კ-820-02 29 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე,
ქ. გაბელაია
დავის საგანი: შვილად აყვანის გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი:
თ. ლ.-მ 1990წ. 11 ივლისს შვილად აიყვანა 1973წ. 15 მაისს დაბადებული ხ. ლ.-ე, რაც დადასტურებულია ბაღდათის რაიონის მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი ბიუროს მიერ გაცემული შვილად აყვანის I-თN ¹... მოწმობით. თ. ლ.-ე 1991 წლიდან არის შრომისუუნარო პენსიონერი, ხ. ლ.-ე ითვლება მის კანონიერ მარჩენლად.
თ. ლ.-მ სარჩელით მიმართა სასამრთლოს მოპასუხე ხ. ლ.-ის მიმართ და მოითხოვა შვილად აყვანის გაუქმება სკ-ს 1262-ე მუხლით იმ საფუძველზე, რომ ხ. ლ.-ე რამდენიმე წელიწადია საცხოვრებლად გადასულია მეუღლის ოჯახში და არ ელაპარაკება მას, ელემენტარულ ყურადღებასაც კი არ აქცევს.
ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2001წ. 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. ლ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უარი ეთქვა თ. ლ.-ს შვილად აყვანის გაუქმებაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ლ.-მ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 27 მარტის განჩინებით თ. ლ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2001წ. 11 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო პალატის განჩინება დასაბუთებულია იმით, რომ სკ-ს 1262-ე მუხლის შესაბამისად შვილად აყვანა შეიძლება გაუქმდეს, თუ ნაშვილები სასტიკად ეპყრობა მშვილებელსა და მის ნათესავებს, აშკარა უპატივცემულობას იჩენს მის მიმართ ან ეწევა დანაშაულებრივ და გარყვნილ ცხოვრებას. თ. ლ.-ე კი თავის მოთხოვნას ასაბუთებდა იმ გარემოებით, რომ მას ხ. ლ.-ე ეპყრობოდა აშკარად უპატივცემულოდ. სააპელაციო სასამართლოს მითითებით მოსარჩელემ სასამართლოს სხდომაზე ვერც ის დაასაბუთა, თუ რაში გამოიხატებოდა მოპასუხის მხრიდან აშკარა უპატივცემულობა ან სასტიკი მოპყრობა მშვილებლის ან მისი ნათესავების მიმართ. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ როგორც მოსარჩელე, ასევე მოპასუხე თავის ახსნა-განმარტებებში აჩვენებენ, რომ შვილად აყვანა განხორციელდა მხოლოდ და მხოლოდ თ. ლ.-ის საცხოვრებელი სახლის მიღებისათვის და ფაქტიურად ნაშვილებს თ.ლ.-სთან არასოდეს უცხოვრია. პირიქით, მათ შორის არსებობდა არა მშობლისა და შვილის ურთიერთობა, არამედ მხოლოდ ნათესაური კავშირი მამიდასა და ძმისშვილს შორის. ამდენად, მოსაზრება, რომ ნაშვილები მშვილებელს ეპყრობოდა უპატივცემულოდ, სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია.
მოცემული სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ მისი გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
თ. ლ.-ე სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ მოპასუხეს არასოდეს უცხოვრია მოსარჩელესთან და არ ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, კერძოდ, რჩენის ვალდებულებას, რაც სააპელაციო პალატის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ იქნა გათვალისწინებული.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის შინაარსი და თვლის, რომ იგი არ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული შემდეგი გარემოებების გამო:
დადგენილია, რომ ლ.-მ 1990წ. 11 ივლისს შვილად აიყვანა ხ. ლ.-ე, დაბადებული 1973წ. 15 მაისს. ნაშვილებსა და შვილად ამყვანს შორის დედაშვილური ურთიერთობა არ წარმოშობილა, მათ ერთად არ უცხოვრიათ.
სკ-ს 1262-ე მუხლის თანახმად შვილად აყვანა შეიძლება გაუქმდეს, თუ ნაშვილები სასტიკად ეპყრობა მშვილებელსა და მის ნათესავებს, აშკარა უპატივცემულობას იჩენს მის მიმართ, ან ეწევა დანაშაულებრივ და გარყვნილ ცხოვრებას.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოებები, რომ შვილად აყვანა მოხდა მხოლოდ თ.ლ.-ის საცხოვრებელი სახლის მიღებისათვის და ფაქტობრივად ნაშვილებს თ.ლ.-სთან არასოდეს უცხოვრია. მხარეთა შორის არსებობდა მხოლოდ ნათესაური კავშირი როგორც მამიდასა და ძმისშვილს შორის. საქმის მასალებით არ დასტურდება ნაშვილების მიერ მშვილებლის მიმართ აშკარა უპატივცემულობის გამოჩენის ფაქტი.
პალატას მიაჩნია, რომ სკ-ს 1262-ე მუხლით გათვალისწინებული შვილად აყვანის გაუქმების საფუძველი დადასტურებული რომც იყოს, შვილად აყვანა ვერ გაუქმდება, ვინაიდან სკ-ს 1269-ე მუხლის თანახმად დაუშვებელია შვილად აყვანის გაუქმება ნაშვილების სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შვილად აყვანის გაუქმებაზე არსებობს ნაშვილების, მისი მშობლებისა და მშვილებლის თანხმობა, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არა აქვს.
პალატა თვლის, რომ არ არსებობს შვილად აყვანის გაუქმების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი. შვილად აყვანის ბათილად ცნობა მოსარჩელეს არ მოუთხოვია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თ. ლ.-ს კანონიერად ეთქვა უარი შვილად აყვანის გაუქმებაზე და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თ. ლ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 27 მარტის განჩინება მოცემულ საქმეზე დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.