Facebook Twitter

საქმე # 190100122006514034

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

საქმე N1188აპ-24 ქ. თბილისი

კ-ძე რ, 1188აპ-24 14 აპრილი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 25 სექტემბრის განაჩენზე და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 აპრილის განაჩენით:

რ. კ-ძე, დაბადებული .. წლის .. დეკემბერს, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (საქართველოს სსკ-ის 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.

რ. კ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, ¼-ით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს სრულად დაემატა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1993 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებითა და ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 15 დეკემბრის განჩინებით დანიშნული სასჯელის – 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის მოუხდელი ნაწილის 2 წლით, 1 თვითა და 26 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, რ. კ-ს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, 7 თვითა და 26 დღით.

რ. კ-ს თავისუფლების აღკვეთის მოხდის დასაწყისად განესაზღვრა მისი ფაქტობრივად დაკავების დრო.

ამავე განაჩენით მსჯავრდებულად არიან ცნობილი: რ. პ-ი, პ. კ-ძე, ზ. გ-ი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ:

რ. კ-ძე ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 1993 წლის 25 იანვრის განაჩენით დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის ვადა აეთვალა 1992 წლის 22 ივნისიდან.

რ. კ-ძე 14.05.1993 წლიდან სასჯელის მოსახდელად მოთავსდა დაწესებულება უი 123/3–ში.

1994 წლის 26 ოქტომბერს რ. კ-ძე წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, ამავე დაწესებულების მსჯავრდებულებთან: პ. კ-ან, ზ. ნ-სა და ბ. ჯ-ან ერთად, რ-ის უი 123/3 დაწესებულებიდან ჯგუფურად გაიქცა და მიიმალა.

1994 წლის 16 დეკემბერს გამოიცა დადგენილება რ. კ-ის მიმართ ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ; იმავე დღეს გამოიცა პროკურორის სანქცია, მისი დაპატიმრების თაობაზე და გამოცხადდა ძებნა.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებით, რ. კ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, ¼-ით შეუმცირდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 1993 წლის 25 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.

3. რ. კ-ძე 2022 წლის 21 ოქტომბერს დააკავეს.

4. მსჯავრდებულმა რ. კ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 აპრილის განაჩენი გაასაჩივრეს 2022 წლის 16 ნოემბერს.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 25 სექტემბრის განაჩენით:

მსჯავრდებულ რ. კ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. ტ-ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა; პირველი ინსტანციის სასამართლოს, 2016 წლის 12 აპრილის განაჩენში შევიდა ცვლილება:

რ. კ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ¼-ით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით;

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 15 ნოემბრის განჩინებით რ. კ-ძე, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის თანახმად, გათავისუფლდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 1993 წლის 25 იანვრის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილისგან – 2 წლით, 1 თვით და 26 დღით თავისუფლების აღკვეთისაგან.

მსჯავრდებულ რ. კ-ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2022 წლის 21 ოქტომბრიდან.

6. კასატორი – მსჯავრდებული რ. კ-ძე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 25 სექტემბრის განაჩენის გაუქმებას. რ. კ-ძე აღნიშნავს, რომ ოთხი მოწმე მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ იგი ზონაზე იმყოფებოდა, ხოლო ერთ დღეს კი, ის იქ აღარ აღმოჩნდა. მათ არ დაუნახავთ რ. კ-ის ზონიდან გასვლა. იგი ბევრჯერ შეხვედრია პოლიციელს სუფრაზე, მაგრამ მისთვის არავის უთქვამს, რომ იძებნებოდა. მსჯავრდებული აღნიშნავს, რომ მან ციხე დატოვა უფროსსა და თანამშრომლებთან ერთად. თუ რ. კ-ის დანაშაული იკვეთება იმ მხრივ, რომ მისმა ოჯახმა გარკვეული თანხა გადაუხადა ზონის უფროსს მის გასათავისუფლებლად, ხოლო მათ კი მოგვიანებით, გაქცეულთა სიას მიაწერეს, მაშინ რ. კ-ძე თავად არის მსხვერპლი ოჯახისა და კორუმპირებული ადმინისტრაციისა. 1993 წელს ბევრი პატიმარი გათავისუფლდა ს-ში ომში წასვლის მიზნით. უფროსი მასაც ესაუბრა და უთხრა, რომ მისი გათავისუფლების დროც მალე მოვიდოდა. 1994 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში ზონის უფროსმა დაუძახა და უთხრა, რომ მისი გათავისუფლების დრო მოვიდა. მას ზონის ტერიტორია დაატოვებინეს.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია), კერძოდ:

საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.

8. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიუთითებს, რომ წარმოდგენილი საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება რ. კ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (საქართველოს სსკ-ის 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული ქმედების ჩადენა, კერძოდ:

9. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 1993 წლის 25 იანვრის განაჩენით რ. კ-ძე იხდიდა სასჯელს საქართველოს სსკ-ის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის; სასჯელის დასაწყისი 1992 წლის 22 ივნისი.

10. 1994 წლის 26 ოქტომბრის აქტით დადგენილია, რომ 1994 წლის 26 ოქტომბერს, დილით ჩატარებული საბარათო აღრიცხვის შემოწმებისას, ადგილზე აღმოჩნდა 664 მსჯავრდებული, ხოლო – რ. კ-ძე, ზ. ნ-ძე, პ. კ-ძე და ბ. ჯ-ანი ადგილზე არ იყვნენ.

11. 1994 წლის 26 ოქტომბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ადმინისტრაციის შენობისაკენ გამოსასვლელი კარი, დედამიწიდან 1.2 მეტრში, მარცხენა მხარეს არის გაჭრილი. ადმინისტრაციული შენობის სახურავზე №1 საგუშაგოს გვერდით გავლებული მავთულხლართი დაზიანებულია. იქვე, 2 მეტრში სახურავზე დევს ხისგან დამზადებული კიბე. აღნიშნული ადგილიდან 8 მეტრში ადმინისტრაციის სახურავზე გავლებული ელექტრომავთული გაჭრილია. №1 საგუშაგოდან 57 მეტრში სახურავზე გავლებულ მავთულის ბოძზე მიბმულია 22 – მეტრიანი თოკი, რომელიც ჩაშვებულია ადმინისტრაციის შენობის გარეთა მხარეს, ამანათების მისაღები ოთახის ასასვლელ კიბესთან.

12. მოწმეებმა: კ. გ-მა და ბ. კ-მ თავიანთ ჩვენებებში კატეგორიულად უარყვეს ხელმძღვანელი პირების მონაწილეობა პატიმართა გაქცევის ორგანიზებაში და აღნიშნეს, რომ ციხის ტერიტორიაზე ავტომანქანით შესვლის უფლება არავის ჰქონდა, გარდა სპეციალური ავტომანქანებისა. ამავე მოწმეებმა მიუთითეს, რომ ოქტომბრის თვეში გაქცევის შემდგომ აკლდათ პატიმრები, რომელთა შორის იყო რ. კ-ეც.

13. მოწმე ი. რ-მა აგრეთვე აღნიშნა, რომ 1994 წლის შემოდგომაზე გაქცეულ მსჯავრდებულთა შორის იყო რ. კ-ძე.

14. გარდა ამისა, მოწმე ნ. კ-ძის (მ-ის) სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული ჩვენებით დადგენილია, რომ მათთან მისული პოლიციის თანამშრომლებისგან შეიტყო მისი შვილის – რ. კ-ის კოლონიიდან გაქცევა. ამის შემდეგ კი, რამდენიმე დღეში, მათთან სახლში მივიდა რ. კ-ძე, რომელსაც ყველამ ურჩია კოლონიაში დაბრუნება, თუმცა იგი მეორე დღესვე წავიდა სახლიდან და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. ანალოგიურ ინფორმაციას ასახავს რ. კ-ის ბინაზე შემოწმების ოქმიც.

15. ამდენად, რ. კ-ის საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია, რომ სასჯელაღსრულების ტერიტორია მან ხელმძღვანელ პირებთან შეთანხმებით დატოვა, დაუსაბუთებელია.

16. საქმეში არსებული მტკიცებულებები, რომლებიც სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მეტად ვრცლად აქვს მიმოხილული უტყუარი ფორმით მიუთითებს, რომ 1994 წლის 26 ოქტომბერს რ. კ-ძე რ-ის დაწესებულებიდან ჯგუფურად გაიქცა. სააპელაციო სასამართლომ რ. კ-ძის არგუმენტებზე აგრეთვე იმსჯელა და მას დასაბუთებული პასუხები გასცა. სხვა ახალი პოზიცია, რომელსაც შესაძლოა, გავლენა მოეხდინა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე, საკასაციო სასამართლოში მსჯავრდებულს არ განუცხადებია.

17. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, ,,როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის განხილვაზე იმ საფუძვლით, რომ არ არსებობს საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლები, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით“ (,,ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ,“ (Kuparadze v. Georgia), N30743/09, 21/09/2017, §76).

18. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლს, რომლის მიხედვითაც, ამნისტია არ ვრცელდება, მათ შორის, განსახილველი საქმით გამოკვეთილ დანაშაულზე (კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 379-ე მუხლზე).

19. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

20. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1998 წლის 20 თებერვლის რედაქციით) და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ რ. კ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 25 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. კ-ის მიმართ;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ნ. სანდოძე