Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №983აპ-24 6 მარტის, 2025 წელი

ფ. თ., №983აპ-24 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. ფ-ს ადვოკატ ვ. ბ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის პირველი ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბრალდების შესახებ დადგენილებით:

1.1. თ. ფ-ს -ბრალად ედებოდა ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, დიდი ოდენობით, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ) 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“, მე-4 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით.

2. ბრალდების შესახებ დადგენილებით, თ. ფ--ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგით:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 7 ნოემბრის განაჩენით, თ. ფ-- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 სექტემბრის განაჩენით – საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით.

2.2. 2023 წლის 4 თებერვალს, ღამის საათებში, თ--ი, პ-----ში მდებარე იტალიური ტიპის ეზოდან თ. ფ-- ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ო. მ-ის კუთვნილ “TOYOTA PRIUS”-ის მოდელის ავტომანქანას (სახელმწიფო ნომრით ----). აღნიშნული ქმედებით ო. მ-ს მიადგა 11 500 ლარის, დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 2 აპრილის განაჩენით:

3.1. თ. ფ-- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ თ. ფ-ს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.

3.2. თ. ფ-ს სასჯელის მოხდის ვადად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი – 2023 წლის 21 თებერვლიდან 2023 წლის 20 მარტის ჩათვლით და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო სასჯელის აღსრულების მიზნით მისი თავისუფლების აღკვეთის მომენტიდან.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 2 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულ თ. ფ--ს ადვოკატმა – ვ. ბ-ემ – სააპელაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 2 აპრილის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის პირველი ივლისის განაჩენით, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 2 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულ თ. ფ--ს ადვოკატმა – ვ. ბ-ემ – საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 1 ივლისის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენა, შემდეგ არგუმენტებზე დაყრდნობით: დაზარალებულის კუთვნილ ავტომანქანაში არ აღმოჩნდა თ. ფ--ს ბიოლოგიური მასალა და სუნის კვალი; თ. ფ--ს ტანსაცმელზე არ აღმოჩნდა ავტომანქანის სავარძლის ქსოვილის ნაერთის ბოჭკოები; დამნაშავის იდენტიფიცირების მიზნით, დაქტილოსკოპიური და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზები არ ჩატარებულა, რის გამოც, მსჯავრდებულის შემთხვევის ადგილზე ყოფნა მხოლოდ ვარაუდია; თ. ფ--ს ტანსაცმლისა და ვიდეოჩანაწერში ასახული დამნაშავის ტანსაცმლის იდენტურობა არ დადგენილა; გამამტყუნებელი განაჩენი ბრალდებულთან ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტს ვერ დაეფუძნება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, თუმცა გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. სასამართლო უპირველესად აღნიშნავს, რომ დაცვის მხარე არ უარყოფს ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული დანაშაულის ფაქტს, სადავოა მხოლოდ დამნაშავის ვინაობა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები (მათ შორის: დაზარალებულ ო. მ-ის გამოკითხვის ოქმი, მოწმეების – გ. ხ-ის, ვ. ხ-ას, ს. მ-ისა და ლ. მ-ის – გამოკითხვის ოქმები; ავტომობილის დათვალიერების ოქმი; ვიდეოჩანაწერების გახსნისა და დათვალიერების ოქმები; ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ამოღების ოქმი და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები; დაზარალებულისა და ბრალდებულის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები; ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა; ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნა), ვინაიდან ისინი მხარეებმა მიიჩნიეს უდავოდ და, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ) 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

4. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ით, გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის განსაზღვრული, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მოიაზრებს მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში, რაც „გულისხმობს მტკიცებულებათა ხარისხობრივ და არა – რაოდენობრივ მახასიათებელს“ (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 27 ოქტომბრის N400აპ-21 განჩინება). „მოქმედი კანონმდებლობა არ განსაზღვრავს, რომელი სახის და რა რაოდენობის მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში დაიშვება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, მით უფრო არ ადგენს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ პირდაპირი ხასიათის გამამტყუნებელ მტკიცებულებებს“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 21 ივლისის N594აპ-22 განჩინება). „როდესაც მტკიცებულება მყარია და მის სანდოობასთან მიმართებით არ არსებობს რისკები, დამატებითი მტკიცებულების საჭიროება, შესაბამისად, მცირეა“ (იხ. Tortladze v. Georgia, no. 42371/08, §69, ECtHR, 18/06/2021).

5. შესაბამისად, საკითხი – რა სახის და რაოდენობის მამხილებელი მტკიცებულების ერთობლიობაა საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, წყდება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით.

6. ქ. თ-ი, პ. ჩ-ში მდებარე შპს „დ-----დან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერდა 2023 წლის 4 თებერვლის კამერების დროით 02:45-03:10 (რეალური დროით – 01:51-02:17) საათამდე პერიოდში განხორციელებული ვიდეოჩანაწერი. ვიდეოკამერის ჩანაწერზე გამოსახულია ქ. თ-ი, პ. ჩ-ში განთავსებული, შპს „დ-----ს“ გარეპერიმეტრი, საავტომობილო გზა და ფეხით მოსიარულეთა ტროტუარი. საავტომობილო გზაზე დგას ავტომობილები. ვიდეოჩანაწერზე ასევე ჩანს პ. ჩ-ის ეზოს შესასვლელი. 02:47 საათზე საავტომობილო გზაზე, გ. ჩ-ას ქუჩის მხრიდან შემოდის პიროვნება, რომელსაც აცვია მოთეთრო სპორტული ფეხსაცმელი, ჯინსის შარვალი, მუქი მოსაცმელი და თავზე ახურავს კაპიუშონი; ის დადის ქუჩაში და მიდის გაჩერებულ ავტომობილებთან, ათვალიერებს მათ, რის შემდგომაც შედის პ. ჩ-ის ეზოში, საიდანაც 02:58 საათზე ისევ გამოდის ქუჩაში, მიდის იქვე გაჩერებული ავტომობილის კარებთან, ათვალიერებს და, სავარაუდოდ, სინჯავს მის კარს; შემდეგ სცილდება ავტომობილს და გადაადგილდება ქუჩაში. მალევე შედის უკან, პ. ჩ-ის ეზოში. 03:01 საათზე, კადრში ჩანს, რომ პ. ჩ-ის ეზოდან უკუსვლით გამოდის „ტოიოტა პრიუსის“ მოდელის ავტომობილი (სერია და ნომერი არ ჩანს), რომლის მძღოლი ეზოდან გამოსვლის შემდგომ დგება რამდენიმე წამით იქვე, ქუჩაში, შემდგომ კი გადის გ. ჩ-----ას ქუჩაზე მარჯვენა მხარეს და ქრება კადრიდან.

7. მითითებულ ვიდეოჩანაწერებში დაფიქსირებული პიროვნების ჩაცმულობის იდენტური პირი დაფიქსირდა ქ. თ-ი, რ-ისა და პ-ის ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე სს „ლ-ის“ ფილიალის 2023 წლის 4 თებერვლის 02:30-02:40 საათამდე პერიოდის ვიდეოჩანაწერში, რომელშიც მოჩანს ღამის განათების პირობებში, ქ. თ-ი, რ-ისა და პ-----ის ქუჩების გადაკვეთა, „ლ--ის“ ფილიალის მიმდებარე ტერიტორია, ბანკომატი და იქვე გაჩერებული შავი „ჰონდას“ მარკის (სახელმწიფო ნომრით – N----) ავტომობილი. 02:34:00 საათზე აღნიშნულ „ლ---ის“ ბანკომატს და ავტომობილს ეჯახება ყავისფერი „ტოიოტა პრიუსის“ მარკის ავტომობილი, რომლის სახელმწიფო ნომრები არ ჩანს. მას ეხსნება საჭის უსაფრთხოების ბალიში, იღება ავტომობილის წინა მარცხენა კარი (პიროვნება იხსნის უსაფრთხოების ღვედს) და ავტომობილიდან სწრაფად გადმოდის მამაკაცი, რომელსაც აცვია მოთეთრო სპორტული ფეხსაცმელი, ჯინსის შარვალი, მუქი მოსაცმელი და თავზე ახურავს კაპიუშონი. აღნიშნული მამაკაცი სწრაფად ტოვებს ავტომობილის წინა მარცხენა მხარეს, ავტომობილს უვლის უკანა მხრიდან, გარბის და ქრება კადრიდან.

8. ამოღების ოქმით დგინდება, რომ 2023 წლის 9 თებერვალს, თ. ფ-მა ნებაყოფლობით წარმოადგინა ნაცრისფერი ე.წ. „ჰუდი“ წინა მარცხენა მხარეს წარწერით „LEGEND GRAND PRIK N67“, შავი კაპიუშონიანი ქურთუკი წინა მარცხენა მხარეს წარწერით – „SCOR PLUS“, ნაცრისფერი ჯინსის შარვალი, რომელსაც ორივე მუხლზე აღენიშნება დაზიანება (წარწერებით: „ORDER“; „KG2795“) და ერთი წყვილი თეთრი სპორტული ფეხსაცმელი, წარწერით – „Adidas“.

9. მართალია, წარმოდგენილი ჩანაწერებიდან პიროვნების ვიზუალური მახასიათებლების გარკვევა შეუძლებელია და დამნაშავის იდენტიფიცირების მიზნით არც ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა დანიშნულა, თუმცა საგულისხმოა, რომ გამომძიებელმა თ. ფ--სგან ამოიღო სწორედ იმგვარი აღწერილობის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, როგორიც ვიდეოჩანაწერების თანახმად დამნაშავეს აცვია. საგამოძიებო მოქმედება ამოღებას წინ უძღოდა სამართალდამცავ ორგანოში თ. ფ--ს ნებაყოფლობით, უწყების საფუძველზე გამოცხადება და გამოკითხვისას დაფიქსირებული ინფორმაცია, რომ თან ჰქონდა ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რომელიც ეცვა შემთხვევის დროს. თ. ფ-ს ამოღების ოქმზე არ დაუფიქსირებია რაიმე შენიშვნა ან პრეტენზია, იმასთან დაკავშირებით, რომ მან საგამოძიებო ორგანოში ტანსაცმელი მიიტანა თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ. შესაბამისად, ნათელია, რომ თ. ფ-მა თავიდანვე იცოდა, რა ფაქტთან დაკავშირებით უნდა გამოცხადებულიყო პოლიციის განყოფილებაში, რა დროსაც ნებაყოფლობით წარადგინა პირადი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.

10. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მსჯავრდებულის უდანაშაულობის მტკიცების არგუმენტად ვერ გამოდგება ის ფაქტი, რომ თ. ფ--ს ტანსაცმელზე არ აღმოჩნდა დაზარალებულის ავტომანქანის სავარძლის ქსოვილის შემადგენელი ბოჭკოები, რადგან ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, თ. ფ--ს კუთვნილი ჟაკეტისა და ჯინსის შარვლის შემადგენელი ბოჭკოები აღმოჩნდა დაზარალებულის ავტომანქანის მძღოლის სავარძლის საზურგესა და დასაჯდომზე, კერძოდ, ექსპერტიზაზე წარმოდგენილ – სპეცპაკეტში (F---------) წარწერით: „მიკრონაწილაკები 2 (ორ) ც. მწებავ ფირზე, ტოიოტას სახ. № R--------“ მოთავსებულ, სპეცწებოვანი ფირფიტების „წინა მარცხენა სავარძლის საზურგედან“ და „წინა მარცხენა სავარძლის დასაჯდომიდან“ ზედაპირებზე აღინიშნება მორუხო-მოიისფრო ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება სპეცპაკეტში (M---) წარწერით: „თ. ფ--ს კუთვნილი ტანსაცმელი...“ მოთავსებული ჟაკეტის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან; სპეც. წებოვანი ფირფიტის „წინა მარცხენა სავარძლის დასაჯდომიდან“ ზედაპირზე აღინიშნება არათანაბრად შეღებილი მორუხო ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება სპეცპაკეტში (M----) წარწერით: „თ. ფ--ს კუთვნილი ტანსაცმელი...“ მოთავსებული ჯინსის შარვლის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან.

11. დაზარალებულის კუთვნილ ავტომანქანაში თ. ფ--ს სუნისა და ბიოლოგიური მასალის არარსებობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საგნებსა და ნივთებზე სხვადასხვა სახის კვლების დატოვება, ისევე როგორც კონკრეტულ სივრცეში სუნის კვლის აღმოჩენა, დამოკიდებულია არაერთ ფაქტორზე, მათ შორის, როგორც ნივთების სახეობასა და მათი ზედაპირის თვისობრიობაზე, ასევე – გარემო პირობებსა და ურთიერთშეხების ხანგრძლივობაზე. ამდენად, საეჭვო გარემოებად ვერ შეფასდება ის ფაქტები, რომ თ. ფ--ს ტანსაცმელზე არ გადავიდა დაზარალებულის ავტომანქანის სავარძლის შემადგენელი ბოჭკოები და ამასთანავე, ხსენებულ ავტომანქანაში თ. ფ--ს სუნის, ბიოლოგიური მასალისა და ხელის კვლების არსებობა არ დადგინდა. როგორც აღინიშნა, ამ მოცემულობის პარალელურად, დაზარალებულ ო. მ-ის კუთვნილი ავტომანქანის წინა მარცხენა სავარძლიდან თ. ფ--ს ტანსაცმლის შემადგენელი ბოჭკოების არსებობა დადასტურებულია, რაც თვალსაჩინოს ხდის მსჯავრდებულის ყოფნას დაზარალებულის ავტომანქანაში.

12. სასამართლო იზიარებს დამცველის პოზიციას, ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის გაუზიარებლობასთან დაკავშირებით. ამ მიმართებით საკასაციო პალატას არაერთხელ განუმარტავს, რომ თუ ბრალდებული წინააღმდეგია საქმის არსებით განხილვამდე მის მიერ მოწმის სტატუსით მიცემული ინფორმაციის სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხვაზე, საგამოძიებო ექსპერიმენტი გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენის დადგენისა და დასაბუთებისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ შემთხვევაში, თუ ვითარების აღდგენის მიზნით არის ჩატარებული (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 აპრილის №561აპ-15 განაჩენი), ან როდესაც საგამოძიებო ექსპერიმენტის პროცესში, საქმეზე დამატებით აღმოჩენილი იქნება რაიმე საგანი, დოკუმენტი, კვალი თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 28 სექტემბრის №682აპ-21 განაჩენი).

13. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში თ. ფ-მა არ დაადასტურა გამოძიების ეტაპზე მიცემული აღიარებითი ჩვენება. შესაბამისად, ის ინფორმაცია, რომელიც გამომძიებლებმა საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას მისგან მიიღეს ადგილზე შემოწმებული ჩვენების სახით (საგამოძიებო ექსპერიმენტი არ ყოფილა ვითარების აღდგენის მიზნით ჩატარებული და ამასთან, დამატებით რაიმე საგანი, დოკუმენტი, კვალი თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი არ აღმოჩენილა), მტკიცებულებად ვერ იქნება გამოყენებული. მიუხედავად ამისა, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ 2023 წლის 4 თებერვალს, ღამის საათებში, თ---–--–ი, პ----ში მდებარე იტალიური ტიპის ეზოდან, თ. ფ-- ფარულად, მარლსაწინაარდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ო. მ-ის “TOYOTA PRIUS”-ის მოდელის ავტომანქანას (სახელმწიფო ნომრით – R----).

14. სასაქონლო ექსპერტიზის №----- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი “TOYOTA PRIUS”-ის (სახ. №R-----) ს---ზრო ღირებულება (დაზიანებამდე) იყო 11 500 ლარი, რაც აღემატება საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის მაკვალიფიცირებული გარემოების – დიდი ოდენობის – კანონით განსაზღვრულ მინიმალურ ნიშნულს – 10 000 ლარს.

15. იმავდროულად, საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ თ. ფ-- დანაშაულის ჩადენის დროს იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 7 ნოემბრისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 სექტემბრის განაჩენებით ნასამართლევი, ერთი მხრივ – საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ხოლო მეორე მხრივ – საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით.

16. ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურებულია თ. ფ--ს მიერ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენა, შესაბამისად, ადვოკატის მოთხოვნა თ. ფ--ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში უდანაშაულოდ ცნობის შესახებ, არ უნდა დაკმაყოფილდეს.

17. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). მართლმსაჯულების განხორციელება და სასჯელის სამართლიანობა, პირველ რიგში, მსჯავრდებულისთვის ჩადენილი ქმედების და მისი პიროვნების ადეკვატური სასჯელის დანიშვნას გულისხმობს. სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის №1/7/851 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 7).

18. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

19. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებისთვის გათვალისწინებულია სანქცია – თავისუფლების აღკვეთის სახით, ვადით – ექვსიდან ათ წლამდე.

20. საკასაციო პალატის შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ თ. ფ--სთვის დანიშნული სასჯელის სახე და ზომა სრულად შეესაბამება მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და მის პიროვნებას. შესაბამისად, 6 წლით თავისუფლების აღკვეთის პირობებში, სრულად იქნება მიღწეული საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნები – სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

21. თ. ფ--სთვის საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს, სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გამოტანის შემდეგ, 2024 წლის 17 სექტემბერს მიღებულ ამნისტიის კანონს, რომელიც ცალკეული დანაშაულის ჩამდენი პირებისთვის შეღავათს ითვალისწინებს.

22. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მსჯავრდებულის (მათ შორის, ძებნილი მსჯავრდებულის) მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე იღებს შესაბამისი სასამართლო, ხოლო, თუ საქმეზე სამართალწარმოება დასრულებულია − თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო.

23. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, თ. ფ--ს მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი უნდა შემცირდეს ერთი მეექვსედით, რადგან მის მიმართ მსჯავრადშერაცხილ მუხლზე არ ვრცელდება ამ კანონის პირველი-მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და ამასთან, მას ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.

24. იმავდროულად, თ. ფ-ს სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ვინაიდან მან დანაშაული ჩაიდინა 2023 წლის 4 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 16 ოქტომბრის განაჩენამდე. ამასთან, აღსანიშნავია, რომ თ. ფ-- დანაშაულის ჩადენისას იმყოფებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 სექტემბრის განაჩენით დადგენილი გამოსაცდელი ვადის პერიოდში (გამოსაცდელი ვადა აეთვალა 2022 წლის 7 ნოემბერს და უნდა დასრულებულიყო 2025 წლის 18 აპრილს), თუმცა სასამართლო, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე, ვერ გააუქმებს პირობით მსჯავრს და ვერ დანიშნავს სასჯელს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი წესით, რადგან ხსენებული განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი გაუქმებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ თ. ფ--ს ადვოკატ ვ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. შეიცვალოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის პირველი ივლისის განაჩენი:

3. თ. ფ-- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და საბოლოო სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი და, საბოლოოდ, თ. ფ-ს, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

5. მსჯავრდებულ თ. ფ-ს სასჯელში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო – 2023 წლის 21 თებერვლიდან 2023 წლის 20 მარტის ჩათვლით და სასჯელის ვადა აეთვალოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი თავისუფლების აღკვეთის მომენტიდან – 2024 წლის 22 აპრილიდან;

6. ცნობად იქნეს მიღებული, რომ თ. ფ--ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო – გაუქმებულია;

7. ნივთიერი მტკიცებულებების ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

7.1. მიკრონაწილაკები, სუნის კვლები, ნერწყვის ნიმუში და ანაწმენდები – განადგურდეს.

7.2. ტანსაცმელი, ბოტასები, ავტომობილი (სახელმწიფო ნომრით – „R---“) – დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

7.3. დისკები დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.

8. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ნ. სანდოძე