Facebook Twitter

საქმე N 330100124008747597

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1378აპ-24 1 აპრილი, 2025 წელი

ყ–ი დ., №1378აპ-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოსსისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. ყ–ის ინტერესების დამცველის ადვოკატ ა. მ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. დ. ყ–ი (პირადი ნომერი: .........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2024 წლის 5 იანვარს, დილის საათებში, დაახლოებით 08:20-08:30 საათამდე დროის შუალედში, ქ. თ–ში,........ მე-.. მ/რ, კორპუსი N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, დ. ყ–ი თავს დაესხა ქ. ფ–ას დიდი ოდენობით ფულადი თანხის დაუფლების მიზნით, ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით, რაც გამოიხატა ე.წ. „ელექტროშოკის“ რამდენჯერმე ქ. ფ–ას სხეულზე დადებასა და მის ფიზიკურ შეურაცხყოფაში, რის შედეგადაც დაზარალებულმა მხარი მოიტეხა და გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით, ხოლო დ. ყ–ი კი ადგილიდან მიიმალა დიდი ოდენობით ფულადი თანხის დაუფლებისთანავე. აღნიშნული ქმედების შედეგად, ქ. ფ–ას მიადგა ფიზიკური ზიანი და ასევე, დაახლოებით 359900 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 17 ივლისის განაჩენით, დ. ყ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 17 ივლისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ. ყ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. მ–მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, დ. ყ–ის მიმართ მსჯავრადშერაცხილი ქმედების გადაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით, მსჯავრდებულ დ. ყ–ის ინტერესების დამცველის ადვოკატ ა. მ–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 17 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2024 წლის 15 ნოემბერს, მსჯავრდებულ დ. ყ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. მ–მა, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, დ. ყ–ის ქმედების გადაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დ. ყ–ის ქმედებას არასწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიანიჭა. საქმის ერთადერთი პირდაპირი მოწმე არის დაზარალებული ქ. ფ–ა, რომელმაც სასამართლოში დაკითხვისას განმარტა, რომ დ. ყ–ი არ დამუქრებია მას, ხმა არ გაუცია, ისე გადავიდა თანხის გატაცების მცდელობაზე. არ იცის ზუსტად რა მომენტში მიიღო მხრის ძვლის მოტეხილობა. თუმცა დაადასტურა, რომ წაიქცა ეზოში, როდესაც გაეკიდა დ. ყ–ს ფულის უკან დაბრუნების მიზნით. დაზარალებულის ჩვენებასთან ერთად, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და სამედიცინო ბარათით დგინდება, რომ ქ. ფ–ას სხეულზე არსებული ფიზიკური დაზიანებები არ არის დ. ყ–ის ქმედებების უშუალო შედეგი. ამასთან, დაზარალებულმა აღნიშნა, რომ დ. ყ–ი ელექტროშოკს იყენებდა არა ტრავმების, არამედ ელექტროტრავმების მისაყენებლად, თუმცა ვერცერთი მტკიცებულებით, მათ შორის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითაც ვერ დადასტურდა, რომ დაზარალებულს ჰქონდა ელექტროტრავმები. შესაბამისად, დ. ყ–ის ქმედებაში არ არის ყაჩაღობის შემადგენლობის აუცილებელი ელემენტი – „თავდასხმა ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით“. რაც შეეხება თანხის ოდენობას, არც აღნიშნული დასტურდება უტყუარად, ვინაიდან საქმის მასალებში ერთი უტყუარი მტკიცებულებაც კი არ არის წარმოდგენილი, რომელიც დაადასტურებდა, რა რაოდენობის თანხა ჰქონდა ქ. ფ–ას შემთხვევის დროს. გამოძიებას არ გამოუძიებია დ. ყ–ისაგან ამოღებული თანხის წარმომავლობა – იყო ეს ქ. ფ–ასაგან წამოღებული თანხა, თუ არა. შესაბამისად, არსებობს გონივრული ეჭვი თანხის ოდენობასთან დაკავშირებით.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ ის ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო, არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებენ დ. ყ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას და რომ დ. ყ–ის ქმედება უნდა დაკვალიფიცირებულიყო საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

5.3. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დ. ყ–ის მსჯავრდების თაობაზე და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად და ობიექტურად გაანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები და კანონის მოთხოვნათა დაცვით, მსჯავრდებულის ქმედებას სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიანიჭა.

5.4. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მხარეებს შორის სადავო ფაქტობრივ გარემოებას არ წარმოადგენს, რომ 2024 წლის 5 იანვარს, დილის საათებში, დაახლოებით 08:20-08:30 საათამდე დროის შუალედში, ქ. თ–ში, ......ის მე-.. მ/რ, კორპუსი N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, დ. ყ–ი დაეუფლა ქ. ფ–ას ფულად თანხას. დაცვის მხარისთვის სადავოა თანხის ოდენობა და დ. ყ–ის ქმედების კვალიფიკაცია, ვინაიდან დაცვის მხარის განმარტებით არ დადასტურდა, რომ დ. ყ–ი დიდი ოდენობით ფულადი თანხის დაუფლების მიზნით, თავს დაესხა ქ. ფ–ას ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით. დაცვის მხარის განმარტებით, დ. ყ–ს ელექტროშოკი არ გამოუყენებია ქ. ფ–ას ჯანმრთელობის დასაზიანებლად, შესაბამისად, სახეზე არ არის ყაჩაღობის შემადგენლობა.

5.5. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაა დაწესებულია ყაჩაღობისთვის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით თავდასხმისთვის. აღნიშნული დანაშაული გამოიხატება, როგორც ქონების ხელყოფაში, ისე თვით ამ ხელყოფის ხასიათში - თავდასხმასა და ისეთი ძალადობის გამოყენებაში, რომელიც საშიშია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარაში. თავდასხმა ეს არის დაზარალებულისთვის დამნაშავის უეცარი, აგრესიული მოქმედება, რომელიც დაკავშირებულია ძალადობასთან ან/და ძალადობის მუქარასთან. ყაჩაღობა ფორმალური დანაშაულია და იგი დამთავრებულია ყაჩაღური თავდასხმის მომენტიდან, იმისდა მიუხედავად, შეძლებს თუ არა დამნაშავე სხვისი ქონების დაუფლებას. დანაშაულის სუბიექტური მხარე პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება. დამნაშავეს გათვითცნობიერებული აქვს თავისი მოქმედების საშიშროება და ის ზიანი, რაც შეიძლება მიადგეს დაზარალებულს, თუმცა სურს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლოს მის ქონებას. ყაჩაღობისგან განსხვავებით, ქმედების ძარცვად დაკვალიფიცირებისთვის აუცილებელი არ არის დამნაშავის მხრიდან ადგილი ჰქონდეს თავდასხმას და სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიშ ძალადობას ან/და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარას. ძარცვა გულისხმობს სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლებას, რომელიც ხელყოფს საკუთრების ხელშეუვალობის უფლებას. მისი ობიექტური მხარეც აქტიურ მოქმედებაში გამოიხატება. ძარცვის აშკარა ხასიათი იმაში მდგომარეობს, რომ სხვისი ქონების ანგარებით დაუფლება ხდება საჯაროდ, თვალნათლივ.

5.6. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალებითა და დაზარალებულ ქ. ფ–ას ჩვენებით ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულია, რომ ლიფტიდან გამოსვლისას, მას უკანა მხრიდან მიუახლოვდა დ. ყ–ი, რომელმაც დაარტყა ელექტროშოკი და გასტაცა პარკი და ჩანთა, მასში არსებული თანხით. დ. ყ–ი გაიქცა, ხოლო თვითონ ელექტროშოკის ზემოქმედების გამო ვერ დაედევნა. ასევე დაადასტურა, რომ დაზიანება სახის, თავის და მხარის არეში მიიღო დ. ყ–ის ქმედების - თავდასხმის შედეგად, რის გამოც გაუარესდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. დაზარალებულის მიერ დაზიანებებთან გაკეთებული განმარტებები, სრულად თანხვდება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომლითაც დადასტურდა, რომ ქ. ფ–ას აღენიშნებოდა თავის ტვინის ზედაპირული ტრავმა, მხრის ძვლის ზედა ბოლოს მოტეხილობა, მენჯ-ბარძაყის სახსრის დაჟეჟილობა, მუხლის დაჟეჟილობა, სხეულის დაუზუსტებელი უბნის ზედაპირული ტრავმა, სხეულის მრავლობითი ექსკორიაციები. მარჯვენა მხრის ძვლის მოტეხილობა იყო ნაკლებად მძიმე ხარისხის, თუმცა ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით და ხანდაზმულობით შესაბამისობაში დ. ყ–ის მიერ, მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენის თარიღთან. ამდენად, ნათელია რომ დ. ყ–ის მიერ მოულოდნელად განხორციელებული თავდასხმა და გამოყენებული საშუალება – ელექტროშოკი, რომლის დახმარებითაც ის დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ თანხას, საშიშია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის და ქმნის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის შემადგენლობას.

5.7. რაც შეეხება თანხის ოდენობას, საკასაციო სასამართლო ამ შემთხვევაშიც ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ დაზარალებულ ქ. ფ–ას მიერ მიწოდებული ინფორმაციით დასტურდება, რომ მას თავდასხმის მომენტში ჰქონდა სხვადასხვა ვალუტაში, მათ შორის ლარში, დიდი ოდენობით ფულადი თანხა, ასევე სასტუმროს ნომრიდან (სადაც განთავსებული იყო მსჯავრდებული დ. ყ–ი) ამოღებული სხვადასხვა ვალუტის ოდენობის გათვალისწინებით ეჭვგარეშეა, რომ თანხა რომელსაც მსჯავრდებული დაეუფლა მნიშვნელოვნად აღემატება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილით დადგენილ დიდი ოდენობის მინიმალურ – 10000 ლარიან ზღვარს. საგულისხმოა, ისიც, რომ სასტუმროს ნომრიდან, ამოღებული სხვადასხვა ვალუტის ოდენობა უმეტესწილად თანხვდენილია დაზარალებულის მიერ მითითებულის. შესაბამისად, ამ მხრივ დაზარალებულის ჩვენებაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.

5.8. ამდენად, საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაბუთებიდან ვერ დარწმუნდა მასში მოყვანილი არგუმენტების პერსპექტიულობაში, შეცვალოს საქმის შედეგი, რამდენადაც მათში მითითებული ყველა საკითხი კანონის დაცვით არის შესწავლილი და გამოკვლეული სააპელაციო სასამართლოს მიერ. მტკიცებულების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი ჯეროვნად არის შესწავლილი და განმარტებული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში, დაცვის მხარეს არგუმენტებული და ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა ახალ გარემოებაზე, რომელიც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ მიუთითებს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დ. ყ–ის ქმედების კვალიფიკაციასთან ფაქტებისა და გარემოებების მისადაგებისას, არ გამოვლენილა ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან ან თუნდაც, სავარაუდოს გახდიდა არსებული პრაქტიკის გადახედვის საჭიროებას.

5.9. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, დ. ყ–ს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულების მიმართ განსაზღვრული სასჯელი საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია და სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებელს.

5.10. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.11. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.12. ამასთან, მართალია დ. ყ–მა მსჯავრადშერაცხილი დანაშაული ჩაიდინა 2024 წლის 1 ივლისამდე, თუმცა საკასაციო სასამართლო ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის გამოყენება/არ გამოყენების თაობაზე არ იმსჯელებს, ვინაიდან ზემოხსენებული კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ დანაშაულზე, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით.

5.13. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ დ. ყ–ის ინტერესების დამცველის ადვოკატ ა. მ–ის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე