Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №42I-25 თბილისი

ო. მ. ე., 42I-25 6 მარტი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ. ე. ო-ის – ადვოკატ ვ. კ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 18 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. წარმოდგენილი მასალების მიხედვით, მ. ე. ო-ის მიმართ ჩატარებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები თურქეთის რესპუბლიკაში:

· 2023 წლის 21 ნოემბერს თ-ის რ-ის სტამბოლის მე-9 სისხლის სამართლის სასამართლომ გასცა მ. ე. ო-ის დაკავების ბრძანებები, რომელთა თანახმად მას ბრალი ედება თ-ის რ-ის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დანაშაულის ჩადენის მიზნით შექმნილი ორგანიზაციის წევრობა) და 81-ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახ მკვლელობა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის;

· 2023 წლის 27 დეკემბერს თ-ის რ-ის ბუიუქჩექმეჯის მე-3 სისხლის სამართლის სასამართლომ გასცა მ. ე. ო-ის დაკავების ბრძანება, რომლის თანახმად მას ბრალი ედება თ-ის რ-ის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახ მკვლელობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის;

· 2024 წლის 5 იანვრიდან მ. ე. ო-ი თ-ის რ-ის სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით.

2. საქმის მასალების მიხედვით, მ. ე. ო-ის მიერ ბრალადწარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

o 2023 წლის 27 დეკემბრის დაკავების ბრძანებაში ასახულ ბრალდებასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები: 2023 წლის 24 აპრილს, მ. ე. ო-ი და მისი თანამზრახველები მივიდნენ დაზარალებულის საცხოვრებელ ადგილას; შევიდნენ სახლში და ცეცხლსასროლი იარაღებიდან გასროლით მოკლეს იგი;

o 2023 წლის 21 ნოემბრის დაკავების ბრძანებაში ასახულ ბრალდებასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები: მ. ე. ო-ი არის ბ. ბ-ის მიერ დანაშაულის ჩადენის მიზნით შექმნილი შეიარაღებული ორგანიზაციის წევრი. 2023 წლის 4 ივლისს, მ. ე. ო-ი და ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრები, მოკვლის განზრახვით, სამი ავტომობილით ეძებდნენ ბ. დ-ს. საბოლოოდ, ჯგუფის წევრებმა დაზარალებულს ერთ-ერთ რაიონში მიაკვლიეს და მოკლეს.

3. მ. ე. ო-ის მიმართ საქართველოში მიმდინარე საექსტრადიციო პროცედურები:

§ 2023 წლის 8 დეკემბერსა და 2024 წლის 29 ნოემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თ-ის რ-ის კომპეტენტური ორგანოებისაგან მიიღო მ. ე. ო-ის საექსტრადიციო მასალები;

§ 2024 წლის 18 ნოემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თ-ის რ-ის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი მ. ე. ო-ი;

§ 2024 წლის 19 ნოემბერს მცხეთის რაიონული სასამართლოს განჩინებით მ. ე. ო-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა 3 თვით საექსტრადიციო პატიმრობა, რომელიც აეთვალა დაკავებიდან – 2024 წლის 18 ნოემბრიდან;

§ 2025 წლის 11 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის განჩინებით მ. ე. ო-ის მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე – 2025 წლის 18 მაისამდე.

4. 2025 წლის 14 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა თემურ ცინდელიანმა და მოითხოვა თ-ის რ-ის მოქალაქე მ. ე. ო-ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 18 თებერვლის განჩინებით პროკურორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და დასაშვებად იქნა ცნობილი თ-ის რ-ის მოქალაქე მ. ე. ო-ის, დაბადებულის 2004 წლის 27 დეკემბერს, თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია:

5.1. მ. ე. ო-ის ექსტრადიციის თაობაზე თ-ის რ-ის კომპეტენტური ორგანოების 2023 წლის 22 ნოემბრის შუამდგომლობაში და დასჯადია თ-ის რ-ის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლის მე-2 ნაწილითა (დანაშაულის ჩადენის მიზნით შექმნილი ორგანიზაციის წევრობა) და 81-ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახ მკვლელობა);

5.2. მ. ე. ო-ის ექსტრადიციის თაობაზე თ-ის რ-ის კომპეტენტური ორგანოების 2024 წლის 15 იანვრის შუამდგომლობაში და დასჯადია თ-ის რ-ის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახ მკვლელობა).

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 18 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ. ე. ო-ის ადვოკატმა – ვ. კ-მა, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და თურქეთის რესპუბლიკაში მ. ე. ო-ის ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას, შემდეგი საფუძვლებით: ადვოკატი უთითებს, რომ მ. ე. ო-ს, მისივე განცხადებით, დანაშაული არ ჩაუდენია. ამასთან, თურქეთის რესპუბლიკაში მ. ე. ო-ის მიმართ საქმისწარმოება მიმდინარეობს ეჭვმიტანილის სტატუსით და მას აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრება არ აქვს შეფარდებული თურქეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით. ამავე დროს, თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში მ. ე. ო-ი დაექვემდებარება წამებას, სასტიკ, არაადამიანურ და ღირსებისშემლახველ მოპყრობას, უფრო მეტიც – მას ემუქრება სიკვდილის საფრთხე, რასაც, ადვოკატის მოსაზრებით, ადასტურებს ის გარემოება, რომ რამდენიმე დღის წინ თურქეთის რესპუბლიკაში ცეცხლსასროლი იარაღით მძიმედ დაჭრეს მ. ე. ო-ის ძმა. ადვოკატი ასევე უთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს საერთაშორისო დაცვის შესახებ მ. ე. ო-ის მოთხოვნის განხილვა, რომლის დასრულებამდე დაუშვებელია მისი ექსტრადიცია.

7. საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორი მეგი გურჩიანი ითხოვს, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილოს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ადვოკატის საკასაციო საჩივარი და უცვლელად დატოვოს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 18 თებერვლის განჩინება, იმ საფუძვლით, რომ არ არსებობს მ. ე. ო-ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის დამაბრკოლებელი რაიმე გარემოება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას, რომ წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალების თანახმად, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები, რომლებიც უკავშირდება ორმაგი დანაშაულებრიობის, ხანდაზმულობის, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესებს და ორმაგი დასჯის აკრძალვის (Non bis in idem) პრინციპებს, ასევე, საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს – არის დაცული.

3. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით, ძებნილი მ. ე. ო-ის საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებისა და საექსტრადიციო პატიმრობის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

4. გარდა ამისა, საქმის მასალების მიხედვით დასტურდება, რომ მ. ე. ო-ი არის თ-ის რ-ის მოქალაქე, იგი არ არის საქართველოს მოქალაქე და არ ითვლება საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად. ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2024 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ-ის რ-ის მოქალაქე მ. ე. ო-ს უარი ეთქვა, როგორც ლტოლვილის, ასევე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებულია თბილისის საქალაქო სასამართლოში. ამავე დროს, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შესახებ მიმდინარე სამართალწარმოება ვერ მიიჩნევა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის დამაბრკოლებელ გარემოებად.

5. საკასაციო პალატა არ იზიარებს ადვოკატის მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მასალების მიხედვით, მ. ე. ო-ის ექსტრადიცია არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობასა და საერთაშორისო ნორმებს. ამასთან, არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს ადვოკატის მიერ მითითებულ გარემოებას, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, დაირღვევა მ. ე. ო-ის უფლებები და მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება, ხოლო ზოგადი განცხადებები ვერ ჩაითვლება ექსტრადიციის გამომრიცხავ გარემოებად. ამავე დროს, ვერც საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მოიპოვა თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში მ. ე. ო-ის მიმართ ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხელყოფის ან უფლებების სხვაგვარი, მათ შორის, სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულება.

6. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დაუშვებელია პირის ექსტრადიცია, თუ არსებობს არსებითი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში პირი დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას ან/და მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ემუქრება რეალური საფრთხე. ამასთან, კასატორმა უნდა დაასაბუთოს, თუ რატომ არსებობს მისი უფლებების შელახვის რისკი. ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ განზოგადებული ხასიათის ცნობები, სხვა სპეციფიკური სამხილის გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის გარემოებას (ECtHR, №36378/02, შამაევი და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ (Shamayev and Others v. Georgia and Russia), 12/04/2005, §352). უკანონო მოპყრობის შესახებ განცხადება დასაბუთებული უნდა იყოს შესაბამისი მტკიცებულებით (ECtHR, №46827/99, 46951/99, მამატკულოვი და ასკაროვი თურქეთის წინააღმდეგ (Mamatkulov and Askarov v. Turkey) 04/02/2005, §70).

7. რაც შეეხება ადვოკატის არგუმენტს, რომ მ. ე. ო-ს თურქეთის რესპუბლიკაში დანაშაული არ ჩაუდენია, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლო იხილავს მ. ე. ო-ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის საკითხს, ხოლო იმ პირის ბრალეულობის დადგენა, ვის მიმართაც არსებობს შესაბამისი სახელმწიფოს შუამდგომლობა მისი გადაცემის თაობაზე, ექსტრადიციის შესახებ საერთაშორისო და საქართველოს ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, არ წარმოადგენს ექსტრადიციის დასაშვებობის ფარგლებში განსახილველ გარემოებას.

8. ამავე დროს, საკასაციო პალატა ითვალისწინებს წარმოდგენილ საქმეში არსებულ მასალებს, რომელთა თანახმად: თ-ის რ. წარმოადგენს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის მონაწილე მხარეს; თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში მ. ე. ო-ის უფლებები დაცული იქნება საერთაშორისო კონვენციებისა და შიდა კანონმდებლობის შესაბამისად; მის საქმეში არ არის რაიმე სახის პროცედურული დარღვევა, რომელიც წარმოშობს ვარაუდს, რომ თურქეთის რესპუბლიკაში მ. ე. ო-ი დაექვემდებარა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას ან ექსტრადიციის შემთხვევაში არსებოს ასეთი დარღვევის საფრთხე.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 18 თებერვლის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ. ე. ო-ის – ადვოკატ ვ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 18 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ნ. სანდოძე