საქმე # 010100123008061056
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1098აპ-24 ქ. თბილისი
კ. პ. 1098აპ-24 20 მარტი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 31 მაისის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით პ. კ–ის, – დაბადებული 19.. წელს, – მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2023 წლის 24 სექტემბერს, საღამოს საათებში, ქ–ს მუნიციპალიტეტში, რ–ს ქუჩის N…-ში მდებარე ბინა N..-ში, პ. კ–მა საყოფაცხოვრებო საკითხებთან დაკავშირებით წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყურის არეში მუშტის დარტყმით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავისი ოჯახის წევრს, მასთან რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ვ. ბ–ს (V. B–H), რომელთან ერთადაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. აღნიშნული ქმედებით პ. კ–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის)117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 23 იანვრის განაჩენით პ. კ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
2.1. პ. კ–ს განემარტა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოლღა მერებაშვილმა და მოითხოვა პ. კ–ის დამნაშავედ ცნობა ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენისათვის და მისთვის მუხლების სანქციით გათვალისწინებული სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის – მაქსიმალური ხანგრძლივობით შეფარდება, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.
3.1. პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა გამართლებულ პ. კ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – მ. ზ–მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 31 მაისის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 23 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ოლღა მერებაშვილმა, რომელიც ითხოვს პ. კ–ის დამნაშავედ ცნობას ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენისათვის და მისთვის მუხლის სანქციით გათვალისწინებული უმკაცრესი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის – პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით შეფარდებას.
5.1. პროკურორის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა გამართლებულ პ. კ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – მ. ზ–მ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.
6. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
7. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი ბრალდების მხარე ითხოვს გამართლებული პ. კ–ის დამნაშავედ ცნობას ბრალადწარდგენილი – საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, ხოლო ადვოკატი – შესაგებლით – გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.
8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც განაპირობეს პ. კ–ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში გამართლება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა ვ. ბ–მა (გამართლებულის მეუღლე) სასამართლოში საქმის განხილვისას ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის (მეუღლის) – პ. კ–ის – წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
9. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N 2/2/1276 საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77). ამასთან, მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
10. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ საქმეში წარმოდგენილი პოლიციის თანამშრომლების – პ. მ–ს და რ. ბ–ს (ისინი ინციდენტის – პ. კ–ის მიერ ვ. ბ–ის მიმართ – ძალადობის, ასეთის არსებობის შემთხვევაში, შემსწრენი არ არიან) ჩვენებები, ასევე სამედიცინო ექსპერტიზის 2023 წლის 26 ოქტომბრის №........ დასკვნა (სამედიცინო შემოწმებისას - 2023 წლის 25 სექტემბერს – ო. ბ–ს თავის, სახის, კისრისა და მტევნების მიდამოებში ფიზიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშანი არ აღენიშნებოდა), 2023 წლის 24 სექტემბრით დათარიღებული №....... შემაკავებელი ორდერი და მისი ოქმი (ორდერი გაიცა მოძალადე პ. კ–ის მიმართ, რომელმაც მსხვერპლის – მეუღლის ვ. ბ–ის მიმართ ფიზიკურად იძალადა, კერძოდ, მარჯვენა მუშტი ერთხელ დაარტყა მარჯვენა ყურის არეში, რა დროსაც მან განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი; მსხვერპლს მარჯვენა ყურს უკან აღენიშნება სიწითლე. ოქმის თანახმად, ძალადობის ფაბულა შედგენილია ვ. ბ–ის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე), საქართველოს შსს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ ,,112-ის“ აუდიოშეტყობინება (პატარა ბავშვთან ერთად ვცხოვრობ, მამამისმა გადაწყვიტა, რომ ვეცემე; დაზიანება არ მაქვს; ვცხოვრობ ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ; სასწრაფო დახმარება არ მჭირდება; თქვენ უნდა აუხსნათ, რომ არ შეიძლება ქალის ცემა) საკმარისია პ. კ–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, მისთვის ბრალადწარდგენილი ქმედების ჩადენაში, ვინაიდან:
10.1. მითითებული მოწმეების ჩვენებები არის ირიბი, რადგან ისინი ძალადობის არცერთ ფაქტს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, უშუალოდ არ შესწრებიან და მომხდარის შესახებ გადმოცემით იციან დაზარალებულისაგან. საკასაციო სასამართლო კი ამჯერადაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის „შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52).
10.2. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომელზეც, მათ შორის, საკასაციო საჩივარში უთითებს ბრალდების მხარე, ვერ დასტურდება, არათუ ის გარემოება, რომ გამართლებულმა ჩაიდინა მისთვის ბრალადწარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება, არამედ დაზარალებულის სხეულზე ფიზიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშანი. მიუხედავად აღნიშნულისა. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ შეუძლებელია ექსპერტიზის დასკვნით ობიექტურად განისაზღვროს დაზიანების მიმყენებელი პირის ვინაობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
10.3. სასამართლო ითვალისწინებს, რომ, მართალია შემაკავებელი ორდერი და შეტყობინება უთითებს გამართლებულზე, როგორც მოძალადეზე (იმავდროულად, შემაკავებელი ორდერის თანახმად, ვ. ბ–ის მიერ მიწოდებული ინფორმაციით მუშტის მარჯვენა ყურის არეში დარტყმით განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ხოლო ,,112-ის“ აუდიოშეტყობინების თანახმად, – ვ. ბ–ის მიერ მიწოდებული ინფორმაციით მას დაზიანება არ აქვს და სასწრაფო დახმარება არ სჭირდება), თუმცა აღნიშნული მტკიცებულებების პირველწყარო არის მხოლოდ ერთი პირი – დაზარალებული, რომლის დაკითხვის და შესაბამისად – მტკიცებულებაში ასახული ინფორმაციის სარწმუნოობისა და ინფორმაციის მიმწოდებლის სანდოობის გამოკვლევის შესაძლებლობა არსებითი განხილვის ფარგლებში დაცვის მხარეს არ მიეცა (დაზარალებულმა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით). შესაბამისად, დაზარალებულის მიერ საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის ფარგლებში ჩვენების მიცემაზე უარის თქმის პირობებში, მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს პ. კ–ის მიერ ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენას.
10.3.1. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კვალიფიკაცია, ფიზიკური ძალადობის შემთხვევაში, მოითხოვს ტკივილის განცდის შეგრძნებას. დაზარალებულის შეტყობინებით, შემაკავებელი ორდერით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებითა და წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებებით კი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, არ დასტურდება დანაშაულის აუცილებელი კომპონენტი – დაზარალებულის მიერ ფიზიკური ტკივილის განცდა.
11. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ, მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულმა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის (მეუღლის) – პ. კ–ის – წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე; სხდომაზე დაკითხული მოწმეები უშუალოდ არ შესწრებიან ძალადობის რომელიმე ფაქტს, ასეთის არსებობის შემთხვევაში; მოწმეთა ჩვენებები და წერილობითი მამხილებელი მტკიცებულებები, ეფუძნება მხოლოდ დაზარალებულის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ხოლო დაცვის მხარეს არსებით სასამართლო სხდომაზე არ ჰქონდა აღნიშნული მტკიცებულებების პირველწყაროს დაკითხვის და მის მიერ შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში მიწოდებული ინფორმაციის სარწმუნოობის შემოწმების/შედავების შესაძლებლობა, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
12. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ვერ დასტურდება პ. კ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
13. „ხელისუფლების ორგანოებმა უნდა გადადგან ყველა გონივრული ნაბიჯი, რათა უზრუნველყონ ინციდენტთან დაკავშირებული მტკიცებულებები...ოჯახში ძალადობის საქმეების განხილვა საჭიროებს განსაკუთრებულ გულისხმიერებას და ეროვნული სამართალწარმოების დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ოჯახში ძალადობის სპეციფიკური ბუნება“ (Volodina v. Russia, ECtHR, no. 41261/17, §92, ECtHR, 09/07/2019); ,,ოჯახში ძალადობის ინციდენტის საპასუხოდ მტკიცებულებების შეგროვებაში ხარვეზებმა შეიძლება გამოიწვიოს რეალურად განხორციელებული ძალადობის ხარისხის არასათანადოდ შეფასება. აგრეთვე ამან შეიძლება მავნე ზეგავლენა იქონიოს სისხლისსამართლებრივი გამოძიების დაწყების პერსპექტივაზე და მომავალში ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს გული აუცრუოს ხელისუფლებისთვის მოძალადე ოჯახის წევრების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებაზე, რომლებიც ხშირად საზოგადოების მხრიდან ისედაც წნეხის ქვეშ არიან” (Tkhelidze v. Georgia, no. 33056/17, §54, ECtHR, 8/07/2021).
14. „საქართველოს უზენაესი სასამართლო, ქვედა ინსტანციების სასამართლოებისგან განსხვავებით, საქმეს მთლიანად არ იხილავს... მისი განხილვის ფარგლები შეზღუდულია კონკრეტული სამართლებრივი საკითხებით“ (იხ. Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, paras. 41, 76, ECtHR, 21/09/2017) .
15. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
16. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
18. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 31 მაისის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
მ. ვასაძე