Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ას-402-ა-370-03 11 დეკემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია,

თ. კობახიძე

დავის საგანი: ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

1999წ. 22 სექტემბერს ი. ს-ემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ი. ქ-ის, ბ. კ-ის, ლ. ბ-ის გამოსახლება თავისი კუთვნილი სახლიდან და მოპასუხეთა მიერ სადავო ბინით სარგებლობისათვის უკანასკნელი 3 წლის გადაუხდელი ბინის ქირის იძულებით გადახდევინება.

მოპასუხეებმა _ ბ-ემ და კ-ემ ი. ს-ის სახელზე შეიტანეს შეგებებული სარჩელი და მიუთითეს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა, რადგან მათ სადავო ბინები 70-იან წლებში ორდერის საფუძველზე ჰქონდათ სახელმწიფოსგან მიღებული და ისინი კეთილსინდისიერ მფლობელებს წარმოადგენენ. მოპასუხეებმა მოსარჩელისგან მათთვის მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვეს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1999წ. 22 ნოემბრის განჩინებით საქმე, სირთულის გამო, განსახილველად გადაეცა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქლაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიას.

სამოქალაქო და სამეწარმეო კოლეგიის 2000წ. 10 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ი. ს-ის გამოუცხადებლობისა და მოპასუხეთა შუამდგომლობის საფუძველზე ი. ს-ეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა, ხოლო მოპასუხეთა სარჩელის საფუძველზე გაუქმდა 1992წ. 8 დეკემბერს გაცემული კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა, რომლითაც სადავო საცხოვრებელი სახლი ი. სოხაძის საკუთრებად იქნა მიჩნეული.

2001წ. 9 ნოემბერს ი. ს-ემ განცხადებით მიმართა ქუთაისის საოლქო სასამართლოს და 2000წ. 10 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა. განცხადებაში ს-ემ აღნიშნა, რომ მან საქმის განხილვისას არაერთხელ მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით, რომ პრეზიდენტთან შეხვედრამდე მის მიერ წარდგენილი სარჩელი არ ყოფილიყო განხილული, თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა, საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანეს მისი მონაწილეობის გარეშე.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001წ. 21 ნოემბრის განჩინებით ი. სოხაძის განცხადება დარჩა განუხილველი, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადის გაშვების გამო.

აღნიშნულ განჩინებაზე ი. ს-ემ შეიტანა კერძო საჩივარი.

ამავე კოლეგიის 2001წ. 28 ნოემბრის განჩინებით ი. ს-ეს კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი დაუსაბუთებლობის გამო და კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა უზენაეს სასამართლოს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002წ. 15 თებერვლის განჩინებით გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001წ. 21 ნოემბრისა და 28 ნოემბრის განჩინებები ი. ს-ის კერძო საჩივარი განსჯადობით განსახილველად გადაეცა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიას.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 3 სექტემბრის განჩინებით ი. ს-ის განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2000წ. 10 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა. განჩინების გამოტანისას სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 422-ე მუხლის “ბ” პუნქტითა და 426-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რის გამოც ი. ს-ის განცხადება კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადის დარღვევით შეტანილად მიიჩნია.

აღნიშნულ განჩინებაზე ი. ს-ემ შეიტანა საკასაციო საჩივარი. კასატორმა მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 3 სექტემბრის განჩინების, ასევე, 2000წ. 10 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის არსებითად განსახილველად დაბრუნება სსკ-ს 393-ე, 241-ე მუხლების საფუძველზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 29 ნოემბრის განჩინებით ი. ს-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 3 სექტემბრის განჩინება.

2003წ. 20 ივნისს ი. ს-ემ განცხადებით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა საკასაციო პალატის 2002წ. 29 ნოემბრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ მისთვის ცნობილი არ იყო საკასაციო პალატაში 2002წ. 29 ნოემბრის სხდომის შესახებ.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, განცხადების საფუძვლები და თვლის, რომ მოთხოვნა საკასაციო პალატის განჩინების გაუქმების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

გამცხადებელი საკასაციო პალატის განჩინების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებას ითხოვს იმ მოტივით, რომ მისთვის ცნობილი არ იყო საკასაციო პალატაში საქმის განხილვის თარიღი და საქმე განიხილეს მის დაუსწრებლად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 20 სექტემბრის განჩინებით საქმის განხილვა სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე და მხარეებს წინასწარ ეცნობათ სასამართლოს ამგვარი გადაწყვეტილების შესახებ.

2002წ. 7 ოქტომბერს მხარეებს გაეგზავნათ შეტყობინება იმის შესახებ, რომ მათი სამოქალაქო საქმე უზენაეს სასამართლოში იხილება ზეპირი მოსმენის გარეშე, რაც მათ ჩაბარდათ 2002წ. 8 ოქტომბერს. ამდენად, მხარეებს სსკ-ს 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ეცნობათ ამგვარი გადაწყვეტილების შესახებ.

აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა თვლის, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი, რის გამოც ი. ს-ის განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 284-ე და 422-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ი. ს-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 29 ნოემბრის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.