Facebook Twitter

საქმე N 330100123008336991

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1355აპ-24 ქ. თბილისი

ჯ–ა გ., 1355აპ-24 1 აპრილი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ჯ–ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ტ–ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 25 ივნისის განაჩენით გ. ჯ–ა, − დაბადებული 19.. წელს, − ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა გ. ჯ–ს მიმართ, წინა − თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 16 ივლისის განაჩენით დანიშნული და სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2023 წლის 13 სექტემბრის N.......... გადაწყვეტილებით გ. ჯ–ს მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა, მთლიანად შთანთქას წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ჯ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით.

გ. ჯ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და სასჯელის მოხდის ვადის აეთვალა დაკავების დღიდან − 2023 წლის 2 ნოემბრიდან.

2. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

2023 წლის 14 სექტემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ. თ–ში, ჯ–ს ქუჩის N..-ში მდებარე რესტორან ,,მ–ადან’’, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრისა და 2021 წლის 16 ივლისის განაჩენებით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის ორჯერ ნასამართლევი გ. ჯ–ა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა მ. ხ–ს კუთვნილ, ,,აიფონ 12-ის“ ფირმის მობილურ ტელეფონს, რის შედეგადაც დაზარალებულს მიადგა 1 900 (ათას ცხრაასი) ლარის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 25 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. აპელანტმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის შემცირების კუთხით.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ნოემბრის განაჩენით მსჯავრდებულ გ. ჯ–ს და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ტ–ის დაზუსტებული სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 25 ივნისის განაჩენი შეიცვალა:

გ. ჯ–ა ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა გ. ჯ–ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 16 ივლისის განაჩენით დანიშნული და სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2023 წლის 13 სექტემბრის N......... გადაწყვეტილებით გ. ჯ–ს მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი და აღსრულდა მის მიმართ აღნიშნული განაჩენით (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-4 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტებით) დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი − თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით, 4 (ოთხი) თვითა და 16 (თექვსმეტი) დღით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ასევე შეუმცირდა ერთი მეექვსედით და ზემოაღნიშნული განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით, 9 (ცხრა) თვითა და 23 (ოცდასამი) დღით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ჯ– სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით.

გ. ჯ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავების დღიდან − 2023 წლის 2 ნოემბრიდან.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა გ. ჯ–ამ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. ტ–ემ. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრებით მოითხოვს მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული შეღავათის გამოყენებით. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი არის ზედმეტად მკაცრი, მისი ოჯახური, ჯანმრთელობის და ასევე – პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი არაერთი გარემოების გათვალისწინებით.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარის მოთხოვნა დაკავშირებულია მხოლოდ სასჯელთან, კერძოდ, მსჯავრდებულ გ. ჯ–ათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებასთან.

9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

10. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოსამართლე თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე შემამსუბუქებელ გარემოებებს. მნიშვნელოვანია, რომ საბოლოოდ დანიშნული სასჯელი ემსახურებოდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

11. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულ გ. ჯ–ათვის სასჯელის შემსუბუქების შესახებ, ვინაიდან მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს და იგი სამართლიანია.

12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის სანქცია, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ათ წლამდე ვადით. გ. ჯ–ს სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის და 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, გაუქმებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 16 ივლისის განაჩენით დანიშნული და სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2023 წლის 13 სექტემბრის N.......... გადაწყვეტილებით გ. ჯ– მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გამოყენებულია სასჯელთა შთანთქმის პრინციპი, კერძოდ, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქა – თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 16 ივლისის განაჩენით დანიშნული და სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2023 წლის 13 სექტემბრის N.............. გადაწყვეტილებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი.

13. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სრულად გაითვალისწინეს დაცვის მხარის მიერ საკასაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები, მათ შორის, ის, რომ მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, ასევე, გ. ჯ–ს კანონშესაბამისი და ეთიკური ქცევა სასამართლო განხილვის დროს. ამავე დროს, სასამართლომ აგრეთვე გაითვალისწინა გ. ჯ–ს მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმე, საზოგადოებრივი საშიშროება და ხასიათი, მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები (მსჯავრდებული მიდრეკილია განზრახი დანაშაულის ჩადენისკენ, რასაც ადასტურებს წარსულში მისი არაერთი ნასამართლობა, ხოლო ახალი დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში) და ყოველივე ზემოხსენებულის მხედველობაში მიღებით, გ. ჯ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საბოლოოდ, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა ამავე ვადით, რაც კანონიერი და სამართლიანია, სრულად შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

14. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების სამართლებრივი შესაძლებლობაც, შემდეგ გარემოებათა გამო:

15. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ 1) ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), 2) ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და 3) თანამშრომლობს გამოძიებასთან. საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედი, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ერთი მესამედი, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ნახევარი.

16. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. იმავე წესით დაინიშნება სასჯელი ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში. გამონაკლის შემთხვევაში პირობითი მსჯავრი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მხარეთა შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის შესაბამისად საპროცესო შეთანხმების დადებისას, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს გენერალურ პროკურორთან ან მის მიერ უფლებამოსილ პირთან.

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილი წარმოადგენს იმპერატიულ ნორმას, რომელიც ადგენს პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაულის ჩადენისას სასჯელის დანიშვნის წესს. ამ დანაწესიდან არსებობს ერთადერთი გამონაკლისი, რა დროსაც კვლავ პირობითი მსჯავრის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს გენერალურ პროკურორთან ან მის მიერ უფლებამოსილ პირთან.

18. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ გ. ჯ–ამ ახალი დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში. შესაბამისად, გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება, როგორც საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილს, ისე საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მოთხოვნებს.

19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

20. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. ჯ–ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ტ–ის საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ლ. ფაფიაშვილი