაუდენია და ზარალის ანაზღაურება არ უნდა დაეკისროს, მით უმეტეს, რომ გასული იყო ათ წელზე მეტი და მოსარჩელეს თუ რაიმე პრეტენზია ჰქონდა მანამდე უნდა განეცხადებინა.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 11 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ჭ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, ჯ. ა-ეს დაეკისრა 2559 აშშ დოლარისა და 7 ცენტის ექვივალენტი ლარის ჭ. ხ-ის სასარგებლოდ გადახდა. სარჩელი ლ. ჩ-ე-ქ-ის მიმართ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა ჯ. ა-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება და აღსრულების შეჩერება, რაც 2002წ. 24 სექტემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა. გაუქმდა წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 11 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმის წარმოება განახლდა.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ჭ. ხ-ის სარჩელი მოპასუხე ჯ. ა-ისათვის 2842 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 16 აპრილის გადაწყვეტილებით ჭ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება. არ დაკმაყოფილდა ჭ. ხ-ის სარჩელი. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ურთიერთშეთანხმების შედეგად, ჭ. ხ-ემ გადაიხადა 1700 რუსული მანეთი, ხოლო ლ. ჩ-ე-ქ-ემ კი 300 რუსული მანეთი. ჭ.ხ-ეს უნდა დაერღვია შენობის კედლები და წაეღო ტუფის ბლოკები, ხოლო ლ. ჩ-ე-ქ-ეს კი მხოლოდ ხის სამშენებლო მასალა. შეთანხმების საფუძველზე შეძენილი მასალის საბუთი გამოიწერა ლ. ჩ-ე-ქ-ის სახელზე როგორც სოფ..... მცხოვრებ მოქალაქეზე. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმე გვაქვს სიტყვიერად დადებულ ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებასთან, რომელიც დაიდო ვ. ვ-ისა და ჯ. ა-ის შუამავლობით ჭ.ხ-ის, ლ. ჩ-ე-ქ-ისა და სამშენებლო მასალის გამყიდველ კ-ეს შორის. სამოქალაქო სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის თანახმად, ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით გამყიდველი კისრულობს გადასცეს ქონება მყიდველს საკუთრებად, ხოლო მყიდველი კისრულობს მიიღოს ქონება და გადაიხადოს მასში გარკვეული თანხა.
ამრიგად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ჭ. ხ-ის მოთხოვნა თერთმეტი წლის წინ სამშენებლო ბლოკში გადახდილი საფასურის დაბრუნების შესახებ ფაქტობრივად წარმოადგენდა 1990 წელს დადებულ და კეთილსინდისიერად შესრულებულ ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების მოშლის მცდელობას, პალატამ მიიჩნია, რომ ჯეროვნად შესრულებული ხელშეკრულების მოშლა დაუშვებელია, ამიტომ მოყვანილი მოთხოვნა სრულიად უსაფუძვლოა, რის გამოც იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებაში მოყვანილი არგუმენტაცია და ჩათვალა, რომ სასამართლომ არ გამოიყენა სსკ-ს 237-ე მუხლი, რის გამოც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ამავე კოდექსის 393-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა, კერძოდ, სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, როდესაც სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.
ამავე დროს, პალატამ მიიჩნია, რომ ჭ. ხ-ეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე სასამართლოს უარი უნდა ეთქვა არა მოთხოვნის ხანდაზმულობის, არამედ მოთხოვნის უსაფუძვლობის გამო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება გაუქმდა, ხოლო ჭ. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ჭ. ხ-ემ მიმართა სასამართლოს საკასაციო საჩივრით და მოითხოვა სააპელაციო პალატის 2003წ. 16 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: საკასაციო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ შეთანხმების შესაბამისად, შეძენილი მასალის საბუთი გამოიწერა ლ. ჩ-ე-ქ-ის სახელზე, როგორც სოფ.ოფუჩხეთში მცხოვრებ მოქალაქეზე, რადგან ლ.ჩ-ე-ქ-ეს აღნიშნული საბუთი არ ჰქონდა. აგრეთვე, არ შეესაბამება სინამდვილეს ვინმე კუხიანიძის არსებობა. ჭ.ხ-ემ აღნიშნა, რომ არ შეიძლება მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდეს სიტყვიერად დადებულ ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებას, ვინაიდან გამყიდველი კ-ე არ არსებობს. საკასაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, ჯ.ა-ეს ქონება მისთვის საკუთრებად არ გადაუცია და არც სათანადო საბუთი მიუცია, ამიტომ ჯ. ა-ემ არ შეასრულა სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებული სკ-ს 237-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჭ.ხ-ეს გაუგებარად მიაჩნია თუ რომელი მტკიცებულების საფუძველზე მივიდა სააპელაციო პალატა იმ დასკვნამდე, რომ ხელშეკრულება ჯეროვნადაა შესრულებული და მისი მოშლა დაუშვებელია. მან თანხა გადაიხადა, ჩამოწერილი საცხოვრებელი ბინა კი საკუთრებაში გამყიდველმა, ოფურჩხეთის ჩაის ფაბრიკამ, არ გადასცა. ამრიგად, ჭ. ხ-ემ მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატას უნდა გამოეყენებინა სკ-ს 249-ე მუხლის პირველი ნაწილი (1964წ.), რომლის თანახმად თუ გამყიდველი დაარღვევს ხელშეკრულებას და არ გადასცემს მყიდველს ნივთს, მყიდველს უფლება აქვს მოითხოვოს ნაყიდი ნივთის მისთვის გადაცემა ან მიყენებული ზარალის ანაზღაურება. აპელანტის მოსაზრებით, იმ ფაქტს, რომ აღნიშნული საცხოვრებელი ბინა დღესაც ოფურჩხეთის ჩაის ფაბრიკას ეკუთვნის, ადასტურებს წყალტუბოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოს უფროსის, მ. ჩ-ის წერილი, რომლითაც მან ... ჩაის ფაბრიკის დირექტორს გ.ა-ს მიმართა თხოვნით, რომ ჩუქების სახით ეკლესიის მშენებლობისათვის მიეცა ჩამოწერილი საცხოვრებელი სახლის საკედლე მასალა.
კასატორი მიუთითებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილის წინააღმდეგობრიობაზე. ამასთან, ჭ. ხ-ე აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად მიუთითა სსკ-ს 289-ე, 295-ე და 297-ე მუხლებზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჭ. ხ-ემ მოითხოვა სააპელაციო პალატის 2003წ. 16 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და მისი სარჩელის დაკმაყოფილება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი _ ნაწილობრივ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ ჭ. ხ-ემ ლ. ქ-ესთან ერთად სამშენებლო მასალად შეიძინა წყალტუბოს რაიონის სოფ..... მდებარე ჩაის ფაბრიკის კუთვნილი შენობა _ 2000 რუსულ მანეთად. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ვ. ვ-ისა და ჯ. ა-ის შუამავლობით ჭ. ხ-ეს, ლ. ქ-ესა და სამშენებლო მასალის გამყიდველ კუხიანიძეს შორის სიტყვიერად დაიდო ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება და ჭ. ხ-ის მოთხოვნა 1990 წელს დადებული ჯეროვნად შესრულებული ხელშეკრულების მოშლის მცდელობას წარმოადგენს. სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო სამართლის კოდექსის 237-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით გამყიდველი კისრულობს გადასცეს ქონება მყიდველს საკუთრებად, ხოლო მყიდველი კისრულობს მიიღოს ქონება და გადაიხადოს მასში გარკვეული თანხა.
სსკ-ს 249-ე მუხლის მეოთხე ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ არ დაადგინა საქმისათვის არსებითი ფაქტობრივი გარემოებები. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ ისე მიიჩნია ხელშეკრულება ჯეროვნად შესრულებულად, რომ არ გამოიკვლია თუ რა მტკიცებულებით დასტურდება ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობა; ვინ არიან ხელშეკრულების მხარეები და რა უფლება-მოვალეობები აკისრიათ მათ; ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში განსაზღვრული იყო თუ არა შესრულების ვადა (ანუ რა ვადაში უნდა მიეღო ჭ.ხ-ეს შესრულება); განხორციელებულ იქნა თუ არა შესრულება რომელიმე მხარისგან და დადებით შემთხვევაში, მიიღო თუ არა იგი უფლებამოსილმა პირმა; ხელშეკრულებით რა ვალდებულებები ჰქონდა დაკისრებული მოპასუხე ჯ. ა-ეს და საფუძვლიანია თუ არა ჯ.ხ-ის მიერ მის მიმართ წარდგენილი სარჩელი თანხის გადახდის დაკისრების თაობაზე; ამჟამად ვის საკუთრებაშია ხელშეკრულების საგანი და შეუძლია თუ არა ჭ. ხ-ეს მიიღოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულება.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებები სწორად და სრულად არ იქნა დადგენილი. რის გამოც გადაწყვეტილება იურიდიულად იმდენად დაუსაბუთებელია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. აღნიშნული სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” პუნქტის შესაბამისად, კანონის დარღვევით მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.
საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ ამომწურავად უნდა გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის გარემოებები და შესაბამისად, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს მათ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება სსკ-ს 412-ე მუხლის თანახმად, უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ჭ. ხ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 16 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.