საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№451-25 11 მარტი, 2025 წელი
ნ-ი ე., 451-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ე. ნ-ის საკასაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 20 ნოემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 29 მაისის განაჩენით ე. ნ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 10 წლით – საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლებები; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 15 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე – აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2023 წლის 27 დეკემბრის -- გადაწყვეტილებით ე. ნ-ი გათავისუფლდა პირობით ვადამდე, 1 (ერთი) წლით, 10 (ათი) თვით და 8 (რვა) დღით ადრე.
3. 2024 წლის 11 ოქტომბერს რუსთავის საქალაქო სასამართლომ სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელების მიზნით, მიიღო მსჯავრდებულ ე. ნ-ის პირადი საქმე.
4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 20 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ე. ნ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის 1-ელი პუნქტის მოქმედება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2023 წლის 27 დეკემბრის №--- გადაწყვეტილებით პირობითად ჩათვლილი 1 წლით, 10 თვითა და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა შემცირდა 1 წლით და ე. ნ-ს მოსახდელად განესაზღვრა 10 თვითა და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა, იმავე გამოსაცდელი ვადით. განაჩენი „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების ნაწილში დარჩა უცვლელად.
5. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 20 ნოემბრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ე. ნ-მა საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორი აღნიშნავს, რომ, სასჯელისაგან გათავისუფლებასთან ერთად, მას უნდა აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები, გარდა იარააღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა.
6. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 21 თებერვლის განჩინებით დაკმაყოფილდა მსჯავრდებულ ე. ნ-ის შუამდგომლობა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 20 ნოემბრის განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრების ვადის აღდგენის თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაული და რომელზედაც ვრცელდება ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება, სასჯელისგან გათავისუფლებასთან ერთად, სასამართლოს გადაწყვეტილებით აღუდგება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა).
3. მსჯავრდებული ე. ნ-ი არ არის სასჯელისაგან გათავისუფლებული პირი. მას, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-6 მუხლის საფუძველზე, 1 წლით შეუმცირდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების –სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2023 წლის 27 დეკემბრის N --- გადაწყვეტილებით პირობითად ჩათვლილი 1 (ერთი) წლით, 10 (ათი) თვით და 8 (რვა) დღით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის და 8 (რვა) დღით, იმავე გამოსაცდელი ვადით. ამდენად, ვინაიდან ე. ნ-ი არ არის სასჯელისგან გათავისუფლებული პირი, მის მიმართ ვერ გავრცელდება ამ კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტი და მას არ უნდა აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.
4. რაც შეეხება რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 20 ნოემბრის განჩინების სამოტივაციო ნაწილის ჩანაწერს: „მასვე აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები, გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა“, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 7 მარტის განჩინებით (რომელიც რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 20 ნოემბრის განჩინების განუყოფელი ნაწილია) აღმოიფხვრა უზუსტობა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 20 ნოემბრის განჩინების აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილის ბოლო აბზაცი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად“. შესაბამისად, კასატორის არგუმენტი განჩინების ამ ჩანაწერზე დაყრდნობით უფლებების აღდგენის მოთხოვნის თაობაზე – უსაფუძვლოა.
5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატის შეფასებით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 20 ნოემბრის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ე. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 20 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
მ. ვასაძე