Facebook Twitter

საქმე # 010100123007946659

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №179აპ-25 ქ. თბილისი

ბ. ა. 179აპ-25 24 მარტი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 30 ოქტომბრის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მენთეშაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით: ა. ბ–ეს - პ/ნ ............, - ბრალად ედებოდა:

1.1. გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით.

მის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2023 წლის 15 ივლისს, დაახლოებით 10:00 საათზე, ქ. ბ–ში, .......ის ქ.-ის N...-ს მიმდებარედ, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის გამო, უპირატესი მდგომარეობისა და მესაკუთრული დამოკიდებულების მოტივით, ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დ. მ–ის გადაწყვეტილებით გაღიზიანებულმა ა. ბ–ემ იძალადა დ. მ–ის მიმართ, კერძოდ, ძლიერად მოუჭირა ხელები მკლავებზე, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ–ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

1.2. გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).

მის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2023 წლის 15 ივლისს, დაახლოებით 10:00 საათზე, ქ. ბ–ში, .......ის ქ.-ის N...-ს მიმდებარედ, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის გამო, უპირატესი მდგომარეობისა და მესაკუთრული დამოკიდებულების მოტივით, ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დ. მ–ის გადაწყვეტილებით გაღიზიანებული ა. ბ–ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დ. მ–ეს, რომელმაც მისი მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

2023 წლის 29 აგვისტოს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ. ბ–ში, ხ–ის ქ.-ის N...-ს მიმდებარედ, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის გამო, უპირატესი მდგომარეობისა და მესაკუთრული დამოკიდებულების მოტივით, ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დ. მ–ის გადაწყვეტილებით გაღიზიანებული ა. ბ–ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დ. მ–ეს, რომელმაც მისი მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.3. გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ადევნება, ესე იგი პირადად პირის უკანონო თვალთვალი და არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის და სხვა საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას და პირის ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2020 წლის დასაწყისიდან 2023 წლის 31 აგვისტომდე (დაკავებამდე) დროის მონაკვეთში, ყოველდღიურად, ქ.ბ–ში, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მამაკაცის უპირატესი მდგომარეობისა და მესაკუთრული დამოკიდებულების გამო, ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დ. მ–ის გადაწყვეტილებით გაღიზიანებული და აღნიშნული ურთიერთობის განახლების მოთხოვნით, ა. ბ–ე სისტემატიურად აკონტროლებდა დ. მ–ის გადაადგილებას, აკითხავდა სამსახურში, აკონტროლებდა მისი ცხოვრების წესს და მიმოწერას სხვა ადამიანებთან, დ. მ–ესთან ამყარებდა არასასურველ სატელეფონო და პირად კომუნიკაციას. აღნიშნულმა ქმედებამ დაზარალებულ დ. მ–ეს მიაყენა ფსიქიკური ტანჯვა, ასევე დაზარალებულს გაუჩნდა ა. ბ–ის მხრიდან ძალადობის გამოყენების საფუძვლიანი შიში, რამაც დაზარალებული აიძულა მნიშვნელოვნად შეეცვალა ცხოვრების წესი, რამდენჯერმე შეიცვალა მობილური ტელეფონის ნომერი და გადაადგილების საშუალებები.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 9 ივლისის განაჩენით:

2.1. ა. ბ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 126–ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 151–ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.

2.2. ა. ბ–ეს განემარტა, მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების თაობაზე.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 9 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნიკა მენთეშაშვილმა მოითხოვა ა. ბ–ის დამნაშავედ ცნობა ყველა წარდგენილი ბრალდებით და მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

3.1. გამართლებულ ა. ბ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. ბ–მ მოითხოვა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 9 ივლისის განაჩენის უცვლელად დატოვება.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 9 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი ნიკა მენთეშაშვილი ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 30 ოქტომბრის განაჩენის გაუქმებას, ა. ბ–ის დამნაშავედ ცნობას ყველა წარდგენილი ბრალდებით და მისთვის შესაბამისი, მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

5.1. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა გამართლებულ ა. ბ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. ბ–მ, რომელიც ითხოვს არ დაკმაყოფილდეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი.

6. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სსსკ-ის 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

7. „საქართველოს უზენაესი სასამართლო, ქვედა ინსტანციების სასამართლოებისგან განსხვავებით, საქმეს მთლიანად არ იხილავს... მისი განხილვის ფარგლები შეზღუდულია კონკრეტული სამართლებრივი საკითხებით“ (იხ. Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, paras. 41, 76, ECtHR, 21/09/2017). საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს ა. ბ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და შესაბამისი მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

8. ბრალდების მხარემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილების მოთხოვნით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. გასაჩივრებულ განაჩენში კი დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი ბრალდების მხარის ყველა არგუმენტზე, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

9. უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N 2/2/1276 საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77). ამასთან, მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

10. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება ბრალდების მხარის მსჯელობას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საქართველოს სსსკ-ით დადგენილი სტანდარტით ადასტურებენ ა. ბ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.

11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ 2023 წლის 15 ივლისის ძალადობისა და მუქარის ფაქტებთან მიმართებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარმოდგენილია მხოლოდ დაზარალებულ დ. მ–ის ჩვენება, სხვა პირდაპირი ან/და გარემოებითი მამხილებელი მტკიცებულება ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია.

11.1. N...... შემაკავებელ ორდერსა და მის ოქმში ზოგადადაა მითითებული 2023 წლის 15 ივლისს ა. ბ–ის მიერ დ. მ–ის მიმართ ფიზიკური ძალადობისა და მუქარის ჩადენაზე და მითითებული არ არის კონკრეტულად რაში გამოიხატა ა. ბ–ის მიერ ჩადენილი ფიზიკური ძალადობა ან/და მუქარა.

12. საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებასთან მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს, დაზარალებულის ჩვენების გარდა სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დგინდება, რომ ა. ბ–ის სისტემატური უკანონო თვალთვალისა და არასასურველი კომუნიკაციის გამო, რომელიც დაზარალებულის ფსიქიკურ ტანჯვას იწვევდა დ. მ–ე იძულებული გახდა მნიშვნელოვნად შეეცვალა ცხოვრების წესი.

12.1. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია 2023 წლის 31 აგვისტოს დადგენილება ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ და სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წერილი, რომლითაც მოთხოვნილია ექსპერტიზის სრულყოფილად ჩასატარებლად დ. მ–ის წარდგენა (იხ.: ტ.1, ს.ფ 21-22; 23-24), თუმცა სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაადასტურებდა დაზარალებულის მიერ ფსიქოლოგიური ტანჯვის განცდის ფაქტს, რაც საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის აუცილებელი კომპონენტია.

13. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 29 აგვისტოს ეპიზოდი) გათვალისწინებულ ბრალდებასთან მიმართებით სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ ეპიზოდშიც ასევე წარმოდგენილია მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება.

13.1. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ N........ შემაკავებელ ორდერსა და N....... შეტყობინებაში ზოგადადაა მითითებული ა. ბ–ის მიერ განხორციელებული მუქარის ფაქტზე და არ არის მითითებული კონკრეტულად რაში გამოიხატა აღნიშნული. ამასთან N......... შეტყობინებაში არაფერია ნათქვამი დაზარალებულის მიერ მუქარის რეალურად აღქმასა და მუქარის განხორციელების საფუძვლიან შიშზე.

14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სხვა პირდაპირი ან/და გარემოებითი მტკიცებულება ა. ბ–ისათვის ბრალად წარდგენილი ქმედებების მტკიცებისთვის, ბრალდების მხარეს არ წამოუდგენია.

15. შესაბამისად, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დადასტურდა ა. ბ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 126–ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 151–ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასარგებლოდ.

16. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

18. „როდესაც სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

19. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 30 ოქტომბრის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მენთეშაშვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

მ. ვასაძე