Facebook Twitter

საქმე N 190100124008588770

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1382აპ-24 ქ. თბილისი

ა–ი ო., 1382აპ-24 1 აპრილი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ნოემბრის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ჟანა ერემაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 14 ივნისის განაჩენით ო. ა–ი, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი ) წლით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილით – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 350 (სამას ორმოცდაათი) საათით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ო. ა–ისთვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ო. ა–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით.

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ო. ა–ს 10 (ათი) წლით ჩამოერთვა: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

ო. ა–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 4 ნოემბრიდან.

გაუქმდა ო. ა–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა.

2. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ ო. ა–მა ჩაიდინა: გამოძალვაში დახმარება, ესე იგი, სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნაში დახმარება, რასაც ერთვის დაზარალებულის და მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების, მათი ნივთის განადგურებისა და დაზიანების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს მათი უფლებები, ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით; ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით; მარიხუანის უკანონო შეძენა და შენახვა, დიდი ოდენობით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილით. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

ü 2023 წლის 25 აგვისტოდან მოყოლებული, გ –ს მუნიციპალიტსტის სოფელ ქ–ში მცხოვრებ ფ. კ–სს, სატელეფონო საკომუნიკაციო პროგრამა „....-ის” საშუალებით, სისტემატურად უკავშირდებოდნენ ამ ეტაპზე გამოძიებით დაუდგენელი პირები სხვადასხვა უცხო სახელმწიფოების ნომრების გამოყენებით და ფიზიკური განადგურების, ქონების დაზიანების, სიცოცხლის მოსპობისა და ოჯახის წევრების დახოცვის მუქარით, სთხოვდნენ 100 000 აშშ დოლარის გადაცემას მაშინ, როდესაც ფ. კ–ს ფულადი თანხის გადახდის არანაირი ვალდებულება არ გააჩნდა, რის გამოც, იგი უარს ამბობდა მოთხოვნის შესრულებაზე. გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელი პირები დაუკავშირდნენ გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ–ში მცხოვრებ ო. ა–ს, რომლის დახმარებით დაგეგმეს ფ. კ–სგან 100 000 აშშ დოლარის გამოძალვის მიზნით, მისი ქონების განადგურება, რის განსახორციელებლადაც, ო. ა–ი 2023 წლის 1 ნოემბერს, ღამის საათებში, მის მიერვე დროებით ნაქირავები „HONDA-ს” მარკის ავტომანქანით, სახელმწიფო ნომრით – ..........., მივიდა გ –ს მუნიციპალიტსტის სოფელ ქ–ში და მისივე მითითებით, თანმხლები პირების – ე. მ–ისა და ჯ. ა–ის დახმარებით, ცეცხლი წაუკიდა ფ. კ–ს საცხოვრებელი სახლის ჭიშკარს, რის შედეგადაც, დაზარალებულს მიადგა – 350 ლარის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი. ფ. კ–ს, მის მიმართ ზემოხსენებული სისტემატური ქმედებების ჩადენის გამო, გაუჩნდა ფიზიკური განადგურების, ქონების დაზიანების, სიცოცხლის მოსპობისა და ოჯახის წევრების დახოცვის საფუძვლიანი შიში.

ü ო. ა–ი უკანონოდ ინახავდა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, ასევე უკანონოდ შეძენილ, საერთო წონით – 0.1932 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლს”, რაც ამოიღეს 2023 წლის 3 ნოემბერს გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ–ში მდებარე მისივე საცხოვრებლის ჩხრეკის შედეგად.

ü ო. ა–ი უკანონოდ ინახავდა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, ასევე უკანონოდ შეძენილ, დიდი ოდენობით, საერთო წონით – 460.46 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ,,გამომშრალ მარიხუანას”, რაც ამოიღეს 2023 წლის 3 ნოემბერს გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ–ში მდებარე მისივე საცხოვრებლის ჩხრეკის შედეგად.

3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 14 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

ü ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 14 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით და ო. ა–ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

ü დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 14 ივნისის განაჩენის გაუქმება და ო. ა–ის უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ნოემბრის განაჩენით: რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორის ლაშა მერაბიშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მსჯავრდებულ ო. ა–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – ა. ხ–ისა და მ. თ–ი ა–ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 14 ივნისის განაჩენში შევიდა ცვლილება:

ო. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით.

„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ო. ა–ი გათავისუფლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელებისაგან.

ო. ა–ს აღუდგა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების შეძენის, შენახვის და ტარების უფლებისა).

მსჯავრდებულ ო. ა–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 4 ნოემბრიდან.

ცნობად იქნა მიღებული, რომ ო. ა–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა – გაუქმებულია.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ჟანა ერემაშვილმა. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ო. ა–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას, ვინაიდან იგი არ შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებსა და მსჯავრდებულის პიროვნებას. ო. ა–მა არ ითანამშრომლა გამოძიებასთან და მას არ აუნაზღაურებია დაზარალებულებისათვის მიყენებული ზიანი.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ჟანა ერემაშვილმა, რომელიც ითხოვს მსჯავრდებულ ო. ა–ის მიმართ სასჯელის გამკაცრებას.

9. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).

10. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქცია, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს – თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე, სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთას ექვს წლამდე, ხოლო სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილი – ჯარიმას ან/და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, ვადით – სამასიდან ოთხას საათამდე ან – თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე. მოცემულ შემთხვევაში, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (ნაწილობრივ აღიარა ბრალად შერაცხილი ქმედებები, მტკიცებულებათა ნაწილი მიიჩნია უდავოდ, რითაც ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას) გარემოებების, მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლების (ნასამართლობის არქონა), ჩადენილი ქმედებების სიმძიმის, ხასიათისა და შედეგის მხედველობაში მიღებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და მსჯავრდებულს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია.

11. ამასთან, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ გამოძიების ორგანოსთან თანამშრომლობა, ისევე როგორც ბრალის აღიარება, დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება და დაზარალებულთან შერიგება წარმოადგენს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას და სასჯელზე გავლენას ახდენს შემსუბუქების მიმართულებით, ხოლო საწინააღმდეგო მოცემულობა არ შეიძლება შეფასდეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ან/და სასჯელის გამკაცრების საფუძვლად (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 28 ივნისის №449აპ-22 განაჩენი; 2022 წლის 3 ივნისის №388აპ-22 განჩინება).

12. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს პროკურორის პოზიციას ო. ა–ისათვის სასჯელის დამძიმების შესახებ, იმ გარემოებებზე მითითებით, რომ მსჯავრდებულმა ზიანი არ აანაზღაურა და არ ითანამშრომლა გამოძიებასთან.

13. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ, ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მისი შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ო. ა–ისათვის განსაზღვრული სასჯელი სამართლიანია და მისი დამძიმების საფუძველი არ არსებობს.

14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ჟანა ერემაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ლ. ფაფიაშვილი