Facebook Twitter

საქმე # 330802225011138471

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№51I-25 ქ. თბილისი

ა. მ. 51I-25 27 მარტი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ. ა–ის (M. A–S) ინტერესების დამცველი ადვოკატის – ი. ა–ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 14 მარტის განჩინებაზე.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მ. ა–ის (M. A–S) მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:

1.1. თურქეთის რესპუბლიკის ქარადენიზ ერეღლის სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულთა სასამართლოს 2024 წლის 24 ივნისის შუამდგომლობის თანახმად, მ. ა–ის (M. A–S) ექსტრადიცია მოთხოვნილია თურქეთის რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 35, 37/1, 53/1, 58 მუხლებთან ერთობლიობაში 82/1-a მუხლით (მკვლელობის მცდელობა) და იმავე კოდექსის 35, 37/1, 53/1, 58 მუხლებთან ერთობლიობაში 82/1-a და 82/1-e მუხლებით (მკვლელობის მცდელობა) გათვალისწინებული დანაშაულების შესაძლო ჩადენისათვის მის მიმართ სისხლის სამართალწარმოების მიზნით;

1.1.1. 2024 წლის 7 მაისს თურქეთის რესპუბლიკის ქარადენიზ ერეღლის სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულთა სასამართლომ გამოსცა მ. ა–ის (M. A–S) დაკავების ბრძანება, ზემოაღნიშნულ დანაშაულებთან დაკავშირებით;

1.2. თურქეთის რესპუბლიკის ქ. იზმირის საჯარო მთავარი პროკურატურის 2024 წლის 8 მაისის შუამდგომლობის თანახმად, მ. ა–ის (M. A–S) ექსტრადიცია მოთხოვნილია თურქეთის რესპუბლიკის ქ. იზმირის №2 აღმასრულებელი სასამართლოს 2022 წლის 12 სექტემბრის №2022/12555-2022/13376 გადაწყვეტილებით შეკრებილი სასჯელების მოხდის მიზნით;

1.2.1. 2019 წლის 13 დეკემბერს ქ. იზმირის სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულთა მე-6 სასამართლოს №2011/462-2019/952 განაჩენით, მ. ა–ი (M. A–S) დამნაშავედ იქნა ცნობილი თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 43/1, 53/1, 62/1 მუხლებთან ერთობლიობაში 204/1 მუხლით (ოფიციალური დოკუმენტის გაყალბება) გათვალისწინებული დანაშაულის ორი ეპიზოდის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის და 9 თვის ვადით – 2-ჯერ. აღნიშნულმა განაჩენმა საბოლოო სახე მიიღო 2020 წლის 25 თებერვალს;

1.2.2. 2020 წლის 13 იანვარს ქ. იზმირის სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულთა მე-2 სასამართლოს №2015/295-2020/3 განაჩენით, მ. ა–ი (M. A–S) დამნაშავედ იქნა ცნობილი თურქეთის რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 53/1, 62/1 მუხლებთან ერთობლიობაში 87/3 მუხლით (ჯანმრთელობის დაზიანება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის და 9 თვის ვადით. აღნიშნულმა განაჩენმა საბოლოო სახე მიიღო 2020 წლის 1 ივლისს;

1.2.3. 2022 წლის 12 სექტემბერს თურქეთის რესპუბლიკის ქ. იზმირის N2 აღმასრულებელი სასამართლოს №2022/12555-2022/13376 გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნული სასჯელები შეიკრიბა და განისაზღვრა ჯამში 9 წლის და 27 თვის ვადით, თავისუფლების აღკვეთის სახით. ამასთან, თურქული მხარის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მ. ა–ს (M. A–S) ფაქტობრივად მოსახდელი დარჩა 2 წელი, 1 თვე და 12 დღე თავისუფლების აღკვეთის სახით;

1.3. 2024 წლის 7 მაისს თურქეთის რესპუბლიკის ქ. იზმირის საჯარო მთავარმა პროკურატურამ გამოსცა მ. ა–ის (M. A–S) დაკავების ბრძანება ზემოაღნიშნული სასჯელის მოხდასთან დაკავშირებით;

1.4. 2024 წლის 7 აგვისტოდან მ. ა–ი (M. A–S) იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით.

2. მ. ა–ის (M. A–S) მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:

2.1. 2025 წლის 10 იანვარს საქართველოს შსს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი მ. ა–ი (M. A–S);

2.2. 2025 წლის 11 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინებით, მ. ა–ს (M. A–S) შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა, 3 თვის ვადით;

2.3. 2025 წლის 6 თებერვალს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო მ. ა–ის (M. A–S) ექსტრადიციის თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობა და შესაბამისი თანდართული დოკუმენტები;

2.4. ამჟამად, მ. ა–ი (M. A–S) იმყოფება სპეციალური პენიტენციური სამსახურის №.. პენიტენციურ დაწესებულებაში.

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. თურქეთის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად:

3.1.1. 2024 წლის 7 მაისის დაკავების ბრძანებასთან მიმართებით: 2021 წლის 21 ნოემბერს, თ–ს რესპუბლიკის ტერიტორიაზე, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, ფ. ს–მა და მ. ა–მა იქირავეს ავტომობილი და გაემართნენ იმ პირების სამუშაო ადგილის პერიმეტრის შესასწავლად ვისი მკვლელობაც ჰქონდათ განზრახული. დანაშაულებრივი გეგმის შემუშავების შემდგომ, 2021 წლის 23 ნოემბერს, განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ისინი იმავე ავტომობილით მივიდნენ დაზარალებულ პირთა სამუშაო ადგილას, სადაც ფ. ს–მა განახორციელა მრავალი გასროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან თ. ბ–ის და ს. ბ–ის მიმართ, რომლებმაც მიიღეს ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანებები. აღნიშნული ქმედების განხორციელების შემდგომ, ფ. ს–ი და მ. ა–ი მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან და დატოვეს თ–ს რესპუბლიკის ტერიტორია.

3.1.2. 2019 წლის 13 დეკემბრის განაჩენის თანახმად: 2003 წლიდან 2005 წლამდე პერიოდში, თ–ს რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ე. ე–ის მიერ დაკარგული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამოყენებით და ხელმოწერის გაყალბებით მ. ა–მა უზრუნველყო ამ უკანასკნელის კომპანიის პარტნიორად რეგისტრაცია და ტრანზაქციების განხორციელება, რის შემდგომაც ე. ე–მა მიიღო შეტყობინება საგადასახადო დავალიანების შესახებ. ასევე, იმავე ხერხისა და ხელმოწერის გაყალბებით, მ. ა–მა უზრუნველყო კომპანიის პარტნიორების - ბ. ო–უსა და გ. ო–უს მიერ აქციების, მათ შორის, ე. ე–ისათვის გადაცემის ნოტარიულად რეგისტრაცია.

3.1.2.1. გარდა ზემოაღნიშნულისა, 2007 წელს, თ–ს რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ჰ. ო–ის მიერ მისთვის გადაცემული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის უნებართვო გამოყენებით და ხელმოწერის გაყალბებით მ. ა–მა უზრუნველყო კომპანიის დირექტორის ს. ი–ის მიერ აქციების ჰ. ო–ისათვის გადაცემის და მისი დირექტორად დანიშვნის ნოტარიულად რეგისტრაცია.

3.1.3. 2020 წლის 13 იანვრის განაჩენის თანახმად: 2007 წელს, თ–ს რესპუბლიკის ტერიტორიაზე, თ. მ–ის დავალებით, მ. ა–მა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა მომღერალ ო. დ-ს, რომელიც იღებდა ფოტოებს თაყვანისცემლებთან. გასროლის შედეგად დაზარალებული დაიჭრა ბარძაყის არეში, რამაც გამოიწვია ძვლის მოტეხილობა და სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება.

4. 2025 წლის 11 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა და მოითხოვა:

4.1. დასაშვებად იქნეს ცნობილი მ. ა–ის (M. A–S) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის ქარადენიზ ერეღლის სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულთა სასამართლოს 2024 წლის 7 მაისის მ. ა–ის (M. A–S) დაკავების ბრძანებაში მითითებული დანაშაულებისათვის მის მიმართ სისხლის სამართალწარმოების განხორციელების მიზნით;

4.2. დასაშვებად იქნეს ცნობილი მ. ა–ის (M. A–S) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის ქ. იზმირის №2 აღმასრულებელი სასამართლოს 2022 წლის 12 სექტემბრის №2022/12555-2022/13376 გადაწყვეტილებით შეკრებილი სასჯელების დარჩენილი ნაწილის მოხდის მიზნით.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 14 მარტის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ ნანიკო ზაზუნაშვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა;

5.1. დასაშვებად იქნა ცნობილი მ. ა–ის (M. A–S) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის ქარადენიზ ერეღლის სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულთა სასამართლოს 2024 წლის 7 მაისის მ. ა–ის (M. A–S) დაკავების ბრძანებაში მითითებული დანაშაულებისათვის მის მიმართ სისხლის სამართალწარმოების განხორციელების მიზნით;

5.2. დასაშვებად იქნა ცნობილი მ. ა–ის (M. A–S) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის ქ. იზმირის №2 აღმასრულებელი სასამართლოს 2022 წლის 12 სექტემბრის №2022/12555-2022/13376 გადაწყვეტილებით შეკრებილი სასჯელების დარჩენილი ნაწილის მოხდის მიზნით.

6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ. ა–ის (M. A–S) ინტერესების დამცველი ადვოკატი – ი. ა–ე საკასაციო საჩივრით ითხოვს მ. ა–ის (M. A–S) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 14 მარტის განჩინების გაუქმებას. ადვოკატის მტკიცებით:

6.1. მ. ა–ი (M. A–S) ლეგალურად ცხოვრობს ს–ში, აქვს მუდმივი საცხოვრებელი და სამუშაო ადგილი, მისი მეუღლე არის ს–ო მოქალაქე და ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, არის ს–ში თავშესაფრის მაძიებელი პირი და მინიჭებლი აქვს თავშესაფრის მაძიებლის სტატუსი, რის გამოც, დაუშვებელია მისი ექსტრადიცია;

6.2. გარდა ამისა, შუამდგომლობის ინიციატორ სახელმწიფოში მის მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, რაც, იმ პირობებში, როდესაც შუამდგომლობის ინიციატორი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ წარმოდგენილი გარანტიები არ უთითებს სასამართლოს მიერ საქმის ხელახალ განხილვაზე, სადაც ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი უზრუნველყოფილი იქნება დაცვის უფლებით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონის თანახმად, ასევე არის ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემობა.

7. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა წარმოადგინა გენერალური პროკურატურის პოზიცია და ითხოვა მ. ა–ი (M. A–S) მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 14 მარტის განჩინების უცვლელად დატოვება. პროკურორის პოზიციით, საექსტრადიციო მასალებით დგინდება, რომ მ. ა–ი (M. A–S) ინფორმირებული იყო მის მიმართ მიმდინარე სამართალწარმოების შესახებ და ორივე საქმის ფარგლებში მან აწარმოა ,,თავდაცვა“; ამასთან, საქმის მასალების თანახმად, იგი არის თ–ს მოქალაქე და არ გააჩნია ს–ში მუდმივად ცხოვრების კანონიერი საფუძველი; ასევე, დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება ს–ში მცხოვრებ მ. ა–ის (M. A–S) ოჯახის წევრებთან დაკავშირებით, ხოლო იმ შემთხვევაშიც თუ მას ს–ში ჰყავს მუდმივად მცხოვრები ოჯახის წევრები, დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინებით (მას მსჯავრი დაედო ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის) მისი ექსტრადიცია სრულ შესაბამისობაში იქნება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

2. სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და აღნიშნავს შემდეგს:

3. 2025 წლის 11 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა და მოითხოვა:

3.1. დასაშვებად იქნეს ცნობილი მ. ა–ის (M. A–S) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის ქარადენიზ ერეღლის სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულთა სასამართლოს 2024 წლის 7 მაისის მ. ა–ის (M. A–S) დაკავების ბრძანებაში მითითებული დანაშაულებისათვის მის მიმართ სისხლის სამართალწარმოების განხორციელების მიზნით;

3.2. დასაშვებად იქნეს ცნობილი მ. ა–ის (M. A–S) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის ქ. იზმირის №2 აღმასრულებელი სასამართლოს 2022 წლის 12 სექტემბრის №2022/12555-2022/13376 გადაწყვეტილებით შეკრებილი სასჯელების დარჩენილი ნაწილის მოხდის მიზნით.

4. სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

5. თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი მ. ა–ი (M. A–S) 2025 წლის 10 იანვარს დააკავეს საქართველოს შსს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.

6. შუამდგომლობაში აღწერილი ქმედებები დასჯადია, როგორც საქართველოს, ისე –თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით და, ორივე შემთხვევაში, სასჯელის სახით გათვალისწინებულია, სულ მცირე, ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა, კერძოდ:

6.1. შუამდგომლობაში აღწერილი ქმედებები თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად, დასჯადია მოცემული შუამდგომლობის მე-5, მე-8 და მე-9 პარაგრაფებში მითითებული მუხლებით და სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს, შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთას 1 წელზე მეტი ვადით, მკვლელობის მცდელობის დანაშაულის შემთხვევაში – მაქსიმუმ, 20 წლამდე ვადით. ამასთან, მ. ა–ს (M. A–S) სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 4 თვეზე მეტი ვადით.

6.2. საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში მითითებული ქმედებები, ჩადენის შემთხვევაში დასჯადი იქნებოდა სულ მცირე საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ი“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა 16-დან 20 წლამდე ვადით; იმავე კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა 4-დან 7 წლამდე ვადით; იმავე კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და გამოყენება), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა 3 წლამდე ვადით.

7. ,,ექსტრადიციის შესახებ” 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაული ან მის მიმართ გამოტანილი განაჩენი ხანდაზმულია ექსტრადიციის შესახებ თხოვნის გამგზავნი ან თხოვნის მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით. ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც პირს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან სასჯელის მოხდისგან. მოცემულ შემთხვევაში:

7.1. თურქეთის რესპუბლიკიდან მოწოდებული საექსტრადიციო მასალის თანახმად, ექსტრადიციას ქვემდებარე სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა იწურება 2054 წელს, ხოლო განაჩენთა აღსრულების ვადები – 2030 და 2033 წელს.

7.2. საქართველოს სსკ-ის მე-12 მუხლის თანახმად, დანაშაულებრივი ქმედება, რომლის ჩადენაც ბრალად ედება მ. ა–ს (M. A–S) განეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე დანაშულთა კატეგორიას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა 30 წელი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენიდან. ხანდაზმულობის ვადა გამოიანგარიშება დანაშაულის ჩადენის დღიდან პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემამდე. ამასთან, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ დამნაშავე დაემალა გამოძიებას ან სასამართლოს.

7.2.1. მ. ა–ისათვის (M. A–S) ბრალადშერაცხილი ქმედება განხორციელდა 2021 წელს, ხოლო მ. ა–ის (M. A–S) მიმართ დაკავების ბრძანება გამოცემულია 2024 წელს. შესაბამისად, დაცულია სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობისადმი კონვენციით დადგენილი მოთხოვნები.

7.2.2. რაც შეეხება დანაშაულებრივ ქმედებებს, რომელთა ჩადენისთვისაც მ. ა–ი (M. A–S) მსჯავრდებულია თურქეთის რესპუბლიკაში, ისინი საქართველოს სსკ-ის მე-12 მუხლის თანახმად, განეკუთვნება ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშულთა კატეგორიას. საქართველოს სსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა 6 წელში ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს და 10 წელში – მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ მსჯავრდებულმა თავი აარიდა სასჯელის მოხდას. მ. ა–ის (M. A–S) მიმართ გამამტყუნებელი განაჩენები გამოტანილია 2019 და 2020 წელს, ხოლო მ. ა–ის (M. A–S) მიმართ დაკავების ბრძანება გამოცემულია 2024 წელს. შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის არცერთ განაჩენთან მიმართებით.

8. მ. ა–ის (M. A–S) მიმართ ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულებისათვის არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სისხლის სამართლის პროცესი საქართველოში. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში, არ მოხდება პარალელური წარმოების აკრძალვისა და non bis in idem პრინციპის დარღვევა.

9. საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოსათვის გადაცემა დაუშვებელია, გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამასთან, ,,ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოს უფლება აქვს, უარი განაცხადოს საკუთარი მოქალაქის ექსტრადიციაზე.

9.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული მონაცემებით დასტურდება, რომ მ. ა–ი (M. A–S) არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ. ამასთან, ხსენებული პირი არ ითვლება აგრეთვე ს–ში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად, ვინაიდან იგი არის თ–ს რესპუბლიკის მოქალაქე.

9.2. იმავდროულად, მ. ა–ის (M. A–S) მოთხოვნა საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე იხილება საქართველოს შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტში.

9.3. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს: ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის დანაწესს (სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას ექსტრადიციის დასაშვებობის შესახებ, მაგრამ არ განიხილავს არც პირის გადაცემის საკითხს და არც პირის გადაცემის კონკრეტულ პერიოდს) და 34-ე მუხლის მე-14 პუნქტს (სასამართლოს მიერ პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის მინისტრი გამოსცემს ექსტრადიციის დაკმაყოფილების შესახებ ან ექსტრადიციის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ბრძანებას; გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ექსტრადიციის დასაშვებობის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებასთან ერთად, ასევე ითვალისწინებს, მათ შორის, ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებთან ექსტრადიციის შესაბამისობას და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს).

10. მ. ა–ის (M. A–S) ექსტრადიციის შემთხვევაში ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით დადგენილი უფლების დარღვევის შესახებ კასატორის მტკიცებასთან დაკავშირებით, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმის მასალებით არ დგინდება და კასატორსაც არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მ. ა–ის (M. A–S) ს–ში არსებული ოჯახური კავშირების არსებობას. ამასთან, სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ექსტრადიციის ლეგიტიმური მიზნები იმდენად ღირებულია, რომ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ გადასწონის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების პატივისცემის ინტერესი ექსტრადიციის განხორციელების ინტერესს (Launder v. the United Kingdom, no. 27279/95,ECtHR), შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას.

11. რაც შეეხება კასატორის მტკიცებას, რომ დაუშვებელია მ. ა–ის (M. A–S) ექსტრადიცია, ვინაიდან შუამდგომლობის ინიციატორ სახელმწიფოში მის მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი და, იმავდროულად, თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოს მიერ წარმოდგენილი გარანტიები არ უთითებს, სასამართლოს მიერ საქმის ხელახალი განხილვის შესახებ, სადაც ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი უზრუნველყოფილი იქნება დაცვის უფლებით, საკასაციო სასამართლო, ერთი მხრივ, ითვალისწინებს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონის 23-ე მუხლის დანაწესს (პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადირება არ ხორციელდება, თუ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის ინიციატორ სახელმწიფოში მის მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი და, ამასთანავე, იგი სათანადოდ არ იყო ინფორმირებული სასამართლო სხდომის შესახებ, ან დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულისთვის უზრუნველყოფილი არ იყო დაცვის მინიმალური უფლებები; ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პირის ექსტრადიცია შეიძლება განხორციელდეს, თუ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის ინიციატორი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები წარმოადგენენ სასამართლოს მიერ საქმის ხელახალი განხილვის გარანტიას, სადაც ექსტრადირებული პირი უზრუნველყოფილი იქნება დაცვის უფლებით), ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ: მ. ა–ის (M. A–S) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მოთხოვნილია, მათ შორის, თურქეთის რესპუბლიკის ქ. იზმირის №2 აღმასრულებელი სასამართლოს 2022 წლის 12 სექტემბრის №2022/12555-2022/13376 გადაწყვეტილებით შეკრებილი სასჯელების დარჩენილი ნაწილის მოხდის მიზნით; აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, 2019 წლის 13 დეკემბერს ქ. იზმირის სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულთა მე-6 სასამართლოს №2011/462-2019/952 და 2020 წლის 13 იანვარს ქ. იზმირის სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულთა მე-2 სასამართლოს №2015/295-2020/3 განაჩენებით დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ, განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 9 წლითა და 27 თვით; იმავდროულად, თურქეთის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალებით, მართალია, დასტურდება განაჩენების მსჯავრდებულის დაუსწრებლად (უფლებადამცველის დასწრებით) გამოცხადება, თუმცა, იმავდროულად, დგინდება, მ. ა–ის (M. A–S) საქმის განხილვაში მონაწილეობა და ინფორმირებულობა, კერძოდ: ქ. იზმირის სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულთა მე-6 სასამართლოს 2019 წლის 13 დეკემბრის №2011/462-2019/952 გადაწყვეტილების ფარგლებში ბრალდებულს სხდომაზე განემარტა საბრალდებო დასკვნა, ბრალდებულმა პირმა აწარმოა თავდაცვა, ხოლო ქ. იზმირის სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულთა მე-2 სასამართლოს 2020 წლის 13 იანვარს №2015/295-2020/3 განაჩენის ფარგლებში მსჯავრდებულმა მ. ა–მა (M. A–S) აღიარა დანაშაული (ტ. N2; ს.ფ. 128-138 (134-135)).

11.1. გარდა ამისა, თურქეთის რესპუბლიკის ქ. იზმირის №2 აღმასრულებელი სასამართლოს 2022 წლის 12 სექტემბრის №2022/12555-2022/13376 გადაწყვეტილებით დანიშნული სასჯელიდან – 9 წლითა და 27 თვით თავისუფლების აღკვეთიდან – 180 დღე გაატარა წინასწარ პატიმრობაში, 3 დღე – წინასწარი მოთავსების იზოლატორში, ხოლო 2020 წლის 19 აგვისტოდან 2023 წლის 19 ივლისის ჩათვლით იმყოფებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. აღნიშნულის შემდეგ, მას სასჯელის მოხდა უნდა გაეგრძელებინა პრობაციის სამსახურში, სადაც იგი არ გამოცხადდა.

12. მოცემულ შემთხვევაში, თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ წარმოდგენილია გარანტია იმის თაობაზე, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში, საერთაშორისო და შიდა კანონმდებლობით უზრუნველყოფილი მ. ა–ის (M. A–S) უფლებები სრულად იქნება დაცული.

13. სასამართლო ითვალისწინებს თურქეთის რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში თურქეთის რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ. აღნიშნულ მექანიზმებს შორისაა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი, წამების წინააღმდეგ გაეროს კომიტეტი და პრევენციის ეროვნული მექანიზმი. ხსენებული მექანიზმები, ერთობლიობაში მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიებს ქმნის თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებთან შეუსაბამო მოპყრობისა და ადამიანის უფლებების სხვა ტიპის დარღვევების პრევენციისა და აღკვეთის კუთხით. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ევროპული სასამართლო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს იმ გარემოებას, რომ გარანტიები მომდინარეობს კონვენციის წევრი ქვეყნისგან, რომელსაც ნაკისრი აქვს ვალდებულება, პატივი სცეს კონვენციით გარანტირებულ უფლებებს (Zarmayev v. Belgium, no. 35/10, §113, ECtHR, 27/02/2014; Gasayev v. Spain, no. 48514/06, ECtHR, 17/02/2009; Chentiev and Ibragimov v. Slovakia, nos. 21022/08, 51946/08, ECtHR, 14/09/2010); გარანტიები გაცემულია სახელმწიფოს ცენტრალური ორგანოს მიერ (Shamayev and Others v. Georgia and Russia, no. 36378/02, §344, ECHR, 12/10/2005).

14. იმავდროულად, „სასამართლო არ ივიწყებს არც ექსტრადიციის ფუნდამენტური მიზნის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს გაქცეული დამნაშავეების მიერ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების პრევენციას“ (Trabelsi v. Belgium, no.140/10, §11, ECtHR, 04/09/2014; Soering v. UK, §86 ECtHR, 07/07/1989).

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 14 მარტის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი მ. ა–ის (M. A–S) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ. ა–ის (M. A–S) – ინტერესების დამცველი ადვოკატის – ი. ა–ის – საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 14 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

მ. ვასაძე