Facebook Twitter

საქმე # 010100118002270727

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1052აპ-24 ქ. თბილისი

ჩ. ი. 1052აპ-24 1 აპრილი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 27 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. ჩ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის პ. შ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით: ი. ჩ–ეს, – პირადი ნომრით ..........., – ბრალად ედებოდა:

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

ი. ჩ–ემ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და ინახავდა 12 ცალ აბს, რაც ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შეიცავს დიდი ოდენობით – 0,096 გრამ – ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება ი. ჩ–ემ 2017 წლის 8 დეკემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე ქ. ბ–ში, .....ის ქუჩაზე, უკანონოდ მიასაღა გ. კ–ეს. გასაღებული ნარკოტიკული საშუალება 2017 წლის 8 დეკემბერს ამოიღეს გ. კ–ისაგან.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 სექტემბრის განაჩენით:

2.1. ი. ჩ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

2.2. ი. ჩ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა;

2.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ი. ჩ–ეს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა;

2.4. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ'' საქართველოს კანონის შესაბამისად, ი. ჩ–ეს 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლებები ჩამოერთვა 15 წლით, ხოლო საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვა 20 წლით;

2.5. ი. ჩ–ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადა აეთვალა დაკავებიდან – 2017 წლის 30 დეკემბრიდან.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა:

3.1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ადილარი წირღვავამ მოითხოვა ცვლილება ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 სექტემბრის განაჩენში და მსჯავრდებულ ი. ჩ–ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა;

3.2. მსჯავრდებულმა ი. ჩ–ემ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ. გ–მ მოითხოვეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 სექტემბრის განაჩენის გაუქმება, ი. ჩ–ის უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება;

3.3. მსჯავრდებულ ი. ჩ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა პ. ბ–ემ მოითხოვა 2018 წლის 25 სექტემბრის განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულ ი. ჩ–ის უდანაშაულოდ ცნობა.

3.4. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა მსჯავრდებულ ი. ჩ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ. გ–მ, რომელმაც მოითხოვა არ დაკმაყოფილდეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი ი. ჩ–ისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების შესახებ.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 27 მაისის განაჩენით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი. ჩ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა პ. შ–ემ, რომელიც ითხოვს განაჩენის გაუქმებას და ი. ჩ–ის უდანაშაულოდ ცნობას.

6. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

7. „საქართველოს უზენაესი სასამართლო, ქვედა ინსტანციების სასამართლოებისგან განსხვავებით, საქმეს მთლიანად არ იხილავს... მისი განხილვის ფარგლები შეზღუდულია კონკრეტული სამართლებრივი საკითხებით“ (იხ. Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, paras. 41, 76, ECtHR, 21/09/2017). სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც ითხოვს ი. ჩ–ის უდანაშაულოდ ცნობას და გამართლებას.

8. საკასაციო სასამართლო, დაუსაბუთებლობის გამო, ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მტკიცებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ი. ჩ–ის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენის, შენახვის და გასაღების ჩადენა, ასევე - ვერ დაეთანხმება კასატორს, რომ ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერებით არ დასტურდება ი. ჩ–ის მიერ ნარკოტიკული საშუალების გადაცემა გ. კ–ისთვის. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მათ შორის: მოწმეთა – გ. კ–ის, ჯ. ც–ს, ს. დ–ს, რ. რ–ს, ა. ა–ს, რ. ზ–ს ჩვენებებით, ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერებით, 2017 წლის 8 დეკემბრის ამოღების ოქმით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში მონაწილეობაზე თანხმობის გაცხადების ოქმით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩასატარებლად გამოყოფილი ფულის კუპიურების დათვალიერების ოქმით, ქიმიური ექსპერტიზის N... დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით) გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ი. ჩ–ემ ჩაიდინა მსჯავრადშერაცხილი დანაშაულები.

9. გ. კ–ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით ჩვენების მიცემისას მიუთითა, რომ ი. ჩ–ეს იცნობს 10-12 წელია. 2017 წლის 4 დეკემბერს შეაჩერა პოლიციამ და აღმოუჩინა 6 აბი ,,სუბოქსინი.'' გამომძიებელ ჯ. ც–ეს განუცხადა, რომ ნარკოტიკი ი. ჩ–ისაგან ჰქონდა წამოღებული და შეუთანხმდა თანამშრომლობაზე. 2017 წლის 8 დეკემბერს, პლაზას შენობაში შეხვდა ი. ჩ–ეს, სადაც ნარკოტიკული საშუალების შეძენის მიზნით გადასცა 1000 ლარი. თანხის გადაცემისას ი. ჩ–ემ უთხრა, რომ ექნებოდა 12 აბი (იხ.: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის სხდომის ოქმი 11:44:05-11:44:18). მაშინვე ნარკოტიკული საშუალება არ გამოურთმევია (იხ.: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის სხდომის ოქმი 11:41:40-11:42:25), რომელიც იმავე დღეს პოლიციის სამმართველოში გამომძიებელმა ჯ. ც–ემ გადასცა. დაახლოებით 14:00 საათისათვის, პლაზის შენობაში კვლავ შეხვდა ი. ჩ–ეს და მისი ჯიპით წავიდნენ ..........ის ქუჩაზე, სადაც ი. ჩ–ეს შეუთანხმდა და გადასცა 500 ლარი. ი. ჩ–ესთან შეხვედრისას მხოლოდ ტელეფონი ჰქონდა ჯიბეში, სხვა პირადი ნივთები არ ჰქონია (იხ.: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის სხდომის ოქმი 12:12:40:12:13:26). ი. ჩ–ე გადავიდა მანქანიდან და შევიდა ერთ-ერთი მრავალსართულიანი კორპუსის სადარბაზოში. რამდენიმე წუთში დაბრუნდა უკან და ავტომანქანაში გადასცა 12 აბი ,,სუბოქსინი'', რომელიც იყო პოლიეთილენის პარკში და შემოხვეული ჰქონდა შავი მწებავი ლენტი (იხ.: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის სხდომის ოქმი 11:32:29-11:36:45). მართალია თანხა არასრულად მიუტანა, მაგრამ ი. ჩ–ემ ნარკოტიკი მაინც გადასცა, რადგან ენდობოდა, სხვა დროსაც როდესაც აკლდებოდა ნარკოტიკის შესაძენი თანხა, შემდეგ მიჰქონდა ხოლმე (იხ.: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის სხდომის ოქმი 11:42:28-11:42:45). ნარკოტიკული საშუალების გადაცემის შემდეგ მანქანით გაიარეს გარკვეული მანძილი და ი. ჩ–ემ დატოვა ქუჩის კუთხეში, ი. ჩ–ესთან დაშორების შემდეგ, შეხვდა პოლიციის თანამშრომლებს, წვიმიანი ამინდის გამო პირდაპირ ჩაჯდა მანქანაში, ქურთუკის მარჯვენა ჯიბეში ედო ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ამოიღო და აჩვენა ჯ. ც–ეს, ჯ. ც–ემ უთხრა შეენახა ჯიბეში პოლიციის განყოფილებაში მისვლამდე (იხ.: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის სხდომის ოქმი 11:36:50-11:37:50) და ხელები დაეწყო მანქანის სავარძელზე (იხ.: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის სხდომის ოქმი 12:02:40-12:03:08). ნარკოტიკი ამოიღეს პოლიციის სამმართველოს შენობაში. მოწმის განმარტებით ი. ჩ–ესთან ბოლო დროს ჰქონდა ძალიან კარგი ურთიერთობა, ი. ჩ–ემ მას შესთავაზა ნარკოტიკული საშუალება სუბოქსინი 100 დოლარად, მისთვის ეს მისაღები თანხა იყო და დასთანხმდა, მოწმის განმარტებით ი. ჩ–ემ მას ნარკოტიკი იმიტომ შესთავაზა, რომ იცოდა ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი იყო (იხ.: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის სხდომის ოქმი 11:39:27-11:40:08). მას ბევრჯერ აქვს ნარკოტიკული საშუალება შეძენილი ი. ჩ–ისგან, თუმცა ზუსტად რამდენჯერ არ ახსოვს (იხ.: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის სხდომის ოქმი 11:45:20-11:45:25). რამდენიმე შემთხვევის შემდეგ პოლიციასთან თანამშრომლობა გადაწყვიტა, რადგან ყველაფერი ყელში ამოუვიდა და უნდოდა გაჩერებულიყო (იხ.: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის სხდომის ოქმი 11:40:20- 11:41:01). თანამშრომლობის საპასუხოდ მის მიმართ რაიმე სახის შეღავათის დაპირება იმ საქმესთან მიმართებით, სადაც მას ნარკოტიკული საშუალებები უპოვეს 2017 წლის 4 დეკემბერს არ ყოფილა (იხ.: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის სხდომის ოქმი 11:46:20- 11:46:45). 2017 წლის 4 დეკემბერს, როდესაც შეაჩერეს ის ასევე იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ, მის მიმართ ახლა გამოძიება ასევე მიმდინარეობს 2017 წლის 4 დეკემბრის ფაქტთან დაკავშირებით და წაყენებული აქვს ბრალი (იხ.: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის სხდომის ოქმი 11:50:55-11:52:23). მოწმის განმარტებით მას ი. ჩ–ის საყოფაცხოვრებო ვალი (ავტოავარიის გამო მანქანის შესაკეთებლად მიცემული თანხა) არ ჰქონია (იხ.: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის სხდომის ოქმი 11:49:30-11:50:06; 11:54:56-11:55:04). ი. ჩ–ე მას სთხოვდა თანხას, რადგან წინა შეხვედრაზე გამოართვა ნარკოტიკული საშუალებები, რომელთა თანხაც დააკლდა, ზუსტად არ ახსოვს რამდენი, რადგან ეს ნარკოტიკის თანხა იყო და დიდად ყურადღებას არ აქცევდა. შემდეგ შეხვედრაზეც არ მიუტანია მთლიანად ის თანხა, რომელსაც სთხოვდა, რადგან ვალად არ თვლიდა (იხ.: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის სხდომის ოქმი 12:04:25-12:05:38). მიუხედავად იმისა, რომ თანხა აკლდებოდა, ი. ჩ–ე ნარკოტიკულ საშუალებებს მაინც აძლევდა. მას ჯამში მისაცემი ჰქონდა 1200 დოლარი, პირველ ჯერზე მისცა 1000 ლარი და შემდეგ მიიტანა 500 ლარი, ი–მ ნარკოტიკები როდესაც მისცა ასევე დაუზუსტა რამდენი დარჩა მისატანი, თუმცა არ ახსოვს (იხ.: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის სხდომის ოქმი 12:06:45-12:07:40).

10. მოწმე გ. კ–ის ჩვენება თანხვდენილია სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებულ ფარულ აუდიო-ვიდეო ჩანაწერებთან. ამასთან, მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ ფარულ აუდიო-ვიდეო ჩანაწერებზე ასახული პირი არის ი. ჩ–ე. გ. კ–ის იდენტურად მიუთითეს 2017 წლის 8 დეკემბერს განვითარებულ მოვლენებზე (ი. ჩ–ესთან გ. კ–ის ორჯერ შეხვედრაზე, თანხის, პირველად 1000 ლარის და შემდგომ 500 ლარის გადაცემაზე, სანაცვლოდ ნარკოტიკული საშუალების – 12 აბი სუბოქსინის გადაცემაზე, რომელიც ამოიღეს პოლიციის სამმართველოში) საგამოძიებო მოქმედებებში ჩართულმა პირებმა: ს. დ–ემ (იხ.: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის სხდომის ოქმი 15:32:19-15:55:52), რ. რ–მ (იხ.: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 მარტის სხდომის ოქმი 12:28:22-13:34:37), ჯ. ც–ემ (იხ.: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 აგვისტოს სხდომის ოქმი 15:14:52-15:54:25), რ. ზ–მ (იხ.: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ივლისის სხდომის ოქმი 14:40:59 – 14:49:05) და ა. ა–მა (იხ.: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 სექტემბრის სხდომის ოქმი 16:27:12 – 16:32:01).

11. საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოწმე გ. კ–ის სავარაუდო უკანონო ქმედებას, მსჯავრდებულის ცრუდ დასმენის/მსჯავრდების ფარულ განზრახვას (იხ. Milinienė v. Lithuania, no. 74355/01, §§33,39, ECtHR,24/06/2008), კონკრეტულად ი. ჩ–ის მიმართ ისეთი სახის დაინტერესებას რაც საეჭვოს გახდიდა მისი ჩვენების სანდოობას; იმ გარემოებას რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებით არ დასტურდება დანაშაულის პროვოცირება (არც მატერიალურ-სამართლებრივი და არც პროცედურული ტესტით (მაგალითისთვის იხ. Bannikova v. Russia, no. 18757/06, §§ 37,51, ECtHR, 4/11/2010); დაცვის მხარეს ჰქონდა მოწმე გ. კ–ისა და ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე გამოძიების ორგანოს წარმომადგენლების დაკითხვის შესაძლებლობა (იხ. მაგალითად, Lüdi v. Switzerland, no. 12433/86, §49, ECtHR, 15/06/1992; Bulfinsky v. Romania, no. 28823/04, §45, ECtHR,1/06/2010); საქმეში წარმოდგენილი და არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულება - ვიდეოჩანაწერები ადასტურებს რომ გ. კ–ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია დანაშაულის პროვოკაციას, ი. ჩ–ის ,,მახეში გაბმას“ და მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას, რათა მას გაესაღებინა ნარკოტიკული საშუალება. გ. კ–ის მიერ განხორციელებული ქმედება არ გაცდენილა ,,პასიურ როლს“, ადგილი არ ჰქონდა აქტიურობას და დაყოლიებას. ი. ჩ–ემ ყოყმანის გარეშე მიასაღა მას ნარკოტიკული ნივთიერება. შესაბამისად, მოწმის თანამშრომლობა გამოძიების ორგანოებთან, მოცემულ შემთხვევაში ვერ გახდება ჩვენების გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი. ამასთან, სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დაიკითხა ყველა ის პირი, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა საგამოძიებო მოქმედებებში და დაცვის მხარეს მიეცა შესაძლებლობა სრულყოფილად მიეღო მონაწილეობა მტკიცებულებათა გამოკვლევაში. იმავდროულად, გ. კ–ის მამხილებელი ჩვენება არ წარმოადგენს ი. ჩ–ის ბრალეულობის დამადასტურებელ ერთადერთ მტკიცებულებას.

12. სასამართლო ითვალისწინებს 2017 წლის 8 დეკემბრის ამოღების ოქმს (იხ.: ტ.1, ს.ფ. 191-195) და 2017 წლის 8 დეკემბრის ქიმიური ექსპერტიზის №... დასკვნას (იხ.: ტ.1, ს.ფ. 207-210), ჯ. ც–ისა და ს. დ–ის ჩვენებებს.

12.1. გამომძიებელ ჯ. ც–ის განმარტებით 2017 წლის 8 აგვისტოს იყო ცუდი, წვიმიანი ამინდი, ამასთან არ უნდოდათ ყურადღების მიქცევა და საგამოძიებო მოქმედების იქ ჩატარება, სადაც ი. ჩ–ემ მანქანიდან ჩამოსვა გ. კ–ე, ვინაიდან ი. ჩ–ის წინააღმდეგ გრძელდებოდა გამოძიება მასთან დაკავშირებული იმ პირების დასადგენად, რომელთაც ს–ში შემოჰქონდათ ნარკოტიკული საშუალებები. შესაბამისად, გ. კ–ე გადაყვანილ იქნა სამმართველოში და ჩატარდა ნარკოტიკული საშუალების ამოღება, რომელიც შეიძინა ი. ჩ–ისაგან (იხ.: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 აგვისტოს სხდომის ოქმი 15:29:54-15:30:39; 15:45:20-15:48:03). ანალოგიურ გარემოებებზე მიუთითა ს. დ–მ და დამატებით განმარტა, რომ გ. კ–ე ი. ჩ–ემ ნარკოტიკის შეძენის შემდეგ ჩამოსვა მანქანიდან წ–ს ქუჩაზე, 2-3 წუთში კი თვითონ ჩაისვეს მანქანაში, თუმცა მთელი პერიოდი უწყვეტად აკონტროლებდნენ ვიზუალურად, გ. იდგა ერთ ადგილას, ისინი ელოდებოდნენ როდის მიეფარებოდა ი. ჩ–ე თვალს, რათა გ. ჩაესვათ მანქანაში (იხ.: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის სხდომის ოქმი 15:51:40-15:53:00). მისი კოლეგები გ. კ–ეს აკონტროლებდნენ ასევე მანქანაში ყოფნის დროს სამმართველოში მისვლამდე (იხ.: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის სხდომის ოქმი 15:45:10-15:45:36).

13. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მტკიცებას, რომ ი. ჩ–ე გ. კ–ისგან ითხოვდა მისთვის სესხის სახით უკან გადაცემული თანხის დაბრუნებას. ფარულ ვიდეოჩანაწერებში ასახული ი. ჩ–ისა და გ. კ–ის კომუნიკაციით დგინდება, რომ გ. კ–ეს წარსულშიც შეუძენია ნარკოტიკული საშუალებები ი. ჩ–ისაგან, რისი თანხაც სრულად არ აქვს გადახდილი და რის გადახდასაც ითხოვს მისგან მსჯავრდებული. მათ შორის არსებული კომუნიკაციით ცალსახად დგინდება, რომ თანხა, რომელიც გ. კ–ეს აქვს მისაცემი ი. ჩ–ისათვის არის ნარკოტიკული საშუალების ღირებულება, რომელსაც ის ნაწილ–ნაწილ უხდის, ი. ჩ–ე კი აძლევს პარტნიორს (როგორც თავადვე უთითებს ვიდეოჩანაწერში), რომ მისგან მიიღოს ნარკოტიკული საშუალებები და გაასაღოს. სასამართლო ითვალისწინებს გ. კ–ისა (იხ.: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის სხდომის ოქმი 12:04:25-12:05:38) და ჯ. ც–ის ჩვენებებს (იხ.: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 აგვისტოს სხდომის ოქმი 15:51:10-15:51:59), იმ გარემოებას, რომ დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე ინფორმაცია/მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ გ. კ–ეს ჰქონდა ი. ჩ–ის საყოფაცხოვრებო ვალი.

14. დაცვის მხარის პრეტენზიაზე, რომ ი. ჩ–ე არ იქნა დაკავებული მყისიერად, როდესაც 12 აბი გადასცა გ. კ–ეს, მით უფრო რომ მოწმე პოლიციელთა განმარტებით ისინი ვიზუალურ კონტროლს აწარმოებდნენ, როგორც გ. კ–ეზე ისე ი. ჩ–ეზე, – სასამართლო ითვალისწინებს სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ 2017 წლის 8 დეკემბრის პატაკს (რ. რ–ეს ჰქონდა ოპერატიული ინფორმაცია, რომ ი. ჩ–ე დაკავშირებული იყო იმ დროისათვის მათთვის დაუდგენელ პირთან, რომელთან ერთადაც უკანონოდ ეწეოდა ს–ში დიდი პარტიებით ნარკოტიკული საშუალებების შემოტანას და შემდგომ რეალიზაციას. მისი ინფორმაციით ი. ჩ–ე აღნიშნულ პირს უნდა შეხვედროდა 2017 წლის 11 დან 15 დეკემბრამდე შუალედში, ქ. ბ–ში, რის შემდეგაც მითითებული პირი მისი ავტომობილით უნდა წასულიყო თ–ში და ს–ში შემოეტანა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები (იხ.: ტ.1, ს.ფ. 136)), რ. რ–ისა (იხ.: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 მარტის სხდომის ოქმი 12:30:15-12:31:05) და ს. დ–ის (იხ.: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის სხდომის ოქმი 15:42:15-15:43:07) ჩვენებებს.

15. დაუსაბუთებლობის გამო სასამართლო ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის პრეტენზიას, იმ ადგილის, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის არ ჩატარების შესახებ, საიდანაც საკონტროლო შესყიდვის დროს თითქოსდა ი. ჩ–ემ გამოიტანა ნარკოტიკული საშუალებები და გადასცა გ. კ–ეს. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლებისათვის ცნობილი იყო მხოლოდ საცხოვრებელი კორპუსი და იმ მრავალბინიანი სახლის სადარბაზო, რომლიდანაც ი. ჩ–ემ გამოიტანა ნარკოტიკული საშუალება. სხვა დამატებითი ინფორმაცია (კონკრეტულად რომელ სართულზე, ვის სახლში იმყოფებოდა ი. ჩ–ე და ა.შ.) საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლებისათვის არ იყო ცნობილი. აღნიშნულზე ინფორმაცია არ ჰქონდა არც გ. კ–ეს.

16. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ი. ჩ–ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები.

17. ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი−მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-6 მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც შესაბამისი დანაშაული 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინა.

18. ი. ჩ–ემ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულები ჩაიდინა 2017 წლის 8 დეკემბერს. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კი საბოლოო სასჯელად განსაზღვრული აქვს – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

19. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ დანაშაულზე, რომელიც გათვალისწინებულია მათ შორის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4, მე-5 ან მე-7 ნაწილით. შესაბამისად, ი. ჩ–ისათვის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრულ სასჯელზე ამნისტია არ ვრცელდება.

20. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთან მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმად, დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია მათ შორის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ან „გ“−„ე“ ქვეპუნქტებით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო წარმოებისა ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებისა, წარმოებისა, შეძენისა, შენახვისა, გადაზიდვისა ან გადაგზავნისა). ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით ამ კანონის მე-2 მუხლით (გარდა მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა).

20.1. ი. ჩ–ეს დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან – 2017 წლის 30 დეკემბრიდან. შესაბამისად, ი. ჩ–ეს უკვე სრულად აქვს მოხდილი დანიშნული სასჯელი, რის გამოც სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას უკვე მოხდილ სასჯელზე გაავრცელოს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 23 ოქტომბრის N1022აპ-24 განაჩენი; 2024 წლის 4 დეკემბრის N1218აპ-24 განაჩენი; 2024 წლის 21 ნოემბრის N1331-24 განჩინება).

21. „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვეობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხოციელების კანონიერ მიზანს“ (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Nersesyan, cited above, par.22; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, 14/04/2009). ამასთან, ვინაიდან მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, par.77, ECtHR, 18/03/2021).

22. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

23. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

24. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

25. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 27 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. ჩ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის პ. შ–ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

მ. ვასაძე