Facebook Twitter

საქმე # 200100123008048779

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1389აპ-24 ქ. თბილისი

თ–ი ო., 1389აპ-24 1 აპრილი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ოქტომბრის განაჩენზე თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი გაგნიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ო. თ–ს ბრალად ედება: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი სამი პირის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით; სხვისი (ოჯახის წევრის) ნივთის განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით; სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სასტუმრო-რესტორან „.........ს“ და მ. გ–ის ეპიზოდები), დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი).

ო. თ–ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

ü 2023 წლის 28 სექტემბერს, დაახლოებით 23:30 საათზე, ქ. თ–ში, ყ–ს ქ. N..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში, ო. თ–მა ფიზიკურად იძალადა საკუთარ დედაზე − თ. თ–ზე, ხოლო საცხოვრებელ სახლში ფიზიკურად იძალადა საკუთარ მამინაცვალზე − თ. ბ–ესა და საკუთარ მეუღლეზე − ხ. ბ–ეზე, რის შედეგადაც, მათ განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

ü 2023 წლის 28 სექტემბერს, დაახლოებით 23:30 საათზე, ქ. თ–ში, ყ–ს ქ. N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ო. თ–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა საკუთარ მამინაცვალს − თ. ბ–ს და საკუთარ მეუღლეს − ხ. ბ–ეს, რის შედეგადაც, მათ გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

ü 2023 წლის 28 სექტემბერს, დაახლოებით 23:30 საათზე, ქ. თ–ში, ყ–ს ქ. N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ო. თ–მა გაანადგურა მისი დედის თ. თ–ის კუთვნილი, „SHARP-ის“ ფირმის ტელევიზორი, რითაც მან განიცადა − 180 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

ü 2023 წლის 28 სექტემბერს, ღამის საათებში, ქ. თ–ში, ჩ–ს ქუჩა N..-ის მიმდებარედ, ო. თ–მა დააზიანა ქუჩაში გაჩერებული, მ. გ–ის კუთვნილი, „MITSUBISHI MINICA-ს“ მოდელის ავტომობილის (სახ. .....) წინა საქარე მინა, რითაც მ. გ–ს მიადგა 250 ლარის, მნიშვნელოვანი ზიანი.

ü 2023 წლის 28 სექტემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, ო. თ–მა დააზიანა ქ. თ–ში, .....–ს ქ. N..-ში მდებარე შპს „სასტუმროების ქსელ რ–ის“ კუთვნილი, სასტუმრო-რესტორან „.........ს“ შესასვლელი მინის კარი, რითაც შპს „სასტუმროების ქსელ რ–ს“ მიადგა 275 ლარის, მნიშვნელოვანი ზიანი.

2. თელავის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 26 ივნისის განაჩენით ო. თ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით, სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 111, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სასტუმრო-რესტორან ,,.........ს" ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.

ო. თ–ი, − დაბადებული 19.. წელს, − ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (დაზარალებულ მ. გ–ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა − 2000 (ორი ათასი) ლარი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა ო. თ–ის მიმართ თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 მარტის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი – თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატა წინა, თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთიდან, თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ო. თ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით და ჯარიმა − 2000 (ორი ათასი) ლარი.

გაუქმდა ო. თ–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება − პატიმრობა და ო. თ–ს თავისუფლების აღკვეთის სახით განსაზღვრული სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავების დღიდან − 2023 წლის 29 სექტემბრიდან.

3. თელავის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 26 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარეებმა.

ü მსჯავრდებულმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა მის მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

ü სახელმწიფო ბრალმდებელმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა და ო. თ–ის დამნაშავედ ცნობა მისთვის ბრალად წარდგენილი ყველა ქმედების ჩადენაში.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა; მსჯავრდებულ ო. თ–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა; ცვლილება შევიდა თელავის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 26 ივნისის განაჩენში:

ო. თ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 111, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სასტუმრო-რესტორან „.........ს“ ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.

ო. თ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (დაზარალებულ მ. გ–ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა − 2000 (ორი ათასი) ლარი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა ო. თ–ის მიმართ თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 მარტის განაჩენით სასჯელის სახით საბოლოოდ განსაზღვრული პირობითი მსჯავრი – თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა, წინა − თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან − 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთიდან, თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით, რომელზეც გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 დეკემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება და შეუმცირდა 1/6-ით. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ო. თ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 1 (ერთი) წლით, 3 (სამი) თვით და ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარი.

ო. თ–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე − პატიმრობა გაუქმებულია.

ო. თ–ს თავისუფლების აღკვეთის სახით განსაზღვრული სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავების დღიდან − 2023 წლის 29 სექტემბრიდან.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი გაგნიძემ. კასატორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, ო. თ–ის დამნაშავედ ცნობას მის მიმართ წარდგენილ ყველა ბრალდებაში და ადეკვატური და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას, შემდეგ გარემოებათა გამო: გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან სასამართლოში წარდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ო. თ–ის მიერ ბრალად შერაცხილი ქმედებების ჩადენას. შპს „სასტუმროების ქსელ რ–ს“ კუთვნილი სასტუმრო-რესტორან „.........ს“ კარის დაზიანების ფაქტი დადასტურებულია ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებით, ხოლო ოჯახური დანაშაულების ეპიზოდები – დაზარალებულების: თ. ბ–ისა და ხ. ბ–ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღებული ნივთმტკიცებებით, 112-იდან გამოთხოვილი აუდიო-ჩანაწერითა და სხვა მტკიცებულებებით.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორის შეფასებას, რომ გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც განაპირობა ო. თ–ის უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 111, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სასტუმრო-რესტორან „.........ს“ ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.

9. წარმოდგენილი საქმის მასალებით დგინდება, რომ დაზარალებულებმა: თ. თ–მა, თ. ბ–ემ და ხ. ბ–ემ პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოიყენეს მათთვის საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (მოწმეს უფლება აქვს, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) მინიჭებული უფლება და ჩვენება არ მისცეს თავიანთი ახლო ნათესავის, ო. თ–ის წინააღმდეგ. ამასთან, გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოება, რის გამოც, სასამართლო დაზარალებულის მიერ გამოძიებისას მიწოდებულ ინფორმაციას მტკიცებულებად ვერ გამოიყენებს. იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ დაზარალებულებმა ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა, არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

10. დაზარალებულ თ. თ–ის მიერ 112-ში შესული შეტყობინება ო. თ–ის მიერ თ. თ–ის ან სხვა პირის მიმართ, რაიმე სახის დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის თაობაზე ინფორმაციას არ შეიცავს.

11. დაზარალებულების – თ. ბ–ისა და ხ. ბ–ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში შინაარსობრივად არის დაზარალებულთა ჩვენებების, მათ მიერ გამოკითხვის ოქმში მიწოდებული ინფორმაციის შემოწმება, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოში მათ უარი განაცხადეს ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, აღნიშნული ოქმები არ წარმოადგენს ცალკე დამოუკიდებელ პირდაპირ მტკიცებულებას და საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს, ისევე, როგორც – მათივე მონაწილეობით ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი.

12. რაც შეეხება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებს, რომელთა თანახმად, თ. ბ–ის სხეულზე აღენიშნებოდა ნაჭდევები, ხოლო ხ. ბ–ეს – სისხლნაჟღენთები, გარდა იმისა, რომ მითითებული დასკვნებით ვერ დადგინდა დაზიანებების მიყენების ხანდაზმულობა, აგრეთვე არ დგინდება, თუ რა ვითარებაში და, კონკრეტულად, ვისი ქმედების შედეგად მიიღეს დაზარალებულებმა ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნული დაზიანებები.

13. ზემომითითებული მიზეზებიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ვერცერთი მტკიცებულება ვერ ადასტურებს საქართველოს სსკ-ის 111, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებასაც, რომ თ. თ–ის კუთვნილი „SHARP-ის“ ფირმის ტელევიზორი, სწორედ ო. თ–მა დააზიანა.

14. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია სასტუმრო-რესტორან „…….ის“ შესასვლელი მინის კარების დაზიანების ბრალდების ეპიზოდშიც, სახელდობრ: მოწმეებმა – ქ. ჯ–მა და ტ. კ–მა კატეგორიულად გამორიცხეს, რომ მათთვის ცნობილი იყო „……ის“ შესასვლელი მინის კარის ო. თ–ის მიერ დაზიანების ფაქტი. რაც შეეხება ვიდეოჩანაწერებს, მასზე ჩატარებული ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, შეუძლებელია იმის დადგენა, სასტუმრო-რესტორნის ტერიტორიაზე შესული პირის იერსახის გამოსახულება არის თუ არა ო. თ–ის იერსახის გამოსახულების იდენტური. შესაბამისად, პროკურორის პოზიცია, რომ ვიდეოჩანაწერში ასახული პირი, რომელმაც სასტუმრო-რესტორნის შესასვლელი მინის კარი დააზიანა, ნამდვილად ო. თ–ია, წარმოადგენს მხოლოდ ბრალდების მხარის ვარაუდს, რაც არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით.

15. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს – „In dubio pro reo“, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე – „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

16. საკასაციო სასამართლო მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ სასჯელთა ზომები შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულ ო. თ–ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის დამძიმების საფუძველი არ არსებობს.

17. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა, ასევე ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივარში აპელირებს პროკურორი, რასაც საკასაციო პალატა ეთანხმება, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო პალატის შეფასების საგანი გახდებოდა, ბრალდების მხარე საჩივარში არ უთითებს.

18. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009).

19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

20. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი გაგნიძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ლ. ფაფიაშვილი