საქმე # 330802225011131020
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№50I-25 ქ. თბილისი
ბ–ი ს., 50I-25 27 მარტი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ს. ბ–ის (S. B–l) ინტერესების დამცველი ადვოკატის - ა. შ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 13 მარტის განჩინებაზე.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თურქეთის რესპუბლიკაში ს. ბ–ის (S. B–l) მიმართ განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:
1.1. 2020 წლის 30 ოქტომბერს თურქეთის რესპუბლიკის საქარიის მძიმე დანაშაულთა პირველი სასამართლოს განაჩენით ს. ბ–ი (S. B–l) ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 35-ე მუხლთან ერთობლიობით 81-ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახ მკვლელობის მცდელობა (4 პირის მიმართ));
1.2. 2023 წლის 20 ივნისს აღნიშნული განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში;
1.3. 2023 წლის 20 ოქტომბერს თურქეთის რესპუბლიკის საქარიას აღსრულების სასამართლოს გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნული განაჩენით დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და ს. ბ–ს (S. B–l) საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 29 წლითა და 22 თვით თავისუფლების აღკვეთა და იმავე დღეს გაიცა მისი (ს. ბ–ის (S. B–l)) დაკავების ბრძანება;
1.4. 2023 წლის 13 ნოემბრიდან ს. ბ–ი (S. B–l) თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით.
2. საქართველოში ს. ბ–ის (S. B–l) მიმართ განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:
2.1. 2023 წლის 7 ნოემბერს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიღებულ იქნა ს. ბ–ის (S. B–l) ექსტრადიციის მიზნით დაპატიმრების თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი მასალები;
2.2. 2023 წლის 4 დეკემბერს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიღებულ იქნა ს. ბ–ის (S. B–l) ექსტრადიციის თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი მასალები.
2.3. 2024 წლის 11 ოქტომბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ს. ბ–ი (S. B–l);
2.4. 2024 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით ს. ბ–ს (S. B–l) აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით;
2.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 24 დეკემბერის განჩინებით ს. ბ–ის (S. B–l) მიმართ გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2025 წლის 11 აპრილამდე;
2.6. 2025 წლის 31 იანვარს საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებიდან გამოთხოვილ იქნა დამატებითი ინფორმაცია ს. ბ–ის (S. B–l) ექსტრადიციასთან დაკავშირებით, რომელიც მიღებულ იქნა 2025 წლის 24 თებერვალს;
2.7. ამჟამად, ს. ბ–ი (S. B–l) იმყოფება სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
2020 წლის 30 ოქტომბრის განაჩენის თანახმად, 2017 წლის 24 მაისს ს. ბ–ი (S. B–l) და მისი თანამზრახველები, რომლებიც წარმოადგენდნენ ს–ი-ჰ–ი-დ–ს ჯგუფის წევრებს, ორ პირს შორის არსებულ კონფლიქტთან დაკავშირებით შურისძიების მოტივით შეიარაღდნენ ცეცხლსასროლი იარაღებით და 11 ავტომობილით მივიდნენ დაზარალებულთა სამუშაო ადგილას. მითითებულ ადგილას მისვლის შემდგომ, აღნიშნულ პირებს შორის ვალთან დაკავშირებით წარმოიშვა დაპირისპირება. ს. ბ–ი (S. B–l) ჯგუფის წევრებმა, შეთანხმების შესაბამისად, ცეცხლსასროლი იარაღებიდან ესროლეს დაზარალებულებს, რის შედეგადაც 9 დაზარალებულმა მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება.
4. 2025 წლის 10 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა თემურ ცინდელიანმა და მოითხოვა, დასაშვებად იქნეს ცნობილი ს. ბ–ის (S. B–l) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რომლებიც აღწერილია ს. ბ–ის (S. B–l) ექსტრადიციის თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების 2023 წლის 23 ოქტომბრის შუამდგომლობაში და საქარიას პირველი უმაღლესი სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ 2025 წლის 10 თებერვალს მომზადებულ საქმის შესწავლის ოქმში და ისჯება თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 35-ე მუხლთან ერთობლიობაში 81-ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახ მკვლელობის მცდელობა).
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 13 მარტის განჩინებით დასაშვებად იქნა ცნობილი ს. ბ–ის (S. B–l) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რომლებიც აღწერილია ს. ბ–ის (S. B–l) ექსტრადიციის თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების 2023 წლის 23 ოქტომბრის შუამდგომლობაში და საქარიას პირველი უმაღლესი სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ 2025 წლის 10 თებერვალს მომზადებულ საქმის შესწავლის ოქმში და დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 35-ე მუხლთან ერთობლიობაში 81-ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახ მკვლელობის მცდელობა).
6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ს. ბ–ის (S. B–l) ადვოკატი ა. შ–ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 13 მარტის განჩინების გაუქმებასა და ს. ბ–ის (S. B–l) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
6.1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ს. ბ–ის (S. B–l) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში დაირღვევა მისი უფლებები, საფრთხე დაემუქრება მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რადგან თ–ს რესპუბლიკაში ჰყავს მტრები. ამასთან, მას ემუქრება წამების, სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობისა და დასჯის საფრთხე;
6.2. დაცვის მხარის შეფასებით, გასათვალისწინებელია თურქეთის რესპუბლიკაში არსებული ზოგადი მდგომარეობაც, ექსტრადიციის მომთხოვნ სახელმწიფოში კონვენციის მე-3 მუხლთან შეუსაბამო დარღვევებს აქვს მასშტაბური ან სისტემური ხასიათი. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით არაერთხელ გავრცელებულა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თურქეთის რესპუბლიკაში, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია ადგენს ადამიანის უფლებათა დარღვევის არაერთ ფაქტს.
7. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა თემურ ცინდელიანმა წარმოადგინა გენერალური პროკურატურის პოზიცია და ითხოვა ს. ბ–ის (S. B–l) მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 13 მარტის განჩინების უცვლელად დატოვება.
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
2. სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
3. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
4. თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ს. ბ–ი (S. B–l) 2024 წლის 11 ოქტომბერს დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.
5. შუამდგომლობაში აღწერილი ქმედებები დასჯადია, როგორც საქართველოს, ისე თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით და ორივე შემთხვევაში სასჯელის სახით გათვალისწინებულია, სულ მცირე, ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, ს. ბ–ის (S. B–l) მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენით დადგენილი სასჯელი ითვალისწინებს 4 თვეზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთას, კერძოდ:
5.1. შუამდგომლობაში აღწერილი ქმედებები დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 35-ე მუხლთან ერთობლიობით 81-ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახ მკვლელობის მცდელობა (4 პირის მიმართ), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად ამავე კოდექსის 81/1 მუხლით გათვალისწინებულია უვადო თავისუფლების აღკვეთა (მოცემულ შემთხვევაში ს. ბ–ს (S. B–l) სასჯელის სახედ განსაზღვრული აქვს 8 წელი და 4 თვე, 7 წელი და 6 თვე, 7 წელი და 6 თვე, 7 წელი და 6 თვე, რაც შეიკრიბა და ს. ბ–ს (S. B–l) საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 29 წლითა და 22 თვით თავისუფლების აღკვეთა).
5.2. მითითებული ქმედებები, საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში, დასჯადი იქნებოდა, სულ მცირე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად), რისთვისაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია 20 წლით თავისუფლების აღკვეთა.
6. ,,ექსტრადიციის შესახებ” 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაული ან მის მიმართ გამოტანილი განაჩენი ხანდაზმულია ექსტრადიციის შესახებ თხოვნის გამგზავნი ან თხოვნის მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით. ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც პირს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან სასჯელის მოხდისგან. მოცემულ შემთხვევაში:
6.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, დანაშაულებრივი ქმედებები, რომელთა ჩადენაც ბრალად ედება ს. ბ–ს (S. B–l), განეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა 15 წელში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს. ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ მსჯავრდებულმა თავი აარიდა სასჯელის მოხდას. ხანდაზმულობის ვადაში ჩაითვლება სასჯელის მოხდისაგან თავის არიდებამდე გასული დრო. შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა არ არის გასული.
6.2. თურქეთის რესპუბლიკის საქარიის მძიმე დანაშაულთა პირველი სასამართლოს 2020 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით ს. ბ–ის (S. B–l) მიმართ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულებისათვის ხანდაზმულობის ვადაა – 20 წელი და იწურება 2043 წლის 20 ივნისს.
7. დანაშაულებრივი ქმედება, რომლისთვისაც მოითხოვება ს. ბ–ის (S. B–l) ექსტრადიცია, არ ექცევა საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში. ს. ბ–ის (S. B–l) მიმართ ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული დანაშაულისათვის არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სისხლის სამართლის პროცესი საქართველოში. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში არ დაირღვევა პარალელური წარმოების აკრძალვისა და Non bis in idem პრინციპები.
8. საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოსათვის გადაცემა დაუშვებელია, გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამასთან, ,,ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოს უფლება აქვს, უარი განაცხადოს საკუთარი მოქალაქის ექსტრადიციაზე.
8.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურიდან 2024 წლის 12 დეკემბერს მიღებული მონაცემებით დასტურდება, რომ ს. ბ–ი (S. B–l) არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ. ს. ბ–ი (S. B–l) არის თ–ს რესპუბლიკის მოქალაქე.
8.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ 2024 წლის 11 ნოემბერს მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2024 წლის 1 ოქტომბერს, N... პენიტენციური დაწესებულებიდან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით მიმართა ს. ბ–მა (S. B–l), რომელსაც „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევის გამო, 2024 წლის 11 ოქტომბერს უარი ეთქვა საერთაშორისო დაცვაზე განცხადების არსებით განხილვაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება ს. ბ–ს (S. B–l) N.. პენიტენციურ დაწესებულებაში ჩაბარდა 2024 წლის 17 ოქტომბერს. დღეის მდგომარეობით, თ–ს რესპუბლიკის მოქალაქე ს. ბ–ი (S. B–l) არ ითვლება თავშესაფრის მაძიებლად საქართველოში.
9. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ს. ბ–ის (S. B–l) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას ს. ბ–ის (S. B–l) მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში სიცოხლისა და ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხის, ასევე – წამების, არაადამიანური მოპყრობისა და დასჯის საფრთხიდან გამომდინარე.
10. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, ვინაიდან კასატორი თავისი მოთხოვნის დასაბუთებისთვის უთითებს მხოლოდ ს. ბ–ის (S. B–l) მიერ გაცხადებულ ჰიპოთეტური ხასიათის მოსაზრებებსა და ინფორმაციაზე, საექსტრადიციო მასალებში არ მოიპოვება სხვა მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა ს. ბ–ის (S. B–l) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში მისი უფლებების დარღვევის inter alia მისი სიცოცხლის მოსპობის საფრთხეზე. აღნიშნულთან მიმართებით ინფორმაცია ან/და მტკიცებულებები ვერც გენერალურმა პროკურატურამ მოიძია.
10.1. დაცვის მხარეს ასევე არ წარმოუდგენია რაიმე კონკრეტული არგუმენტი ან/და რელევანტური მტკიცებულება, რაც მიუთითებდა, რომ წარსულში თურქეთის რესპუბლიკაში ს. ბ–ის (S. B–l) მიმართ ადგილი ჰქონდა მუქარას ან სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებას; ამასთან, არ დგინდება, რომ ს. ბ–მა (S. B–l) კონკრეტული პირების მხრიდან მომდინარე საფრთხის ან/და მის მიმართ განხორციელებული არამართლზომიერი ქმედებების თაობაზე მიმართა თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებს, რომელთა მხრიდან მოხდა არაეფექტური რეაგირება. იმავდროულად, არ მოიპოვება რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ს. ბ–ის (S. B–l) სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში თურქეთის რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოები ვერ უზრუნველჰყოფენ მის სათანადო დაცვას.
10.2. მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარეს სამართალწარმოების არცერთ ეტაპზე არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება ანდა სარწმუნო ინფორმაცია, რაც დაადასტურებდა, რომ ს. ბ–ი (S. B–l) რაიმე ნიშნით იდევნება თურქეთის რესპუბლიკაში ან, ექსტრადიციის შემთხვევაში, არსებობს მისი უფლებების დარღვევის, არასათანადო მოპყრობის ან/და სიცოცხლის მოსპობის საფრთხე. დაცვის მხარე შემოიფარგლება მხოლოდ ზეპირი განცხადებებითა და ზოგადი განმარტებებით, რომლებიც გამყარებული არ არის სათანადო მტკიცებულებებით, რაც არ არის საკმარისი ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის რისკის სამტკიცებლად და ექსტრადიციის დაუშვებლად მისაჩნევად. ამდენად, დაცვის მხარის ჰიპოთეზური ხასიათის მოსაზრებების გარდა, საექსტრადიციო მასალებში არ მოიპოვება რაიმე სახის მტკიცებულება ან სარწმუნო ინფორმაცია, რაც შექმნიდა „არსებით საფუძვლებს ვარაუდისათვის“, რომ, ექსტრადიციის შემთხვევაში, არსებობს ს. ბ–ის (S. B–l) უფლებების დარღვევის, მის მიმართ არასათანადო მოპყრობის ან მისი სიცოცხლის ხელყოფის საფრთხე.
11. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ.Mamatkulov and Askarov v. Turkey, no46827/99, 46951/99,par.72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no 69235/11, par.58, ECtHR, 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (იხ. Shamayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, par. 52, ECtHR, 12/04/2005).
12. სასამართლო ითვალისწინებს თურქეთის რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში თურქეთის რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ. აღნიშნულ მექანიზმებს შორისაა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი, წამების წინააღმდეგ გაეროს კომიტეტი და პრევენციის ეროვნული მექანიზმი. ამასთან, თურქეთის რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილ გარანტიას, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში ს. ბ–ის (S. B–l) უფლებები და უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება. გარანტიები გაცემულია სახელმწიფოს ცენტრალური ორგანოს მიერ (Chahal v.The United Kingdom, no 22414/93, paras 105-107, ECHR, 15/10/1996; Shamayev and Others v. Georgia and Russia, no. 36378/02, §344, ECHR, 12/10/2005).
13. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ მართალია პირველ რიგში უნდა შეფასდეს მიმღებ სახელმწიფოში არსებული ზოგადი სიტუაცია და შესაბამისად, ყურადღება გამახვილდეს მიმღებ სახელმწიფოში ზოგადი ძალადობრივი გარემოს არსებობაზე (იხ: Sufi and Elmi v. the United Kingdom, nos. 8319/07 და 11449/07, ECtHR, par.216, 28/06/2011), თუმცა ზოგადი ძალადობრივი გარემოს არსებობა იმთავითვე არ იწვევს მე-2 ან/და მე-3 მუხლის დარღვევას. ევროპული სასამართლოს განმარტებით, მომთხოვნი სახელმწიფოსთვის პირის გადაცემა ევროპული კონვენციის მე-2 ან/და მე-3 მუხლის დარღვევას იწვევს მხოლოდ „იმ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც არასათანადო მოპყრობის რეალური საფრთხე მხოლოდ იმ პირთან მიმართებით არსებობს, რომელიც მიმღებ სახელმწიფოში დაბრუნების შემთხვევაში დაექვემდებარება ამგვარ ძალადობას (NA. v. the United Kingdom, no. 25904/07, ECtHR, par. 115, 17/07/ 2008; Khasanov and Rakhmanov v. Russia, nos. 28492/15 and 49975/15, ECtHR, 29/04/2022).
14. „სასამართლო არ ივიწყებს არც ექსტრადიციის ფუნდამენტური მიზნის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს გაქცეული დამნაშავეების მიერ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების პრევენციას“ (Trabelsi v. Belgium, no.140/10, par.11, ECtHR, 04/09/2014; Soering v. UK, §86 ECtHR, 07/07/1989).
15. მიუხედავად იმისა, რომ კასატორი ექსტრადიციის დასაშვებობაზე უარის თქმის მიზეზად არ უთითებს თურქეთის რესპუბლიკაში ს. ბ–ის (S. B–l), მიმართ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული უფლების დარღვევის საფრთხეზე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ასევე შეისწავლა და თბილისის საქალაქო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების მიღებისას შეამოწმა ს. ბ–ის (S. B–l) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) დარღვევის საფრთხის არსებობა (საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის რაიმე მტკიცებულება რაც დაადასტურებდა/მიუთითებდა ექსტრადიციის შემთხვევაში ს. ბ–ის (S. B–l) მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში სისხლის სამართალწარმოებაში სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევის საფრთხეზე).
15.1. ამასთან, საქართველოს გენერალური პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ წარმოდგენილი იქნა გარანტია ხელახალი სასამართლო განხილვის შესახებ.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 13 მარტის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ს. ბ–ის (S. B–l) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რომლებიც აღწერილია ს. ბ–ის (S. B–l) ექსტრადიციის თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების 2023 წლის 23 ოქტომბრის შუამდგომლობაში და საქარიას პირველი უმაღლესი სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ 2025 წლის 10 თებერვალს მომზადებულ საქმის შესწავლის ოქმში და დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 35-ე მუხლთან ერთობლიობაში 81-ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ს. ბ–ის (S. B–l) ინტერესების დამცველი ადვოკატის - ა. შ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 13 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
მ. ვასაძე