Facebook Twitter

საქმე # 330100123008117898

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1189აპ-24 ქ. თბილისი

ი ა, 1189აპ-24 29 აპრილი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 24 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ხ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 10 ივნისის განაჩენით:

1.1. ა. ა-ი, - დაბადებული .. წლის .. ივლისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით, ა. ა-ს შეეფარდა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

1.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, ახლად დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა. ა-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2023 წლის 29 სექტემბრიდან.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ა-მა ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:

2.1. ა. ა-მა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა ქარხნული წესით დამზადებული „BLOW COMPACT MOD.2002” მოდელის 9 მმ ნომინალურკალიბრიანი, ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას მიკუთვნებული, სროლისათვის ვარგისი პისტოლეტი და 9მმ ნომინალურკალიბრიანი, პისტოლეტების დიდი ჯგუფისათვის განკუთვნილი, საბრძოლო მასალათა კატეგორიას მიკუთვნებული, სროლისათვის ვარგისი 7 ცალი ვაზნა, რომლებსაც 2023 წლის 29 სექტემბერს, 13:50 საათზე, ქ.თ-ში, ს-ის ქუჩის №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისას მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 24 სექტემბრის განაჩენით:

3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 10 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - მსჯავრდებულ ა. ა-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ს. ხ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 24 სექტემბრის განაჩენის გაუქმება და ა. ა-ის გამართლება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ა. ა-ის საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში მსჯავრდების შესახებ.

7. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება ადვოკატ ს. ხ-ის პოზიციას მსჯავრდებულ ა. ა-ის უდანაშაულობის შესახებ და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდების მხარის მოწმეების - დ. თ-ის, მ. მ-ის, ა. შ-ის, გ. ფ-ის, ი. მ-ის, ლ. შ-სა და სხვათა ჩვენებებს, ასევე პირადი ჩხრეკისა და დაკავების ოქმებს, ბალისტიკური ექსპერტიზის N.. დასკვნასა და სხვა მტკიცებულებებს, რომლებიც ურთიერთთანხვდენილია და არ შეიცავს საეჭვო გარემოებებს. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ა. ა-ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტი.

8. მოწმეებმა (პოლიციის თანამშრომლებმა და გამომძიებლებმა) - მ. მ-მ, ი. მ-მა, გ. ფ-მა და ა. შ-მ სასამართლოში ჩვენების მიცემისას დაადასტურეს მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ოქმების სისწორე; მათ დეტალურად და დამაჯერებლად აღწერეს ოპერატიული ინფორმაციის მიღების შემდგომ მათი შემადგენლობით შესაბამისი ოპერატიული ჯგუფის შემთხვევის ადგილზე გასვლისა და იქ განვითარებული მოვლენები; ასევე ა. ა-ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთმტკიცების - იარაღის, მასში არსებული მჭიდისა და ვაზნების ამოღებასთან დაკავშირებით პროცედურები). ზემოაღნიშნული მოწმეთა ჩვენებებში გადმოცემული ინფორმაცია გამყარებულია მსჯავრდებულის პირადი ჩხრეკის დროს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის სრული დაცვით გადაღებული ვიდეოჩანაწერით, რომელიც გამოკვლეულ იქნა სააპელაციო სასამართლოში, რომლის მიხედვითაც: კადრში ჩანს მსჯავდებული ა. ა-ი, რომელიც შეჩერებული ჰყავთ პოლიციის თანამშრომლებს; მ. მ-ძე ეცნობა როგორც პოლიციის გამომძიებელი, აცნობს დადგენილებას გადაუდებელი აუცილებლობის გამო პირადი ჩხრეკის წარმოების შესახებ, ვინაიდან ინფორმაცია აქვთ მართლსაწინააღმდეგო ნივთის ქონასთან დაკავშირებით. ა. ა-ი თავად კითხულობს დადგენილებას და ადასტურებს ხელმოწერით. დადგენილების გაცნობის შემდეგ იწყება მსჯავრდებულის პირადი ჩხრეკა. აღნიშნულ ჩანაწერში გამომძიებლის დასმულ შეკითხვებზე, ინახავს თუ არა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთს, ა. ა-ი განმარტავს, რომ ინახავს იარაღს და უთითებს, თუ სად აქვს შენახული, რის შემდეგაც გამომძიებელი გ. ფ-ი ატარებს მსჯავრდებულის პირად ჩხრეკას, კერძოდ, მისი შარვლის უკანა მხრიდან, საქამრედან გიორგი ფერხული იღებს შავი ფერის მეტალის პისტოლეტისმაგვარ საგანს მჭიდით. ამოღებული პისტოლეტის მაგვარი საგანი და სავაზნე მჭიდი, მასში მოთავსებული ვაზნებით, თავსდება შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურ პაკეტში.

9. ზემოაღნიშნულ მტკიცებულებები შეესაბამება 2023 წლის 29 სექტემბერს, 13:50 საათიდან 14:40 საათამდე დროის შუალედში, გამომძიებელ მ. მ-ის მიერ, გამომძიებელ ი. მ-ისა და დეტექტივების - ა. შ-ის და გ. ფ-ის მონაწილეობით, ქ.თ-ში, ს-ის ქუჩის №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებულ ა. ა-ის პირადი ჩხრეკის ოქმს, რა დროსაც მისი შარვლის უკანა მხრიდან, საქამრიდან ამოღებულ იქნა შავი ფერის მეტალის პისტოლეტისმაგვარი საგანი წარწერით: BLOW COMPACT MOD.2002. აღნიშნული პისტოლეტისმაგვარი საგნის მჭიდის კოლოფში მოთავსებულია მჭიდი და მასში, თავის მხრივ, ვაზნისმსგავსი ნაცრისფერი მრგვალი ფორმის 7 საგანი. ამოღებული პისტოლეტის მაგვარი საგანი, ვაზნისებრი საგნები და სავაზნე მჭიდი მოთავსდა და დაილუქა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურ პაკეტში, ნომრით MIA221824237, რომელზეც გაკეთდა ხელმოწერები. პირადი ჩხრეკის ოქმში აღნიშნულია, რომ პირადი ჩხრეკა ჩატარდა მშვიდ, წყნარ ვითარებაში, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე. ოქმის სისწორე დადასტურებულია მონაწილე პირთა, მათ შორის, ა. ა-ის ხელმოწერებით და მასში რაიმე სახის შენიშვნა არ შეტანილა. ის გარემოება, რომ ა. ა-ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იარაღი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისთვის, ხოლო 7 ცალი 9 მმ ნომინალურკალიბრიანი ვაზნა წარმოადგენს საბრძოლო მასალას, დადგენილია ბალისტიკური ექსპერტიზის N... დასკვნით.

10. ამდენად, საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი ეჭვი შეიტანოს მოწმე პოლიციელთა ჩვენებების, ასევე ნეიტრალური მოწმის ა. ბ-ის ჩვენების სისწორეში, რადგან მსჯავრდებულის მიმართ არ ვლინდება რაიმე დაინტერესების არსებობა. კასატორის მიერ მითითებული გარემოებები კი, არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით, არადამაჯერებელია და ვერ გახდება ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებების, ასევე წერილობითი მტკიცებულებების რელევანტურობასა და უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი.

11. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას როგორც მოწმე პოლიციელთა ჩვენებების, ასევე მათ მიერ ჩატარებული ა. ა-ის პირადი ჩხრეკისას, დაცვის მხარის ვერსიით, მათ მიერვე დამონტაჟებული გადაღებული ვიდეოკადრის არგაზიარებასთან დაკავშირებით. ვიდეოკადრში იგი აღიარებს იარაღის ქონას და მხოლოდ იარაღის ამოღების ფაქტი არის დაფიქსირებული. საკასაციო სასამართლო, გასაჩივრებული განაჩენის მსგავსად, მიუთითებს, რომ ვიდეოჩანაწერში ჩანს, თუ როგორ ეცნობა პოლიციის თანამშრომელი მ. მ-ძე და აცნობს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში პირადი ჩხრეკის წარმოების შესახებ დადგენილებას, რასაც თავად ა. ა-ი კითხულობს და ადასტურებს ხელმოწერით. საკასაციო სასამართლო ხსენებულ ფაქტთან დაკავშირებით მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას, რომლის თანახმადაც: „არ იქნებოდა მართებული სამართალდამცავთა ჩვენებების გამოყოფა და მიკუთვნება საეჭვო კატეგორიის მტკიცებულებებთან. არასწორი იქნებოდა ვარაუდი, რომ საზოგადოებაში უსაფრთხოების გარანტორი ინსტიტუტის წარმომადგენელთა ფიცის ქვეშ მიცემული ჩვენება რაიმე განსაკუთრებული საფრთხის მატარებელია და რომ პოლიციის თანამშრომლები იმთავითვე არასანდო მოწმეები არიან“.

12. რაც შეეხება დაცვის მხარის არგუმენტაციას, რომ ა. ა-ს „ჩადებულ“ ცეცხლსასროლ იარაღთან შემხებლობა არ ჰქონია, რადგან ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის №... დასკვნის თანახმად, მასზე ა. ა-ის გენეტიკური პროფილი არ გამოვლინდა, საკასაციო სასამართლო, სააპელაციო პალატის მსგავსად, მიუთითებს, რომ, მართალია, ექსპერტიზის დასკვნით მსჯავრდებულის იარაღთან უშუალო შემხებლობა არ ვლინდება, თუმცა ზემოაღნიშნულ დასკვნაში ასახული ინფორმაცია ცალსახად არ გამორიცხავს მისგან ამოღებულ იარაღთან ბრალდებულის შემხებლობას, მითუფრო სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა დ. ლ-მა განმარტა, რომ კონტაქტური დნმ-ის შემთხვევაში, გენეტიკური პროფილის გადასვლა/დარჩენა დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე, მათ შორის, იმ პირის კანის ტიპზე, რომელიც საგანს ეხება და იმ შემთხვევაშიც კი, თუ პირი საგანს შეეხო, შესაძლოა მისი გენეტიკური პროფილი არ დარჩეს, მიუხედავად შეხების ხანგრძლივობისა.

13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. ა-ის ქმედების კვალიფიკაციასთან ფაქტებისა და გარემოებების მისადაგებისას არ გამოვლენილა ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან ან თუნდაც, სავარაუდოს გახდიდა არსებული პრაქტიკის გადახედვის საჭიროებას.

14. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ განხილულ სისხლის სამართლის საქმეში მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პირობებში, როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეს სრული შესაძლებლობა ჰქონდათ, კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმოედგინათ თავიანთი მტკიცებულებები, მონაწილეობა მიეღოთ მოწინააღმდეგე მხარის მტკიცებულებების გამოკვლევაში და ჯეროვნად დაეცვათ თავიანთი პოზიციები; დაცვის მხარე უზრუნველყოფილი იყო მტკიცებულებათა წარდგენისა და საქმის გარემოებებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებების დაფიქსირების შესაძლებლობით; ასევე მთელი სამართალწარმოების პროცესში საშუალება ჰქონდა, ედავა მტკიცებულებების ავთენტურობაზე, დასაშვებობაზე და მონაწილეობა მიეღო მათ გამოკვლევაში, დაეკითხა მოწმეები; უშუალოდ მსჯავრდებული ა. ა-ი, მთელი სამართალწარმოების პროცესში უზრუნველყოფილი იყო დაცვის უფლებით და ამ უფლების დარღვევაზე დაცვის მხარეს პრეტენზია არ გააჩნია. მოცემული საქმის წარმოებისას როგორც გამოძიებაში, ისე სასამართლოში დაცვის მხარისათვის სრულად იყო უზრუნველყოფილი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლით გარანტირებული - საქმის სამართლიანი განხილვის უფლება.

15. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ა. ა-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

16. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v. Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v. Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014; Marini v. Albania, ECtHR, no. 3738/02, §106, 18/12/2007; and Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

18. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ა. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ხ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 24 სექტემბრის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ნ. სანდოძე