Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №36აგ-24 თბილისი

ძ-ი გ., 36აგ-24 10 მარტი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ძ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ღ-ას საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 16 სექტემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 24 ივლისის განაჩენით გ. ძ-ის, - მიმართ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე. გ. ძ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 7 000 ლარი, რაც, საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2023 წლის 2 თებერვლიდან 2023 წლის 24 ივლისის ჩათვლით, დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდა და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 2000 ლარი.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 7 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 24 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 5 მარტის განაჩენით გ. ძ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებზე. გ. ძ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. გ. ძ-ს სასჯელის ვადა აეთვალა განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავებიდან; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2023 წლის 2 თებერვლიდან 2023 წლის 24 ივლისის ჩათვლით.

4. 2024 წლის 4 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს მსჯავრდებულ გ. ძ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა: ლ. ღ-ამ და ვ. მ-მა და მოითხოვეს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 5 მარტის განაჩენის გადასინჯვა. კასატორთა მითითებით, არსებობს ახალი გარემოება, კერძოდ, გ. შ-ას განცხადება და გამოკითხვის ოქმი, რომლებიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და, სხვა მტკიცებულებებთან ერთად, ამტკიცებს გ. ძ-ის უდანაშაულობას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 16 სექტემბრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ძ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების შუამდგომლობა, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 5 მარტის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, დაუშვებლად იქნა ცნობილი.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 16 სექტემბრის განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. ძ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. ღ-ამ. მან, საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ზ“ პუნქტის საფუძველზე, მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოსათვის მითითება, რათა დაუშვას შუამდგომლობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ამომწურავად განსაზღვრავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის საფუძვლებს და ადგენს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის გადასინჯვა დაიშვება მხოლოდ საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, ამოწმებს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის/საფუძვლების არსებობას კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვისათვის.

3. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო ითვალისწინებს, რომ, საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, მათ შორის, იმ შემთხვევაშიც, თუ წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო. ამდენად, საქართველო სსსკ-ის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით მკაფიოდაა დადგენილი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის წინაპირობა: ახალი გარემოება არა მხოლოდ ობიექტურად უცნობი უნდა ყოფილიყო კასატორისთვის განაჩენის დადგენის დროს, არამედ ეს გარემოება გავლენას უნდა ახდენდეს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის საკითხზე (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: N46აგ-19, №37აგ-24, №9აგ-24).

4. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარის შუამდგომლობის თანახმად, 2024 წლის 22 აგვისტოს მოწმე გიორგი შონიამ დაცვის მხარეს მიმართა განცხადებით, რომელშიც ადასტურებს, რომ 2023 წლის 1 თებერვალს შეესწრო მომხდარს და დაინახა, რომ გ. ძ-ს არავინ წაუქცევია, არავისთვის დაურტყამს ხელი და არც რაიმე სახის დაბრკოლება შეუქმნია ვინმესთვის. სხდომის დანიშვნის, მოწმე გ. შ-ას დაკითხვისა და ვიდეოჩანაწერი განხილვის შედეგად სასამართლო დარწმუნდებოდა, რომ გ. ძ-ს არ ჩაუდენია საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. აღნიშნულ გარემოებაზე მითითებით დაცვის მხარე ითხოვდა გ. შ-ას მოწმის სახით დაკითხვას, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 5 მარტის განაჩენის გადასინჯვას და გ. ძ-ის უდანაშაულოდ ცნობას.

5. სასამართლო ითვალისწინებს, რომ კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ გ. ძ-მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული – ძარცვა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის, დიდი ოდენობით.

6. სასამართლო ითვალისწინებს, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ, გ. შ-ას 2024 წლის 22 აგვისტოს განცხადებასა და გამოკითხვის ოქმს, რომელშიც მითითებულია, რომ 2023 წლის 1 თებერვალს იმყოფებოდა მეტროსადგურ „ს-ის“ ტერიტორიაზე, სრულად შეესწრო მომხდარს, რა დროსაც ნახა გ. ძ-ი რამდენიმე პირთან ერთად. თავისი თვალით იხილა, რომ გ. ძ-ს არაფერი ჩაუდენია, მას არავინ წაუქცევია, შეუკავებია, არც რაიმე დაბრკოლება შეუქმნია. უცნობმა პირმა მსუბუქად მიარტყა ხელი პიროვნებას, რომელიც წაიქცა. გ. ძ-მა კი ისე დატოვა ტერიტორია, რომ ზიანი არავისთვის მიუყენებია.

7. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ მოწმე გიორგი შონიას მიერ მოწოდებული ინფორმაცია რომც გაიზიაროს, აღნიშნული ვერ გამორიცხავს გ. ძ-ის მიერ ძარცვის ჩადენის ფაქტს და არ ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას. რაც შეეხება მოწმის მიერ მითითებულ გარემოებას, რომ გ. ძ-ს არ უძალადია, სასამართლო ითვალისწინებს, რომ მითითებული გარემოება გავლენას ვერ მოახდენს გ. ძ-ის ქმედების კვალიფიკაციაზე, ვინაიდან, მოწმის გამოკითხვის ოქმიდანაც ჩანს, რომ შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა რამდენიმე პირი, შესაბამისად, მათ დანაშაული ჩაიდინეს ჯგუფურად.

8. ამდენად, პალატის შეფასებით, მხოლოდ დაცვის მხარის მიერ შუამდგომლობაში მითითებული გარემოება, მოწმე გ. შ-ას განცხადება და გამოკითხვის ოქმი არ წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ზ“ პუნქტით გათვალისწინებულ ისეთ ახალ მტკიცებულებას, რომელიც, შესაძლებელია, გახდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 5 მარტის განაჩენის გადასინჯვის საფუძველი. იგი არსებითად ეწინააღმდეგება მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ და სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს და ამ მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც სამივე ინსტანციის სასამართლომ შეაფასა შემაჯამებელ გადაწყვეტილებებში, კერძოდ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 5 მარტის განაჩენით დადგინდა, რომ დაზარალებულ ნ. მ-ის ჩვენება (რომლის თანახმად, როდესაც მან ნ. ა-ეს მოსთხოვა კუთვნილი თანხის დაბრუნება, ა-ემ შეაგინა და უთხრა, რომ ფული მასთან დარჩებოდა, დაეტოვებინა ადგილი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოკლავდა; მას შეეშინდა და უკან დაიხია. იმის შემდეგ, რაც ნ. გაიქცა გზისკენ, კვლავ დაედევნა, სცადა მისი შეჩერება, მაგრამ ერთ-ერთმა მამაკაცმა, რომელსაც კუბოკრული მოსაცმელი ეცვა, წააქცია, ძირს დააგდო და დაარტყა, ხოლო ნ. ა. ჩაჯდა ტაქსიში და გაიქცა. თვითონ დაეცა, რამდენიმე წამში მათთან მიირბინა მეორე პიროვნებამაც (გ. ძ-მა), რომელმაც ასევე ჩაარტყა ზურგის არეში), სრულად შეესაბამება და დადასტურებულია მოწმეების: დ. ს-ის, მ. პ-სა და გ. გ-ის – ჩვენებებით, დაზარალებულისა და მოწმე დ. ს-ის მიერ ნ. ა-ის, ა. ა-ისა და გ. ძ-ის ფოტოსურათებით ამოცნობის ოქმებით, ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმებით, ასევე – -- და შპს „--ს“ გარე და შიდა სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერებით, რომლებითაც დგინდება, რომ დანაშაულის ჩადენისას ნ. ა. მარტო არ მოქმედებდა; ა. ა. და გ. ძ., თავის მხრივ, ჯერ ფსიქოლოგიური ზეწოლის, შემდეგ კი – ფიზიკური ძალის გამოყენებით აქტიურად მონაწილეობდნენ ნ. მ-ის კუთვნილი დიდი ოდენობის თანხის აშკარად დაუფლებაში.

9. საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ ანალოგიური შინაარსის შუამდგომლობაზე, იმავე საფუძვლით (მოწმე პ. ღ-ის გამოკითხვის ოქმზე დაყრდნობით) ითხოვდნენ აღნიშნული განაჩენის გადასინჯვას. შუამდგომლობაში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით ნამსჯელი აქვს როგორც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას 2024 წლის 23 მაისის განჩინებით (რომლითაც მსჯავრდებულ გ. ძ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების შუამდგომლობა განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ასევე დაუშვებლად იქნა ცნობილი, ვინაიდან ვერ აკმაყოფილებდა საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულ საფუძვლებს), ისე – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას 2024 წლის 26 ივნისის განჩინებით (რომლითაც მსჯავრდებულ გ. ძ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების საკასაციო საჩივარი ასევე არ დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 23 მაისის განჩინება, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ, დარჩა უცვლელად).

10. ამდენად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მსჯავრდებულ გ. ძ-ის დამცველს შუამდგომლობაში არ წარმოუდგენია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რაც, თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად, ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო და რაც, საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის მიხედვით, ახლად გამოვლენილ გარემოებას წარმოადგენს, რომლის საფუძველზეც, სასამართლო უფლებამოსილი იქნებოდა, გადაესინჯა განაჩენი.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები სამართლებრივად სწორად შეაფასა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 16 სექტემბრის განჩინებით მართებულად ცნო დაუშვებლად მსჯავრდებულ გ. ძ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – ვ. მ-ისა და ლ. ღ-ას შუამდგომლობა, ვინაიდან საკასაციო საჩივრით არ დასტურდება საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში ჩამოთვლილი რომელიმე საფუძვლის არსებობა.

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორი არ უთითებს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით დადგენილ ისეთ ახალ ფაქტორზე, რომელიც, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი გახდებოდა, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას, დააკმაყოფილოს საკასაციო საჩივრის მოთხოვნა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. ძ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ღ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 16 სექტემბრის განჩინება მსჯავრდებულ გ. ძ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – ვ. მ-ისა და ლ. ღ-ას – შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

მ. ვასაძე