საქმე # 330100123007429641
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1215აპ-24 ქ. თბილისი
კ-ძე ვ, 1215აპ-24 7 მაისი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 19 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ვ. კ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლო სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 11 იანვრის განაჩენით:
1.1. ვ. კ-ძე, - დაბადებული .. წლის ... იანვარს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის ,,პ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 19 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 67-ე და 59-ე მუხლების საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 3 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ვ. კ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 19 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2023 წლის 25 აპრილიდან.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. კ-მ ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, არაერთგზის (გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 110-114-ე მუხლებით გათვალისწინებული მკვლელობებისა), რაც გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2023 წლის 16 აპრილს, დაახლოებით 23:10 საათზე, თ-ში, ა. ხ-ის ..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, შურისძიების მოტივით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 3 აგვისტოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 18 ოქტომბრის განაჩენთა ერთობლიობით, საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით, განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის ნასამართლევმა ვ. კ-მ, არაერთგზის, განზრახ მკვლელობის მიზნით, თანნაქონი დანის მრავალჯერადი დარტყმით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა ა-ის შ-ი შ-ის მოქალაქე ტ. ფ-ის სხეულის სხვადასხვა და სიცოცხლისათვის სახიფათო არეებში, კერძოდ, ყელის მიდამოში მარცხენა მხარეს შემავალი ჭრილობა, მარცხენა თირკმლის მიდამოში შემავალი ჭრილობა, ასევე ნაკვეთი ჭრილობები მიაყენა გულმკერდის მარცხენა ნახევრის წინა ზედაპირზე, გულმკერდის მარცხენა ნახევრის უკანა ზედაპირზე, შემავალი პლევრის ღრუში, მარცხენა საფეთქელ-ქვედა ყბის მიდამოში, კისრის ღია ჭრილობით და დაუზიანა არტერია. დაჭრილის დასახმარებლად ადგილზე მყოფი სხვადასხვა პირის ჩარევის გამო ვ. კ-მ ვერ შეძლო დანაშაულებრივი განზრახვის დასრულება და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო ტ. ფ-ის გადაუდებელი და აუცილებელი სამედიცინო დახმარების შედეგად შეუნარჩუნდა სიცოცხლე.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 19 სექტემბრის განაჩენით:
3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლო სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 11 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - მსჯავრდებულ ვ. კ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. მ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 19 სექტემბრის განაჩენის გაუქმება და ვ. კ-ის გამართლება.
4.1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ცეცხლაძემ შესაგებლით მოითხოვა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 19 სექტემბრის განაჩენის ძალაში დატოვება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ადვოკატ მ. მ-ის საკასაციო საჩივრის არგუმენტაციასა და მსჯელობას ვ. კ-ის ქმედების სამართლებრივი შეფასების თაობაზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ ტ. ფ-ის მოკვლის განზრახვას.
7. მოცემულ შემთხვევაში, როგორც დაზარალებულ ტ. ფ-ის, ასევე მოწმეების - მ. ა-სა და ა. ი-ის ჩვენებებით დგინდება ვ. კ-ის მიერ ჩადენილი ქმედების მოტივი, კერძოდ:
8. მოწმე მ. ა-ის განმარტებით, როდესაც ლ-მა შეაღო კარი, დაინახა, რომ საწოლზე ნახევრად იყო მიწოლილი ტ-ი. მას თავზე ედგა ვ-ი და ხელში ეჭირა დანა, რომელიც არაერთხელ დაარტყა დაზარალებულს. აღნიშნულის შემდეგ მსჯავრდებულმა სწრაფად დატოვა შემთხვევის ადგილი. როგორ მოწმემ დაადასტურა, სანამ ვ. კ-ძე შევარდებოდა ოთახში, მანამდე ამბობდა: - მოვკლავ მაგას. უფრო კონკრეტულად, მან მოისმინა შედეგი ტექსტი - ,,ამ საყვარელსაც ისე დააკლავდა ღორივით, როგორც ადრე გააკეთა“. გამომძიებელ დ. ხ-ის ჩვენებით, ვიდეოკამერის ჩანაწერში ჩანს, კ-ძე დიასახლისთან საუბრის შემდეგ როგორ გამორბის და შერბის გვერდითა კარიდან, შემდეგ, ალბათ, ერთ წუთში, ისევ გამორბის და მიემართება ქუჩის ზემოთა მიმართულებით. აღნიშნული მტკიცებულებები შეთანხმებულად, დამაჯერებლად მიუთითებს, რომ ვ. კ-ძე, ეჭვიანობის ნიადაგზე, პირდაპირი განზრახვით, თავს დაესხა დაზარალებულს და სცადა მისი მოკვლა, არაერთი და, მათ შორის, რამდენიმე სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობა მიაყენა ტ. ფ-ს, რის შემდეგაც რამდენიმედღიანი (არაერთ კლინიკაში) მკურნალობის შედეგად ტ. ფ-ი გადაურჩა სიკვდილს.
9. მსჯავრდებულ ვ. კ-ის განზრახვის შეფასებისას საკასაციო სასამართლო, სააპელაციო პალატის მსგავსად, მხედველობაში იღებს მის მიერ დანაშაულის ჩადენის ხერხსა და საშუალებას, დაზიანებათა რაოდენობას, ხასიათს, ლოკალიზაციას, დაზიანების მიყენების ვითარებას, დანაშაულებრივი ქმედების შეწყვეტის მიზეზსა და ბრალდებულის ქცევას ქმედების ჩადენის შემდგომ. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ქმედების განზრახ დანაშაულად კვალიფიკაციისთვის აუცილებელი არ არის, პირს წინასწარ, რამდენიმე დღით, ან თუნდაც, რამდენიმე საათით ადრე ჩამოუყალიბდეს ადამიანის სიცოცხლის მოსპობის განზრახვა. აღსანიშნავია, რომ დანაშაულის ჩასადენად, როგორც თავად ვ. კ-ძე განმარტავს, მსჯავრდებულმა გამოიყენა ცივი იარაღი - მაკრატელი. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს დაზიანებების რაოდენობასა და მათ ხარისხს. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ტ. ფ-ს სხეულზე სხვადასხვა არეში მიყენებული აქვს შვიდი ნაკვეთი/ნაკვეთ-ნაჩხვლეტი (სწორკიდეებიანი, სისხლმდენი) ჭრილობა; ისინი ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს - 2023 წლის 16 აპრილს. რაც შეეხება აღნიშნული ჭრილობებით მიყენებულ დაზიანების ხარისხს, ჭრილობა N4 (შემავალი მარცხენა პლევრის ღრუში) და ჭრილობა N6 (მარცხენა თირკმლის დაზიანებით) იზოლირებულად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო. ზოგადადაც, ყველა ჭრილობა ერთობლიობაში მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო. ასევე აღსანიშნავია, რომ ექსპერტის განმარტებით, როდესაც ჭრილობა ღრუში შემავალია (მარცხენა პლევრის ღრუში), არ აქვს მნიშვნელობა თირკმელი/ფილტვი დაზიანდა თუ არა, უკვე მძიმე ხარისხის და სიცოცხლისათვის სახიფათოა.
10. რაც შეეხება მიზეზს, რის გამოც დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი, აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს მოწმეების ჩვენებებზე, კერძოდ: მოწმე მ. ა-ის ჩვენებით, ვ. კ-ის საძინებელში შესვლიდან მალევე შემოვიდა ლ-იც და ერთად წავიდნენ ტ. ფ-ის საძინებლისკენ. ლ-მა შეაღო კარი და დაინახა, რომ საწოლზე ნახევრად იყო მიწოლილი ტ-ი, რომელსაც თავზე ედგა ვ-ი და ხელში ეჭირა დანა. მან არაერთხელ დაარტყა ტ-ის. შემდეგ ლ-ი მივარდა ვ-ან და სცადა ფიზიკურად შეეჩერებინა, ყველა დანარჩენი ყვიროდა და ძალიან დაძაბული სიტუაცია იყო. მოწმე ა. ი-მა განმარტა, რომ საძინებელში შესვლისას დაინახა სისხლიანი, დაჭრილი ტ-თი, ლოყაზეც ჭრილობა შეამჩნია. დაზარალებულთან მისი დაც იყო. ყველა ცდილობდა დაჭრილისთვის პირველადი დახმარების გაწევასა და მისთვის სისხლდენის შეჩერებას. მოწმეს ხელი ჰქონდა ტ-ის ჭრილობაზე დადებული, რათა მისთვის სისხლდენა შეეჩერებინა და პარალელურად თავის დას, ლ-ას უყვიროდა, რომ სასწრაფო დახმარება გამოეძახებინა. მოწმეთა ჩვენებებით დგინდება რომ მათი საძინებელში შესვლის შემდეგ ვ. კ-ძე გაიქცა შემთხვევის ადგილიდან, ხოლო ტ-თი ფ-ის გადაუდებელი და აუცილებელი სამედიცინო დახმარების შედეგად შეუნარჩუნდა სიცოცხლე. სწორედ აღნიშნული პირების საძინებელში შესვლა გახდა ხელისშემშლელი ფაქტორი ვ. კ-ის, რათა ბოლომდე მიეყვანა მისი ქმედება სისრულეში და მოეკლა ტ. ფ-ზი. ამდენად, ზემოთაღნიშნული მტკიცებულებების გამოკვლევით დგინდება, რომ ვ. კ-ძე, მის მიერ მიყენებული ჭრილობების რაოდენობიდან და ლოკალიზაციიდან გამომდინარე, ასევე დაზარალებულის სხეულის დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე, მოქმედებდა დაზარალებულ ტ. ფ-ის მკვლელობის განზრახვით, რისი სისრულეში მოყვანა ვერ მოახერხა ობიექტური მიზეზების გამო და დაუყოვნებლივ მიიმალა კიდეც შემთხვევის ადგილიდან.
11. საკასაციო სასამართლოს საფუძველს მოკლებულად მიაჩნია დაცვის მხარის მოსაზრება აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებაზე, მით უფრო, მოგერიების ფარგლებში ყოფნაზე. დაზარალებულს თავისი ქმედებებით არ გამოუხატავს კონფლიქტის დაწყების, განახლების, გაგრძელების ან გამწვავების სურვილი, არამედ პირიქით, იგი გაერიდა კონფლიქტს და გადაინაცვლა თავის საძინებელ ოთახში. სასამართლოში საქმის განხილვისას მოწმის სახით დაკითხულ არცერთ პირს, გარდა თავად მსჯავრდებულისა, არ უთქვამს, რომ ტ. ფ-ზი ფიზიკურად თავს დაესხა ან თუნდაც ფიზიკურად შეეხო მას. მოცემულ შემთხვევაში გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურებულია, რომ ეჭვიანობის ნიადაგზე მართლსაწინააღმდეგო თავდასხმა განახორციელა ვ. კ-მ და დაზარალებული ცდილობდა მის მოგერიებას; შესაბამისად, მსჯავრებულის მხრიდან ცივი იარაღის გამოყენებით ტ. ფ-ის მრავლობითი ჭრილობების მიყენება გამოწვეული არ იყო უკიდურესი აუცილებლობით. ამდენად, ნათელია, რომ ვ. კ-ძე ობიექტურად არ იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში. მსჯავრდებული თავად შევიდა დაზარალებულის ოთახში, ტ. ფ-ს არ ჰქონია რაიმე საგანი, რითაც ვ. კ-ის დაზიანებებს შეძლებდა. ასევე, მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ ვ. კ-მ არაერთი ჭრილობა მიაყენა დაზარალებულს, ხოლო ჭრილობების მიყენების მომენტში ტ. ფ-ს წინააღმდეგობის გაწევაც კი არ შეეძლო.
12. ამრიგად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევის გარეშე (რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე), საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სწორად შეაფასა და კანონიერად დააკვალიფიცირა მსჯავრდებულის ქმედება საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის ,,პ“ ქვეპუნქტით. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, რომლის თანახმადაც, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილი, მართალია, მოითხოვს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას, მაგრამ აღნიშნული მოთხოვნა არ შეიძლება გაგებულ იქნეს მხარეების მიერ წამოჭრილ ყოველ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემის მავალდებულებლად (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „სუომინენი ფინეთის წინააღმდეგ“ (Suominen v. Finland), N37801/97, 01/07/2003, §34), კერძოდ: ევროპული სასამართლოს პოზიციით, ეროვნულმა სასამართლომ უნდა დაასაბუთოს ის არსებითი სახის გარემოებები, რომელთა გამოყენებითაც მან კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღო (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „გეორგიადისი საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Georgiadis v. Greece), N21522/93, 29/05/1997, §43).
13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვ. კ-ძე ბოლო დანაშაულის ჩადენამდე ნასამართლევი იყო საქართველოს სსკ-ის 19,108-ე, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა და 111,187-ე მუხლის მუხლის 1-ლი ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის.
14. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან პირი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ან მეორე ნაწილით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.
15. საკასაციო სასამართლო კვლავ აღნიშნავს, რომ საქმეში არაა წარმოდგენილია დაზარალებულის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, რომ მსჯავრდებულზე გავრცელდეს ამ პუნქტებით გათვალისწინებული ამნისტია.
16. ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში პირზე ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია გავრცელდება, თუ იგი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს 9 თვისა. დამცავი ორდერით გასათვალისწინებელი შეზღუდვების ფარგლებს განსაზღვრავს მოსამართლე; ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე იმ პირზე, რომელმაც ჩაიდინა ოჯახური დანაშაული (გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით ან მე-7 მუხლით განსაზღვრული ოჯახური დანაშაულისა), ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია გავრცელდება, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია, და თუ ეს პირი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს 9 თვისა. დამცავი ორდერით გასათვალისწინებელი შეზღუდვების ფარგლებს განსაზღვრავს მოსამართლე.
17. საქმეში არ წარმოდგენილა მსჯავრდებულ ვ. კ-ის თანხმობა მის მიმართ დამცავი ორდერის გამოცემაზე, ასევე დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია დაზარალებულის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, რომ მსჯავრდებულზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.
18. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტსა და 111,187-ე მუხლის მუხლის 1-ელ ნაწილზე ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის გავრცელების შესაძლებლობას.
19. აქვე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: მართალია, ვ. კ-მ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის ,,პ“ ქვეპუნქტით მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაული „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით განსაზღვრულ ვადამდე - 2024 წლის 1 ივლისამდე - ჩაიდინა, თუმცა ამავე კანონის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება საქართველოს სსკ-ის 108-ე და 109-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე.
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
21. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ვ. კ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. მ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 19 სექტემბრის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე