საქმე # 190100123008093595
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1180აპ-24 ქ. თბილისი
მ. გ. 1180აპ-24 25 მარტი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 23 სექტემბრის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა მერაბიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. მ–ის, – პირადი ნომერი ………, – მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
1.1. 2023 წლის ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, ქ. გ–ში, ს–ს დასახლება N....-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში გ. მ–ი სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მამას – ვ. მ–ს, რითაც ვ. მ–მა განიცადა ტანჯვა. ასევე 2023 წლის 18 სექტემბერს, ქ. გ–ში, ს–ს დასახლება N....-ში, საცხოვრებელ სახლში გ. მ–მა მამას – ვ. მ–ს გაარტყა ხელი სახის არეში, ვინაიდან ვ. მ–მა სთხოვა აღარ დაელია ალკოჰოლური სასმელი. ზემოაღნიშნული ძალადობის შედეგად ვ. მ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.1.1. აღნიშნული ქმედებით გ. მ–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;
1.2. 2023 წლის 17 სექტემბერს, ქ. გ–ში, ს–ს დასახლება N....-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, დანის დემონსტრირებით, გ. მ–მა მამას – ვ. მ–ს განუცხადა, რომ მოკლავდა, ვინაიდან ვ. მ–ი სთხოვდა, აღარ მიეღო ალკოჰოლური სასმელი. მუქარა ვ. მ–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.2.1. აღნიშნული ქმედებით გ. მ–მა ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით;
1.3. 2023 წლის ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, ქ. გ–ში, ს–ს დასახლება N....-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გ. მ–ი სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ლ. გ–ას – პირს ვისთან ერთადაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, ლ. გ–ას არასრულწლოვანი შვილების (ს. ა–ისა და ფ ა–ის) თანდასწრებით, აღნიშნული ქმედების შედეგად, ლ. გ–ამ განიცადა ტანჯვა.
1.3.1. აღნიშნული ქმედებით გ. მ–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით;
1.4. 2023 წლის 27 სექტემბერს, ქ. გ–ში, ს–ს დასახლება N....-ში, საცხოვრებელ სახლში გ. მ–მა ლ. გ–ას, ვისთან ერთადაც ეწოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, რაიმე კონკრეტული მიზეზის გარეშე, განუცხადა, რომ მოკლავდა. მუქარა ლ. გ–მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.4.1. აღნიშნული ქმედებით გ. მ–მა ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით.
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 5 ივნისის განაჩენით:
2.1. გ. მ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით (2023 წლის 17 სექტემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში;
2.2. გ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით (2023 წლის 27 სექტემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 8 თვითა და 8 დღით, რომლის ათვლა დაეწყო დაკავების მომეტიდან – 2023 წლის 28 სექტემბრიდან.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლაშა მერაბიშვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ბრალადწარდგენილ ყველა ეპიზოდში – საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) – გ. მ–ის დამნაშავედ ცნობა. ასევე, მისთვის სამართლიანი სასჯელის შეფარდება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 23 სექტემბრის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 5 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლაშა მერაბიშვილმა, რომელიც ითხოვს გ. მ–ის დამნაშავედ ცნობას, მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით (2023 წლის 17 სექტემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენისათვის.
6. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
7. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი ბრალდების მხარე ითხოვს გ. მ–ის დამნაშავედ ცნობას, მათ შორის, ბრალადწარდგენილი – საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით (2023 წლის 17 სექტემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული – დანაშაულების ჩადენაში, რომელთა ჩადენაშიც რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 5 ივნისის განაჩენით უდანაშაულოდ იქნა ცნობილი.
7.1. ამდენად, დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის არარსებობის პირობებში, მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანი არ არის გ. მ–ის საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ”' ქვეპუნქტით (2023 წლის 27 სექტემბრის ეპიზოდი) მსჯავრდება. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზით არ იკვეთება ისეთი გარემოება, რომელმაც, შესაძლოა, საეჭვო გახადოს გ. მ–ის მსჯავრდება, შესაბამისად, სასამართლო არ იმსჯელებს განაჩენის ამ ნაწილზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ გ. მ–ს გასაჩივრებული განაჩენით საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით (2023 წლის 27 სექტემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 8 თვითა და 8 დღით, რომლის ათვლა დაეწყო დაკავების მომეტიდან – 2023 წლის 28 სექტემბრიდან, შესაბამისად, აღნიშნული სასჯელი დღეის მდგომარეობით მოხდილია და არ არსებობს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენების საკითხზე მსჯელობის საფუძველი.
8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ რუსთავის რაიონულ სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც განაპირობა გ. მ–ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ'' ქვეპუნქტით (2023 წლის 17 სექტემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში გამართლება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
9. უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N 2/2/1276 საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77). ამასთან, მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
10. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია, გ. მ–ის მიმართ, გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, მისთვის ბრალადწარდგენილი ქმედებების ჩადენაში.
10.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულებმა სასამართლოში საქმის განხილვისას არ დაადასტურეს გ. მ–ის მიერ მათ მიმართ ძალადობა ან/და მუქარა. კერძოდ, ვ. მ–მა (გ. მ–ის მამა) განმარტა, რომ გ. მ–მა მსუბუქად წაარტყა კეფაში, რაც არ სტკენია; სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ორჯერ, ხოლო დაზარალებულმა ლ. გ–ამ (გ. მ–ი არის მისი ბიძა და ისინი ერთ სახლში ცხოვრობენ და ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას) არ დაადასტურა გ. მ–ის მიერ მის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა ( დაზარალებულმა განმარტა, რომ როდესაც გ. მ–ი ნასვამია, ჩხუბობს და ყვირის, რის გამოც თავად ცუდად ხდება. 27 სექტემბერს გ. მ–ი ჩხუბობდა, რის გამოც მეზობელმა დარეკა ,,112-ში”. გ. მ–ი სისტემატურად არ აყენებდა შეურაცხყოფას. მხოლოდ ერთხელ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ერთხელ დაემუქრა). ამასთან, საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ამ ნაწილში გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
10.2. სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დაკითხული მოწმეების ჩვენებები არის ირიბი, რადგან ისინი ძალადობის ან/და მუქარის არცერთ ფაქტს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, უშუალოდ არ შესწრებიან და მომხდარის შესახებ გადმოცემით იციან დაზარალებულებისაგან. საკასაციო სასამართლო კი ამჯერადაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის „შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52).
10.3. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებთან დაკავშირებით სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ არ შეიძლება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, თუ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს პრაქტიკულად ადგილზე შემოწმდა დაზარალებულის ჩვენება. მოცემულ შემთხვევაში, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები შინაარსობრივად არის დაზარალებულების (მოწმეების) ჩვენებების – მათ მიერ გამოკითხვის ოქმებში მოწოდებული ინფორმაციის შემოწმება. მოწმის/დაზარალებულის ჩვენება და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, მართალია, ორი სხვადასხვა მტკიცებულებაა, მაგრამ ცალსახაა, რომ, ორივე შემთხვევაში, ინფორმაციის მომწოდებელი წყარო არის ერთი და იგივე პირი (მაგალითისთვის, იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები: №315აპ-20; №49აპ-20; №679აპ-20; №442აპ-21).
10.4. სასამართლო ითვალისწინებს, რომ, შემაკავებელი ორდერებში მითითებული ინფორმაციის პირველწყაროები არიან მხოლოდ – დაზარალებულები, რომლებმაც, სასამართლო სხდომაზე არ დაადასტურა გ. მ–ის მიერ მათ მიმართ დანაშაულის ჩადენა. კერძოდ, ვ. მ–მა მის მიმართ – ფიზიკური ძალადობის, სისტემატური შეურაცხყოფის ან/და მუქარის, ხოლო ლ. გ–ამ – სისტემატური შეურაცხყოფის ფაქტები, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
10.5. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2023 წლის 31 ოქტომბრის N............ დასკვნის თანახმად, ვ. მ–ს ობიექტური შემოწმებით სხეულზე ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში ფიზიკური დაზიანების ნიშნები არ აღენიშნება; სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რათა დადგენილიყო, დაზარალებულებმა განიცადეს თუ არა სტრესი ან/და ტანჯვა ან/და მათ ქმედებებზე იქონია თუ არა გავლენა გ. მ–ის მიერ განხორციელებულმა სისტემატიურმა შეურაცხყოფამ, ასეთის არსებობის შემთხვევაში. საკასაციო სასამართლო კი კვლავაც აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კვალიფიკაცია მოითხოვს, ფიზიკური ძალადობის შემთხვევაში – ტკივილის განცდის, სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების შემთხვევაში – ტანჯვის, ხოლო საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით კვალიფიკაციის შემთხვევაში – საფუძვლიანი შიშის გამოწვევის შეგრძნებას. წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის, დაზარალებულებისა და მოწმეთა ჩვენებებით კი – არ დასტურდება მითითებული დანაშაულების აუცილებელი კომპონენტი – დაზარალებულის მიერ ტანჯვის ან/და ვ. მ–ის შემთხვევაში, იმავდროულად, ტკივილისა და შიშის განცდა.
11. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ, მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულებმა არ დაადასტურეს პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული გარემოებები, გ. მ–მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში; სხდომაზე დაკითხული მოწმეები უშუალოდ არ შესწრებიან ძალადობის/სისტემატური შეურაცხყოფა/მუქარის რომელიმე ფაქტს, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ამასთან, მოწმეთა ჩვენებები და წერილობითი მამხილებელი მტკიცებულებები, ეფუძნება მხოლოდ დაზარალებულების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რაც დაზარალებულებმა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას არ დაადასტურეს, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
12. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ვერ დასტურდება გ. მ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ'' ქვეპუნქტით (2023 წლის 17 სექტემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
13. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
14. „საქართველოს უზენაესი სასამართლოს განხილვის ფარგლები შეზღუდულია კონკრეტული სამართლებრივი საკითხებით“ (იხ. Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, paras. 41, 76, ECtHR, 21/09/2017) და „როდესაც სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
15. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
16. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
18. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 23 სექტემბრის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა მერაბიშვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
მ. ვასაძე