საქმე # 330100122006003111
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №979აპ-24 ქ. თბილისი
ტ. ლ. 979აპ-24 14 მარტი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ გრიგოლ ნიშნიანიძისა და მსჯავრდებულ ლ. ტ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის მ. ს–ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 29 თებერვლის განაჩენზე.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით: ლ. ტ–ს, - პ/ნ .......... - ბრალად ედებოდა:
1.1. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღება, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით (სამი ეპიზოდი).
მის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
- 2022 წლის 18 მაისს ლ. ტ–მა უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, 0,0856 გრამის ოდენობით, რომელიც იმავე დღეს ქ. თ–ში, კ–ს ქუჩის N..–ის მიმდებარე ტერიტორიაზე 200 ლარის სანაცვლოდ გაასაღა დ. ბ–ზე;
- 2022 წლის 19 მაისს ლ. ტ–მა უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, წონით 0,104 გრამის ოდენობით, რომელიც იმავე დღეს ქ. თ–ში ხ–სს ქუჩის N----ის მიმდებარე ტერიტორიაზე 200 ლარის სანაცვლოდ გაასაღა დ. ბ–ზე;
- 2022 წლის 22 მაისს ლ. ტ–მა უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, წონით 0,119 გრამის ოდენობით, რომელიც იმავე დღეს ქ. თ–ში ც–ს ქუჩის N..–ის მიმდებარე ტერიტორიაზე 200 ლარის სანაცვლოდ გაასაღა დ. ბ–ზე;
1.2. სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, – დანაშაული გათვალისწინებული – საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2022 წლის 7 ივლისს, ქ. თ–ში, პენიტენციური დეპარტამენტის N..ე დაწესებულებაში ბრალდებული ლ. ტ–ი გაეცნო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 28 ივნისის N14210 განჩინებას, მისგან ხმის ნიმუშის აღების თაობაზე, თუმცა უარი განაცხადა განჩინებით დაკისრებული ვალდებულების შესრულებაზე.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 9 მარტის განაჩენით:
2.1. ლ. ტ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით (2022 წლის 18 მაისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა;
2.2. ლ. ტ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით (2022 წლის 19 მაისის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით (2022 წლის 22 მაისის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
2.2.1. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით (2022 წლის 19 მაისის ეპიზოდი) – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.2.2. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით (2022 წლის 22 მაისის ეპიზოდი) – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.2.3. საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით (2022 წლის 22 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სხვა სასჯელები და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ლ. ტ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.4. ლ. ტ–ს სასჯელის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავებიდან - 2022 წლის 14 ივნისიდან;
2.5. ლ. ტ–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 20 წლით – საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; 15 წლით – საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 9 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა:
3.1. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა გრიგოლ ნიშნიანიძემ მოითხოვა ცვლილება თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში, კერძოდ, ლ. ტ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში (2022 წლის 18 მაისის ეპიზოდი);
3.2. მსჯავრდებულ ლ. ტ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. ს–მ მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმება, ლ. ტ–ის სრულად უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 29 თებერვლის განაჩენით:
4.1. პროკურორ გრიგოლ ნიშნიანიძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
4.2. მსჯავრდებულ ლ. ტ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის მ. ს–
ს–ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
4.3. ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 9 მარტის განაჩენში:
4.3.1. ლ. ტ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით (2022 წლის 18 მაისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა;
4.3.2. ლ. ტ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა;
4.3.3. ლ. ტ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით (2022 წლის 19 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა;
4.3.4. ლ. ტ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით (2022 წლის 22 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა;
4.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით (2022 წლის 22 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სხვა თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ლ. ტ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა;
4.5. ლ. ტ–ს სასჯელის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავებიდან - 2022 წლის 14 ივნისიდან;
4.6. ლ. ტ–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 20 წლით – საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; 15 წლით – საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 29 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა:
5.1. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორი გრიგოლ ნიშნიანიძე საკასაციო საჩივრით ითხოვს ლ. ტ–ის დამნაშავედ ცნობას მათ შორის საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით (2022 წლის 18 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას;
5.2. მსჯავრდებულ ლ. ტ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატი მ. ს– ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 29 თებერვლის განაჩენის გაუქმებას, ლ. ტ–ის უდანაშაულოდ ცნობას და გამართლებას.
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par. 30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, par. 37, par. 41, ECtHR, 20/03/2009).
2. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა. ბრალდების მხარე ითხოვს ლ. ტ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებითა (2022 წლის 18 მაისის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით და მისთვის სამართლიანი სასჯელის დანიშვნას, ხოლო დაცვის მხარე ლ. ტ–ის სრულად გამართლებას.
3. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ლ. ტ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის მ. ს–ს საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პროკურორ გრიგოლ ნიშნიანიძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 29 თებერვლის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
4. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43). საქართველოს სსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებათა ერთობლიობა კი საქმეში უნდა არსებობდეს თითოეულ ეპიზოდთან/მაკვალიფიცირებელ გარემოებასთან მიმართებით.
5. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება ბრალდების მხარის მსჯელობას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საქართველოს სსსკ-ით დადგენილი სტანდარტით ადასტურებენ ლ. ტ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით (2022 წლის 18 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
6. ლ. ტ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით (2022 წლის 18 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის სამტკიცებლად წარმოდგენილია მხოლოდ მოწმე დ. ბ–ს ჩვენება (მოწმის განმარტებით, 2022 წლის 18 მაისს დაუკავშირდა ლ. ტ–ი და შესთავაზა, რომ 200 ლარის სანაცვლოდ გადასცემდა ნარკოტიკულ საშულებას, ასევე განუცხადა, რომ თანხა უნდა ჩაერიცხა ტოტალიზატორ ,,ა–ს“ ანგარიშზე. დ. ბ– პოლიციის შენობაში აღიჭურვა სპეციალური მოწყობილობებით, გადაეცა ნარკოტიკული საშუალებისთვის შესაძენი თანხა, რის შემდეგაც კ–ს ქუჩაზე შეხვდა ლ. ტ–ს. შეხვედრამდე მას ,,ა–ს“ ანგარიშზე უკვე ჩარიცხული ჰქონდა თანხა, რის შემდეგაც შეხვედრისას ლ. ტ–მა გადასცა ნარკოტიკული საშუალება, რომელიც მოთავსებული იყო შპრიცში და პოლიეთილენის პარკში. დ. ბ–მ განაცხადა, რომ აერია დამაგრებული კამერის ჩართვა გამორთვის ღილაკი და ვერ მოახერხა 18 მაისის ეპიზოდის ჩაწერა. მან ლ. ტ–ისგან შეძენილი ნარკოტიკული საშუალება გადასცა გამომძიებელს, რის თაობაზეც შედგა ოქმი და მოაწერა ხელი (იხ.: 2022 წლის 18 მაისის ამოღების ოქმი ტ. 1, ს.ფ. 77-80)), სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს სასამართლოში მოწმის სახით ჩვენების მიცემისას არ მიუთითებიათ, რომ 2022 წლის 18 მაისს თვალყურს ადევნებდნენ დ. ბ–ს მიერ ლ. ტ–ისაგან ნარკოტიკული საშუალების შეძენის ფაქტს. იმავდროულად, არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა 2022 წლის 18 მაისს ლ. ბ–საგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალების (იხ.: ქიმიური ექსპერტიზის N......ქრ დასკვნა ტ.1, ს.ფ.91-97) ლ. ტ–ისადმი კუთვნილებას.
7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას, ლ. ტ–ის დამნაშავედ ცნობის თაობაზე საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით (2022 წლის 18 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
8. იმავდროულად, სასამართლო არ ეთანხმება გასაჩივრებულ განაჩენის დასაბუთებას ლ. ტ–ის საქართველოს სსკ 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში გამართლების ნაწილში. სასამართლო ითვალისწინებს:
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 28 ივნისის განჩინებით, საქართველოს შსს ქ. თ–ს საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს და ქ. თ–ს დეტექტივების (ოპერატიული) მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს ნება დაერთოთ, ლ. ტ–ისგან (დაბ: 1.. წელს. პ.ნ ..........) აეღოთ ხმის და ნერწყვის ნიმუში. საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელ პირს/ორგანოს უფლება მიენიჭათ წინააღმდეგობის გაწევისას გამოეყენებინათ იძულების პროპორციული ზომა.
9.1. 2022 წლის 7 ივლისს ბრალდების მხარემ აღნიშნული განჩინება გააცნო დაცვის მხარეს (იხ. ლ. ტ–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის დ. გ–ის მინაწერები და ხელმოწერები განჩინების ასლზე (ტ.1., ს.ფ. 323)).
10. ნერწყვის ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, 2022 წლის 7 ივლისს სპეციალური პენიტენციური დეპარტამენტის N--ე დაწესებულებაში ექსპერტმა კ. დ–მ ლ. ტ–ისგან აიღო ნერწყვის ნიმუში ( ტ.1. ს.ფ. 324).
11. „ბრალდებულისთვის კანონით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდების და ნიმუშის აღების ოქმის“ ( ტ.1., ს.ფ. 329) თანახმად, 2022 წლის 7 ივლისს გამომძიებელმა ბრალდებულ ლ. ტ–ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს დ. გ–ს გააცნო 2022 წლის 28 ივნისის განჩინება და განუმარტა განჩინების შეუსრულებლობის ან შესრულებაში ხელის შეშლის შემთხვევაში მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. აღნიშნულის მიუხედავად ბრალდებულმა ლ. ტ–მა უარი განაცხადა ხმის ნიმუშის მიცემაზე (ოქმი ხელმოწერილია ე. ა–ს, ბ. ხ–ს, დ. გ–ის, ლ. ტ–ის და ი. დ–ს მიერ. იხ.: ტ.1, ს.ფ. 329).
12. მოწმე ბ. ხ–ს განმარტებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ლ. ტ–ისგან N- დაწესებულებაში უნდა აეღოთ ხმის და ნერწყვის ნიმუში. N-..ე პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა უფლებამოსილ პირებთან, ექსპერტთან და ბრალდებულის ინტერესების დამცველ ადვოკატთან ერთად. საბადრაგო სამსახურის მიერ კი წარდგენილი იქნა ბრალდებული ლ. ტ–ი. ლ. ტ–მა თანხმობა განაცხადა ნერწყვის ნიმუშის აღებაზე, ხოლო ხმის ნიმუშის აღებაზე განაცხადა უარი. მოწმის განმარტებით ხმის ნიმუშის აღება თავისი ბუნებიდან გამომდინარე, იძლულებით შეუძლებელია. ლ. ტ–ს განუმარტა შესაძლო პასუხისმგებლობის შესახებ, მაგრამ ლ. ტ–მა უარი განაცხადა ხმის ნიმუშის აღებაზე.
12.1. ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე კ. დ–მ (ექსპერტი).
13. საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლი ადგენს სისხლისსამართლებივ პასუხისმგებლობას განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან მისი შესრულებისათვის ხელის შეშლისთვის. საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის სისხლისსამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტია მართლმსაჯულების ინტერესი სამართალშეფარდების პროცესის უზრუნველსაყოფად, ხოლო დანაშაულის საგანია სასამართლოს განაჩენი, განჩინება ან სხვა გადაწყვეტილება (იხ. მაგ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 18 მაისის N951აპ-21 განჩინება).
14. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება გასაჩივრებულ განაჩენში მითითებულ მსჯელობას, რომ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სუბიექტი არ შეიძლება იყოს ბრალდებული პირი.
14.1. საკასაციო სასამართლო, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებებთან ერთად ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციის დანაწესს, საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის განლაგებას საქართველოს სსკ-ის სტრუქტურაში (თავი XLIV: დანაშაული სასამართლო აქტების აღსრულების წინააღმდეგ), მუხლის კონსტრუქციას (მუხლის პირველი ნაწილი ადგენს ზოგადი ხასიათის აკრძალვას და არ ითვალისწინებს სპეციალურ სუბიექტს, ხოლო მეორე ნაწილი ადგენს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იგივე დანაშაულის სპეციალური სუბიექტის - ხელისუფლების წარმომადგენლის ან მოხელის - მიერ ჩადენისთვის), ნიმუშის აღების საპროცესო მოქმედების განხორციელების სპეციფიკას (მათ შორის ორგანიზაციულ/ტექნიკურ და სხვა ასპექტებს). შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული მსჯელობის - საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილის რეგულირების სფეროდან ბრალდებულის გამორიცხვის - გაზიარების კანონისმიერი საფუძველი.
14.2. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარად დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სუბიექტთა წრიდან არ გამოირიცხება ბრალდებული/მსჯავრდებული და განაჩენის/განჩინების აღსრულების ვალდებულება, შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, ეკისრება მათ შორის - ბრალდებულს/მსჯავრდებულსაც, რომელთან მიმართებითაც გამოტანილია სასამართლოს განაჩენი/განჩინება (იხ. მაგალითად: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024წლის 26 ივლისის განჩინება საქმეზე N 239აპ-24).
15. საქართველოს სსსკ-ის 38-ე მუხლის მე-17 ნაწილის თანახმად ბრალდებული უფლებამოსილია მონაწილეობა არ მიიღოს საგამოძიებო მოქმედებაში. იმავდროულად, საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „სასამართლოს აქტები შესასრულებლად სავალდებულოა. სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისათვის ხელის შეშლა ისჯება კანონით“, ხოლო საქართველოს სსსკ-ის 147-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ პირი უარს აცხადებს ნიმუშის ნებაყოფლობით აღებაზე, რომელიც არ იწვევს ძლიერი ტკივილის შეგრძნებას, ნიმუშის აღება ტარდება სასამართლოს განჩინების საფუძველზე.
16. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „თვითინკრიმინირებისგან დაცვის პრივილეგია არ ვრცელდება სისხლის სამართალწარმოების პროცესში ისეთი მასალების გამოყენებაზე - ბიოლოგიური, ანატომიური, გენეტიკური და სხვა ნიმუშების აღებაზე - რომლებიც მოპოვებული იყო ბრალდებულისგან მისი ნების წინააღმდეგ სასამართლოს განჩინებით (კერძო და საჯარო ინტერესების პროპორციულობის და უფლებაში ჩარევის თანაზომიერების შემოწმების შემდეგ) მიუხედავად იმისა, რომ [ნიმუშის აღების] პროცედურები თავისი არსით „არის ერთგვარი ჩარევა ეჭვმიტანილის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაში, მათი გამოყენება ზოგადად მაინც გამართლებულია მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით, რადგან აუცილებელია სისხლის სამართლის დანაშაულის თავიდან ასაცილებლად“ (იხ. Jalloh v. Germany, no. 54810/00, par. 115, ECtHR, 11/07/2006); არ არღვევს ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ თვითინკრიმინირებისგან დაცვის პრივილეგიას, რადგან ის პირველ რიგში ეხება ბრალდებულის ნების პატივისცემას - გამოიყენოს დუმილის უფლება - და არ ვრცელდება სისხლის სამართალწარმოებაში იმ მასალის გამოყენებაზე, რომელიც შეიძლება მიღებული იქნეს ბრალდებულისგან მისი ნების საწინააღმდეგოდ (იძულებითი ღონისძიებების განხორციელების გზით), მაგრამ რომლებიც არსებობს ბრალდებულის ნებისგან დამოუკიდებლად (იხ. Detlef-Harro Schmidt v Germany, no. 32352/02, Decision on admissibility, ECtHR, 05/01/2006; Jalloh v. Germany, no. 54810/00, par. 102, ECtHR, 11/07/2006 )“. „...ბრალდებულს მოეთხოვება მშვიდად მიიღოს უმნიშვნელო ჩარევა მის ფიზიკურ ხელშეუხებლობაში (მაგ.: სისხლის, თმის ან ორგანული ქსოვილის ნიმუშის აღებისას) მაშინაც კი, როდესაც საჭიროა ბრალდებულის აქტიური მონაწილეობა. ეს ეხება ორგანიზმის ჩვეულებრივი ფუნქციონირებით წარმოშობილ მასალებს (როგორიცაა: სუნთქვის, შარდის ან ხმის ნიმუშები)“ (Jalloh v. Germany, no. 54810/00, par. 102, ECtHR, 11/07/2006. იხ.ასევე: Saunders v. United Kingdom, no. 19187/91, par. 69, ECtHR, 17/12/1996; Choudhary v. the United Kingdom, no. 40084/98, ECtHR, 4/05/1999; J.B. v. Switzerland, no. 31827/96, par. 68, ECtHR, 03/08/2001; P.G. and J.H. v. the United Kingdom, no. 44787/98, par. 80, ECtHR, 25/12/2001 ).
17. სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის დანაწესს, ასევე იმ გარემოებას, რომ „ხელშემკვრელ სახელმწიფოებსა და სხვა ქვეყნებში, საყოველთაო გაგებით, თვითინკრიმინირებისგან დაცვის პრივილეგია ნიშნავს ბრალდებულის ნების პატივისცემას შეინარჩუნოს დუმილი დაკითხვისას და მისცეს ჩვენება იძულების გარეშე“ (იხ. Jalloh v. Germany, no. 54810/00, par. 110, ECtHR, 11/07/2006).
18. იმავდროულად სასამართლო ითვალისწინებს, რომ „თვითინკრიმინაციისაგან დაცვის პრივილეგია, უპირველეს ყოვლისა, დაკავშირებულია ბრალდებულის ნების თავისუფლების პატივისცემასთან, შეინარჩუნოს დუმილის უფლება. შესაბამისად, დასახელებული კონსტიტუციური გარანტია ემსახურება პირისათვის დუმილისა და ჩვენების მიცემის უფლებებს შორის არჩევანის თავისუფლების გარანტირებას. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-11 პუნქტი ზღუდავს იძულებით ან ზეწოლით ბრალდებულისაგან მაინკრიმინებელი ჩვენების მოპოვებას. შესაბამისად, სწორედ თვითმამხილებელი ჩვენების მიცემის პირდაპირი თუ ირიბი ვალდებულების ან/და იძულების არსებობის ფაქტი წარმოშობს თვითინკრიმინაციისაგან დაცვის პრივილეგიასთან მიმართებით ამა თუ იმ ღონისძიების არაკონსტიტუციურობის რისკებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება N 3/2/1478 საქმეზე „თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-20 ნაწილის მე-2 წინადადების, 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-3 წინადადების, 48-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, მე-5 ნაწილის პირველი წინადადებისა და მე-7 ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე“, II-10).
19. მოცემულ შემთხვევაში ნიმუშის აღება უნდა განხორციელებულიყო საქართველოს სსსკ-ით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად გაცემული სასამართლოს განჩინების საფუძველზე, შესაბამისი უფლებამოსილი პირების მონაწილეობით, არ უკავშირდებოდა ლ. ტ–ის ჯანმრთელობისთვის ზიანის/ტკივილის მიყენებას, ან გადამეტებული ძალის გამოყენებას, ემსახურებოდა ლეგიტიმურ მიზანს - ბრალდებულის ბრალეულობის საკითხის განსაზღვრას მისთვის შერაცხულ ბრალდებაში (იხ. Detlef-Harro Schmidt v Germany, no. 32352/02, Decision on admissibility, ECtHR, 05/01/2006); ამასთან არ ისახავდა მიზნად ლ. ტ–ის ბრალდების არც ერთადერთი და არც გადამწყვეტი მამხილებელი მტკიცებულების მოპოვებას.
20. სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარად დამკვიდრებულ პრაქტიკას ბრალდებულების მიერ ნიმუშის გაცემაზე უარის თქმისას საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის გამოყენების თაობაზე (მაგალითად იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 10 დეკემბრის განაჩენი საქმეზე N511აპ-21; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 10 იანვრის განჩინება საქმეზე N 1038-22 და 2022 წლის 26 ოქტომბრის განჩინება საქმეზე N 703აპ-22) და ხმის ნიმუშის იძულების პროპორციული ძალის გამოყენებით აღების შესაძლებლობის საკითხს. კერძოდ, რომ „ხმის ნიმუშის აღება, თავად მისის ბუნებიდან გამომდინარე, თუნდაც იძულების პროპორციული ზომის ნებართვის ფარგლებში, ფიზიკურად შეუძლებელია“(საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 26 ივლისის განჩინება საქმეზე N 239აპ-24, პარ. 40).
21. შესაბამისად, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში საქართველოს სსსკ-ით დადგენილი წესის საფუძველზე მოპოვებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე, საგამოძიებო ორგანომ ობიექტურად ვერ შეძლო ბრალდებულისგან ნიმუშის აღება და სასამართლოს განჩინების შესრულება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 26 ივლისის განჩინება საქმეზე N 239აპ-24, პარ. 40-41; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 6 მარტის განჩინება საქმეზე 853აპ-23), რაც დასტურდება სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, - ლ. ტ–ი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის – სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა – ჩადენაში.
22. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით (2022 წლის 19 მაისისა და 22 მაისის ეპიზოდები) გათვალისწინებულ დანაშაულთან მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მათ შორის: მოწმეთა – დ. ბ–ს, ვ. დ–ის, გ. პ–ს, ი. დ-ის, ლ. კ-ის, ჩვენებებით, ფარული საგამოძიებო სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადების ჩანაწერებით, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ვიდეო-აუდიო ჩანაწერებით, ფულადი თანხის გადაცემის შესახებ ოქმებით, ამოღების ოქმებით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნებით, ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნებით და სხვა მტკიცებულებებით) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ლ. ტ–ის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა გასაღება (ორი ეპიზოდი).
22.1. დ. ბ–ს განმარტებით, ლ. ტ–ი გაიცნო 2022 წელს ფ–ში, სადაც ისინი ნარკოტიკული საშუალებების შესაძენად იმყოფებოდნენ. მან ასევე განაცხადა, რომ გაცნობის შემდეგ ლ. ტ–თან ჰქონდა კარგი ურთიერთობა, ისინი ტელეფონის საშუალებით უკავშირდებოდნენ ერთმანეთს. 2022 წლის 19 მაისს დაუკავშირდა ლ. ტ–ი და შესთავაზა ნარკოტიკული საშუალების შეძენა. პოლიციის თანამშრომლების მიერ აღიჭურვა სპეციალური ჩამწერი მოწყობილობით, გადაეცა ნარკოტიკული საშუალების შესაძენი თანხა. აღნიშნულის შემდეგ დ. ბ– კ–ს ქუჩაზე შეხვდა ლ. ტ–ს, რომელსაც გადასცა 200 ლარი, სანაცვლოდ კი ლ. ტ–მა გადასცა ნარკოტიკული საშულება. დ. ბ–ს განმარტებით, სპეციალური ჩამწერი მოწყობილობით ჩაიწერა ლ. ტ–თან შეხვედრა. შემდეგ დ. ბ–მ პოლიციის თანამშრომელს გადასცა ლ. ტ–ისგან შეძენილი ნარკოტიკული საშუალება, რის თაობაზეც შედგენილ ოქმს გაეცნო და მოაწერა ხელი. დ. ბ–მ ასევე განაცხადა, რომ 2022 წლის 22 მაისს დაუკავშირდა ლ. ტ–ი და შესთავაზა ნარკოტიკული საშუალების შეძენა. დ. ბ. პოლიციის თანამშრომლების მიერ აღიჭურვა სპეციალური ჩამწერი მოწყობილობით, რის შემდეგაც კ–ს ქუჩაზე შეხვდა ლ. ტ–ს. დ. ბ–მ ლ. ტ–ს გადასცა 200 ლარი, სანაცვლოდ კი ლ. ტ–მა გადასცა ნარკოტიკული საშუალება. მან მოახდინა სპეციალური ჩამწერი მოწყობილობით ლ. ტ–თან შეხვედრის ჩაწერა. შემდეგ დ. ბ–მ პოლიციის თანამშრომელს გადასცა ლ. ტ–ისგან შეძენილი ნარკოტიკული საშუალება, რის თაობაზეც შედგენილ ოქმს გაეცნო და მოაწერა ხელი. დ. ბ–მ აღნიშნა, რომ ლ. ტ–ი ცხოვრობდა ლ-ს დასახლებაში და ყოველთვის ხვდებოდა კ–ს ქუჩაზე.
22.2. დ. ბ–ს მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია თანხვდენილია ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ ფარულ ვიდეო-აუდიო ჩანაწერებსა და ფარული საგამოძიებო სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის ჩანაწერებთან, რომლებიც გამოკვლეულ იქნა საქმის არსებითი განხილვის დროს. კერძოდ:
22.2.1. 2022 წლის 19 მაისს, 10:38:45 საათიდან 10:40:30 საათამდე და 14:32:06 საათიდან 14:33:21 საათამდე დ. ბ. და ლ. ტ–ი შეხვდნენ ერთმანეთს. პირველი ვიდეო ჩანაწერის თანახმად, დ. ბ–მ ლ. ტ–ს გადასცა ფულადი თანხა – 200 ლარი. ისინი შეთანხმდნენ შემდეგ შეხვედრაზე. მეორე ვიდეო ჩანაწერში ასახულია, დ. ბ–ს და ლ. ტ–ის მეორე შეხვედრა, რა დროსაც მათი საუბარი შეეხება ნარკოტიკულ საშუალებას და მის ხარისხს. შეხვედრისას ლ. ტ–ი თავს ხრის ქვევით, სავარაუდოდ ჯიბისკენ, შემდეგ უყურებს თანამოსაუბრეს (დ. ბ–ს), აღნიშნულის შემდეგ ლ. ტ–ი ტოვებს ადგილს, მას შორიდან დ. ბ– ეკითხება არის თუ არა კარგი, რაზედაც ლ. ტ–ი პასუხობს, რომ კარგია.
22.2.2. 2022 წლის 22 მაისს, 12:03:29 საათიდან 12:08:04 საათამდე და 18:08:33 საათიდან 18:11:19 საათამდე, ქ. თ–ში. კ–ს ქუჩა №-ის მიმდებარე ტერიტორიაზე და შემდეგ, ც-ს ქუჩა N----ის მიმდებარე ტერიტორიაზე, შეხვდნენ დ. ბ– და ლ. ტ–ი. პირველ ვიდეოჩანაწერში დ. ბ–მ ლ. ტ–ს გადასცა ფულადი თანხა, მათ შორის საუბარი შეეხებოდა ასევე ნარკოტიკული საშუალების (ფაქტი) ხარისხს. შემდეგ ვიდეოჩანაწერში ლ. ტ–მა დ. ბ–ს გადასცა თეთრ ფურცელში შეხვეული ნივთიერება.
22.2.3. ფარული საგამოძიებო სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის კრებსების თანახმად, დ. ბ–ს რამდენიმე სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდა ლ. ტ–თან, ასევე ერთმანეთს უკავშირდებოდნენ მოკლე ტექსტური შეტყობინებებით. მათ შორის კომუნიკაცია შეეხებოდა ერთმანეთთან შეხვედრას, ასევე ფულად თანხას.
22.2.4. ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის N....... დასკვნის თანახმად, სს №...... საქმესთან დაკავშირებით, ექსპერტიზაზე წარდგენილ დისკებზე არსებული ვიდეოგრამებიდან ამოღებულ ფოტოსურათებზე დაფიქსირებული პიროვნების იერსახის გამოსახულება იდენტიფიკაციისათვის ვარგისია. ექსპერტიზაზე წარდგენილ დისკებზე არსებული ვიდეოგრამებიდან ამოღებულ ფოტოსურათებზე (ფოტო N6-11) დაფიქსირებულია ერთი და იგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება. ექსპერტიზაზე წარდგენილ დისკებზე არსებული ვიდეოგრამებიდან ამოღებულ ფოტოსურათებზე და მონაცემთა ბაზიდან ამოღებულ ლ. კ–ეს ძე ტ–ის (პ/ნ ...........) ფოტოსურათზე დაფიქსირებულია ერთი და იგივე პირის იერსახის გამოსახულება (იხ. ფოტოცხრილი, ფოტო №13-16)(იხ.: ტ. 3, ს.ფ. 45-57). აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა ვ. მ..
22.2.5. ფონოსკოპიური ექსპერტიზის N.... დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ სადავო ჩანაწერებში, მოსაუბრე დიქტორი მამაკაცის ხმა და ეტალონურ ფონოგრამაში (სასამართლო სხდომის აუდიო ჩანაწერი) მოსაუბრე ლ. ტ–ის ხმა ერთმანეთის იდენტურია (იხ. ტ. 2, ს.ფ. 427-442).
22.3. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დ. ბ–სა და ლ. ტ–ის შეხვედრების შემდეგ, 2022 წლის 19 მაისსა და 22 მაისს, დ. ბ–სგან, გადაუდებელი აუცილებლობით ამოიღეს ლ. ტ–ისგან შეძენილი ნივთიერებები (იხ: 2022 წლის 19 მაისის ამოღების ოქმი (ტ.1, ს.ფ.114-118) და 2022 წლის 22 მაისის ამოღების ოქმი (ტ.1, ს.ფ. 150-154)). ამოღებულ ნივთმტკიცებებზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნებით კი დადასტურდა, რომ ლ. ტ–ის მიერ, დ. ბ–სათვის 2022 წლის 19 მაისს გადაცემული ერთ ცალად დაფასოებული გამჭვირვალე პოლიეთილენის ნაჭერში (თავმომწვარი) შეხვეული მოყავისფრო ნოტიო ნივთიერება, გამოშრობის შემდგომ ფხვნილის სახით, წონით - 0,23 გრამი შეიცავდა ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, რაოდენობით - 0,104 გრამს (იხ.: ქიმიური ექსპერტიზის N....... ქრ დასკვნა ტ.1, ს.ფ. 130-135), ხოლო 2022 წლის 22 მაისს გადაცემული თეთრი ფერის “p--”-ს ქაღალდის ნაჭერში შეხვეული მოყავისფრო ფხვიერი ნივთიერება, წონით - 0,21 გრამი, შეიცავდა ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, რაოდენობით - 0,119 გრამს (იხ.: ქიმიური ექსპერტიზის N......../ქრ დასკვნა, ტ.1, ს.ფ. 167-172).
22.4. დაუსაბუთებლობის გამო არ იზიარებს საკასაციო სასამართლო დაცვის მხარის მსჯელობას, რომელმაც ერთი მხრივ მიუთითა, რომ ლ. ტ–ს ნარკოტიკული საშუალებები არ გაუსაღებია და იგი მსჯავრდებულია დ. ბ–ს მიერ პროვოცირებულ ქმედებებში, დ. ბ– თავად იძენდა ნარკოტიკულ საშუალებებს და ტოვებდა ლ. ტ–თან, ხოლო ჩაწერა, რომელიც მისი მონაწილეობით განხორციელდა ეხება მის მიერ შეძენილ და მისი კუთვნილი ნარკოტიკული საშუალების დაუფლებას, თანხა კი რომელსაც გადასცემს ტ-ს – საყოფაცხოვრებო ვალია, ამასთან, ლ. ტ–ი და დ. ბ– ერთად მოიხმარდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს.
22.5. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ დ. ბ–ს ჰქონდა ლ. ტ–ის რაიმე საყოფაცხოვრებო ვალი, ასევე მათ შორის არსებული არცერთი თუნდაც სატელეფონო კომუნიკაციით არ დგინდება, რომ დ. ბ–ს ლ. ტ–თან ჰქონდა დატოვებული ნარკოტიკული საშუალებები. ასევე არცერთი მტკიცებულებით არ დგინდება, რომ დ. ბ– და ლ. ტ–ი ერთად მოიხმარდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს. აღნიშნულის საპირისპიროდ, დ. ბ–მ, სასამართლოში მოწმის სახით ჩვენების მიცემისას, ცალსახად მიუთითა, რომ ლ. ტ–ი გაიცნო 2022 წელს ფ-ში, სადაც ისინი ნარკოტიკული საშუალებების შესაძენად იმყოფებოდნენ, შემდგომ ჰქონდათ სატელეფონო კომუნიკაცია. როდესაც ლ. ტ–მა შესთავაზა ნარკოტიკული საშუალების შეძენა 200 ლარად, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა სამართალდამცავ ორგანოებს. საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობით კი 2022 წლის 19 მაისს და 22 მაისს მოხდა ლ. ტ–ის მიერ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფარული ჩაწერა (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 3 თებერვლის სხდომის ოქმი 16:32:54 -17:01:17). მოწმის განმარტებით, ლ. ტ–თან ერთად ნარკოტიკული საშუალების შესაძენად არასოდეს წასულა, მას და ლ. ტ–ს ნარკოტიკული საშუალება ერთად არ აუღიათ (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 3 თებერვლის სხდომის ოქმი 16:57:35-16:58:00).
22.6. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ლ. ტ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით (2022 წლის 19 მაისისა და 22 მაისის ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
23. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრული სასჯელის გამკაცრების შესახებ ბრალდების მხარე კასატორის მოთხოვნასთან დაკავშირებით, სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილს, ასევე იმ გარემოებას, რომ „სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება N 1/7/851 „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II- 7). ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38), უნდა ეფუძნებოდეს საქმის სირთულეს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, დამნაშავის პიროვნების თავისებურებებს, სასჯელის ზემოქმედებას დამნაშავის მომავალ ცხოვრებაზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება N1/7/851 „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 2017 წლის 11 ივლისი, II-10).
24. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ლ. ტ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით (ორი ეპიზოდი) დანიშნული სასჯელის ზომის ნაწილში, კერძოდ:
25. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილები სასჯელის სახით ითვალისწინებს – თავისუფლების აღკვეთას ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.
26. სააპელაციო სასამართლომ ლ. ტ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი ზომა, რომელიც საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია, არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია).
26.1. ამასთან, არც ბრალდების მხარეს წარუდგენია სასამართლოსათვის რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას, რის საფუძველზეც, შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება.
27. საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს – ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე.
27.1. სასჯელის სახის და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს ლ. ტ–ის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს და თვლის, რომ ლ. ტ–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა – 1 წლით.
28. ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი−მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-6 მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც შესაბამისი დანაშაული 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინა.
29. ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.
29.1. საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულზე არ ვრცელდება ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი−მე-3 მუხლები, საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლზე მითითებას არ შეიცავს ასევე ამავე კანონის მე-7 მუხლი, შესაბამისად, ლ. ტ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის განსაზღვრული სასჯელი – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა შემცირდეს 1/6-ით და უნდა განესაზღვროს – 10 თვით თავისუფლების აღკვეთა.
30. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ლ. ტ–ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელი განსაზღვრული აქვს დანაშაულთა იდეალური ერთობლიობის წესით.
31. ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ დანაშაულზე, რომელიც გათვალისწინებულია მათ შორის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4, მე-5 ან მე-7 ნაწილით. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას ლ. ტ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით (ორი ეპიზოდი) იდეალური ერთობლიობის წესით განსაზღვრულ სასჯელზე გაავრცელოს ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება.
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ლ. ტ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის მ. ს–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ გრიგოლ ნიშნიანიძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 29 თებერვლის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
4. ლ. ტ–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით (2022 წლის 18 მაისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს;
5. ლ. ტ–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით (2022 წლის 19 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა;
6. ლ. ტ–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით (2022 წლის 22 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა;
7. ლ. ტ–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე 1/6-ით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, მოსახდელად განესაზღვროს – 10 თვით თავისუფლების აღკვეთა;
8. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით (2022 წლის 22 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას სხვა თანაბარი და ნაკლებად მძიმე სასჯელები და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ლ. ტ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა;
9. ლ. ტ–ს სასჯელის ვადა აეთვალოს ფაქტობრივი დაკავებიდან - 2022 წლის 14 ივნისიდან;
10. ლ. ტ–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 20 წლით – საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; 15 წლით – საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;
11. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
12. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
მ. ვასაძე