საქმე # 330100123008382306
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1198აპ-24 თბილისი ქ. თბილისი
რ-ძე გ, 1198აპ-24 15 აპრილი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, გოჩა ჯეირანაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 19 სექტემბრის განაჩენზე ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ პაპავას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:
2019 წლის 10 აპრილის განაჩენით გ. რ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 120-ე მუხლითა და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით, ჩაეთვალა პირობით, ამავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა – 4000 ლარი.
2022 წლის 20 აპრილის განაჩენით, გ. რ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ განესაზღვრა – 4 წელი პირობითი მსჯავრი, ამავე გამოსაცდელი ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახედ დაეკისრა ჯარიმა – 10 000 ლარი.
2022 წლის 1 ნოემბერს, დაახლოებით, 13:30 საათზე, თ-ში, მ. წ-ის ქუჩისა და თ. მ-ს გამზირის კვეთაზე, შავი „ტოიოტა ქამრის“ მარკისა და მოდელის ავტომანქანით, სახელმწიფო ნომრით – ,,....“ – გადაადგილებისას, 2019 წლის 10 აპრილისა და 2022 წლის 20 აპრილის განაჩენებით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენის, შენახვისა და ტარებისათვის ნასამართლევი გ. რ-ძე კვლავ მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ა. ხ-ან ასევე მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ Grand Power K105 მოდელის, NK044761 ცეცხლსასროლ იარაღს.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 აპრილის განაჩენით:
გ. რ-ძე, დაბადებული ... წლის ... აპრილს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
გ. რ-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა – გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
გ. რ-ს განემარტა, რომ მას უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 19 სექტემბრის განაჩენით:
ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ პაპავას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 აპრილის განაჩენი.
4. კასატორი – ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორი – თამარ პაპავა ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას და გ. რ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას.
4.1. საკასაციო საჩივრის მიხედვით, გ. რ-ის ძირითად სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება გამამართლებელია, რომელშიც გაზიარებულია დაზარალებულ კ. ც-ის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია, თუმცა, ხსენებულ განაჩენში არსებული ჩვენება სხვა მოსამართლემ უპირობოდ არ უნდა გაიზიაროს. სასამართლოში დაზარალებულმა ბრალდებული დაზუსტებით ვერ იცნო, რადგან გასული იყო 6 თვეზე მეტი ხანი. დანაშაულის ფაქტი დაფიქსირებულია გამოთხოვილი ვიდეოკამერების ჩანაწერით. ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ N... პისტოლეტის სასხლეტზე გ. რ-ის გენეტიკური პროფილის მაჟორული წილია. განსახილველი დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი უშიშროება და წესრიგი, რომლის ხელყოფის დროსაც პირს მიადგა მძიმე მორალური და ფიზიკური სახის ზიანი.
5. დაცვის მხარეს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.
6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. შესაბამისად, საკასაციო პალატა ბრალდების მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა თანახმად, განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
8. სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევით ვერ დადგინდა გ. რ-ის ყოფნა შემთხვევის ადგილზე, კერძოდ, თ-ში, მ. წ-ის ქუჩისა და თ. მ-ის გამზირის კვეთაზე გადაადგილებისას და მის მიერ ა. ხ*ან მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ ტარების ფაქტი.
9. ბრალდების მხარე მოცემული ფაქტის დამადასტურებლად მიუთითებს კ. ც-ის გამოკითხვისა და ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებზე, თუმცა, საკასაციო სასამართლოს მოცემული არ მიაჩნია საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობად, შემდეგ გარემოებათა გამო:
10. სისხლის სამართლის 1/6949-22 (გამოძიების №...) საქმეზე, სასამართლო სხდომაზე დაკითხულ დაზარალებულ კ. ც-ის ჩვენების თანახმად, შემთხვევის ან მეორე დღეს, ფოტოსურათის ნაცვლად ბრალდებული (ზოგადად და არა, კონკრეტულად, გ. რ-ძე) რომ წარედგინათ მის წინაშე ამოსაცნობად, აუცილებლად დაადასტურებდა, რომ თავდამსხმელი იყო, მაგრამ ამ მდგომარეობით, ბრალდებულს (გ. რ-ს) წონაც მეტი აქვს. სასამართლო სხდომის დარბაზში ბრალდებულის სკამზე ვინც ზის, არ ჰგავს იმ პირს, რომელიც თავს დაესხა. თავდამსხმელის ამოცნობისას, ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ის იყო. ზუსტად ახსოვს სილუეტი, სათვალე, წვერის ფერი, სახის მოყვანილობა, ცოტა გამხდარი პიროვნება იყო და წონით თუ ივარაუდებს, ბრალდებულზე ბევრად სუსტი. მომხდარი შემთხვევიდან უახლოეს დღეებში რომ ჩატარებულიყო ამოცნობა, არა ფოტოსურათით, არამედ – თვითონ ამოსაცნობი პირის მონაწილეობით, მაშინ შეძლებდა ამოცნობას. დღეის მდგომარეობით, ალბათ შეძლებდა ამოცნობას, იმავე მოყვანილობის ადამიანი რომ იყოს.
11. 2022 წლის 2 ნოემბერს ავტომანქანა ,,ტოიოტა ქამრის“, სახელმწიფო ნომრითა ,,...“ და გ. რ-ის საცხოვრებელი ბინის (მდებარე: თ-ში, ც. დ-ის ქუჩის №..-ში, მე-.. სართული) ჩხრეკისას, რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება არ ამოღებულა. პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, გ. რ-ან კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან საგანი აგრეთვე არ ამოღებულა.
12. მოწმეები: ა. ხ-ი, ლ. ფ-ძე და მ. ხ-ძე, რომლებიც მიუთითებენ, რომ აღნიშნულ ფაქტს შეესწრნენ, გამორიცხავენ გ. რ-ის შემთხვევის ადგილზე ყოფნას.
13. როგორც დაზარალებული, ასევე, დაცვის მხარის მოწმეები ასახელებენ ბრალდების შესახებ დადგენილებისგან განსხვავებულ ავტომანქანის სერიას (მოწმეები მიუთითებენ ,,WT“, ხოლო ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ავტომანქანის სერია არის „..“).
14. კასატორი საჩივარში აგრეთვე მიუთითებს ბიოლოგიურ (გენეტიკურ) ექსპერტიზის N... დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც, №... პისტოლეტის სასხლეტზე აღმოჩენილია გ. რ-ის გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი (მინორულ წილში ვლინდება ა. ხ-ის გენეტიკური თანამონაწილეობა). საკასაციო პალატა მოცემულ მითითებასთან დაკავშირებით, აღნიშნავს, რომ როგორც მოწმე ა. ხ-მა განმარტა, მის საკუთრებაში სხვა იარაღებთან ერთად არის Grand Power მოდელის, №K044761, რომელსაც მოიხმარდა ე.წ. ტირში. იქ ხშირად იმყოფებოდა გ. რ-ან ერთად, რომელიც სავაზნე კოლოფის დამუხტვაში ეხმარებოდა. იარაღზე გენეტიკური პროფილის არსებობასთან დაკავშირებით, ექსპერტმა ნ. კ-მ დამატებით განმარტა, რომ სასხლეტზე არსებული ბიოლოგიური მასალის მაჟორული წილის გ. რ-ის მიკუთვნება ნიშნავს, რომ ბიოლოგიური მასალა რამდენიმე პირს ეკუთვნის, საიდანაც უფრო მეტი წილი ეკუთვნის გ. რ-ს. ბიოლოგიური მასალის დარჩენა დამოკიდებულია საგნის ზედაპირზე, გარემოს ზემოქმედებასა და სხვა კომპლექსურ ფაქტორებზე. ლაბორატორიული კვლევის შედეგად ვერ დადგინდა ბიოლოგიური მასალის კვალის დატოვების ხანდაზმულობა.
15. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 ივნისის განაჩენით, გ. რ-ძე გამართლდა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში იმ საფუძვლით, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა გ. რ-ის მიერ დაზარალებულ კ. ც-ის მიმართ 2022 წლის 1 ნოემბერს, დაახლოებით, 13:30 საათზე ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნით მუქარისა და იმავე იარაღის კონდახის ჩარტყმით ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტი. აღნიშნული განაჩენი უცვლელად დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2023 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით, ხოლო საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2024 წლის 18 აპრილის განჩინებით (საქმე №1209აპ-23), პროკურორის საკასაციო საჩივარი არ დაუშვა განსახილველად.
16. საკასაციო პალატამ ბრალდებისა და დაცვის მხარის მტკიცებულებები განიხილა ერთობლივად, შეაფასა მათი ერთმანეთთან თანხვდენა და მიაჩნია, რომ კასატორის საჩივარში დასახელებული არგუმენტები/მტკიცებულებები არ არის საკმარისი პირის გამტყუნებისათვის. დაზარალებულის გამოძიების სტადიაზე მიცემული ინფორმაცია საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებისაგან განყენებულად ვერ განიხილება, ვინაიდან, თუ მისი შეფასების დროს წარმოიშვა ეჭვი, იგი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამასთან, საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია რაიმე უტყუარი სახის არგუმენტი მოწმეების: ა. ხ-ის, ლ. ფ-ისა და მ. ხ-ის ჩვენებების არასანდოდ მისაჩნევად (როგორც აღინიშნა, მათ გამორიცხეს გ. რ-ის რაიმე ფორმით შემხებლობა მის მიმართ ბრალად წარდგენილ ქმედებასთან).
17. ამდენად, საკასაციო პალატამ გააანალიზა საქმეში წარმოდგენილი მასალები: მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები, საგამოძიებო მოქმედების ოქმები (რომლებიც სააპელაციო სასამართლოს თავის განაჩენში ვრცლად აქვს მიმოხილული) და მიაჩნია, რომ ხსენებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს გ. რ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას (კერძოდ, რომ 2022 წლის 1 ნოემბერს, შავი „ტოიოტა ქამრის“ მარკისა და მოდელის ავტომანქანით გადაადგილებისას, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენის, შენახვისა და ტარებისათვის ნასამართლევი გ. რ-ძე, კვლავ მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ა. ხ-ან, ასევე მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ ცეცხლსასროლ იარაღს).
18. სააპელაციო სასამართლომ პროკურორის არგუმენტებს დასაბუთებული პასუხები გასცა, ხოლო საჩივარში ბრალდების მხარეს რაიმე ახალი სახის პოზიცია, რომელსაც შეეძლო სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე გავლენა მოეხდინა, არ განუცხადებია.
19. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, ,,როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის განხილვაზე იმ საფუძვლით, რომ არ არსებობს საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლები, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით“ (,,ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ,“ (Kuparadze v. Georgia), N30743/09, 21/09/2017, §76).
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ პაპავას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 19 სექტემბრის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე – ლ. თევზაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
გ. ჯეირანაშვილი