Facebook Twitter

საქმე # 190100124008980301

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №147აპ-25 ქ. თბილისი

მ. კ.147აპ-25 25 მარტი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 18 დეკემბრის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით: კ. მ–ს - პ/ნ ..........., - ბრალად ედებოდა:

1.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (ორი ეპიზოდი).

მის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

- 2023 წლის ნოემბრის ბოლოს, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ფ–ში, თავის სახლში, კ. მ–მა, იმის გამო რომ მეუღლემ სთხოვა ხმადაბლა ესაუბრა, რადგან აძინებდა ბავშვს, საძინებელ ოთახში მდგარი სათავსოს უჯრის სროლის და ზურგის არეში გარტყმის, გაქცევისას თმის მოქაჩვის და მოასფალტებული ეზოს ზედაპირზე თრევის გზით, ფიზიკურად იძალადა მეუღლის - ე. დ–ის მიმართ. ძალადობის შემდეგ, ე. დ–ი ხელიდან დაუსხლტა კ. მ–ს და დაიმალა სახლის ეზოს უკან, სადაც მიაგნო მან და ჯერ, ორჯერ, თავი დაარტყა შუბლის არეში, შემდეგ კი, შეიყვანა სახლში, დააგდო იატაკზე და მარჯვენა ფეხი ჩაარტყა სახის არეში. კ. მ–ის ძალადობრივი ქმედებების შედეგად, ე. დ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

– 2024 წლის 24 იანვარს, დღისით, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ფ–ში, თავის სახლში, კ. მ–მა, სახლიდან წასვლა მოსთოხვა და მუხლის მარჯვენა ფერდის არეში დარტყმის გზით, ფიზიკურად იძალადა მეუღლის – ე. დ–ის მიმართ. კ. მ–ის ძალადობრივი ქმედების შედეგად, ე. დ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2024 წლის 5 თებერვალს, დაახლოებით 19:00 საათზე, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ფ–ში, თავის სახლში, კ. მ–მა, თვლიდა რა, რომ მეუღლესთან კონფლიქტი მშობლების გამო ჰქონდა, შენჯღრევის და გაშლილი ხელის სახის მარცხენა არეში დარტყმის გზით, ფიზიკურად იძალადა მამის - ნ. მ–ის მიმართ, შეშის ნაჭრის თავის მარცხენა არეში, კერძოდ კეფის მიმდებარედ დარტყმის გზით კი, დედის - ნ. გ–ის მიმართ, რომელიც ნ. მ–ის დასახმარებლად მივიდა მათთან. კ. მ–ის ძალადობრივი ქმედებების შედეგად, ნ. მ–მა და ნ. გ–ემ განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

1.3. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2024 წლის 24 იანვარს, დღის დროს, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ფ–ში, თავის სახლში, კ. მ–მა, ჯერ სახლიდან წასვლა მოსთოხვა და ფიზიკურად იძალადა მეუღლის - ე. დ–ის მიმართ. სახლიდან წასულს კი, გ–ს მინიციპალიტეტის სოფელ ფ–ში, ქუჩაში, უთხრა, რომ დაბრუნებულიყო სახლში, უარის მიღების შემდეგ კი, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. კ. მ–ის მუქარა ე. დ–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 11 სექტემბრის განაჩენით:

2.1. კ. მ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის ნოემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;

2.2. კ. მ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხა მამის - ნ. მ–ის მიმართ განხორციელებული ძალალდობის ეპიზოდი;

2.3. კ. მ–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე;

2.4. კ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის 5 თებერვლის ნ. გ–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

2.5. კ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის 24 იანვრის ე. დ–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

2.6. კ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 24 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

2.7. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ბოლო - საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით 2024 წლის 5 თებერვლის ეპიზოდისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სხვა სასჯელები და საბოლოოდ, კ. მ–ს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

2.8. თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადა კ. მ–ს აეთვალა დაკავებიდან - 2024 წლის 20 თებერვლიდან.

3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 11 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა:

3.1. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა სალომე ქემაშვილმა მოითხოვა ცვლილება რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 11 სექტემბრის განაჩენში, კ. მ–ის დამნაშავედ ცნობა ყველა წარდგენილ ბრალდებაში და შესაბამისი მკაცრი, სამართლიანი და კანონიერი სასჯელის განსაზღვრა;

3.2. მსჯავრდებულმა კ. მ–მა მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 11 სექტემბრის განაჩენის გაუქმება.

3.2.1. მსჯავრდებულმა კ. მ–მა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 11 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და დანიშნული სასჯელის შემსუბუქება, იმ საფუძვლით, რომ ნაწილობრივ აღიარებს ჩადენილ დანაშაულებს, მეუღლეს თმაში ხელი მოჰკიდა და გააგდო, რაც არ უნდა გაეკეთებინა, თუმცა არ დამუქრებია. დედის მიმართ ძალადობის განზრახვა არ ჰქონია და შუშას მოუქნია შეშა, რაც დედამისს შემთხვევით მოხვდა. ასევე, არის მშობლების ერთადერთი მარჩენალი, ე. დ–თან კი ამ ეტაპზე არანაირი ურთიერთობა არ აქვს.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 18 დეკემბრის განაჩენით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 11 სექტემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება:

4.1. კ. მ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის ნოემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;

4.2. კ. მ–ს, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხა მამის - ნ. მ–ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ეპიზოდი და წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა ამავე მუხლის პირველ ნაწილზე;

4.3. კ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის 5 თებერვლის ეპიზოდი ნ. გ–ის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, გაუნახევრდა და განესაზღვრა – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

4.4. კ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის 24 იანვრის ე. დ–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, გაუნახევრდა და განესაზღვრა – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

4.5. კ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 24 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, გაუნახევრდა და განესაზღვრა – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

4.6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის 5 თებერვლის ნ. გ–ის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სხვა სასჯელები და საბოლოოდ, კ. მ–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე სასჯელის შემცირების შედეგად, განესაზღვრა – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

4.7. თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადა კ. მ–ს აეთვალა დაკავებიდან - 2024 წლის 20 თებერვლიდან.

4.8. ასევე კ. მ–ის მიმართ გამოიცა დამცავი ორდერი შემდეგი პირობებით:

ა) კ. მ–ს აეკრძალა დაზარალებულებთან - ნ. გ–ესთან, ასევე ე. დ–თან, მათ შორის, მათ საცხოვრებელთან, სამსახურთან და სხვა ადგილებთან მიახლოება, სადაც შეიძლება ნ. გ–ე და ე. დ–ი იმყოფებოდნენ;

ბ) კ. მ–ს აეკრძალა დაზარალებულებთან - ნ. გ–ესთან და ე. დ–თან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით;

4.8.1. დამცავი ორდერი გამოიცა 9 თვით.

4.8.2. დამცავი ორდერის მოქმედების ვადა კ. მ–ს დაეწყება პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლებისთანავე.

4.8.3. კ. მ–ს განემარტა, რომ მის მიერ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს სსკ-ის 3811 მუხლით დადგენილი წესით.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 18 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორი სალომე ქემაშვილი ითხოვს ცვლილებას თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 18 დეკემბრის განაჩენში, კ. მ–ის დამნაშავედ ცნობას ყველა წარდგენილი ბრალდებით და მისთვის შესაბამისი, მკაცრი, სამართლიანი და კანონიერი სასჯელის განსაზღვრას.

6. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სსსკ-ის 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

7. „საქართველოს უზენაესი სასამართლო, ქვედა ინსტანციების სასამართლოებისგან განსხვავებით, საქმეს მთლიანად არ იხილავს... მისი განხილვის ფარგლები შეზღუდულია კონკრეტული სამართლებრივი საკითხებით“ (იხ. Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, paras. 41, 76, ECtHR, 21/09/2017). საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს კ. მ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (2023 წლის ნოემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (რომელთან მიმართებითაც გასაჩივრებული განაჩენით ამოერიცხა მამის – ნ. მ–ის – მიმართ ჩადენილი ძალადობა და ქმედება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე).

7.1. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს კ. მ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის 24 იანვრის ე. დ–ის და 2024 წლის 5 თებერვლის ნ. გ–ის მიმართ ძალადობის ეპიზოდები) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2024 წლის 24 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა. შესაბამისად, დავის საგანია მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის სამართლიანობა.

8. ბრალდების მხარემ რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილების მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. გასაჩივრებულ განაჩენში კი დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი ბრალდების მხარის ყველა არგუმენტზე, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

9. უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N 2/2/1276 საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77). ამასთან, მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

10. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება ბრალდების მხარის მსჯელობას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საქართველოს სსსკ-ით დადგენილი სტანდარტით ადასტურებენ კ. მ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2023 წლის ნოემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.

11. კ. მ–ისათვის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2023 წლის ნოემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული ბრალდების სამტკიცებლად წარმოდგენილია მხოლოდ დაზარალებულ ე. დ–ის ჩვენება, სხვა პირდაპირი ან/და გარემოებითი მტკიცებულება კ. მ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის მტკიცებისთვის, ბრალდების მხარეს არ წამოუდგენია.

11.1. დაზარალებულ ე. დ–ის განმარტებით 2023 წლის ნოემბრის ინციდენტის შემდეგ არ მიუმართავს არც პოლიციისთვის და არც სამედიცინო დახმარებისთვის. თუმცა მოცემულ ფაქტს შეესწრო კ. მ–ის მეგობარი. დაზარალებულის აღნიშნული განმარტების მიუხედავად ბრალდების მხარეს არ დაუდგენია თვითმხილველი მოწმის ვინაობა და არ მომხდარა მისი გამოკითხვა/დაკითხვა. დაზარალებულის დედამ ნ. ნ–მა კი ზოგადად განმარტა, რომ კ. მ–მა მის შვილს ერთი წლის წინ გაუტეხა თავი, რის შემდეგაც შერიგდნენ, თუმცა მაშინ არავისთვის მიუმართავს. შესაბამისად, მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით კ. მ–ის მიერ ბრლაადწარდგენილი დანაშაულის ჩადენის მტკიცებისა და გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის.

12. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (რომელთან მიმართებითაც წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხა მამის ნ. მ–ის მიმართ ჩადენილი ძალადობა და ქმედება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე) წარდგენილ ბრალდებასთან მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულმა ნ. მ–მა საქმის არსებითი განხილვისას ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებით და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, ბრალდების მხარის მიერ მოცემულ ეპიზოდში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები კი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ ადასტურებენ კ. მ–ის მიერ მამის – ნ. მ–ის მიმართ ფიზიკური ძალადობის ჩადენას.

13. N...... შემაკავებელ ორდერსა და მის ოქმში, რომელიც გამოცემულია კ. მ–ის მიერ მამის - ნ. მ–ის – მიმართ განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის გამო, მხოლოდ ზოგადადაა მითითებული ფიზიკური ძალადობის შესახებ და არ არის აღნიშნული თუ რაში გამოიხატა ძალადობა (იხ.: ტ.1, ს.ფ. 89-99).

14. N..... შეტყობინებასთან მიმართებით, სასამართლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკასთან ერთად, ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ 2024 წლის 5 თებერვალს ნ. მ–ი ითხოვდა პოლიციის გამოძახებას, თუმცა არ უთითებდა მიზეზს, შესაბამისად, მოცემული შეტყობინება არ შეიცავს ინფორმაციას კ. მ–ის მიერ ფიზიკური ძალადობის ჩადენის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

15. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ არ შეიძლება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, თუ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს პრაქტიკულად ადგილზე შემოწმდა დაზარალებულის ჩვენება და მოხდა ვითარების აღდგენა. მოცემულ შემთხვევაში საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი შინაარსობრივად არის დაზარალებულის (მოწმის) ჩვენების - მის მიერ გამოკითხვის ოქმში მოწოდებული ინფორმაციის - შემოწმება. მოწმის/დაზარალებულის ჩვენება და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, მართალია, ორი სხვადასხვა მტკიცებულებაა, მაგრამ ცალსახაა, რომ ორივე შემთხვევაში ინფორმაციის მომწოდებელი წყარო არის ერთი და იგივე პირი (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები: №315აპ-20; №49აპ-20; №679აპ-20; №442აპ-21). შესაბამისად, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში ასახული, დაზარალებულ ნ. მ–ის მიერ მიწოდებული ინფორმაცია საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს, ვინაიდან იგი შინაარსობრივად იმეორებს დაზარალებულის (მოწმის) მიერ გამოკითხვის ოქმში მიწოდებულ ინფორმაციას, რაც დაზარალებულმა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას არ დაადასტურა. ამასთან, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში არაფერია ნათქვამი დაზარალებულის მიერ ფიზიკური ტკივილის განცდაზე (იხ.: ტ.1, ს.ფ. 9-16)

16. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №...... დასკვნის თანახმად, 2024 წლის 6 თებერვალს, გარეგანი დათვალიერებით ნ. მ–ს სხეულზე ფიზიკური დაზიანების ნიშნები არ აღენიშნება (იხ.:ტ. 1, ს.ფ. 34-37).

17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სხვა პირდაპირი ან/და გარემოებითი მტკიცებულება კ. მ–ის მიერ მამის – ნ. მ–ის მიმართ ფიზიკური ძალადობის ჩადენის მტკიცებისთვის, ბრალდების მხარეს არ წამოუდგენია.

18. შესაბამისად, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დადასტურდა კ. მ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასარგებლოდ.

19. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას, მსჯავრდებულის მიმართ მკაცრი სასჯელის შეფარდების შესახებ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ კასატორმა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოთხოვნის მკაფიოდ ფორმულირებასთან ერთად უნდა დაასაბუთოს თავისი მოთხოვნა. ანალოგიურად, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილიც საკასაციო საჩივრის დასაშვეობას უკავშირებს ამავე ნაწილში მითითებული საფუძვლების დასაბუთებას, რაც გულისხმობს, რომ მკაფიოდ უნდა იყოს იდენტიფიცირებული საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული რომელი საფუძვლით ასაჩივრებს და კონკრეტულად რითი ასაბუთებს კასატორი საკუთარ პოზიციას. ამდენად, კასატორმა უნდა განსაზღვროს არა მხოლოდ განაჩენის გასაჩივრების კონკრეტული საფუძველი, არამედ მკაფიოდ მიუთითოს ის არგუმენტებიც, რომლებიც ადასტურებს კასატორის პოზიციას და, შესაბამისად, - გასაჩივრებული განაჩენის უკანონობას (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 15 თებერვლის N933აპ-23 განჩინება).

19.1. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარში ბრალდების მხარე კასატორი თავისი პოზიციის დასაბუთებისათვის (კ. მ–ისათვის მკაცრი, სამართლიანი და კანონიერი სასჯელის განსაზღვრის ნაწილში) არ უთითებს არც ერთ არგუმენტს. შესაბამისად ამ ნაწილში მოთხოვნა დაუსაბუთებელია.

20. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ გასაჩივრებული განაჩენით კ. მ–ის მიმართ გამოყენებულია „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო აღნიშნულზე დამატებით აღარ იმსჯელებს.

21. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

23. „როდესაც სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

24. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 18 დეკემბრის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

მ. ვასაძე