Facebook Twitter

საქმე N 330802225011131043

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №52I-25 ქ. თბილისი

თ. ვ., 52I-25 27 მარტი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ვ. თ-ს (V. T.) ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ზ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 14 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ვ. თ.ს მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:

1.1. 2019 წლის 17 დეკემბერს, თურქეთის რესპუბლიკის ქ-ს მე-4 პირველი ინსტანციის სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით ვ. თ. ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლის მე-2 ნაწილის „h“ ქვეპუნქტით (ქურდობა, ჩადენილი შენობაში მოთავსებული ნივთის მიმართ). აღნიშნული განაჩენით ვ. თ-ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლისა და 3 თვის ვადით.

2020 წლის 9 ნოემბერს აღნიშნული განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში.

1.2. 2023 წლის 14 თებერვალს, თურქეთის რესპუბლიკის ქ-ს მე-12 პირველი ინსტანციის სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით ვ. თ. ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-4 ნაწილით (საცხოვრებლის ხელშეუხებლობის წესის დარღვევა). აღნიშნული განაჩენით ვ. თ-ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 2 თვის ვადით.

2024 წლის 6 მარტს აღნიშნული განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში.

1.3. 2023 წლის 26 ოქტომბერს, თურქეთის რესპუბლიკის ქ-ს მე-17 პირველი ინსტანციის სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით ვ. თ. ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 245-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი საკრედიტო ან საბანკო ბარათის გამოყენებით მოგების მიღება). აღნიშნული განაჩენით ვ. თ-ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 2 თვის ვადით.

2024 წლის 27 მარტს აღნიშნული განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში.

1.4. 2023 წლის 4 ივლისს, თურქეთის რესპუბლიკის ქ-ს მე-13 პირველი ინსტანციის სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით ვ. თ. ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლის მე-2 ნაწილის „e“ ქვეპუნქტით (ქურდობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში). აღნიშნული განაჩენით ვ. თ-ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის, 1 თვისა და 15 დღის ვადით.

2023 წლის 22 ნოემბერს აღნიშნული განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში.

1.5. 2022 წლის 24 თებერვალს, თურქეთის რესპუბლიკის ქ-ს მე-13 პირველი ინსტანციის სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით ვ. თ. ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლის მე-2 ნაწილის „e“ ქვეპუნქტით (ქურდობა, ჩადენილი ინფორმაციული სისტემის გამოყენებით). აღნიშნული განაჩენით ვ. თ-ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 6 თვის ვადით.

2022 წლის 6 მაისს აღნიშნული განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში.

1.6. 2022 წლის 13 დეკემბერს, თურქეთის რესპუბლიკის ქ-ს მე-2 პირველი ინსტანციის სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით ვ. თ. ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლის მე-2 ნაწილის „h“ ქვეპუნქტით (ქურდობა, ჩადენილი შენობაში მოთავსებული ნივთის მიმართ). აღნიშნული განაჩენით ვ. თ-ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 6 თვის ვადით.

2023 წლის 26 ოქტომბერს აღნიშნული განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში.

1.7. 2022 წლის 20 დეკემბერს, თურქეთის რესპუბლიკის ქ-ს მე-8 პირველი ინსტანციის სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით ვ. თ. ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლის მე-2 ნაწილის „e“ ქვეპუნქტით (ქურდობა, ჩადენილი ინფორმაციული სისტემის გამოყენებით). აღნიშნული განაჩენით ვ. თ-ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 1 თვის ვადით.

2023 წლის 16 ნოემბერს აღნიშნული განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში.

1.8. 2021 წლის 9 ნოემბერს, თურქეთის რესპუბლიკის ქ-ს მე-13 პირველი ინსტანციის სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით ვ. თ. ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლის მე-2 ნაწილის „h“ ქვეპუნქტით (ქურდობა, ჩადენილი შენობაში მოთავსებული ნივთის მიმართ). აღნიშნული განაჩენით ვ. თ-ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 8 თვის ვადით.

2022 წლის 25 მაისს აღნიშნული განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში.

1.9. 2024 წლის 26 აპრილს, თურქეთის რესპუბლიკის ქ-ს აღსრულების სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზემოაღნიშნული განაჩენებით დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და ვ. თ-ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 24 წლის, 29 თვისა და 15 დღის ვადით.

1.10. 2024 წლის 29 აპრილს გაიცა ვ. თ-ს დაკავების ბრძანება.

2. თურქეთის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები შემდეგია:

2.1. 2019 წლის 17 დეკემბრის განაჩენის მიხედვით: ვ. თ-მ, ფულადი თანხის სანაცვლოდ, მის თანამზრახველებს დაავალა ქურდობის ჩადენა. დავალების შესაბამისად, აღნიშნულმა პირებმა ჩაიდინეს ქურდობა რამდენიმე ცალკეულ შემთხვევაში, მათ შორის, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ ლიფტის პანელებს და დაუფლებული ნივთები გადასცეს ვ. თ-ს.

2.2. 2023 წლის 14 თებერვლის განაჩენის მიხედვით: ვ. თ-მ და მისმა თანამზრახველებმა, ღამის საათებში, უკანონოდ შეაღწიეს დაზარალებულების საცხოვრებელ სახლებში.

2.3. 2023 წლის 26 ოქტომბრის განაჩენის მიხედვით: ვ. თ-მ დაზარალებულის ანგარიშიდან ფულადი თანხა გადარიცხა მისი მეგობრის, ა. ბ-ს კუთვნილ ანგარიშზე. აღნიშნულის შემდეგ, ამ უკანასკნელის საბანკო ბარათით ვ. თ-მ გადაიხადა მისი მეუღლის კომპანიაზე რიცხულ საბანკო ტერმინალზე, რის შემდგომაც, მეუღლესთან ერთად, გაანაღდა ფულადი თანხა, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.

2.4. 2023 წლის 4 ივლისის განაჩენის მიხედვით: ვ. თ. დაზარალებულის ნებართვის გარეშე დაეუფლა ამ უკანასკნელის საბანკო ბარათს და მიისაკუთრა მისი კუთვნილი ფულადი თანხა.

2.5. 2024 წლის 24 თებერვლის განაჩენის მიხედვით: ვ. თ-მ და მისმა თანამზრახველმა, დაზარალებულის საბანკო ანგარიშიდან მათ მფლობელობაში არსებულ ანგარიშზე გადმორიცხეს ფულადი თანხა.

2.6. 2022 წლის 13 დეკემბრის განაჩენის მიხედვით: ვ. თ. და მისი თანამზრახველები, რამდენიმე ცალკეულ შემთხვევაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ ლიფტის პანელებს.

2.7. 2022 წლის 20 დეკემბრის განაჩენის მიხედვით: ვ. თ. და მისი თანამზრახველი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ დაზარალებულის საბანკო ანგარიშზე განთავსებულ ფულად თანხას.

2.8. 2021 წლის 9 ნოემბრის განაჩენის მიხედვით: ვ. თ. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ლიფტის პანელს, რაც მიჰყიდა ერთ-ერთ მოქალაქეს.

3. ვ. თ.ს მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:

2024 წლის 28 მაისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, ვ. თ-ს ექსტრადიციის მიზნით დაპატიმრების თაობაზე, მიიღო თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი მასალები.

2024 წლის 1 ოქტომბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ვ. თ..

2024 წლის 3 ოქტომბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინებით ვ. თ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა – 3 თვით.

2024 წლის 8 ნოემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, ვ. თ.ს ექსტრადიციის თაობაზე, მიიღო თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი მასალები.

2024 წლის 17 დეკემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებიდან გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია ვ. თ.ს ექსტრადიციის თაობაზე, რომელიც მიიღო 2025 წლის 19 თებერვალს.

2024 წლის 19 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის მოსამართლის განჩინებით ვ. თ-ს მიმართ გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე – 2025 წლის პირველ აპრილამდე.

ამჟამად, ვ. თ. მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №... პენიტენციურ დაწესებულებაში.

4. 2025 წლის 10 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა – თემურ ცინდელიანმა და მოითხოვა ვ. თ-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა, შუამდგომლობაში მითითებული განაჩენების აღსრულების მიზნით.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 14 მარტის განჩინებით დაკმაყოფილდა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ თემურ ცინდელიანის შუამდგომლობა.

5.1. დასაშვებად იქნა ცნობილი ვ. თ.ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლის მე-2 ნაწილის „h“ ქვეპუნქტით (ქურდობა, ჩადენილი შენობაში მოთავსებული ნივთის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, მოცემული პირის მიმართ, თურქეთის რესპუბლიკის ქ-ს მე-4 პირველი ინსტანციის სისხლის სამართლის სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის განაჩენის აღსრულების მიზნით, თურქეთის რესპუბლიკის ქ-ს აღსრულების სასამართლოს 2024 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილების გათვალისწინებით.

5.2. დასაშვებად იქნა ცნობილი ვ. თ.ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-4 ნაწილით (საცხოვრებლის ხელშეუხებლობის წესის დარღვევა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, მოცემული პირის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის ქ-ს მე-12 პირველი ინსტანციის სისხლის სამართლის სასამართლოს 2023 წლის 14 თებერვლის განაჩენის აღსრულების მიზნით, თურქეთის რესპუბლიკის ქ-ს აღსრულების სასამართლოს 2024 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილების გათვალისწინებით.

5.3. დასაშვებად იქნა ცნობილი ვ. თ.ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 245-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი საკრედიტო ან საბანკო ბარათის გამოყენებით მოგების მიღება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, მოცემული პირის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის ქ-ს მე-17 პირველი ინსტანციის სისხლის სამართლის სასამართლოს 2023 წლის 26 ოქტომბრის განაჩენის აღსრულების მიზნით, თურქეთის რესპუბლიკის ქ-ს აღსრულების სასამართლოს 2024 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილების გათვალისწინებით.

5.4. დასაშვებად იქნა ცნობილი ვ. თ.ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლის მე-2 ნაწილის „e“ ქვეპუნქტით (ქურდობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, მოცემული პირის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის ქ-ს მე-13 პირველი ინსტანციის სისხლის სამართლის სასამართლოს 2023 წლის 4 ივლისის განაჩენის აღსრულების მიზნით, თურქეთის რესპუბლიკის ქ-ს აღსრულების სასამართლოს 2024 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილების გათვალისწინებით.

5.5. დასაშვებად იქნა ცნობილი ვ. თ.ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლის მე-2 ნაწილის „e“ ქვეპუნქტით (ქურდობა, ჩადენილი ინფორმაციული სისტემის გამოყენებით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, მოცემული პირის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის ქ-ს მე-13 პირველი ინსტანციის სისხლის სამართლის სასამართლოს 2022 წლის 24 თებერვლის განაჩენის აღსრულების მიზნით, თურქეთის რესპუბლიკის ქ-ს აღსრულების სასამართლოს 2024 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილების გათვალისწინებით.

5.6. დასაშვებად იქნა ცნობილი ვ. თ-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლის მე-2 ნაწილის „h“ ქვეპუნქტით (ქურდობა, ჩადენილი შენობაში მოთავსებული ნივთის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, მოცემული პირის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის ქ-ს მე-2 პირველი ინსტანციის სისხლის სამართლის სასამართლოს 2022 წლის 13 დეკემბრის განაჩენის აღსრულების მიზნით, თურქეთის რესპუბლიკის ქ-ს აღსრულების სასამართლოს 2024 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილების გათვალისწინებით.

5.7. დასაშვებად იქნა ცნობილი ვ. თ-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლის მე-2 ნაწილის „e“ ქვეპუნქტით (ქურდობა, ჩადენილი ინფორმაციული სისტემის გამოყენებით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, მოცემული პირის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის ქ-ს მე-8 პირველი ინსტანციის სისხლის სამართლის სასამართლოს 2022 წლის 20 დეკემბრის განაჩენის აღსრულების მიზნით, თურქეთის რესპუბლიკის ქ-ს აღსრულების სასამართლოს 2024 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილების გათვალისწინებით.

5.8. დასაშვებად იქნა ცნობილი ვ. თ-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლის მე-2 ნაწილის „h“ ქვეპუნქტით (ქურდობა, ჩადენილი შენობაში მოთავსებული ნივთის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მოცემული პირის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის ქ-ს მე-13 პირველი ინსტანციის სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ 2021 წლის 9 ნოემბერს გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით, თურქეთის რესპუბლიკის ქ-ს აღსრულების სასამართლოს 2024 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილების გათვალისწინებით.

6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ვ. თ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ზ. საკასაციო საჩივრით მოითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 14 მარტის განჩინების გაუქმებას, შემდეგი საფუძვლებით: პროკურორმა წარმოადგინა მხოლოდ ზოგადი მასალა, რომ ვ. თ-ს თურქეთის რესპუბლიკაში წარდგენილი აქვს ბრალი და მისჯილი აქვს სასჯელი, მაგრამ არ წარმოუდგენია რაიმე სახის პირდაპირი მტკიცებულება; პროკურორი არ დაინტერესებულა ამჟამადაც მიმდინარეობს თუ არა თურქეთის რესპუბლიკაში სასამართლო გამოძიება; ამასთან, ვ. თ. პირდაპირ მიუთითებს მისი წარმოშობის ქვეყანაში კონკრეტულ საფრთხეზე, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში მის სიცოცხლეს დაემუქრება საფრთხე, რაც პროკურორს ასევე არ გაურკვევია.

7. საკასაციო სასამართლომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ვ. თ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ზ-ს საკასაციო საჩივარი განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე. ამასთან, საკასაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე მხარეებს მისცა შესაძლებლობა, დამატებით წარმოედგინათ მათ ხელთ არსებული რაიმე სახის მტკიცებულება, ინფორმაცია თუ შუამდგომლობა.

8. საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა, თემურ ცინდელიანმა წარმოადგინა თავისი პოზიცია საკასაციო საჩივართან მიმართებით, ხოლო დაცვის მხარეს რაიმე სახის ახალი მტკიცებულება თუ ინფორმაცია არ წარმოუდგენია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

3. თურქეთის რესპუბლიკაში სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ვ. თ. საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2024 წლის 1 ოქტომბერს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

4. დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში უთითებს, რომ ვ. თ-ს სიცოცხლეს, მისი ექსტრადიციის შემთხვევაში, დაემუქრება საფრთხე, რასაც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:

5. საკასაციო სასამართლო კვლავ იმეორებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, პირის ექსტრადიციამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს, როდესაც არსებობს „არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში პირის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება ან/და იგი დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას ან დევნას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Soering v. the United Kingdom, no.14038/88, §91, ECtHR, 7/07/1989). ამასთან, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს ეკისრება ტვირთი, წარადგინოს მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებს არსებითი საფუძვლების არსებობას ვარაუდისათვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში იგი დაექვემდებარება არასათანადო მოპყრობასა და დევნას. ხოლო სახელმწიფო, მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი ბრალდების მხარის სახით, ვალდებულია, გაფანტოს ყველა ეჭვი, რაც დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით შეიქმნება (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: J.K. and others v. Sweden, no. 59166/12, §91,96, ECtHR, 23/08/2016; Saadi v. Italy, no.37201/06, §129, ECtHR, 28/02/2008).

6. მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარეს სამართალწარმოების არცერთ ეტაპზე არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება ანდა სარწმუნო ინფორმაცია, რაც დაადასტურებდა, რომ ვ. თ. რაიმე ნიშნით იდევნება თურქეთის რესპუბლიკაში ან, ექსტრადიციის შემთხვევაში, არსებობს მისი უფლებების დარღვევის, არასათანადო მოპყრობის ან/და სიცოცხლის მოსპობის საფრთხე. დაცვის მხარე შემოიფარგლება მხოლოდ ზეპირი განცხადებებითა და ზოგადი განმარტებებით, რომლებიც გამყარებული არ არის სათანადო მტკიცებულებებით, რაც არ არის საკმარისი ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის რისკის სამტკიცებლად და ექსტრადიციის დაუშვებლად მისაჩნევად. ამდენად, დაცვის მხარის ჰიპოთეზური ხასიათის მოსაზრებების გარდა, საექსტრადიციო მასალებში არ მოიპოვება რაიმე სახის მტკიცებულება ან სარწმუნო ინფორმაცია, რაც შექმნიდა „არსებით საფუძვლებს ვარაუდისათვის“, რომ, ექსტრადიციის შემთხვევაში, არსებობს ვ. თ.ს უფლებების დარღვევის, მის მიმართ არასათანადო მოპყრობის ან მისი სიცოცხლის ხელყოფის საფრთხე.

7. გარდა აღნიშნულისა, საქართველოს პროკურატურამ ვ. თ.ს შესახებ ინფორმაცია მოიძია ინტერნეტის ყველაზე მოხმარებად საძიებო სისტემებში (google.com, bing.com, yahoo.com), თუმცა მისი უფლებების დარღვევის ან/და დევნის მანიშნებელი რაიმე ინფორმაცია არ მოიძებნა. ინტერნეტის ღია წყაროებში ინფორმაციის მოძიება ერთ-ერთი მზარდად გამოყენებადი მეთოდია პირის მიმართ უცხო სახელმწიფოში დევნის დასადასტურებლად. როგორც წესი, დევნის დამადასტურებელი ფაქტების შესახებ ინფორმაციას ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები ავრცელებენ.

8. საკასაციო სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს თურქეთის რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში თურქეთის რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ, რაც ერთობლივად მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიებს ქმნის თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევების პრევენციის კუთხით. აღნიშნულ მექანიზმებს შორისაა: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი, წამების წინააღმდეგ გაეროს კომიტეტი და პრევენციის ეროვნული მექანიზმი. ხსენებული მექანიზმები, ერთობლივ, მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიებს ქმნიან თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებთან შეუსაბამო მოპყრობისა და ადამიანის უფლებების სხვა ტიპის დარღვევების პრევენციისა და აღკვეთის კუთხით.

9. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნისათვის პირის გადაცემა უფრო უსაფრთხოდ იქნა მიჩნეული, ზემოაღნიშნული ევროპული მექანიზმების არსებობის გამო (Chentiev and Ibragimov v. Slovakia, App no 21022/08 & 51946/08, Decision, ECHR).

10. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს „საფუძველი ვარაუდისათვის“, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, ვ. თ. დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან/და არსებობს მისი სიცოცხლის ხელყოფისა და დევნის რისკი.

11. გარდა ამისა, დაცვის მხარე არ ეთანხმება ვ. თ.ს ექსტრადიციას იმ საფუძვლითაც, რომ პროკურორმა წარმოადგინა ზოგადი ინფორმაცია, რომელიც არ შეიცავს რაიმე სახის პირდაპირ მტკიცებულებას.

12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონი დეტალურად განსაზღვრავს იმ დოკუმენტებისა და ინფორმაციის ჩამონათვალს, რომელიც უნდა წარედგინოს ექსტრადიციის შუამდგომლობის განმხილველ სახელმწიფოს. აღნიშნულ დოკუმენტებსა და ინფორმაციას შორის არ არის მითითებული პირის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციის მე-12 მუხლი შეიცავს იმ ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ამომწურავ ჩამონათვალს, რომლის წარმოდგენის ვალდებულებაც ეკისრება ექსტრადიციის მომთხოვნ სახელმწიფოს. აღნიშნულ ჩამონათვალში არ არის ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებებზე მითითება, რაც ჩამონათვალის ამომწურავი ბუნებიდან გამომდინარე, ნიშნავს, რომ ასეთი მტკიცებულებების ექსტრადიციის შუამდგომლობის განმხილველი სახელმწიფოსთვის წარდგენისა და ამ უკანასკნელის მიერ მათი განხილვის სამართლებრივი მექანიზმი და საფუძველი არ არსებობს. ბრალეულობის შესახებ მტკიცებულებები ვერ გამოითხოვება ვერც დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის გზით, ვინაიდან დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვა შესაძლებელია ისეთ საკითხებთან მიმართებით, რომელთა მოწოდების ვალდებულება გააჩნია ექსტრადიციის მომთხოვნ სახელმწიფოს, რომელთა შეფასების უფლებამოსილებაც/ვალდებულებაც აქვთ საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებს და რომელთა შეფასებაც ექსტრადიციის პროცედურების ფარგლებში აუცილებელია/მიზანშეწონილია. დამატებითი ინფორმაცია ვერ იქნება გამოთხოვილი ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც არ ექვემდებარება შეფასებას საექსტრადიციო პროცედურების ფარგლებში. შესაბამისად, უსაფუძვლოა დაცვის მხარის პრეტენზია ბრალეულობასთან დაკავშირებულ მტკიცებულებებთან მიმართებით.

13. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის მიხედვით, ექსტრადიციის შუამდგომლობას თან უნდა ერთოდეს: ,,დაუყოვნებლივ აღსასრულებელი გამამტყუნებელი სასამართლო გადაწყვეტილების და განაჩენის ორიგინალი ან დამოწმებული ასლი, ან თხოვნის მიმგზავნი მხარის კანონით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად გაცემული დაპატიმრების ორდერი ან იმავე ძალის მქონე სხვაგვარი ორდერი”. აღნიშნული დოკუმენტების წარმოდგენის ვალდებულება ალტერნატიულია და ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთის წარმოდგენაც საკმარისია მე-12 მუხლით განსაზღვრული ვალდებულების უზრუნველსაყოფად. მოცემულ შემთხვევაში, თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტურმა ორგანოებმა წარმოადგინეს აღნიშნული კონვენციის მე-12 მუხლით გათვალისწინებული ყველა სათანადო დოკუმენტი და ინფორმაცია.

14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღიარებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისოსამართლებრივი აქტებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს, ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 14 მარტის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ვ. თ.ს (V. T.) ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ზ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 14 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ლ. ფაფიაშვილი