Facebook Twitter

საქმე # 080100122006532858

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1302აპ-24 ქ. თბილისი

ა-ძე ს, 1302აპ-24 29 აპრილი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ს. ა-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - რ. ჭ-სა და გ. ო-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 20 ივნისის განაჩენით:

1.1. ს. ა-ძე, - დაბადებული .. წლის ... ივნისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის „თ“, „კ“, „მ“ ქვეპუნქტებით - 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე, სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით 3 წლით აეკრძალა იარაღის შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ს. ა-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით 3 წლით აეკრძალა იარაღის შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2022 წლის 18 ოქტომბრიდან.

1.2. ს. ა-ე სასჯელის მოხდის პერიოდში არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული სტაციონარული დახმარების კრიტერიუმების ამოწურვამდე მოთავსებულ იქნა შპს ,,აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (ხონი, ქუტირი); ხოლო აღნიშნული კრიტერიუმების ამოწურვის შემდეგ სასჯელის მოხდა უნდა გაუგრძელდეს საერთო წესით.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს. ა-მ ჩაიდინა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; გენდერის ნიშნით სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ; განზრახ მკვლელობის მცდელობა ოჯახის წევრის მიმართ, გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2021 წლის სექტემბერში (ზუსტი რიცხვი დაუდგენელია), დაახლოებით 20:00 საათზე, ს. ა-მ ქ.ქ-ში, ნ-ს ქუჩის №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ქალისადმი სტერეოტიპული შეხედულებების გამო, არასრულწლოვან ს. ა-ის თანდასწრებით, იძალადა რძალზე - გ. მ-ზე, კერძოდ, ხელი დაარტყა მას სახის არეში, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2021 წლის სექტემბერში (ზუსტი რიცხვი დაუდგენელია), დაახლოებით 20:00 საათზე, ს. ა-ძე, ქ.ქ-ში, ნ-ას ქუჩის №...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ქალისადმი სტერეოტიპული შეხედულებების გამო, სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, დანით ყელის გამოჭრით დაემუქრა რძალს - გ. მ-ს, რომელსაც აღნიშნულით გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.

· 2022 წლის 18 ოქტომბერს, დაახლოებით 16:30 საათზე, ს. ა-მ, წ-ოს რაიონის სოფელ ს-ში მდებარე სასაფლაოს ტერიტორიაზე, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ქალისადმი სტერეოტიპული შეხედულებების გამო, მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით, განსაკუთრებული სისასტიკით, დანის სხეულის სხვადასხვა ადგილებში რამდენჯერმე დარტყმით სცადა რძლის - გ. მ-ის განზრახ მკვლელობა. ს. ა-მ განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო, რადგან იგი გარიდებულ იქნა ადგილზე მყოფი პირების მიერ, ხოლო გ. მ-ძე გადაუდებელი სასწრაფო დახმარების გაწევის შედეგად გადაურჩა სიკვდილს.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით:

3.1. ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 20 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორებმა - მსჯავრდებულმა ს. ა-მ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - რ. ჭ-მა და გ. ო-მა საკასაციო საჩივრით მოითხოვეს განაჩენის გაუქმება და ს. ა-ის გამართლება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარეთა საჩივრებს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია ისინი.

6. ს. ა-ის მსჯავრდების ეპიზოდი (საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის „თ“, „კ“, „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედება):

6.1. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეზე განაჩენში წარმოდგენილია საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა ს. ა-ის სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის „თ“, „კ“, „მ“ ქვეპუნქტებით შერაცხული ბრალის დასადასტურებლად.

6.2. უსაფუძვლოა დაცვის მხარის მოსაზრება, რომ თითქოს, მსჯავრდებულ ს. ა-ს არ ჰქონია დაზარალებულ გ. მ-ის მოკვლის განზრახვა და მისთვის დანა არ დაურტყამს, ვინაიდან, ამ ვერსიას ცალსახად გამორიცხავს დაზარალებულ გ. მ-ისა და მოწმეების - დ. ხ-ის, ხ. ტ-ის ჩვენებები, არასრულწლოვანი მოწმეების - ა. და ს. ა-ის გამოკითხვის ოქმები, გ. მ-ის მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილ აუდიოჩანაწერში ასახული ინფორმაცია, ასევე სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, კერძოდ:

6.3. დაზარალებულ გ. მ-ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ 2022 წლის 18 ოქტომბერს, მეუღლის საფლავზე ყოფნისას, მამამთილმა - ს. ა-მ ოთხჯერ დაარტყა დანა მხრის, შუბლისა და გულმკერდის არეში, დარტყმისას კი სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. იგი ცდილობდა წინააღმდეგობა გაეწია მისთვის და დარტყმები მოეგერიებინა, რის შედეგადაც მოახერხა, რომ შინაგანი ორგანოები არ დაზიანებია. ს. ა-ძე ძმისშვილებმა - ლ. და ზ. ა-მა დაიჭირეს. იგი კვლავ ცდილობდა მიახლოებოდა და აღესრულებინა თავისი განზრახვა, მაგრამ მას აკავებდნენ, ამასობაში კი თავად სასაფლაოს სიღრმეში გაიქცა.

6.4. დაზარალებულის ჩვენება სრულადაა თანხვდენილი შემთხვევის ადგილზე მყოფი მოწმეების - დ. ხ-ის და ხ. ტ-ის ჩვენებებთან, რომლებმაც განმარტეს, რომ 2022 წლის 18 ოქტომბერს, გ. მ-ის მეუღლის საფლავზე მყოფებმა გაიგონეს კივილი და დაინახეს, რომ გ. მ-ძე წაქცეული იყო, მას მამამთილი - ს. ა-ძე დანას ურტყამდა და თან უძახოდა, რომ მოკლავდა. ამ დროს მათთან ს. ა-ის ძმა და ძმისშვილები მივიდნენ და აკავებდნენ. ასევე გასათვალისწინებელია დაზარალებულის შვილების - ა. და ს. ა-ის გამოკითხვის ოქმები (უდავო მტკიცებულებები), რომლებითაც დასტურდება, რომ მათ დაინახეს, როგორ დაარტყა ბაბუამ - ს. ა-მ დედას რამდენჯერმე დანა სხეულზე, რა დროსაც დედას სისხლი წამოუვიდა და შველას ითხოვდა.

6.5. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მსჯელობას დაზარალებულ გ. მ-ისა და ბრალდების მხარის მოწმეების - დ. ხ-ის და ხ. ტ-ს ჩვენებების არასარწმუნოობის შესახებ, ვინაიდან, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით აღნიშნული ჩვენებები არის ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელი, მათ შორის რაიმე სახის არსებითი წინააღმდეგობები არ იკვეთება. ისინი თანმიმდევრულია, აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს, რის გამოც არ არსებობს მათში ეჭვის შეტანის საფუძველი.

6.6. ამასთან, ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და სრულადაა თანხვდენილი საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან, მათ შორის, გურანდა მაღლაფერიძის მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილ აუდიოჩანაწერთან, რომლითაც დასტურდება, რომ 2022 წლის 18 ოქტომბერს, სასაფლაოზე ყოფნის დროს, ს. ა-ს კონფლიქტი აქვს გ. მ-ან, განერვიულებულია, ყვირის და საყვედურებს გამოთქვამს მის მიმართ. შემდეგ მიმართავს დაზარალებულს, რომ თუ ხალხთან არ უნდა საუბარი, მასთან ერთად გავიდეს ცალკე სალაპარაკოდ, რაზეც გ. მ-იძე უარს აცხადებს. აუდიოჩანაწერში ისმის, რომ გ. მ-ძე შვილებს ეუბნება მანქანაში ჩასხდნენ. დაზარალებულის განმარტებით, იგი სასაფლაოს ჭიშკრიდან გავიდა ქუჩაში, თუმცა მალევე უკან დაბრუნდა და სასაფლაოს ეზოში შევიდა, რა დროსაც ს. ა-მ ხელში მომარჯვებული გაშლილი დანა რამდენჯერმე დაარტყა სხეულზე და ჭრილობები მიაყენა. ამ დროს აუდიოჩანაწერში ისმის კივილის ხმა და მოწოდება, რომ სასწრაფოს დაუძახონ, ასევე ისმის ბავშვების ტირილი. გ. მ-ს ბავშვები ეკითხებიან საიდან მოსდის სისხლი.

6.7. ს. ა-ის ქმედებაში მკვლელობის განზრახვის არსებობაზე მეტყველებს ასევე მის მიერ დაზარალებულისათვის მიყენებული დაზიანებების რაოდენობა, მათი ხასიათი და ლოკალიზაცია, მათ შორის, სიცოცხლისათვის სახიფათო ადგილას – გულმკერდისა და კისრის მიდამოში მიყენებული დაზიანებები, კერძოდ: ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №... დასკვნით დასტურდება, რომ დაზარალებულ გ. მ-ს აღენიშნებოდა გულმკერდის წინა კედლის ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა, კისრის მარჯვენა გვერდითი კედლის ნაჩხვლეტი ჭრილობა, მარჯვენა მხრის სარტყლის ნაკვეთი ჭრილობა და ნაკვეთი ჭრილობა შუბლის მიდამოში მარჯვნივ, მარჯვენა წარბის ზემოთ. დაზიანებები - გულმკერდის წინა კედელსა და კისრის მარჯვენა გვერდითა კედელზე არსებული ჭრილობების სახით განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი თვისების მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად, ხოლო დაზიანებები მარჯვენა მხრის სარტყლის მიდამოში და შუბლის მიდამოში მარჯვნივ არსებული ჭრილობების სახით - რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად. ამავე დასკვნიდან ირკვევა, რომ გულმკერდის წინა კედელზე არსებული ჭრილობის ზედა კიდე იწყებოდა საუღლე ნაჭდევის ქვედა კიდიდან და გრძელდებოდა ირიბად უპირატესად მარჯვნივ, კაუდალური მიმართულებით მე-7-8 ნეკნების საპროექციოდ. ფსკერზე ჩანდა მკერდის ძვალი, ჭრილობა შრეობრივად გაიკერა. ასევე ნაკერები დაედო დაზარალებულს დანარჩენ ჭრილობებზეც.

6.8. რაც შეეხება ქმედების ჩადენას გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული მოტივი მკვეთრად არის გამოხატული, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში ს. ა-ძე გენდერის ნიშნით გარკვეულ შეზღუდვებს უწესებდა რძალს - გ. მ-ს, უკრძალავდა ავტომანქანის საჭესთან დაჯდომასა და მუშაობას, ეუბნებოდა, რომ ქალი იყო და სახლში საოჯახო საქმეებისთვის მიეხედა; სთავაზობდა, რომ სამსახურისთვის თავი დაენებებინა და იმ თანხას, რასაც ანაზღაურების სახით იღებდა, თავად მისცემდა. სურდა მის დაქვემდებარებაში ყოფილიყო, დამოუკიდებლად მოქმედებასა და აზროვნებას უკრძალავდა. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში გენდერული დისკრიმინაციის მოტივი გამოკვეთილი და დადასტურებულია.

7. ს. ა-ის მსჯავრდების ეპიზოდი (საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებები):

7.1. საკასაციო სასამართლო მოცემული მსჯავრდების ეპიზოდებში აგრეთვე სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასა და მოტივაციას და მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ერთობლივად, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ს. ა-ის მიერ ძალადობისა და მუქარის ჩადენას, კერძოდ:

7.2. დაზარალებულ გ. მ-ის ჩვენებით, 2021 წლის სექტემბერში, ცხოვრობდა მეუღლესთან - გ. ა-ან, დედამთილთან - მ. ა-ან, მამამთილთან - ს. ა-სა და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ქ-ში, ნ-ას ქ.№...-ში. მამამთილი - ს. ა-ძე გენდერული ნიშნით, ვინაიდან, იყო ქალი, ავტომანქანის საჭესთან დაჯდომას უკრძალავდა. ერთ დღეს, როდესაც მეუღლის კუთვნილი ავტომანქანით სახლში დაბრუნდა, ს. ა-მ განუცხადა, რომ ქალი საჭესთან არ უნდა დამჯდარიყო. აღნიშნულზე შელაპარაკება მოუვიდათ, რა დროსაც ს. ა-მ სახეში მარჯვენა ხელი დაარტყა, რის შედეგადაც, ფიზიკური ტკივილი განიცადა. მამამთილს განუცხადა, რომ პოლიციას გამოიძახებდა, რის გამოც იგი გაბრაზდა და დაემუქრა, რომ დანით ყელს გამოჭრიდა. მუქარის გამო ტირილი დაიწყო და შიშის ფონზე ოთახში ჩაიკეტა. მამამთილის მხრიდან ფიზიკური ძალადობის ფაქტს მისი მცირეწლოვანი შვილები - ს. და ა. ა-ბი შეესწრნენ. ს. ა-ძე იმ დროისათვის ექვსი წლის იყო და როდესაც დაინახა თუ როგორ დაარტყა ხელი ს. ა-მ, ტირილი დაიწყო და ცუდად გახდა.

7.3. დაზარალებულის ჩვენება გამყარებულია მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული, მოწმე ს. ა-ის 2022 წლის 31 აგვისტოს გამოკითხვის ოქმით, რომლის თანახმად, როდესაც 6 წლის იყო, შემოდგომაზე, საღამოს საათებში, დედასთან ერთად სახლში იმყოფებოდა ქ-ში, ნ-ს ქუჩაზე. მათთან ერთად ასევე იმყოფებოდნენ ს-ო ბაბუა და მ-ა ბებია. მან დაინახა, რომ ბაბუამ - ს. ა-მ სახლში ყოფნისას დედას საყვედურით უთხრა მამას კუთვნილი „ბმვ-ს“ მარკის ავტომანქანა არ გაეტარებინა, რადგან გააფუჭებდა. ს-ო ბაბუა გაბრაზდა და დედას შეაგინა, შემდეგ კი ხელიც დაარტყა სახის არეში, რის გამოც დედამ ტირილი დაიწყო და ლოყა ეტკინა. ბაბუამ დედას დაუყვირა პოლიციაში არ დაერეკა, თორემ მოკლავდა.

7.4. ზემომითითებულ მტკიცებულებებს შეესაბამება შემაკავებელი ორდერი №..., რომლის თანახმად, მსხვერპლს - გ. მ-ს, მეუღლის მამამ - მოძალადე ს. ა-მ თავის საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვნის თანდასწრებით მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე ფიზიკურიც, კონკრეტულად ს. ა-მ მსხვერპლს ხელი დაარტყა სახის არეში, რა დროსაც მან იგრძნო ტკივილი და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.

8. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცებულებათა შეფასებისას ხელმძღვანელობს მტკიცების „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით; აღნიშნული სტანდარტი უნდა გამომდინარეობდეს საკმაოდ მყარ, ზუსტ და თანმხვედრ ფაქტებზე დამყარებული ვარაუდიდან ან მსგავსი უტყუარი ფაქტების პრეზუმფციიდან (,,ულკუ ეკინჯი თურთქეთის წინააღმდეგ,“ (Ülkü Ekinci v. Turkey), N27602/95, 16/07/2002, §142); ამ შემთხვევაში საქმეში არსებული, კანონიერი გზით მოპოვებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ს. ა-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის „თ“, „კ“, „მ“ ქვეპუნქტებით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტი.

9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

10. ს. ა-ის მიმართ დანიშნული სასჯელის სამართლიანობა:

10.1. სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ს. ა-ის მიერ ჩადენილ ყოველ დანაშაულთან მიმართებით სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები, ისე პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, რის გამოც მიაჩნია, რომ იგი პასუხობს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ სასჯელის სამართლიანობის მოთხოვნებს.

11. აქვე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: მართალია, ს. ა-მ მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულები „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით განსაზღვრულ ვადამდე - 2024 წლის 1 ივლისამდე - ჩაიდინა, თუმცა ამავე კანონის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის „თ“, „კ“, „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულზე.

12. დანარჩენ, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტსა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმადაც ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, უნდა გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით ან მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია, და თუ ეს პირი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე, გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს - 9 თვისა. დამცავი ორდერით გასათვალისწინებელი შეზღუდვების ფარგლებს განსაზღვრავს მოსამართლე.

13. ასევე ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, იმ პირზე, რომელმაც ჩაიდინა ოჯახური დანაშაული (გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით ან მე-7 მუხლით განსაზღვრული ოჯახური დანაშაულისა), ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია გავრცელდება, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია, და თუ ეს პირი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს 9 თვისა. დამცავი ორდერით გასათვალისწინებელი შეზღუდვების ფარგლებს განსაზღვრავს მოსამართლე.

14. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს მსჯავრდებულის მიერ კანონით დადგენილი წესით შედგენილი თანხმობის წარმოუდგენლობას დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე; ამასთან დაზარალებულის თანხმობის წარმოუდგენლობის ფაქტს.

15. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტსა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის გავრცელების შესაძლებლობას.

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

17. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ს. ა-ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - რ. ჭ-სა და გ. ო-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ოქტომბრის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ნ. სანდოძე