საქმე # 020100124009228503
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №202აპ-25 ქ. თბილისი
გ. გ. 202აპ-25 12 მარტი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ფელიქს ჯალაღონიას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 5 დეკემბრის განაჩენზე.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. გ–ის (პირადი ნომერი – 1..., მ. გ–ის (პირადი ნომერი – 1.......), დ. გ–ის (პირადი ნომერი – 1.....) და ბ. გ–ის (პირადი ნომერი –..........) მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში: 2024 წლის 22 აპრილს, დაახლოებით 18:30 საათზე ზ....ს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებმა მ. გ–მა, დ. გ–მა, ბ. გ–მა და გ. გ–მა, ადრე არსებული კონფლიქტური ურთიერთობებიდან გამომდინარე განაწყენებულებმა, ამავე ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ ნ. კ–ს მის საცხოვრებელ სახლში ეზოში, მ. გ–მა თმებში ჩაავლო ხელი და ძლიერად მოჰქაჩა თავისკენ. იმავდროულად, ბ. გ–მა, ძალის გამოყენებით, ნ. კ– ეზოდან ქუჩაში გამოიყვანა, რის შედეგადაც ნ. კ–მ წონასწორობა დაკარგა და იქვე მიწაზე დაეცა, ხოლო მიწაზე დაცემულ ნ. კ–ს ბ. მ–ი და დ. გ–ებმა მუშტები, ასევე – წიხლები, რამდენჯერმე დაარტყეს თავის, წელის და ფეხების არეში. მიღებული დაზიანების შედეგად ნ. კ–მ მიიღო თავის ტვინის შერყევა. ასევე, სისხლჩაქცევები მარჯვენა თვალბუდის მიდამოში. თავის მხრივ, გ. გ–მა დაარტყა ფეხი ზურგის არეში და გვერდებზე, ნეკნებთან. ნ. კ–ზე მიყენებული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, რითაც ამ უკანასკნელს მიაყენეს ფიზიკური ტკივილი. რაც შეეხება მიწაზე დაცემული დედამისის ნ. კ–ს დასახმარებლად მისულ მ. გ–ს, მასთან მივიდა მ. გ–ი, რომელმაც მ. გ–ს მუშტი რამდენჯერმე დაარტყა მარცხენა მკლავისა და მუცლის არეში, ხოლო გ. გ–ი კი თმებში სწვდა და ძლიერად მოჰქაჩა. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისსს, ჯანმრთელობის მოუშლელად, რითაც ამ უკანასკნელს მიაყენა ფიზიკური ტკივილი.
2. აღნიშნული ქმედებით:
2.1 გ. გ–მა და მ. გ–მა ჩაიდინეს ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, ორი პირის მიმართ, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით;
2.2. დ. გ–მა და ბ. გ–მა ჩაიდინეს ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით.
3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 13 ივნისის განაჩენით:
3.1. გ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით;
3.1.1. გ. გ–ს დანიშნული სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი, 2024 წლის 23 აპრილიდან – 25 აპრილის ჩათვლით;
3.2. დ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით;
3.2.1. დ. გ–ს დანიშნული სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი, 2024 წლის 23 აპრილიდან – 25 აპრილის ჩათვლით;
3.3. მ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით;
3.3.1. მ. გ–ს დანიშნული სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი, 2024 წლის 23 აპრილიდან – 25 აპრილის ჩათვლით;
3.4. ბ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით;
3.4.1. ბ. გ–ს დანიშნული სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი, 2024 წლის 23 აპრილიდან – 25 აპრილის ჩათვლით.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ფელიქს ჯალაღონიამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულების – გ. გ–ის, მ. გ–ის, დ. გ–ის და ბ. გ–ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება.
5.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინეს მსჯავრდებულების – გ. გ–ის, მ. გ–ის, დ. გ–ის და ბ. გ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – ჯ. გ–მ და ე. რ–მ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 5 დეკემბრის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 13 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6.1. აღნიშნული განაჩენის თანახმად, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატაში საქმის განხილვისას დაზარალებულის პოზიცია (თანხმობა) გ. გ–ის, მ. გ–ის, დ. გ–ის და ბ. გ–ის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ’’ კანონის გამოყენებაზე არ წარმოდგენილა. შესაბამისად, მსჯავრდებულების მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება ვერ გავრცელდა.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ფელიქს ჯალაღონიამ, რომელიც ითხოვს მსჯავრდებულების – გ. გ–ის, მ. გ–ის, დ. გ–ის და ბ. გ–ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას. იმავდროულად, პროკურორი ითხოვს, რომ მსჯავრდებულების მიმართ არ იქნეს გამოყენებული დანიშნული სასჯელების პირობითად ჩათვლა.
7.1. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა მსჯავრდებულების – გ. გ–ის, მ. გ–ის, დ. გ–ის და ბ. გ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – ჯ. გ–მ და ე. რ–მ, რომლებიც ითხოვენ პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას, ხოლო, მისი დაშვების შემთხვევაში, გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
2. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა: პროკურორმა, რომელიც ითხოვს მსჯავრდებულების – გ. გ–ის, მ. გ–ის, დ. გ–ის და ბ. გ–ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას, იმავდროულად, მსჯავრდებულების მიმართ დანიშნული სასჯელების რეალურად (ითხოვს, რომ მსჯავრდებულების მიმართ არ იქნეს გამოყენებული დანიშნული სასჯელების პირობითად ჩათვლა) მოხდას, ხოლო დაცვის მხარე – შესაგებლით – გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.
3. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ფელიქს ჯალაღონიას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
4. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტები სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს: ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
5. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულების მიმართ მკაცრი სასჯელის შეფარდებისა და იმის შესახებ, რომ მათ მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს სრულად საპატიმრო სასჯელი, ნაცვლად – საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლებით გათვალისწინებული – განაჩენით დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლისა. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.
6. მოცემულ შემთხვევაში, გ. გ–ს, მ. გ–ს, დ. გ–სა და ბ. გ–ს გასაჩივრებული განაჩენით სასჯელის ზომად განესაზღვრათ – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალათ პირობითად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრათ 1 წელი და 6 თვე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ჩადენილი დანაშაულებისათვის მსჯავრდებულებს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლით განსაზღვრული ალტერნატიული სასჯელებიდან ყველაზე მძიმე სახის სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა – მაქსიმუმთან მიახლოებული ხანგრძლივობით.
6.1. რაც შეეხება შეფარდებული სასჯელის პირობითად ჩათვლას, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ სასჯელის პირობითად ჩათვლისა და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა, რაც სასჯელის მიზნების მიღწევის დამატებით გარანტიას წარმოადგენს. შესაბამისად, მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის – თავისუფლების აღკვეთა – პირობითად ჩათვლა, არ გულისხმობს სასჯელის უსამართლობას და ვერ უგულებელყოფს მის როლს სასჯელის მიზნების მიღწევაში.
6.2. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ შემამსუბუქებელი გარემოებების არსებობის დროსაც, სასჯელის სახის ან/და ხანგრძლივობის გამოყენების მიზანშეწონილობა შესაფასებელია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. მოცემულ შემთხვევაში კი, სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა მსჯავრდებულების ინდივიდუალური მახასიათებლები და განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და ასახავს მიდგომას, რომლის თანახმად, „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).
6.3. საკასაციო სასამართლო, იმავდროულად, ითვალისწინებს, რომ მოცემული საქმის ფარგლებში მსჯავრდებულები – გ. გ–ი, მ. გ–ი, დ. გ–ი და ბ. გ–ი დააკავეს 2024 წლის 23 აპრილს; აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 25 აპრილის განჩინებით გაუქმდა დაკავება და მსჯავრდებულები გათავისუფლდენენ სასამართლო სხდომის დარბაზიდან ( აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა გირაო); საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომ, მოცემულ შემთხვევაში, დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა (რომლის მოხდის პირობებშიც იმყოფებიან მსჯავრდებულები) ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია).
6.4. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მტკიცებას იმის შესახებ, რომ მსჯავრდებულს შეეფარდა ზედმეტად მსუბუქი სასჯელი. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას, რის საფუძველზეც, შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის გამკაცრება.
7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებულობის გამო, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას, მსჯავრდებულების – გ. გ–ის, მ. გ–ის, დ. გ–ის და ბ. გ–ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრების თაობაზე.
8. საკასაციო სასამართლო, იმავდროულად, ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატაში საქმის განხილვისას დაზარალებულის პოზიცია (თანხმობა) გ. გ–ის, მ. გ–ის, დ. გ–ის და ბ. გ–ის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ’’ კანონის გამოყენებაზე არ იქნა წარმოდგენილა, მსჯავრდებულების მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება ვერ გავრცელდება და ითვალისწინებს, რომ:
8.1. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კანონის პირველი−მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-6 მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც შესაბამისი დანაშაული 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინა.
8.2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასჯელისგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც ჩაიდინა, მათ შორის, დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) პირველი ნაწილით, 11 ნაწილის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.
8.3. დაზარალებულის შესაბამისი პოზიციის/თანხმობის არარსებობისა და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის იმპერატიული ხასიათის დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას მსჯავრდებულების მიმართ გაავრცელოს აღნიშნული მუხლით („ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით) გათვალისწინებული შეღავათი.
8.4. მიუხედავად აღნიშნულისა, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის (ერთი მეექვსედით შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია), მე-6 მუხლის პირველი პუნქტის (პირს, რომელიც პირობით მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XII თავის შესაბამისად (გარდა იმ დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა, რომელიც გათვალისწინებულია ამ კანონის მე-7 მუხლით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811 მუხლით, 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ამ დანაშაულის ქალის მიმართ გენდერის ნიშნით ჩადენის შემთხვევაში) ან 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ამ დანაშაულის ქალის მიმართ გენდერის ნიშნით ჩადენის შემთხვევაში), ან ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) და რომელსაც დანიშნული სასჯელი და გამოსაცდელი ვადა, ამ კანონის მე-2−მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-9 მუხლის თანახმად, 1 წელზე ნაკლები ვადით უმცირდება, ამ მუხლის საფუძველზე 1 წლით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და გამოსაცდელი ვადა), მე-9 მუხლის პირველი პუნქტის (ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლება, აგრეთვე ამ კანონის მე-2 მუხლით (გარდა მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), მე-3 მუხლით, მე-4 მუხლით (გარდა მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა), ამავე მუხლის მე-4 პუნქტის (ამ კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება იმ პირზე, რომელიც, 2024 წლის 1 ივლისის მდგომარეობით: პირობით მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XII თავის შესაბამისად) გათვალისწინებით გ. გ–ს, მ. გ–ს, დ. გ–ს და ბ. გ–ს დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1 წელი და 6 თვე – „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, უნდა შემცირდეს 1/6-ით (რაც, დანიშნული სასჯელის ხანგრძლივობის – 1 წელი და 6 თვე – პირობებში შეადგენს 3 თვეს).
8.4.1. იმავდროულად, იმის გათვალისწინებით, რომ, მოცემულ შემთხვევაში, მსჯავრდებულებს არ ჩაუდენიათ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლით ანდა მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დანაშაული და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 13 ივნისის განაჩენის საფუძველზე, 2024 წლის 1 ივლისის მდგომარეობით იყვნენ პირობით მსჯავრდებული პირები, – ამასთან, ამნისტიის აღნიშნული კანონის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი და გამოსაცდელი ვადა უმცირდებათ 1 წელზე ნაკლები ვადით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, 1 წლით უნდა შეუმცირდეთ დანიშნული სასჯელი და გამოსაცდელი ვადა.
8.4.2. შესაბამისად, გ. გ–ი და მ. გ–ი უნდა გათავისუფლდნენ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით, ხოლო დ. გ–ი და ბ. გ–ი საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული პირობითი მსჯავრისა და გამოსაცდელი ვადის მოხდისაგან.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ფელიქს ჯალაღონიას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 5 დეკემბრის განაჩენი, ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, უნდა შეიცვალოს.
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ფელიქს ჯალაღონიას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 5 დეკემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
2.1. გ. გ–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1 წელი და 6 თვე;
2.1.1. გ. გ–ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, 1 წლით შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით შეფარდებული სასჯელი და გათავისუფლდეს პირობითი მსჯავრისა და გამოსაცდელი ვადის მოხდისაგან;
2.2. მ. გ–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1 წელი და 6 თვე;
2.2.1. მ. გ–ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, 1 წლით შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით შეფარდებული სასჯელი და გათავისუფლდეს პირობითი მსჯავრისა და გამოსაცდელი ვადის მოხდისაგან;
2.3. დ. გ–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1 წელი და 6 თვე;
2.3.1. დ. გ–ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, 1 წლით შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი და გათავისუფლდეს პირობითი მსჯავრისა და გამოსაცდელი ვადის მოხდისაგან;
2.4. ბ. გ–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1 წელი და 6 თვე;
2.4.1. ბ. გ–ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, 1 წლით შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი და გათავისუფლდეს პირობითი მსჯავრისა და გამოსაცდელი ვადის მოხდისაგან;
3. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
4. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
მ. ვასაძე