საქმე # 190141124010143411
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№ 441-25 12 მარტი, 2025 წელი
ხ. ზ. 441-25 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. ხ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის გ. დ–ის საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 27 დეკემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით:
1.1. ზ. ხ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3, მე-5 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა;
1.2. მასვე, აეკრძალა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება – 3 წლით;
1.3. ზ. ხ–ს პატიმრობის ვადა აეთვალა დაკავებიდან – 2020 წლის 3 მაისიდან.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოსმ 2021 წლის 30 ივნისის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის9 ოქტომბრის განაჩენში შევიდა ცვლილება:
2.1. ზ. ხ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3, მე-5 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.2. საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, ზ. ხ–ს 3 წლით ჩამოერთვა ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;
2.3. ზ. ხ–ს სასჯელის მოხდა დაეწყო - 2020 წლის 03 მაისიდან.
3. ზ. ხ–ის პირად საქმეში წარმოდგენილი ცნობით დგინდება, რომ ზ. ხ–ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის საფუძველზე სასჯელის (ვადიანი თავისუფლების აღკვეთის) მოსახდელი ნაწილი შეუმცირდა 75 დღით და გათავისუფლების თარიღად დაუდგინდა 2026 წლის 17 თებერვალი.
4. 2024 წლის 2 ოქტომბერს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. პენიტენციური დაწესებულებიდან რუსთავის საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნა ზ. ხ–ის პირადი საქმე (რუსთავის საქალაქო სასამართლოში შევიდა 2024 წლის 4 ოქტომბერს).
5. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 27 დეკემბრის განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №.. ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის შუამდგომლობა, მსჯავრდებულ ზ. ხ–ის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ" საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენების შესახებ - არ დაკმაყოფილდა.
6. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 24 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ზ. ხ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის გ. დ–ის შუამდგომლობა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 27 დეკემბრის განჩინების გასაჩივრების ვადის აღდგენის თაობაზე დაკმაყოფილდა.
7. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 27 დეკემბრის განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულ ზ. ხ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ. დ–მა, რომელიც ითხოვს ზ. ხ–ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელებას, ვინაიდან წარმოდგენილია დაზარალებულის უფლებამონაცვლის ე. ხ–ის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომლის თანახმად, დაზარალებულის უფლებამონაცვლეს ზ. ხ–თან პრეტენზია არ აქვს და თანახმაა მის მიმართ გამოყენებულ იქნეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით გათვალისწინებული შეღავათები.
8. ზ. ხ–ის პირადი საქმე საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა 2025 წლის 11 მარტს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. ზ. ხ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3, მე-5 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული გაუფრთხილებლობითი დანაშაულის ჩადენას შედეგად მოჰყვა როგორც მგზავრთა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და მძიმე დაზიანებები, ასევე ერთი მგზავრის – თ. ხ–ს – გარდაცვალება.
3. ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი−მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-6 მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც შესაბამისი დანაშაული 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინა.
3.1. მოცემულ შემთხვევაში ზ. ხ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3, მე-5 და მე-7 ნაწილებით გათვალისიწნებული დანაშაული ჩადენილია 2020 წლის 2 მაისს. შესაბამისად, მასზე ვრცელდება ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება.
4. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.
5. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის პირველ პუნქტით, ამ კანონის მე-4 მუხლით (გარდა მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა).
6. საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3, მე-5 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულზე არ ვრცელდება ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი-მე-3 მუხლები. საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3, მე-5 და მე-7 ნაწილებზე მითითებას არ შეიცავს ასევე ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტი.
6.1. შესაბამისად, ზ. ხ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3, მე-5 და მე-7 ნაწილებით ჩადენილ დანაშაულზე ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლით დადგენილი შეღავათი – დანიშნული სასჯელის შემცირება 1/6-ით.
6.2. იმავდროულად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულზე (ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია გავრცელდება, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს იმავე პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.
6.3. სასამართლო ითვალისწინებს ამნისტიის მიზანს (ჰუმანურობა), იმ გარემოებას, რომ მოცემულ შემთხვევაში ზ. ხ–ს სასჯელი განსაზღვრული აქვს დანაშაულთა იდეალური ერთობლიობის წესით, ასევე იმ გარემოებას, რომ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულზე "ამნისტიის შესახებ" საქართველოს 2024 წლისა 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი (დანიშნული სასჯელის შემსუბუქება 1/6-ით ვრცელდება ყოველგვარი წინაპირობის გარეშე), ხოლო საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულზე ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონს მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი ადგენს დამატებით წინაპირობას – დაზარალებულის თანხმობის სავალდებულობას დანიშნული სასჯელის 1/6-ით შემცირებისათვის.
6.4. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილია დაზარალებულის უფლებამონაცვლის ე. ხ–ის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომლის თანახმად, მას მსჯავრდებულ ზ. ხ–თან პრეტენზია არ აქვს და თანახმაა მის მიმართ გამოყენებულ იქნეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით გათვალისწინებული შეღავათები.
6.5. შესაბამისად, ზ. ხ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3, მე-5 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული როგორც ძირითადი (6 წლით თავისუფლების აღკვეთა), ასევე დამატებითი (სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა 3 წლით) სასჯელი ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე უნდა შემცირდეს 1/6-ით და განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა – 2 წლითა და 6 თვით.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ზ. ხ–ის ადვოკატ გ. დ–ის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 27 დეკემბრის განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ზ. ხ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის გ. დ–ის საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 27 დეკემბრის განჩინება;
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 30 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3.1. ზ. ხ–ს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3, მე-5 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული ძირითადი სასჯელი – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტებისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შეუმცირდეს 1/6-ით და განესაზღვროს - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.2. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა – 3 წლით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტებისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შეუმცირდეს 1/6-ით და განესაზღვროს 2 წლითა და 6 თვით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა;
3.3. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ზ. ხ–ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავებიდან – 2020 წლის 3 მაისიდან, ამავდროულად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის საფუძველზე სასჯელის (ვადიანი თავისუფლების აღკვეთის) მოსახდელი ნაწილი შემცირებული აქვს 75 დღით;
3.4. ზ. ხ–ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პენიტენციური დაწესებულებიდან;
3.5. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
მ. ვასაძე