Facebook Twitter

საქმე N 330100120003882693

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №1135აპ-24 ქ. თბილისი

ა. მ., 1135აპ-24 20 მარტი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, ლალი ფაფიაშვილი

სხდომის მდივან – კონსტანტინე თოდრიას,

პროკურორების – მარიანა ონიანისა და დავით ხვედელიძის,

გამართლებულის – მ. ა-ს,

ადვოკატების – ტ. კ–ა და ა.

მონაწილეობით განიხილა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიანა ონიანის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ. ა–ს ბრალად დაედო: სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.1. 2018 წლის 18 დეკემბერს, ღამის, დაახლოებით, 23:30 საათზე, თ.. პედიატრიულ კლინიკაში მიიყვანეს 2... დაბადებული ა. შ., რომელიც დაავადებული იყო ინტერსტიციული პნევმონიით და აღენიშნებოდა მაღალი ტემპერატურა და გამონაყარი. ამავე კლინიკის ექიმმა მ. ა–მ ა. შ–ს არ ჩაუტარა შესაბამისი გამოკვლევა, მათ შორის, რადიოლოგიური კვლევა, მიუხედავად იმისა, რომ ა. შ–ს დედამ მოითხოვა აღნიშნული. მ. ა–მ ა. შ–ს შესაბამისი დიაგნოზი არ დაუსვა და, შესაბამისად, არ ჩაუტარებია სათანადო მკურნალობა. მ. ა–მ არ გაითვალისწინა, რომ სწორი მკურნალობის ჩაუტარებლობას, შესაძლოა, მოჰყოლოდა მძიმე შედეგი – ა. შ–ს გარდაცვალება – და 2018 წლის 19 დეკემბერს, ღამის, დაახლოებით, 04:00 საათზე, პაციენტი გაწერა კლინიკიდან, რის შემდეგაც, 2018 წლის 21 დეკემბერს, გამთენიისას, თ... ბინაში, ა. შ. გარდაიცვალა. მისი სიკვდილის მიზეზია მწვავე ინტერსტიციული პნევმონიის გამო განვითარებული სუნთქვის მწვავე უკმარისობა.

2. მ. ა–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის 1-ელი ნაწილით.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 აგვისტოს განაჩენით, მ. ა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის 1-ელი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – მარიანა ონიანმა, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, მის ნაცვლად – გამამტყუნებელი განაჩენის დადგენასა და მ. ა–ს მკაცრად დასჯას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – მარიანა ონიანმა, რომელიც ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, მის ნაცვლად – გამამტყუნებელი განაჩენის დადგენასა და მ. ა–ს მკაცრად დასჯას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით: დაზარალებულის უფლებამონაცვლე ლ. შ–სა და მოწმეების – მ. ა., ი. კ., დ. და შ. გ.,, ლ.- ეფ.., მ. ფ., თ. ფ., ი. ტ., თ. ჩ., კ. ღ. და გ. გ. ჩვენებებით, სსიპ სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს წერილითა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სარეცენზიო დასკვნით, სამედიცინო ექსპერტიზების დასკვნებითა და ექსპერტების: კ. ა-ა და მ. ხ. უდავოდ ცნობილი გამოკითხვის ოქმებით – გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მისი ბრალეულობა. განსახილველ საქმეზე ორგზის დაინიშნა სამედიცინო ექსპერტიზა, პირველი – №..... – დასკვნის თანახმად, ა. შ–ს სიკვდილის მიზეზია: მწვავე ინტერსტიციული პნევმონიის გამო განვითარებული სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ხოლო მეორე – №..... – კომისიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ა. შ–ს სიკვდილის მიზეზი – მწვავე ინტერსტიციული პნევმონიის გამო განვითარებული სუნთქვის მწვავე უკმარისობა – არ არის ასახული სამედიცინო დოკუმენტაციაში და არ ჩატარებულა ინტერსტიციული პნევმონიის მკურნალობა. ფილტვებში განვითარებული მიკრომორფოლოგიური ცვლილებები – ექსუდაციური ბრონქიტი, მწვავე ინტერსტიციული პნევმონია, ფილტვების შეშუპების და კეროვანი ემფიზემის განვითარებით, ორგანიზმის ნორმალური რეაქტიულობის პირობებში, უნდა ჩამოყალიბდეს არანაკლებ 2-3 დღის განმავლობაში. დროულად, სწორად დასმული დიაგნოზის და დროულად, სწორად და სრულად ჩატარებული მკურნალობის შემთხვევაში, გაიზრდებოდა ა. შ–ს გადარჩენის შანსი. ბრალდების მხარის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოში, დაცვის მხარემ უდავოდ გახადა კომისიური ექსპერტიზის დასკვნა და ექსპერტების გამოკითხვის ოქმები, შესაბამისად, ბრალდების მხარეს არ მიეცა შესაძლებლობა, უშუალოდ დაეკითხა ექსპერტები: კ. ა., თ. ქ. და მ. ხ., მიუხედავად სასამართლოს წინაშე გაცხადებული პოზიციისა, რომ ბრალდების მხარე სადავოდ კი არ ხდიდა თავის მტკიცებულებას, არამედ სურდა მათი ჩვენებების სასამართლოში უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევა, რისი შესაძლებლობაც შეეზღუდა. მოწმე კ. ა–ს გამოკითხვის ოქმის (უდავო მტკიცებულება) თანახმად, მან, ა. შ–ს სამედიცინო ისტორიაზე დაყრდნობით, ჩაატარა სამედიცინო ექსპერტიზა. ა. შ–ს გარდაცვალების მიზეზი – ინტერსტიციული პნევმონიის გამო განვითარებული სუნთქვის მწვავე უკმარისობაა. აღნიშნული პნევმონიის ჩამოყალიბების დროსთან მიმართებით, აღსანიშნავია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, ა. შ–ს ორგანიზმში არსებული ცვლილებები, ხანდაზმულობით შეესაბამებოდა 4-5 დღეს, შესაბამისად, ა. შ–ს კლინიკაში შეყვანის დროს უკვე იყო დაავადებული მწვავე პნევმონიით. კლინიკაში კი დიაგნოზი ვერ დაესვა და, შესაბამისად, მკურნალობა არ ჩასტარებია. დროულად რომ დასმულიყო დიაგნოზი, ასევე – დროულად, სწორად და სრულად რომ ჩასტარებოდა მკურნალობა, გაიზრდებოდა ა. შ–ს გადარჩენის შანსი. ნებისმიერი პაციენტის შემთხვევაში, ექიმი ვალდებულია, დროულად დასვას დიაგნოზი. ანალოგიური პრინციპით, სამედიცინო ექსპერტის – მ. ხ–ს – გამოკითხვის ოქმის (უდავო მტკიცებულება) მიხედვით, ა. შ–ს ექსპერტიზის დასკვნის შედეგები რადიკალურად ეწინააღმდეგება ავადმყოფობის ისტორიაში აღწერილ მდგომარეობას. ზოგადად, პნევმონიის დამძიმებას ადამიანის ორგანიზმში სჭირდება 1-4 დღე. ა. შ–ს არ ჩაუტარდა შესაბამისი გამოკვლევები და მკურნალობა, აქედან გამომდინარე, ექსპერტიზის დასკვნის დიაგნოზი აბსოლუტურად განსხვავდება ექიმის მიერ დასმული კლინიკური დიაგნოზისგან, შესაბამისად, პაციენტის შემოწმებისას მოხდა არასწორი დიაგნოზის დასმა და არასწორი მკურნალობა. სწორი დიაგნოზის დასმისა და შესაბამისი მკურნალობის შემთხვევაში, დიდი ალბათობით, გაიზრდებოდა ა. შ–ს გადარჩენის შანსი. საყურადღებოა კომისიური ექსპერტიზის დასკვნაში მ. ხ–ს განსხვავებული მოსაზრება, რომელმაც სამედიცინო დოკუმენტების შესწავლისას, თავდაპირველად, აბსოლუტურად გამორიცხა ექიმის მიერ სწორი და დროული დიაგნოზის დასმის შესაძლებლობა. მეტიც, ეჭვი გამოთქვა, რომ, შესაძლოა, პნევმონია განვითარებულიყო ბავშვის კლინიკიდან გაწერის შემდეგ, ხოლო ეს კონკრეტული შემთხვევა, თითქოსდა, ჰგავდა „ჩვილ ბავშვთა უეცარი გარდაცვალების შემთხვევას“, თუმცა თუ დავაკვირდებით, იმის გამო, რომ მისი აზრი ახლოს იყო არაკომპეტენტურობასთან, კომისიაში მონაწილე ექსპერტების მოთხოვნით, დოკუმენტაცია დამატებით შეისწავლა, რის მერეც, დასკვნაში ასახა, რომ ნებისმიერი დაავადების გამოსავალი დამოკიდებულია დიაგნოზის დროულ დასმასა და სწორ, ადეკვატურ მკურნალობაზე. მოცემულ შემთხვევაში, კლინიკური და პათანატომიური დიაგნოზი ერთმანეთს არ შეესაბამება, ადეკვატური მკურნალობა კი გაზრდიდა ა. შ–ს გადარჩენის შანსს. მ. ხ. დაეყრდნო მხოლოდ სამედიცინო დოკუმენტებში არსებულ ჩანაწერებს და, ფაქტობრივად, უგულებელყო საქმეში არსებული რეალური გარემოებები. საინტერესოა, რომ სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ არცერთ ჩანაწერს, მიუხედავად რეალური მოცემულობისა, იგი სათუოდ არ მიიჩნევს, რაც მეტად საეჭვოა. ბრალდების მხარის მითითებით, მ. ა–მ ა. შ–ს სტანდარტულად გაუკეთა გადასხმა და როცა ბავშვის მდგომარეობა მომენტალურად გაუმჯობესდა, იგი გაწერა კლინიკიდან. აღსანიშნავია, რომ გაწერა შუაღამეს, თუმცა სამედიცინო ისტორიაში ექიმს მითითებული აქვს აბსოლუტურად განსხვავებული დრო. აღნიშნულს დაცვის მხარე მიაწერს ტექნიკურ ხარვეზს, თუმცა ბრალდების მხარის შეფასებით, რომელიც გამომდინარეობს ლ. შ–ს, კ. ღ. და თ. ჩ-ს ჩვენებებიდან, ისტორია შევსებულია მოგვიანებით და გაწერის დროს ბავშვის მდგომარეობის ასეთი „სუფთა სურათი“ აიხსნება სამედიცინო ისტორიის ჩანაწერებში შეტანილი არასწორი მონაცემებით. ამ მოსაზრებას ამყარებს რეცენზია, რომლის მიხედვით, ბავშვის რეალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ეჭვი გააჩინა სწორედ მდგომარეობის ასეთ მცირე დროში გაუმჯობესებამ. დაცვის მხარე, ყურადღებას ამახვილებდა პროტოკოლებსა და გაიდლაინებზე, რომლებიც, როგორც წესი, სარეკომენდაციო ხასიათისაა და საბაზისო, ზოგად მოცემულობას არეგულირებს, ექიმს უმარტივებს, კონკრეტულ შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებას, თუმცა ექიმის პროფესიული და ეთიკური ვალდებულებაა, შეაფასოს ყველა ინდივიდუალური შემთხვევა და შეძლოს სწორი გადაწყვეტილების მიღება. მოცემულ შემთხვევაში, მ. ა–, ბავშვის რეალური მდგომარეობიდან გამომდინარე, გულმკერდის რენტგენოგრაფია რომ ჩაეტარებინა, ამის აკრძალვა არ არსებობდა, თუმცა ექიმის გულგრილობამ განაპირობა დამატებით კვლევებზე უარი. როგორც რეცენზიით, ისე – უდავოდ ცნობილი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და კ. ა–ა და მ. ხ–ს გამოკითხვის ოქმებით დადგენილია, რომ ა. შ. კლინიკაში შეყვანის დროს უკვე იყო დაავადებული პნევმონიით. მას კლინიკაში დიაგნოზი ვერ დაესვა და, შესაბამისად, მკურნალობა არ ჩასტარებია. ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ ექსპერტების სასამართლოში დაკითხვაზე უარით, დაირღვა მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი, რამეთუ მათ შეეძლოთ პასუხები გაეცათ სისხლის სამართლის საქმისათვის უმნიშვნელოვანესი შეკითხვებისათვის, რაც საჭირო იყო თუნდაც იმიტომ, რომ დასკვნაში წარმოდგენილი იყო ექსპერტის განსხვავებული აზრი და, შესაბამისად, სასამართლოს უნდა მოესმინა, რატომ დასჭირდა მ. ხ–ს დოკუმენტების ხელახალი შესწავლა. ასევე – კონკრეტულად, რაში ეწინააღმდეგებოდა იგი კომისიის სხვა წევრებს და, ზოგადად, აუცილებელი იყო ექსპერტებისაგან დეტალური ინფორმაციის მიღება. ბრალდების მხარე არ იზიარებს სასამართლოს შეფასებას, დაკავშირებულს, საქმეში წარმოდგენილ რეცენზიასთან, რომელმაც წინასასამართლო სხდომაზე გაიარა ფორმალური შემოწმება და მის ავთენტიკურობასთან მიმართებით, არ გაჩენილა კითხვები, ხოლო საქმის არსებითი განხილვის დროს, დაიკითხა აღნიშნული დოკუმენტის, როგორც მომპოვებელი, ისე – შემნახველი პირი, ხოლო შემქმნელის დაკითხვის უპირობო ვალდებულება – არ არსებობს. უმოქმედობის დროს მიზეზობრივი კავშირის არსებობასთან მიმართებით, რომლის დადგენაც კანონით აუცილებელია, საყურადღებოა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსობრივი მხარე, რომლის სიზუსტე სიტყვასიტყვითი განმარტების ფონზე სამართალშემფარდებლის ჩიხში შეყვანას იწვევს. შედეგის თავიდან აცილებადობა აშკარად გულისხმობს მისი ხარისხის აბსოლუტურ დადგენას. გამომდინარე იქიდან, რომ სამედიცინო დანაშაულების სპეციფიკა, შედეგის შერაცხვასთან მიმართებით, დამოკიდებულია ექსპერტის დასკვნაზე, ექსპერტს მოეთხოვება, რომ უცილობელი, 100%-იანი ურთიერთმიმართება დაადგინოს მედიცინის მუშაკის მიერ კონკრეტული მოქმედების განხორციელებისგან თავის შეკავებას ან წინდახედულობის ნორმის დარღვევასა და დამდგარ შედეგს შორის, რაც, ბუნებაში აბსოლუტურობის კატეგორიის არარსებობიდან გამომდინარე, მხოლოდ იშვიათ ან განსაკუთრებულ შემთხვევაში შეიძლება არსებობდეს.

7. საკასაციო სასამართლო სხდომაზე პროკურორებმა – მარიანა ონიანმა და დავით ხვედელიძემ – მხარი დაუჭირეს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება.

8. საკასაციო სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის მიერ გაცხადებული პოზიციით, მ. ა– უდანაშაულოა და უნდა გამართლდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

1) ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულია, რომ 2018 წლის 18 დეკემბერს, ა. შ– დაავადებული იყო ინტერსტიციული პნევმონიით, მაშინ, როდესაც აღნიშნული არ დასტურდება არცერთი მტკიცებულებით. მართალია, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, სახეზე იყო პნევმონია, მაგრამ სასამართლოში დაკითხული მოწმის – ე. გ-ს – ჩვენებით (შესაბამისი პროტოკოლებითა და გაიდლაინებით, ექსპერტიზის დასკვნით) გამოიკვეთა, რომ პნევმონია შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა დაავადებებმა. ამავდროულად, წარმოდგენილი ექსპერტიზების დასკვნებით უტყუარად არაა დადგენილი, როდის დაიწყო დაავადების განვითარება, რაც მხოლოდ ვარაუდს ეფუძნება; 2) ბრალდების მხარე მ. ა–ს ედავება, რომ არ ჩაატარა რენტგენოლოგიური კვლევა, თუმცა შეფასების მიღმა ტოვებს, რომ რენტგენის გადაღება იქნებოდა შესაბამისი გაიდლაინებისა და პროტოკოლების ცალსახა და უხეში დარღვევა და, ამავდროულად, დედის გადმოცემის შესაბამისად, თუკი სახეზე იყო 1 დღის ცხელება, ბავშვი იქნებოდა რენტგენონეგატიური (2 დღის შემდეგაც); 3) ბრალდება უთითებს, რომ ა. შ–ს მ. ა–ს არ დაუსვა დიაგნოზი და არ ჩაუტარა შესაბამისი მკურნალობა, რაც, გარდა იმისა, რომ ბუნდოვანი ჩანაწერია, ასევე – ეწინააღმდეგება საქმეში გამოკვლეულ უამრავ მტკიცებულებას. ექსპერტიზის დასკვნაში პირდაპირაა მითითებული, რომ ჰოსპიტალიზაციის ეტაპზე, ისტორიაში არსებული ჩანაწერისა და კლინიკური ნიშნების მიხედვით, შეუძლებელია მოცემულ პათოლოგიათა დადგენა. ექსპერტიზის დასკვნაში, მათ შორის, მითითებულია „ჩვილთა უეცარი გარდაცვალების სინდრომზე“, რაც საკმარისია გონივრული ეჭვის გასაჩენად. ბრალდების დადგენილებაში მსგავსი ბუნდოვანი ჩანაწერის არსებობით, ისევე, როგორც ბრალდებიდან გადახრით, ბრალდების საგანს უმატებს გაუგებარ, დაუკონკრეტებელ ფაქტობრივ გარემოებას, რამაც შესაძლოა, ხელყოს ბრალდებულის ფუნდამენტური უფლება – ჯეროვნად დაიცვას თავი წარდგენილი ბრალდებისაგან. ერთადერთი რამ, რაც ბრალდების დადგენილებაშია და რაზეც მიუთითებდა საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარე, არის რადიოლოგიური (რენტგენოლოგიური) კვლევის ჩაუტარებლობა, რაც, ბრალდების მხარის პოზიციით, ადასტურებდა მ. ა–ს ბრალეულობას, თუმცა სასამართლო სხდომებზე არათუ ეჭვი გაჩნდა, არამედ – უტყუარად დამტკიცდა, რომ მ. ა–ს არ უნდა ჩაეტარებინა რენტგენოლოგიური კვლევა; 4) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ვერ გვექნება სახეზე ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის უტყუარად დადასტურების გარეშე. ბრალდების მხარის მითითებით, მ. ა–ს ქმედებას მოჰყვა შედეგად ა. შ–ს გარდაცვალება, თუმცა ამის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება არ არსებობს. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, დროულად, სწორად დასმული დიაგნოზის, დროულად, სწორი და სრული მკურნალობის შემთხვევაში, გაიზრდებოდა ა. შ–ს გადარჩენის შანსი. ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი იარსებებდა, თუკი ექსპერტიზის დასკვნაში იქნებოდა მითითება ა. შ–ს გადარჩენაზე და არა – გადარჩენის შანსის გაზრდაზე;

დაცვის მხარის მითითებით, მ. ა. იმოქმედა კანონის შესაბამისად და გაწერა ა. შ. კლინიკიდან, თუმცა ამავდროულად, ბავშვის დედას მისცა დანიშნულება და დაუბარა, რომ სიცხის ან რაიმე სხვა ჩივილის არსებობის შემთხვევაში, მაშინვე დაერეკა მისთვის ან უბნის ექიმისათვის, რაც დასტურდება თავად მ. ა–სა და ც. ქ–ს ჩვენებებით, ხოლო ლ. შ–სა და ი. კ–ს განმარტებებით, ირკვევა, რომ 19-სა და 20 დეკემბერს ბავშვს ჰქონდა სიცხე, მეტიც, 20-ში – თავბრუ დაეხვა და წაიქცა, თუმცა მიუხედავად ამისა, ექიმისთვის არ დაურეკავთ;

უდავოდ მიჩნეული ექსპერტიზის დასკვნა, ცალსახად გამორიცხავს მ. ა–ს ბრალეულობას და აბსოლუტურად შეუძლებელს ხდის წარდგენილ ბრალდებაში მის დამნაშავედ ცნობას, კერძოდ: დასკვნაში მითითებულია, რომ პაციენტის გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში ჰოსპიტალიზაციის ეტაპზე, ისტორიაში არსებული ჩანაწერისა და კლინიკური ნიშნების მიხედვით, შეუძლებელია მოცემულ პათოლოგიათა ვარაუდი, ამდენად, ბრალდების მხარე მ. ა–ს ედავება იმას, რაც, იმ დროისათვის, ექიმისათვის აბსოლუტურად შეუძლებელი იყო. დასკვნაში ასევე მითითებულია, რომ პაციენტის მდგომარეობა რეჰიდრატაციის შემდეგ, სწრაფად გაუმჯობესდა, რის გამოც, არ ჩატარდა დამატებითი გამოკვლევები. პაციენტის განმეორებითი შეფასებისას, კვლავ რომ ყოფილიყო სახეზე ტაქიკარდია და ტაქიპნოე, თუნდაც ნორმალური სატურაციის და აუსკულტაციური ფენომენის ფონზე, ერთმნიშვნელოვნად აუცილებელი იქნებოდა გულმკერდის რენტგენოგრაფია, „C“ რეაქტიული ცილის განსაზღვრა და სხვა. მოცემულ შემთხვევაში კი, დადასტურებულია, რომ ბავშვის გაწერისას, მისი მდგომარეობა იყო აბსოლუტურად გაუმჯობესებული. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მოცემული შემთხვევა ძალიან ჰგავს ე.წ. „ჩვილთა უეცარ სიკვდილს“, როდესაც აუხსნელი რჩება გარდაცვალების რეალური მიზეზი. თავის ტვინისა და ფილტვის შეშუპება, შესაძლებელია, ვითარდებოდეს ტერმინალურ მდგომარეობაში არსებული ჰიპოქსიური ცვლილებების ფონზეც, რაც ცალკე აღებულიც, საკმარისია, მ. ა–ს გასამართლებლად. ამავდროულად მითითებულია, რომ პაციენტს არ ჩასტარებია ექსპერტიზის დასკვნით გამოვლენილი პრობლემების შესაბამისი, ადეკვატური მკურნალობა, მაგრამ მას ჰოსპიტალიზაციისა და გაწერის დროს, არ ჰქონდა სახეზე მოცემული პათოლოგიის არცერთი კლინიკური ნიშანი და, შესაბამისად, მკურნალობა ვერ ჩატარდებოდა, რისი გათვალისწინებითაც, წარმოუდგენელია მ. ა–ს ბრალეულობაზე საუბარი;

მ. ა–ს ბრალს ასევე გამორიცხავს მოწმეების – პ. ნ–ს, ქ. ო–ს, ხ. შ–სა და ბ. მ–ს გამოკითხვის ოქმები, რომლებიც მხარეებმა უდავოდ მიიჩნიეს, ისევე, როგორც – მოწმე ე. გ–ს სასამართლოში მიცემული განმარტებები;

პროტოკოლები: „ცხელების მართვა ბავშვთა ასაკში“ და „საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის მართვა ბავშვთა ასაკში“, ასევე – საქართველოს მთავრობის დადგენილება №317, ტექნიკური რეგლამენტი – „სამედიცინო დასხივების სფეროში რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ“ ცხადყოფს, რომ ა. შ–ს არ ჰქონდა არცერთი სიმპტომი ჰოსპიტალიზაციისათვის, რაზეც ისაუბრა მოწმე ე. გ–ს და, შესაბამისად, გულმკერდის რენტგენოგრაფიაც არ უნდა ჩატარებულიყო;

დაცვის მხარის მტკიცებით, ლ. შ–ს ჩვენება წინააღმდეგობრივი და არადამაჯერებელია, კერძოდ, გამოძიების დროს, გამოკითხვისას იგი აღნიშნავდა, რომ სახლში გაწერის შემდეგ, ბავშვს სიცხე არ ჰქონია, მაშინ, როდესაც სასამართლოში ჩვენების მიცემისას დაადასტურა, რომ ა-ს სახლში მიყვანის შემდეგ ჰქონდა ტემპერატურა და სიცხის დამწევი დაალევინა. ლ. შ–ს ჩვენება ეწინააღმდეგება არა მარტო მ. ა–ს განმარტებებს, არამედ ც. ქ–სა და ხ. შ-ს მონათხრობსაც, რომლებმაც დაადასტურეს კლინიკაში ყოფნის დროს დედის მიერ ბავშვის ძუძუთი კვების ფაქტი, ასევე – ის გარემოება, რომ ლ. შ–მ მ. ა–ს მიაწოდა ინფორმაცია სახლში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებზე და რომ მ. ა–მ ნამდვილად გააფრთხილა მშობელი, ბავშვს თუ რამე პრობლემა ექნებოდა, აუცილებლად დაერეკა მისთვის ან უბნის ექიმისთვის. ლ. შ–მ ჯვარედინი დაკითხვისას კატეგორიულად უარყო, რომ 20 დეკემბერს ბავშვს ჰქონდა სიცხე, თუმცა ბავშვის მომვლელის – ი. კ–ს – ჩვენებით გაირკვა, რომ ა-ს ჰქონდა ტემპერატურა, ცუდად გახდა და თავბრუ დაეხვა, თუმცა, ექიმთან წაყვანის ნაცვლად, სიცხის დამწევი პრეპარატი დაალევინეს; საქმეში წარმოდგენილია განცხადება, რომელიც საგამოძიებო ორგანოში შეიტანა ლ. შ–მ და პირდაპირ არის მითითებული, რომ ექიმმა გააფრთხილა, თუ ცუდად გახდებოდა ბავშვი, ისევ მასთან მიეყვანა. დედისათვის მიცემულ რეკომენდაციაზე მითითებულია ასევე სამედიცინო ისტორიაში, რომელიც საერთოდ არ გამხდარა დავის საგანი;

დაცვის მხარემ აღნიშნა, რომ ბრალდების მხარე ითხოვს ისეთი მტკიცებულების – რეცენზიის – გაზიარებას, რომელიც, ერთი მხრივ, შინაარსობრივადაც არ ადასტურებს უტყუარად მ. ა–ს ბრალეულობას, ვინაიდან ეფუძნება ვარაუდებს და არა – საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, ხოლო, მეორე მხრივ, მისი ავტორი – ექიმი ნ. უ–ი– სასამართლოში არ დაკითხულა და, გამომდინარე იქიდან, რომ ეს სამხილი იყო სადავო, ვერ ჩაითვლება კანონით დადგენილი წესით გამოკვლეულ მტკიცებულებად.

9. გამართლებულმა მ. ა–მ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა საკასაციო სასამართლოში ითხოვეს, არ დაკმაყოფილდეს თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიანა ონიანის საკასაციო საჩივარი და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ივლისის გამამართლებელი განაჩენი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის საკვანძო არგუმენტები და მიიჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს მ. ა–ს მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი და, მის ნაცვლად, გამოტანილ იქნეს – გამამტყუნებელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. განსახილველ შემთხვევაში, განსჯის საგანი არ გამხდარა, ის ფაქტი, რომ 2... დაბადებული, 1...... ა. შ–, 2018 წლის 21 დეკემბერს, გამთენიას, თავის საწოლში გარდაცვლილი ნახა დედამ – ლ. შ–მ.

3. მხარეებს არც ის გარემოება გაუხდიათ სადავოდ, რომ ბავშვის გარდაცვალებამდე, კერძოდ, 2018 წლის 18 დეკემბერს, დაახლოებით, 23:30 საათზე, ა. შ– დედამ – ლ. შ–მ – სამედიცინო დახმარებისათვის მიიყვანა თ... პედიატრიულ კლინიკაში, სადაც ბავშვი გასინჯა ექიმმა – მ. ა–მ – და გაწეული სამედიცინო დახმარების შემდეგ, 2018 წლის 19 დეკემბერს, მიღებიდან, დაახლოებით, 3-4 საათში, გაწერა იგი კლინიკიდან.

4. ბრალდების მხარის მტკიცებით, 2018 წლის 18 დეკემბერს, შპს ,... პედიატრიულ კლინიკაში მიყვანისას, ინტერსტიციული პნევმონიით დაავადებულ ა. შ–ს, მორიგე ექიმმა – მ. ა–მ – არ ჩაუტარა საჭირო გამოკვლევა, არ დაუსვა სწორი დიაგნოზი და არ უმკურნალა დაავადების შესაბამისად. ამდენად, ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ მ. ა–მ, პნევმონიით დაავადებული ბავშვი ისე გაწერა კლინიკიდან, რომ არ გაითვალისწინა ადეკვატური მკურნალობის ჩაუტარებლობის შესაძლო მძიმე შედეგი – ა. შ–ს შესაძლო სიკვდილი – რომელიც დადგა 2018 წლის 21 დეკემბერს, გამთენიას, როდესაც ბავშვი მწვავე ინტერსტიციული პნევმონიის გამო განვითარებული სუნთქვის მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა.

5. სააპელაციო სასამართლოს მიერ მ. ა–ს წარდგენილ ბრალდებაში –გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაში – გამართლებას საფუძვლად დაედო სასამართლოს მიერ, ძირითადად, ორი ფაქტობრივი გარემოების გამოკვეთა, რომლებიც, თითქოსდა უპირობოდ გამორიცხავდა ა. შ–ს გარდაცვალებაში ექიმ-პედიატრის – მ. ა–ს – ბრალეულობას. კერძოდ, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ, მიუხედავად სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით უტყუარად დადგენილი სიკვდილის მიზეზისა – მწვავე ინტერსტიციული პნევმონიის გამო განვითარებული სუნთქვის მწვავე უკმარისობისა – ცალსახად არ დადასტურებულა, რომ, ერთი მხრივ, 2018 წლის 18 დეკემბერს, კლინიკა შპს „...“ მიყვანის დროს, ა. შ. უკვე დაავადებული იყო ინტერსტიციული პნევმონიით, როგორც ეს ბრალდების შესახებ დადგენილებაშია მითითებული, ხოლო, მეორე მხრივ, ერთმნიშვნელოვნად არ გამოკვეთილა, რომ კლინიკისთვის მიმართვის დროისათვის, ა. შ–ს გამოხატული სიმპტომებისა და შესაბამისი კვლევების შედეგების საფუძველზე, ექიმ-პედიატრ მ. ა–ს შეეძლო იმ დაავადების – ინტერსტიციული პნევმონიის – დიაგნოზის დადგენა, რომლის გართულებითაც გარდაიცვალა მცირეწლოვანი ბავშვი.

6. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მ. ა–ს წარდგენილ ბრალდებაში – ა. შ–ს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაში – უდანაშაულოდ ცნობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს: პედიატრიულ კლინიკაში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მისაღებად მიყვანილი, 1... ბავშვისადმი ექიმ-პედიატრის – მ. ა–ს – გულგრილობა უშუალოდ უკავშირდება მიზეზობრივად ა. შ–ს პნევმონიის გართულებით გარდაცვალებას, რამეთუ მიუხედავად პირველადი გასინჯვისას ფილტვების შესაძლო პათოლოგიასთან დაკავშირებით გამოვლენილი ეჭვისა, მ. ა–მ არ ჩაუტარა საჭირო გამოკვლევა მცირეწლოვან ბავშვს, რათა დაედგინა სწორი დიაგნოზი და არ უმკურნალა მას დაავადების შესაბამისად, რამაც, ბინაზე გაწერიდან, დაახლოებით, 48 საათში, გამოიწვია კიდეც, ა. შ–ს პნევმონიის (ფილტვების ანთების) გამო განვითარებული სუნთქვის მწვავე უკმარისობით გარდაცვალება.

7. ა. შ–ს სიკვდილის დადგომამდე განვითარებულ მოვლენათა ჯაჭვის აღდგენისა და ბავშვის გარდაცვალებაში მისი მკურნალი ექიმის – მ. ა–ს – ბრალეულობის საკითხის გამორკვევისას, საკასაციო სასამართლო შეაფასებს საქმეში წარმოდგენილ, რელევანტურ მტკიცებულებებს და, მათ საფუძველზე, დაადგენს, რამდენად უკავშირდება ექიმ-პედიატრის ქმედება მცირეწლოვანი პაციენტის გარდაცვალებას და, რამდენად უნდა შეერაცხოს მ. ა–ს მსჯავრად ა. შ–ს სიცოცხლის გაუფრთხილებლად მოსპობა.

8. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 18 მარტის სამედიცინო ექსპერტიზის №.... დასკვნით (ექსპერტები: თ. ქ. და თ. კ.), რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად დადგენილია, რომ ა. შ–ს სიკვდილის მიზეზი გახდა: მწვავე ინტერსტიციული პნევმონიის გამო განვითარებული სუნთქვის მწვავე უკმარისობა;

8.1. გამოკვლევისას გვამს რაიმე ფიზიკური დაზიანების ობიექტიური ნიშნები არ აღენიშნებოდა;

8.2. ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარდგენილ ა. შ–ს გვამიდან აღებულ სისხლში არ აღმოჩნდა მეთილის, ეთილის, იზოპროპილის სპირტები. სისხლსა და შინაგან ორგანოებში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები: ოპიატები, კოკაინი, ბუპრენორფინი, მეთადონი, ამფეტამინი, მეტამფეტამინი, ტეტრაჰიდროკანაბინოლი, ბარბიტურის მჟავას ნაწარმები, ბენზოდიაზეპინები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები. შინაგან ორგანოებში – ციანწყალბადმჟავა და მისი მარილები, ფორმალინი, ფენოლი, კრეზოლი, ქლოროფორმი, ქლორალჰიდრატი, დიქლორეთანი, ოთხქლორნახშირბადი, ქლორორგანული და ფოსფორორგანული პესტიციდები, დარიშხანი, სინდიყი;

8.3. ა. შ–ს სასამართლო-სამედიცინო დიაგნოზია: ორმხრივი ექსუდაციური ბრონქიტი, მწვავე ინტერსტიციული პნევმონია, ფილტვების შეშუპება, კეროვანი ემფიზემა, თავის ტვინის ნივთიერების შეშუპება. ბაქტერიოლოგიური კვლევით სისხლში ამოითესა BREVIBAQTERIUM SPECIES;

8.4. სასამართლო-ჰისტოლოგიური დიაგნოზია: თავის ტვინის ნივთიერების შეშუპება G93.6; ექსუდაციური ბრონქიტი J20; მწვავე ინტერსტიციული პნევმონია J84.9; ფილტვების შეშუპება J81; კეროვანი ემფიზემა J43.

9. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 23 აპრილის №.... კომისიური ექსპერტიზის (ექსპერტები: კ. ა., თ. ქ. და მ. ხ.) დასკვნის თანახმად კი, რომელიც მხარეებს ასევე არ გაუხდიათ სადავოდ:

9.1. №.... ექსპერტიზის დასკვნის ჩანაწერებით, ა. შ–ს სიკვდილის მიზეზია მწვავე ინტერსტიციული პნევმონიის გამო განვითარებული სუნთქვის მწვავე უკმარისობა;

9.2. ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული სიკვდილის მიზეზი არ არის ასახული სამედიცინო დოკუმენტაციაში. ასევე – არ ჩასტარებია ინტერსტიციული პნევმონიის მკურნალობა;

9.3. ფილტვებში განვითარებული მიკრომორფოლოგიური ცვლილებები – ექსუდაციური ბრონქიტი, მწვავე ინტერსტიციული პნევმონია ფილტვების შეშუპების და კეროვანი ემფიზემის განვითარებით, ორგანიზმის ნორმალური რეაქტიულობის პირობებში, უნდა ჩამოყალიბდეს, არანაკლებ, 2-3 დღის განმავლობაში;

9.4. დროულად, სწორად დასმული დიაგნოზის, დროულად, სწორად და სრულად ჩატარებული მკურნალობის შემთხვევაში, გაიზრდებოდა ა. შ–ს გადარჩენის შანსი.

10. ბრალდების მხარის მიერ საკასაციო საჩივარში გაცხადებულ საკითხთან – უდავოდ მიჩნეული ექსპერტიზის დასკვნის გამცემი ექსპერტების დაკითხვასთან – დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ელი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან, რაც ცხადია არ ნიშნავს, რომ სასამართლო პრეიუდიციულად ცნობილ სამხილებს უპირობოდ, ავტომატურ რეჟიმში გაიზიარებს, რამეთუ სასამართლო, მხარეების მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, იმისდა მიუხედავად საჯაროდ მოხდა მათი გამოკვლევა თუ – არა, აფასებს მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. საქმეში წარმოდგენილი ყველა სამხილის შეფასება ხდება საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული, საერთო წესით და არ არსებობს კონკრეტული ტიპის მტკიცებულებებისათვის დადგენილი შეფასების შედარებით მაღალი ან – დაბალი სტანდარტი.

11. მოწმის სახით გამოკითხული ექსპერტის (2020 წლის 23 აპრილის №.... კომისიური ექსპერტიზის დასკვნის ერთ-ერთი ავტორის) – კ. ა–ს – 2020 წლის 11 ივნისის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, რომელიც მხარეებმა 2022 წლის 14 ივნისის სასამართლო სხდომაზე უდავო მტკიცებულებად მიიჩნიეს და პრეიუდიციული მნიშვნელობა მიენიჭა, ა. შ–ს სიკვდილის მიზეზი იყო მწვავე ინტერსტიციული პნევმონიის გამო განვითარებული სუნთქვის უკმარისობა. ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული სიკვდილის მიზეზი არ იყო ასახული მკურნალი ექიმის მიერ ა. შ–ს სამედიცინო დოკუმენტაციაში, რადგან გვამის გამოკვლევისას, პირველადი ექსპერტიზის დასკვნით, სიკვდილის მიზეზია მწვავე ინტერსტიციული პნევმონიის გამო განვითარებული სუნთქვის უკმარისობა, რაც ნიშნავს, რომ პაციენტს კლინიკაში დიაგნოზი ვერ დაუსვეს და, შესაბამისად, მკურნალობა არ ჩატარებულა. ამასთან, გვამიდან აღებული ფილტვის ქსოვილის ჰისტოლოგიური კვლევით ფილტვებში განვითარებული მიკრომორფოლოგიური ცვლილებები – ექსუდაციური ბრონქიტი, მწვავე ინტერსტიციული პნევმონია ფილტვების შეშუპების და კეროვანი ემფიზემის განვითარებით – ორგანიზმის ნორმალური რეაქტიულობის პირობებში, უნდა ჩამოყალიბდეს, არანაკლებ, 2-3 დღის განმავლობაში; კონკრეტულად, ამ შემთხვევაში, აღნიშნული ცვლილებები ხანდაზმულობით შეესაბამებოდა 4-5 დღეს, შესაბამისად, ა. შ–ს კლინიკაში მოთავსებისას – 2018 წლის 18 დეკემბრის 23:30 საათზე – უკვე ჰქონდა პნევმონია. კლინიკაში აღნიშნული დიაგნოზი ვერ დაისვა და, შესაბამისად, ა. შ–ს მკურნალობა არ ჩასტარებია. დროულად, რომ დასმულიყო დიაგნოზი, დროულად სწორად და სრულად რომ ჩასტარებოდა მკურნალობა, გაიზრდებოდა ა. შ–ს გადარჩენის შანსი. ნებისმიერი პაციენტის შემთხვევაში, ექიმი ვალდებულია დროულად დასვას დიაგნოზი, დროულად და, შესაბამისად, სრულად ჩაატაროს მკურნალობა, თუმცა ასეთ შემთხვევაშიც, შესაძლებელია, რომ პაციენტი გარდაიცვალოს. ა. შ-ს 2018 წლის 18 დეკემბერს საავადმყოფოში მიყვანისას არ დაესვა ექიმის მიერ სწორი დიაგნოზი და არ ჩაუტარდა დროული და სწორი მკურნალობა.

12. მოწმის სახით გამოკითხული ექსპერტის (2020 წლის 23 აპრილის №.... კომისიური ექსპერტიზის დასკვნის ერთ-ერთი ავტორის) – მ. ხ–- – 2020 წლის 11 ივნისის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, რომელიც მხარეებმა 2022 წლის 27 ივნისის სასამართლო სხდომაზე ასევე უდავო მტკიცებულებად მიიჩნიეს და პრეიუდიციული მნიშვნელობა მიენიჭა, ა. შ–ს (შპს „-...) ავადმყოფობის ისტორიის შესწავლისას პაციენტის კლინიკაში მოთავსებისას, მის ისტორიაში ასახული კლინიკური სიმპტომები არ შეესაბამება პნევმონიისთვის დამახასიათებელ კლინიკურ სურათს, რის გამოც, ისტორიის განხილვის მიხედვით, შეუძლებელია პნევმონიის არსებობაზე საუბარი, თუმცა ა. შ–ს გვამზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის შედეგები რადიკალურად ეწინააღმდეგება მის ავადმყოფობის ისტორიაში აღწერილ მდგომარეობას. ზოგადად პნევმონიას ადამიანის ორგანიზმში სჭირდება 1-4 დღემდე მდგომარეობის დამძიმებისთვის. შესაბამისად, ა. შ–ს გაკვეთისას მისი გარდაცვალების მიზეზი იყო მწვავე ინტერსტიციული პნევმონია და მასთან დაკავშირებული სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რაც ექიმის მიერ არ იყო გამოტანილი ა. შ–ს ისტორიის კლინიკურ დიაგნოზში და, შესაბამისად, ა. შ–ს არ ჩაუტარდა შესაბამისი გამოკვლევები და მკურნალობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ა. შ–სთვის ექსპერტიზის დასკვნის დიაგნოზი აბსოლუტურად განსხვავდება ექიმის მიერ დასმული კლინიკურ დიაგნოზისგან. შესაბამისად, ექიმის მიერ ა. შ–ს საავადმყოფოში შემოწმებისას არასწორი დიაგნოზი დაესვა და არასწორი მკურნალობა ჩაუტარდა. სწორი დიაგნოზის დასმის და შესაბამისი მკურნალობის შემთხვევაში, დიდი ალბათობით, გაიზრდებოდა მისი გადარჩენის შანსი.

13. 2018 წლის 19 და 20 დეკემბერს, პედიატრიული კლინიკა – შპს „...“ ბინაზე გაწერილი ა. შ–ს მდგომარეობის გამოკვლევისას საყურადღებოა მოწმეების – ი. კ–სა და შ. გ-ს – განმარტებები, კერძოდ: ი. კ–ს (გარდაცვლილი ბავშვის კარის მეზობლისა და ოჯახის მეგობრის) ჩვენებით, ირკვევა, რომ ა. შ–ს იგი მეთვალყურეობდა, როგორც 2018 წლის 19, ასევე – 20 დეკემბერს, აქედან – პირველ დღეს, დაახლოებით, 11:00-დან 18:00 საათამდე პერიოდში. ამ დროს ბავშვი იყო კარგად, თამაშობდა, სიცხე არ ჰქონია. საღამოს შეიტყო ბავშვის დედისაგან, რომ ა-ს ჰქონია სიცხე და კლინიკაში წაუყვანიათ. ექიმის თქმით, ბავშვს ჰქონდა ალერგია. ლ–ს არ მოსწონდა ა-ს სუნთქვა, სთხოვდა ექიმს ფილტვებზე რენტგენის გადაღებას, თუმცა ექიმს ბავშვისათვის მხოლოდ წამლები დაუნიშნავს და კლინიკიდან გაუწერია. მეორე დღეს, ა., დაახლოებით, 9:00 საათიდან იყო მასთან. ამ დღეს, შეაშფოთა იმ ფაქტმა, რომ 12 საათისთვის ბავშვს ისევ ეძინა. მის სუნთქვას მიაყურადა. ა–ს სუნთქვა უჭირდა, სიცხე ჰქონდა 38. ლ–ს მითითებით, დაალევინა წამალი, თუმცა რომელი – არ ახსოვს. ტემპერატურამ დაუწია, საკვებიც მიიღო, მაგრამ ფეხზე რომ წამოაყენა, ბავშვს თავბრუ დაეხვა და წაიქცა. ა–ს შეეკითხა, ახლა ხომ არ სწავლობდა სიარულს? ეს ამბავი ბავშვის დედისათვის არ უთქვამს. მოგვიანებით, ა– მამამ წაიყვანა. იგი პერიოდულად აკითხავდა ბავშვს, რომელსაც სიცხე არ ჰქონია, თამაშობდა; შ. გ–ს (გარდაცვლილი ბავშვის მამის) ჩვენებით კი ირკვევა, რომ 2018 წლის 18 დეკემბერს ა– მოითენთა. საღამოს სიცხემ აუწია, რის გამოც, ლ–მ და მ. მ–მ წაიყვანეს პედიატრიულ კლინიკაში. თავად შინ დარჩა, ორ უფროს ბავშვთან ერთად. ლ– და ა– გამთენიას, 4 თუ 5 საათზე დაბრუნდნენ შინ, რამაც ძალიან გააკვირვა. ლ–მ უთხრა, რომ ექიმმა გადასხმა გაუკეთა ბავშვს და სახლში გამოწერა, რადგან ჰქონდა ალერგია და სხვა არაფერი სჭირდებოდა. ლ–ს ბავშვის სუნთქვა არ მოსწონდა, სთხოვდა ექიმს რენტგენის გადაღებას გულსა და ფილტვებზე, თუმცა უარი მიიღო. ა–ს დანიშნული ჰქონდა ალერგიის საწინააღმდეგო წამლები, რომლებიც შეიძინეს და ასმევდნენ. მეორე დღეს ბავშვი იყო ცოტა უკეთ, ვიდრე საავადმყოფოში წაყვანისას, თუმცა – მაინც მოწყენილი. სიცხიანი ბავშვი იყო, ისეთი ცოცხალი არა, როგორც ჩვეულებრივ. ტემპერატურა ჰქონდა 37,2. სხვა სიმპტომებს არ დაჰკვირვებია. 20 დეკემბერს წამლები დაალევინეს და დაიძინა. ღამით გაიღვიძა თუ არა, არ იცის, რადგან თავად ეძინა. 21 დეკემბერს, დილით მეუღლის კივილმა გააღვიძა. ლ– ჩახუტებულ ბავშვს მიარბენინებდა საავადმყოფოში, მაგრამ ა– უკვე გარდაცვლილი იყო.

14. ა. შ–ს დაავადების დინამიკის შეფასებისას ცხადია, მეტად მნიშვნელოვანია დაზარალებულის უფლებამონაცვლის – ლ. შ–ს – ჩვენება, რომლის მიხედვით, ჰყავდა სამი შვილი. აქედან, უმცროს ქალიშვილს – ა. შ–ს – 2018 წლის 16 დეკემბერს, საღამოს, ჰქონდა სიცხე, რომელიც ვერც მომდევნო დღეს დაურეგულირა. ბავშვს ტემპერატურა ასდიოდა 39 გრადუსამდე. მხოლოდ „ეფერალგანის“ სანთლებით ახერხებდა სიცხის დაწევას. 2018 წლის 18 დეკემბერს, საღამოს, როდესაც სამსახურიდან დაბრუნდა შინ, ბავშვი ისევ არ იყო კარგად, უჭირდა ცხვირით სუნთქვა და ჰქონდა მაღალი ტემპერატურა. სიცხის დასაწევად გაუკეთა „ეფერალგანის“ სანთელი, თუმცა ა– მაინც ცუდად იყო. ამას დაერთო სახეზე სიწითლეც. ამიტომ, დაახლოებით, ღამის 22-დან 23 საათამდე პერიოდში, მ. ა–თან ერთად, წაიყვანა იგი კლინიკა შპს „......“. ა– გასინჯა პედიატრმა – მ. ა–მ, რომელმაც თავდაპირველად აღნიშნა, რომ ბავშვის ცალი ფილტვი არ მოსწონდა, კარგად არ ისმინებოდა და რენტგენის გადაღება ესაჭიროებოდა. ვინაიდან ა–ს დაბადების მოწმობა დარჩა შინ, ბავშვს კი კლინიკაში ამ დოკუმენტის გარეშე არ არეგისტრირებდნენ, მოუწია სახლში დაბრუნება, რაც შეუთანხმა მ. ა–, რომელსაც დაუტოვა ბავშვი სამეთვალყურეოდ. მ. მ. თან გაჰყვა, თუმცა, მოგვიანებით, თავის სახლში წავიდა, რადგან ის და ა. შესაძლოა, ღამით საავადმყოფოში დაეტოვებინათ. როდესაც კლინიკაში დაბრუნდა, ა. ფოიეში იყო და ახალგაზრდა ბიჭი ეთამაშებოდა. ამ დროისათვის ბავშვს არანაირი სამედიცინო პროცედურა არ ჰქონდა ჩატარებული. მ. ა–ს უსაყვედურა, რომ ა–ს ბევრი ეცვა. მერე ხელმეორედ გასინჯა და თქვა, რომ ორივე ფილტვი ჯანმრთელი იყო, არანაირი პრობლემა არ ჰქონდა, იყო მხოლოდ ალერგია. ვინაიდან ა–ს გამონაყარი არ ჰქონია, მხოლოდ – ლოყაზე უმნიშვნელო სიწითლე, ექიმს ჩაეკითხა, რა ტიპის ალერგია შეიძლება, ყოფილიყო. მ. ა–ს უთხრა, რომ არ იცოდა, რადგან ალერგია ალერგია იყო. გამონაყართან დაკავშირებით, ექიმთან თქვა, რომ სახლში ჰქონდათ სარემონტო სამუშაოები, თუმცა ეს ერთი თვის წინანდელი ამბავი იყო. ა–ს დაალევინეს სიცხის დამწევი „ნუროფენის“ სიროფი, მიუხედავად იმისა, რომ გააფრთხილა მედპერსონალი, რომ ბავშვს მხოლოდ ,,ეფერალგანით“ ურეგულირებდა სიცხეს. გაუკეთეს გადასხმა. სისტემაში რაღაც წამალიც შეუშვეს, თუმცა არ იცის, რა. ექთნის თქმით, ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატი იყო. გადასხმის დროს, მწოლიარე ბავშვი გაუთავებლად ტიროდა. რაღაც აწუხებდა. როცა ხელში აიყვანა, ბავშვმა ტირილი შეწყვიტა. წყალი დაალევინა. თამაშის ხასიათზე არ ყოფილა, უბრალოდ დამშვიდდა. ზოგადად წყნარი ბავშვი იყო, მოუსვენარი არ ყოფილა. მ. ა– უთხრა, რომ ა–ს 39-მდე ასდიოდა ტემპერატურა და მხოლოდ „ეფერალგანის“ სანთლებით ახერხებდა სიცხის დაწევას, რაც, მისი აზრით, ორგანიზმში ანთებით პროცესზე მიანიშნებდა და ექიმისთვის უნდა ყოფილიყო საყურადღებო. ეუბნებოდა, რომ ბავშვი ცუდად სუნთქავდა, ჰქონდა ტაქიკარდია, არ მოსწონდა მისი გულისცემა, რომელიც თავად მკაფიოდ ესმოდა. გაიკვირვეს, ეს ცოდნა საიდან უნდა ჰქონოდა, ექიმი ხომ არ იყო. მის უფროს შვილებს ჰქონდათ სხვადასხვა ტიპის პათოლოგიები, მათ შორის, გულ-სისხლძარღვთა და ფილტვების, რაზეც ასევე მოუთხრო ექიმს. ა–ზე უთხრა, რომ ბავშვს დაბადებისას არ გაეხსნა ფილტვები, ხშირად ავადობდა, იმ მომენტში ჰქონდა სიცხე, ხშირი სუნთქვა და აჩქარებული გულისცემა, რის გამოც, სთხოვდა კარდიოექოსკოპიისა და გულმკერდის რენტგენის გადაღებას. მ. ა–ს უთხრა, რომ ამის საჭიროება არ იყო. დაინტერესდა, სხვაგან ხომ არ უნდა წაეყვანა ბავშვი. ექიმმა უთხრა, რომ მათთვის კარგის მეტს არაფერს აკეთებდა. ა–ს სიცხემ დაუწია, რადგან ტემპერატურის დამწევი პრეპარატი მისცეს, თუმცა სახეზე სიწითლე ისევ ჰქონდა. გადასხმის შემდეგ შეეკითხა ექიმს, ხომ არ იყო საჭირო ბავშვის კლინიკაში დატოვება ან სხვაგან გადაყვანა, რაზეც მ. ა–მ უპასუხა, რომ – არა, ბავშვს გაეთამაშა, თქვა, არაფერი ესაჭიროებაო, გამოუწერა წამლები – ყელის ტკივილისათვის „ფ–ო“, ალერგიის საწინააღმდეგო „დ–ი“ და იმუნიტეტის გასაძლიერებელი „რ–ა“ – და, დაახლოებით, ღამის 3 საათის მერე, 4-ის წუთებზე, გაწერა კლინიკიდან. ექიმმა 100%-ით დაარწმუნა იგი, რომ ბავშვს არაფერი სჭირდა, უთხრა, რომ სიცხე გაწითლებული ყელის ბრალი იყო და გაატანა სახლში. იგი ენდო ექიმს. ანალიზების პასუხებიც არ მიუციათ, რადგან, როგორც გაირკვა, „C“ რეატიული ცილის კვლევაც არ ჰქონდა ბავშვს ჩატარებული. მეორე დილითვე ისესხა თანხა, უყიდა ა–ს ექიმის გამოწერილი წამლები და ასმევდა. 19 დეკემბერს, დილით, ბავშვს ტემპერატურა ჰქონდა 37,3 გრადუსი. ამ დროს სიცხის დამწევი არ მიუცია. მხოლოდ 37,6-37,7 გრადუსზე დაალევინა სიცხის დამწევი წამალი, დაუტოვა მეუღლესა და მეზობელს – ი. კ–ს. 9:00 საათზე წავიდა სამსახურში. .. ... კლინიკის სანიტარი იყო. 17:00 საათამდე მუშაობდა, თუმცა შუადღეს, დაახლოებით, ნახევარი საათით, ბავშვის სანახავად დაბრუნდა შინ. ა–ს ეძინა და სიცხე არ ჰქონია. სახეზე სიწითლე არ იყო ალაგებული, ოდნავ იყო გაფერმკრთალებული, ამიტომ ალერგიის წამლების ფონზე, რომელსაც ბავშვს ასმევდა, ფიქრობს, რომ ა–ს ალერგია არც ჰქონია. ი. კ–ს უთხრა, რომ ბავშვმა საკვები მიიღო და დიდხანს ეძინა, რის გამოც, შეეშინდა და მიაყურადა. ა– ჩვეულებრივად სუნთქავდა და მალევე გაუღვიძია. ეს ფაქტი თავად საეჭვოდ არ მოეჩვენა, რადგან ბავშვი დღეში ორჯერ იძინებდა. საღამოს აჭამა და დააძინა. ა– ხალისიანად არ ყოფილა. 20 დეკემბერს დილით გაუზომა სიცხე, ჰქონდა 36 გრადუსი. იყო მეტ-ნაკლებად კომუნიკაბელური. ხალისიანი კვლავ არ ყოფილა. დღის განმავლობაში, დაურეკა მეუღლეს, შეეკითხა, რა აჭამა ბავშვს. მეუღლემ უთხრა, რომ ა–მ საკვები მიიღო და ეძინა. საღამოს სამსახურიდან დაბრუნებულმა ფაფა აჭამა, დაალევინა ექიმის გამოწერილი წამლები და ბავშვს მის ხელში ჩაეძინა. იმ საღამოს სიცხე არ ჰქონია, სიცხის დამწევი არ მიუცია. მთელი ღამე სახლს ალაგებდა, რადგან სხვა დროს ვერ ახერხებდა. გამთენიას, 3:05 საათზე, ა–მ გაიღვიძა. ბავშვს უთხრა: „ – გოგო შენ კიდევ არ გძინავსო?“ „ – დედა, დედაო“, გაუღიმა, ცერა თითი ჩაიდო პირში და დაიძინა. დილით, 6:30 საათზე ადგა. უფროსი შვილები გააღვიძა. ა–ს უთხრა, შენთან მერე მოვალო. სანამ უფროსი ბავშვები საუზმობდნენ, ი. კ–ს ოთახში დალია ყავა და 1-2 წუთში გამობრუნდა უკან. ა–ს რომ მიუახლოვდა, ბავშვს სახეზე ჰქონდა სიჭრელე. იფიქრა, შოკოლადი ხომ არ ესვა, რადგან წინასაახალწლო დღეები იყო და სახლში ტკბილეული ჰქონდა მიტანილი. ბავშვი იყო თბილი. ცხვირიც არ ჰქონდა გაყინული. პირის გაღება დაუპირა, მაგრამ ძვლებმა გაიტკაცუნა. მიხვდა, რომ ბავშვი გარდაცვლილი იყო. ფეხშიშველმა გაარბენინა ....... კლინიკაში, მაგრამ ა– იყო მკვდარი. „ლუგარის“ ლაბორატირიამაც დაადგინა და ექსპერტიზამაც, რომ ბავშვს ჰქონდა ფილტვების ორმხრივი ანთება. .. ... კლინიკაში, სადაც თავად მუშაობდა, თავდაპირველად იმიტომ არ წაიყვანა ა–, რომ ეს კლინიკა ემსახურებოდა უფროსებს, ხოლო „...“ იყო პედიატრიული პროფილის საავადმყოფო. 19-სა და 20 დეკემბერს ექიმისთვის არ დაურეკავს. სიცხის დამწევი, რომ მისცა ა–ს, წამლის ფონზე არის მითითებული ალბათ გამოკითხვის ოქმში, რომ ბავშვს 19-ში სიცხე არ ჰქონია. ა– ძუძუთი კვებაზე არ ჰყოლია, რადგან ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა, იტარებდა ქიმიოთერაპიას და ბავშვს ბუნებრივად ვეღარ კვებავდა.

15. გარდაცვლილის დედის – ლ. შ–ს – ჩვენება სრულად არის თანხვდენილი მოწმის სახით დაკითხული მ. ა– განმარტებებთან, რომელიც თან ახლდა ლ– და ა. შ. კლინიკა „....“ ყოფნისას. მოწმემ დაადასტურა, რომ 2018 წლის 18 დეკემბერს, საღამოს, სტუმრობდა ლ–ს, რომელსაც კალთაში ეჯდა უმცროსი ქალიშვილი – ა– – და თერმომეტრით სიცხეს უზომავდა. ბავშვს ჰქონდა 38 გრადუსი ტემპერატურა. ლ–მ სიცხის დამწევი წამალი დაალევინა, გაუკეთა სანთელი და ინჰალაცია, რადგან ა–ს სუნთქვაც უჭირდა. მიუხედავად ამისა, ბავშვს მაინც ჰქონდა სიცხე, რის გამოც, წაიყვანეს ბავშვთა კლინიკა „....“. რეგისტრატურაში აღმოაჩინეს, რომ ლ–ს ბავშვის დაბადების მოწმობა დარჩენია შინ. რეგისტრატორმა უთხრა, რომ, ამ დოკუმენტის გარეშე, ბავშვს რეგისტრაციაში ვერ გაატარებდნენ. ა– გასინჯა პედიატრმა – მ. ა–მ, რომელმაც თქვა, რომ ბავშვის ცალი ფილტვი არ მოსწონდა, რენტგენი უნდა გადაეღოთ და გადასხმა გაეკეთებინათ. ლ– და ბავშვი ექიმს შეყვნენ კლინიკაში, თავად კი გარეთ ელოდებოდა. ლ. მალევე გამოვიდა და უთხრა, რომ ბავშვი ექიმს დაუტოვა, გადასხმას უკეთებდნენ, ისინი კი დოკუმენტის მისატანად უნდა წასულიყვნენ. საავადმყოფოში აღარ დაბრუნებულა, თავის სახლში წავიდა, რადგან ლ–ს თქმით, შეიძლება დედა-შვილი კლინიკაში დაეტოვებინათ. ა–ს მდგომარეობა მეორე საღამოს მოიკითხა. ლ.. სახლში დახვდა, რამაც გააკვირვა. უთხრა, რომ წამლები გამოუწერეს ბავშვს და იმავე ღამეს გამოწერეს კლინიკიდან. აჩვენა წამლები, რომლებიც ექიმმა გამოუწერა ა–ს და ასმევდა ბავშვს. ა–ს სიცხე ჰქონდა თუ არა იმ საღამოს, არ იცის, მაგრამ ბავშვი სახლში დადიოდა, რაღაცას ფეხიც წამოკრა, წაიბორძიკა და დაეცა, თუმცა თავადვე წამოდგა. ლ–სთან დიდხანს არ გაჩერებულა, მალევე წავიდა. მოგვიანებით გაიგო ბავშვის გარდაცვალების ამბავი.

16. საპირისპიროდ, მ. ა–ს ჩვენების მიხედვით, 2018 წლის 18 დეკემბერს, როდესაც მუშაობდა პედიატრიული კლინიკის – შპს “...“ – გადაუდებელი დეპარტამენტის მორიგე პედიატრად, 23:30 საათზე, კლინიკაში მშობელმა და მეზობელმა მიიყვანეს ა. შ–. დედის თქმით, ბავშვს დილიდან ჰქონდა სიცხე – 37,2 გრადუსი და სახეზე აღენიშნებოდა გამონაყარი. მშობელი ამბობდა, რომ სახლში ჰქონდა სარემონტო სამუშაოები და შიშობდა, ბავშვს ცემენტი არ შეეჭამა ან საღებავი არ დაელია. მან დაამშვიდა, რომ ასეთი რამ არ იქნებოდა. დედა ახსენებდა გულ-სისხლძარღვთა დაავადებას, რომელიც მის სხვა შვილს ჰქონდა, თუმცა, ვინაიდან მშობელი იყო აღელვებული, იფიქრა, მის პაციენტს არ ჰქონოდა პათოლოგია და განსაკუთრებული ყურადღებით მოუსმინა ა–ს გულსა და ფილტვებზე. ჩახედა ყელში და დაუთვალიერა სხეულიც, რადგან ბავშვს მარცხენა ყვრიმალზე აღენიშნებოდა მცირე ერითემატოზული, წითელი გამონაყარი. გასინჯვის დროს ბავშვი ცოტას ჭირვეულობდა. შეიყვანეს ე.წ. „შოკის დარბაზში“ არსებულ სამანიპულაციოში. მან დედა დაამშვიდა. უთხრა, რომ ბავშვს ჰქონდა სიცხე და არ ენერვიულა, რადგან ყველაფერი გაუკეთდებოდა, რაც საჭიროდ ჩაითვლებოდა. ბავშვი მონიტორზე შეაერთეს, ჩაუდგეს პერიფერიული ვენის კათეტერი და როდესაც უნდა დაეწყოთ გადასხმა, აღმოაჩინეს, რომ დედა იქ აღარ იყო. სანამ მშობელი გამოჩნდებოდა, ბავშვი ექთანსა და მის დამხმარეს ჰყავდათ ხელში, რომ არ განერვიულებულიყო. დედის არყოფნამ, დაახლოებით, 20-30 წუთს გასტანა. პატრულში დარეკვას აპირებდა, რადგან იეჭვა, ბავშვი ხომ არ იყო მიტოვებული. როგორც მოგვიანებით გაირკვა, დედა დაბადების მოწმობის მისატანად იყო წასული, რის გამოც, უსაყვედურა მას. დედის დაბრუნებამდე ბავშვისთვის გადასხმა არ გაუკეთებიათ. გაუზომეს სიცხე, ჰქონდა 38,5. მონიტორზე ასახული პარამეტრები ჩანიშნულია ისტორიაში, რაც შეესაბამებოდა მის ტემპერატურას. ექთანმა ადეკვატური დოზით დაალევინა მას „ნუროფენი“, მიუხედავად დედის მტკიცებისა, რომ ბავშვმა სახლში ეს პრეპარატი არ მიიღო და აღებინა. დაკვირვების პარალელურად დაიწყეს გადასხმა. ალერგიული გამონაყარის ასალაგებლად გაუკეთეს „დექსამეტაზონი“. ბავშვს ტემპერატურამ დაუწია, გამონაყარი აულაგდა, გააქტიურდა და ძუძუც მოსწოვა. დედამ ხელში აიყვანა ბავშვი, რადგან ტიროდა. შეეკითხა, ხომ არ შიოდა. მშობლის თქმით, ბავშვი იმ ხელზე სწოვდა თითს, რომელზეც კათეტერი ეკეთა, ამიტომაც ტიროდა. კათეტერი მოხსნეს, ბავშვმა თითი ჩაიდო პირში და დამშვიდდა, გაუცინათ, დაიწყო თამაში, იყო აქტიური, ჭამა კიდეც, „პამპერსიც“ კარგად ჰქონდა დასველებული. დედამ თქვა, ახლა წავალთო. შუაღამე იყო. მეზობელიც აღარ ახლდა, მარტო იყო. შესთავაზა, დილამდე გაჩერებულიყვნენ. მშობელმა უპასუხა, რომ დილით ბავშვები სკოლაში უნდა გაეშვა, თავად – სამსახურში წასულიყო და ამიტომ მიდიოდა. როცა ექიმს ბავშვის მდგომარეობა არ მოსწონს, მაგრამ მშობელი დაჟინებით ითხოვს წასვლას, ხელწერილი უნდა დააწერინოს, თუმცა ამ შემთხვევაში, ბავშვი გადაუდებელი დეპარტამენტიდან იყო გასაშვები, რადგან ტემპერატურა და სუნთქვის სიხშირე ნორმალიზდა, გამონაყარი ალაგდა, იყო აქტიური, ძუძუც მოსწოვა და „პამპერსიც“ დაასველა. თუ პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა და ექიმი ჩამოყალიბდა დიაგნოზში, შეუძლია პაციენტი გაუშვას. დედას შეეკითხა, სიცხეს რომ აეწია, სად წაიყვანდა ბავშვს, სად ჰყავდა აღრიცხვაზე და ვინ იყო მისი უბნის ექიმი. უპასუხა, რომ სადღაც სანზონაში, თუმცა კლინიკა და უბნის ექიმი ვერ დაუსახელა. ასევე დასძინა, რომ ა– კერძო ბაღში უნდა წაეყვანა, რამაც ძალიან გააკვირვა. მშობელი დაარიგა, რამე თუ არ მოეწონებოდა: ან სიცხე აუწევდა, ან გამონაყარი გაუჩნდებოდა, აუცილებლად მიემართა მათთვის ან უბნის ექიმისათვის. მხიარული, მოცინარი ბავშვი წაიყვანა დედამ კლინიკიდან. ბავშვის გარდაცვალებამდე მისთვის არავის დაურეკავს და არ შეუტყობინებია, რომ ა–ს სიცხე ჰქონდა. კლინიკაში შემოსულ პაციენტს დაესვა დიაგნოზი – ცხელება, რომელიც არ საჭიროებდა ჰოსპიტალიზაციას. „ცხელების მართვა ბავშვთა ასაკში“ გაიდლაინის მიხედვით, ბავშვს ჰქონდა მსუბუქი ცხელება, რომელიც იყო დაბალი რისკის: არ ჰქონდა გაუწყლოვანება, მაღალი ტემპერეტურა (39 გრადუსზე მეტი), აჩქარებული სუნთქვა (50-ზე მეტი), პულსი (150-ზე მეტი). მსუბუქი ცხელების მქონე ბავშვი საერთოდ არ არის გადაუდებელი დეპარტამენტის პაციენტი, მაგრამ ვინაიდან იყო ზამთარი, ღამე და მშობელი ვერ მიმართავდა უბნის ექიმს, იგი მოემსახურა კლინიკაში მიყვანილ ბავშვს. აბრალებენ, რომ კლინიკაში ყოფნისას ბავშვს ჰქონდა ინტერსტეციული პნევმონია, რომელიც, გამორიცხულია, პირველივე დღეს ასახულიყო რენტგენზე. დილიდან რომ სიცხე მისცა ბავშვს და საღამოს მიუყვანეს მას, რენტგენი რომც გადაეღო, პნევმონია მაინც არ გამოჩნდებოდა. პროფილაქტიკური რენტგენოლოგიური კვლევის ჩატარება აკრძალულია 14 წლამდე ბავშვებსა და ორსულებში. ამგვარი კვლევა დაიშვება მხოლოდ კლინიკური ჩვენებების შემთხვევაში. რენტგენონეგატიური პნევმონიის დროს დაავადება მიმდინარეობს, თუმცა რენტგენზე არ ისახება 7-10 დღის განმავლობაში. შესაძლოა ამ დროს პნევმონიის არსებობას ადასტურებდეს გახშირებული სუნთქვა, ბავშვთა ასაკში – ხველაც და, მიუხედავად ნორმალური ტემპერატურისა, ფილტვების მოსმენის გარეშეც, ჩნდება ეჭვი ამ დაავადებაზე. გაიდლაინების მიხედვით, პნევმონიის დროს რესპირატორული ჩივილებია: ხველა, ტაქიპნოე, რეტრაქცია (ცხვირის ნესტოების ბერვა) და სუნთქვისას დამხმარე მუსკულატურის ჩართვა, რაც ბავშვებში განსაკუთრებით არის ხოლმე გამოხატული. 100%-ით შეუძლია თქმა, რომ ა. შ–ს შემთხვევაში, ვინაიდან ბავშვს არ ჰქონდა ტაქიპნოე (ქოშინი) და პნევმონიის სხვა არანაირი ნიშანი, დაავადების პირველ დღეს რენტგენზე არაფერი გამოჩნდებოდა. გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის ექიმმა უნდა დაადგინოს პირველადი დიაგნოზი და მოხსნას სიმპტომი, რომლითაც მიმართა მას პაციენტმა. ექიმი უნდა ჩამოყალიბდეს დიაგნოზში და თუ პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა, გაუშვას სახლში, თუ არა – დატოვოს სტაციონარში, თუ ამას საჭიროება მოითხოვს. ბავშვის გარდაცვალების შემდეგ, მან კიდევ ერთხელ გადაამოწმა და დარწმუნდა, რომ ა. შ–სთან მიმართებით, მისი ყველა ქმედება შეესაბამებოდა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებულ პროტოკოლებსა და გაიდლაინებს, რომელთაგან გადახრის უფლება არ აქვს. პედიატრ ნ. უ–ს სარეცენზიო დასკვნაში, რომლის საფუძველზეც, გაუუქმდა მას პედიატრის ლიცენზია, როგორც ახსოვს, ნათქვამია, რომ სასურველი იყო, ექიმს ჩაეტარებინა რენტგენოლოგიური კვლევა, ამავდროულად, იყო მითითება ბინაზე მშობლის არასრულ პატრონაჟზე, თუმცა მოგვიანებით, დედაზე ჩანაწერი დასკვნიდან ამოიღეს.

17. მოწმე ც. ქ–ს ჩვენების მიხედვით, 2018 წლის 18 დეკემბერს იყო შპს “...“ გადაუდებელი დეპარტამენტის მორიგე ექთანი. მუშაობდა ექიმ მ. ა–სთან ერთად. ღამის საათებში კლინიკაში დედამ მიიყვანა ბავშვი, ცხელებითა და სახეზე გამონაყარით, რომელსაც მშობელი უკავშირებდა სახლში სარემონტო სამუშაოებს და ნერვიულობდა, ბავშვს ცემენტი არ შეეჭამა ან საღებავი არ დაელია. ბავშვი შეიყვანეს გადაუდებელ განყოფილებაში, ნახეს მონაცემები, რომლებიც იყო დამაკმაყოფილებელი – არ იყო დაბალი სატურაცია და ა.შ. ცხელება იყო 38,5 გრადუსამდე. ჩაუყენეს კათეტერი და რომ მოტრიალდნენ, დედა აღარ დახვდათ. როგორც ჩანს, დაბადების მოწმობის მისატანად იყო წასული. ბავშვს ხელით ასეირნებდნენ, ართობდნენ, რომ არ ენერვიულა. ფიქრობდნენ, მიტოვებული ხომ არ იყო და პატრულში ხომ არ უნდა დაერეკათ. ამასობაში, დედაც დაბრუნდა და უსაყვედურეს. მშობელმა ძირს რომ დასვა ბავშვი, მიხვდნენ, რომ სიარული იცოდა, მათ კი ხელით დაჰყავდათ. ბავშვი იყო მოთენთილი, მაგრამ ძილიანი და მივარდნილი არ ყოფილა. დედის თანდასწრებით დაიწყეს გადასხმა. გაუზომეს კიდევ ტემპერატურა. მიუხედავად იმისა, რომ, დედის მტკიცებით, კონკრეტულ სიცხის დამწევ პრეპარატზე ბავშვს სახლში ჰქონდა პირღებინება, მან პირადად დაალევინა ეს წამალი ა–ს და სიცხემაც დაუწია. ბავშვს აღენიშნებოდა გამონაყარი, თუ სწორად ახსოვს, მარცხენა ლოყაზე. ექიმის მითითებით, ალერგიის საწინააღმდეგოდ გაუკეთა „დექსამეტაზონი“. რაღაც პერიოდის მერე ბავშვს გამონაყარიც აულაგდა, ცხელებამაც დაუწია. ხშირად მიდიოდნენ ბავშვთან, მის სუნთქვას აკვირდებოდნენ. ა–ს მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი, ოღონდ ტიროდა. დედას ჰკითხეს, ხომ არ შიოდა ბავშვს, ხომ არ შეეძლოთ დახმარება, საჭმლის გამზადება, რაზეც დედამ უპასუხათ, რომ ბავშვს კათეტერი ეკეთა იმ ხელზე, რომელზეც თითს სწოვდა და ამის გამო ჰქონდა დისკომფორტი. კატეტერი რომ მოხსნეს, ბავშვი დამშვიდდა და იყო ხალისიანი. დედამ ითხოვა, წავალო. რადგან საშიშროება არ იყო, აბსოლუტურად ნორმალური მონაცემებით გაუშვეს ბავშვი, რომელიც დადიოდა და კათეტერის მოხსნის შემდეგ, იყო მხიარული. დედის მხრიდან რაიმე დამატებით მანიპულაციებთან დაკავშირებით თხოვნა არ ახსენდება, არ ყოფილა. გაწერის დროს ექიმმა გააფრთხილა მშობელი, დაჰკვირვებოდა ბავშვს, თუკი რაიმე სიმპტომი გამოუვლინდებოდა, ექნებოდა ისევ ცხელება ან რამე არ მოეწონებოდა, აუცილებლად მიემართა უბნის პედიატრისთვის ან ისევ მათთვის. დედამ დაარწმუნათ, რომ ბავშვს არაფერს გაუჭირვებდა. არ ახსენდება, რომ მშობელს პაციენტის ან მისი დედ-მამიშვილების გულ-სისხლძარღვთა პრობლემაზე მიეთითებინოს. მშობელს ექიმისთვის რენტგენის გადაღება არ მოუთხოვია. რომ მოეთხოვა, გაიგებდა, რადგან ექიმი მის გვერდით იყო. არც საჭიროებდა ალბათ, თორემ უცილებლად გადაიღებდა. ბავშვი კლინიკაში, დაახლოებით, 3 საათი ან ცოტა მეტი იმყოფებოდა და ღამის 2 საათისთვის გაწერეს, სამედიცინო პროცედურის დასრულებიდან, დაახლოებით, ერთ საათში. გაწერამდე ბავშვი მის თვალსაწიერში იმყოფებოდა. იმ დროს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში, დაახლოებით, 6 ან 7 ბავშვი ჰყავდათ. თუ სწორად ახსოვს, დედამ ბავშვს ძუძუ აჭამა. გადასხმის შემდეგ სიცხე გაუზომეს, ჰქონდა 36,7, ასევე შეამოწმეს მისი მონაცემები მონიტორზე, რა დროსაც სატურაცია ჰქონდა – 98. გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში განმეორებით ანალიზებს, თუ პაციენტს რამე საგანგაშო არ სჭირს, არ აკეთებენ.

18. შპს “...“ რეგისტრატორის – მ. შ-ს – გამოკითხვის ოქმის თანახმად, რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, ირკვევა, რომ 2018 წლის 18 დეკემბერს კლინიკაში დედამ მიიყვანა მცირეწლოვანი ა. შ., რომლის სახელი და გვარი დაარეგისტრირა ჟურნალში, მაგრამ პაციენტის იდენტიფიცირება ვერ მოხდა, რადგან მშობელს თან არ ჰქონდა დაბადების მოწმობა. ჟურნალში დარეგისტრირებისთანავე პაციენტი გასასინჯად შეიყვანეს ექიმთან, შემდეგ – ე.წ. „შოკის დარბაზში“. დედა წავიდა სახლში, საიდანაც გარკვეული დროის შემდეგ დაბრუნდა და მიაწოდა ბავშვის დაბადების მოწმობა. დაბადების მოწმობის წარდგენის შემდეგ გაიხსნა სამედიცინო ისტორია.

19. შპს “...“ სანიტრის – ქ. ო–ს – გამოკითხვის ოქმის მიხედვით, რომელიც ასევე არ გაუხდიათ სადავოდ მხარეებს, 2018 წლის 18 დეკემბერს კლინიკაში მიიღეს პაციენტი – ა. შ–, რომელსაც ჰქონდა ტემპერატურა და იყო უხასიათოდ. ექიმმა მ. ა–- ბავშვს ჩაუტარა მკურნალობა, თუმცა რა ტიპის, მისთვის უცნობია. გაწერის დროს ა. შ– იყო კარგად, თავად ეთამაშებოდა ბავშვს, რომელიც იყო აქტიური, მხიარული, იყო კარგ ხასიათზე.

20. დაცვის მხარის მიერ გამოკითხული მოწმეების – მ. შ–აა და ქ. ო–ს – გამოკითხვის ოქმებთან მიმართებით, აღსანიშნავია, რომ რეგისტრატორის – მ. შ–ა – განმარტების მიხედვით, პედიატრიულ კლინიკა შპს „....“ მიყვანილი ა. შ–ს იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა, რადგან დედას თან არ ჰქონდა ბავშვის დაბადების მოწმობა. სამედიცინო ისტორიის გახსნა მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ლ. შ–მ სახლიდან მიიტანა ბავშვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა მანამდე ბავშვი გასინჯა ექიმმა-პედიატრმა, რაც დავის საგანი არც გამხდარა. აქვე საყურადღებოა, რომ მიუხედავად ბავშვის ექიმთან დროულად გადამისამართებისა, ლ. შ–ს კლინიკაში დაბრუნებამდე, შესაბამისად, დაბადების მოწმობის წარდგენამდე და სამედიცინო ისტორიის გახსნამდე, ა. შ–ს არანაირი სამედიცინო პროცედურა არ ჩასტარებია, რაც, გარდა ლ. შ–ს მითითებისა, ასევე დაადასტურეს თავიანთ ჩვენებებში, როგორც ექიმმა – მ. ა.., ასევე – ექთანმა ც. ქ–ს. შესაბამისად, ყოველგვარ გონივრულ საფუძველს მოკლებულია დაცვის მხარის მინიშნება, რომ ლ. შ–მ მხოლოდ საკუთარი მიხედულებით დატოვა კლინიკაში შუაღამეს მიყვანილი ბავშვი და წავიდა დაბადების მოწმობის მისატანად, მაშინ, როდესაც ამის საჭიროება არ იყო; სანიტრის – ქ. ო–ს გამოკითხვის ოქმით, ცხადია, ვერ დგინდება, რა ტიპის მკურნალობა ჩაუტარდა კლინიკაში მყოფ ა. შ–ს, რომელიც, კლინიკიდან გაწერისას, სანიტრის აზრით, იყო კარგად, რადგან პირადად ეთამაშებოდა ბავშვს, რაც სრულებით არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ ა. შ., მიუხედავად მდგომარეობის შესაძლო დროებითი გაუმჯობესებისა (მით უფრო იმუნოდეპრესიული აქტივობით დამახასიათებელი „დექსამეტაზონით“ მკურნალობის ფონზე), იმ დროისათვის დაავადებული იყო პნევმონიით, რომელიც ვერ დაადგინა ექიმმა მ. ა–- და არ უმკურნალა პაციენტს, მიმდინარე დაავადების შესაბამისად.

21. დაცვის მხარის მიერ გამოკითხული სხვა მოწმეების: ხ. შ-სა (არის იმავე შპს “...“ პედიატრი. მ. ა–სგან მიიღო ინფორმაცია, რომ ჰყავდა პაციენტი – ა. შ–, რომელიც კლინიკაში შევიდა დაავადების დაწყებიდან რამდენიმე ხანში ჩივილებით: ტემპერატურა – 38,-38,5, გამონაყარი ლოყის არეში. მ. ა–მ ჩაუტარა მას შესაბამისი კლინიკოლაბორატორიული კვლევა, დაუსვა დიაგნოზი და გაუშვა ბინაზე. როგორც მისთვის გახდა ცნობილი, გაწერის დროს პაციენტი იყო მომჯობინებული, სტაბილური მდგომარეობით. როდესაც პაციენტის მონაცემები ნორმაშია, არ არსებობს რენტგენოლოგიური კვლევის საჭიროება. თუ მდგომარეობა მალევე სტაბილურდება, ტემპერატურა ნორმალიზდება, პაციენტი გააქტიურდება, არსებული გამონაყარი ალაგებულია, იგი ეწერება და ფრთხილდება, რაიმე სიმპტომის შემთხვევაში, მიმართოს ექიმს) და პ. ნ– (არის პედიატრი და მ. ა– იცნობს, როგორც კვალიფიციურ და კეთილსინდისიერ ექიმს, რომლისგანაც უშუალოდ აქვს ინფორმაცია ა. შ–ს შესახებ, რომელიც იყო მისი მცირეწლოვანი პაციენტი და კლინიკიდან გაწერის დროს, არანაირი საფრთხის მსგავსი ნიშნები არ აღენიშნებოდა) გამოკითხვის ოქმები ცხადყოფს, რომ გარდაცვლილი პაციენტის – ა. შ–ს – შესახებ ინფორმაცია ამ მოწმეებს მიაწოდა მ. ა–, შესაბამისად, ეს სამხილები, თავიანთი შინაარსით ირიბია და შეუძლებელია, მათ საფუძველზე, ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტების უტყუარად დადასტურება ან უარყოფა, ხოლო რაც შეეხება მოწმეების: თ... თ... (არის შპს “...“ კლინიკური დირექტორი. ა. შ–ს სამედიცინო ისტორიიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მ. ა–მ ა. შ–სთან მიმართებით, საფუძვლიანად არ მიიჩნია რადიოლოგიური და სხვა პარაკლინიკური კვლევა. კლინიკაში გატარებული ყველა ღონისძიება იყო პაციენტისათვის ადეკვატური და საკმარისი) და ბ. მ.... (არის შპს “...“ რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ა. შ–ს სამედიცინო ისტორიიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ პაციენტისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურება, შეესაბამებოდა იმჟამად მათთვის მიწოდებულ პროტოკოლებსა და გაიდლაინებს, ასევე – იმ კონკრეტულ შემთხვევას. შესაბამისად, მისი რწმენით, მ. ა–ს რადიოლოგიური და სხვა პარაკლინიკური კვლევების აუცილებლობა არ ჰქონია) გამოკითხვის ოქმებს, ისინი დიდწილად ეფუძნება, როგორც მ. ა–ს მიმართ მოწმეების სუბიექტურ შეფასებებს, ასევე – სამედიცინო ისტორიას, რომლის სანდოობაზეც, საკასაციო სასამართლო მოგვიანებით იმსჯელებს.

22. დაცვის მხარის მოწმის – ე. გ–ს – ჩვენებასთან (არის პედიატრი, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სპეციალისტი და კლინიკური მენეჯერი, ასევე – მონაწილეობდა „ცხელების მართვის“ პროტოკოლის შექმნაში. თხოვნის საფუძველზე, შეისწავლა ა. შ–ს შემთხვევა, რომელიც, მისი აზრით, საერთოდ არ იყო გადაუდებელი დახმარების განყოფილების პაციენტი, არამედ – ასეთი ბავშვების მართვა ხდება ბინაზე. კლინიკაში შესვლისას, პაციენტის პარამეტრები შეესაბამებოდა მის ტემპერატურას. პნევმონიის დროს ფილტვის მოსმენა ყოველთვის არაა საკმარისი. თუ არსებობს რაიმე სახის ეჭვი, უნდა ჩატარდეს დამატებითი კვლევები, თუმცა ვინაიდან ბავშვის ტემპერატურამ დაიწია, სუნთქვა და პულსი ნორმალიზდა, დამატებითი კვლევების საჭიროება არ არსებობდა. რადიოლოგიურ კვლევამდე ექიმი ირჩევს ალტერნატიულ უსაფრთხო გზებს დიაგნოზის დასადგენად, რათა თავიდან აიცილოს ბავშვის ზედმეტი დასხივება. აკრძალულია პროფილაქტიკურად რენტგენოლოგიური კვლევა, თუ ექიმს არ აქვს კვლევის ჩატარებისთვის შესაბამისი საფუძველი და მაჩვენებელი. პნევმონია შესაძლებელია დაიწყოს, მაგრამ მისი სურათი რენტგენზე ჩნდება 7-10 დღის შემდეგ. იმ დაშვებით, რომ ბავშვი, შესაძლოა, გარდაცვლილიყო ინტერსტიციული პნევმონიით, გამორიცხულია გარდაცვალების წინა დღეს ყოფილიყო აქტიური, ეთამაშა, ვინაიდან ასე სწრაფად სუნთქვის უკმარისობის ამ დონეზე გართულება – გამორიცხულია. თუ გარდაცვლილი პაციენტის შემთხვევაში გამოიკვეთა ატიპიური პნევმონია, მაშინ არანაირ მკურნალობას აზრი არ ექნებოდა. მიიჩნევს, რომ მ. ა–ს მიერ ა. შ–სათვის ჩატარებული ყველა კვლევა და მოქმედება შეესაბამებოდა მოქმედ პროტოკოლებსა და გაიდლაინებს, რომლებიც მავალდებულებელი ხასიათისაა და მათგან გადახრა აკრძალულია) მიმართებით, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მ. ა... მისი კოლეგიალობა და ნაცნობობა ვერ გახდებოდა ე. გ–ს ჩვენების გაუზიარებლობის საფუძველი, მაგრამ ხაზგასასმელია, რომ თავად ე. გ–ს მითითებით, სწორედ იგი იცავდა მ. ა–ს ინტერესებს 2019 წლის 12 სექტემბერს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს წინაშე, რომელმაც არ გაიზიარა მათი არგუმენტები და პაციენტ ა. შ–სათვის გაწეული სამედიცინო დახმარებისას გამოვლენილი დარღვევა-ნაკლოვანებების გამო, მ. ა– გაუუქმა სახელმწიფო სერთიფიკატი საექიმო სპეციალობაში – „პედიატრია“. შესაბამისად, ე. გ. მ. ა–ს არა მარტო კოლეგა და ნაცნობია, როგორც ეს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ შენიშნა, არამედ მისი ინტერესების აქტიური დამცველიც, რაც ცხადია, საეჭვოს ხდის მისი, როგორც მოწმის, მიუკერძოებლობას. მეორე მხრივ, ე. გ–ს ვრცელი ჩვენება, რომელიც, თითქოსდა, უპირობოდ და ერთმნიშვნელოვნად ამართლებდა ა. შ–სთან მიმართებით მ. ა–ს ყველა მოქმედებას, ეფუძნება იმ მოცემულობას, რომ კლინიკაში ჰოსპიტალიზაციიდან გაწერამდე ბავშვის მდგომარეობა იყო საგრძნობლად გაუმჯობესებული, რაც, ა. შ–ს განმეორებითი შემოწმების მონაცემების საეჭვოდ მიჩნევის პირობებში (რასაც, როგორც უკვე აღინიშნა, სამედიცინო ისტორიის შეფასებისას, სიღრმისეულად ქვემოთ მიმოვიხილავთ) სცდება ობიექტურ რეალობას და, ერთობლივად შეფასებისას, ე. გ–ს ჩვენებას უკარგავს სანდოობასა და დამაჯერებლობას.

23. რაც შეეხება თავად მორიგე-ექიმის – მ. ა–ს, ისევე, როგორც მორიგე-ექთნის – ც. ქ–ს განმარტებებს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მათი ჩვენებები ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს, რამეთუ საქმის მასალები ნათლად ადასტურებს, რომ მათი მტკიცება აშკარად ეწინააღმდეგება მოვლენათა განვითარების დინამიკას და განპირობებულია პასუხისმგებლობისაგან არიდების სურვილით. მ. ა–სა და ც. ქ–ს მონათხრობის სანდოობის შეფასებისას საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს შემდეგ გარემოებებს:

24. ჩვენების მიცემისას, მ. ა–მ არაერთხელ მიუთითა, რომ პაციენტის დედის – ლ. შ–ს – განმარტებით, ბავშვს მხოლოდ დილიდან ჰქონდა ცხელება, 37,2 გრადუსი, რაც ეწინააღმდეგება არა მარტო ლ. შ–ს ჩვენებას, რომლის თანახმად, ა–ს კლინიკაში მიყვანამდე ორი დღის (16 და 17 დეკემბერს) განმავლობაში ჰქონდა ტემპერატურა, რომელიც 39 გრადუსამდე ასდიოდა და მხოლოდ სიცხის დამწევი სანთლებით ახერხებდა მის დარეგულირებას, არამედ – თავად მ. ა–ს ხელით შევსებულ სამედიცინო ისტორიას, რომლის მიხედვით, ა. შ. კლინიკაში ჰოსპიტალიზებულია 2018 წლის 18 დეკემბერს, 23:30 საათზე, დაავადების დაწყებიდან მეორე დღეს. მშობლის გადმოცემით, ბავშვს, მეორე დღეა, აღენიშნება მაღალი ტემპერატურა, 38-38,5 გრადუსი;

25. ასევე მეტად არადამაჯერებელია მ. ა–ს ჩვენება კლინიკაში ყოფნის დროს, დედის მიერ ბავშვის ძუძუთი კვებასთან დაკავშირებით, რაც, თითქოსდა ხაზს უსვამდა ჩატარებული მკურნალობის შედეგად, ა–ს მდგომარეობის საგრძნობლად გაუმჯობესებას, რამეთუ თავად ლ. შ–ს ჩვენებით დასტურდება, რომ იგი ონკოპაციენტია და ჩატარებული ქიმიოთერაპიის გამო, არ შეეძლო ბავშვის ბუნებრივად კვება. თავის მხრივ, საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ ჯანმრთელობის ცნობის – ფორმა №IV-100/ა-სა (რომლის მიხედვით მცირეწლოვანი საჭიროებდა ხელოვნურ კვებას) და სოციალური მუშაკის დასკვნის (რომლის თანახმად, ბავშვი საჭიროებდა კვების ვაუჩერის მიღებას) საფუძველზე, ა. შ– 2017 წლის 1 ოქტომბრიდან „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2017 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის ..... №... დადგენილების შესაბამისად, ჩართული იყო ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტებით უზრუნველყოფის ღონისძიებაში/კომპონენტში და იღებდა „კვების ვაუჩერს“. საკასაციო სასამართლოში მ. ა–ს განცხადებით, ცხადია, 1... ბავშვი სრულად ბუნებრივ საკვებზე ვერ იქნებოდა და კლინიკაში დედის მიერ ძუძუთი კვებას, ამ შემთხვევაში, ჰქონდა უფრო დამამშვიდებელი ეფექტი, რაც ეწინააღმდეგება სასამართლოში მისივე ჩვენების სულისკვეთებას, როდესაც ბავშვის ძუძუთი კვებაზე არაერთგზის ხაზგასმით, თითქოს უნდა გამოკვეთილიყო, რომ კლინიკაში ჩატარებული მკურნალობის შემდეგ, ბავშვმა საკვებიც მიიღო და, შესაბამისად, მისი მდგომარეობა იყო აშკარად გაუმჯობესებული.

26. ზემოაღნიშნულ საკითხთან მიმართებით, ნაკლებად კატეგორიულია მოწმის სახით დაკითხული ც. ქ., რომელმაც ჩვენებაში აღნიშნა, რომ თუ სწორად ახსოვდა, დედამ ბავშვს ძუძუ აჭამაო. ც. ქ–ს განმარტებების დამაჯერებლობასა და მ. ა–ს ჩვენებასთან მის თანხვდენასთან მიმართებით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ მორიგე-ექთნის მტკიცებით, კლინიკაში ყოფნის დროს, ა. შ–ს მშობელს მ. ა–სათვის რენტგენოლოგიური კვლევა რომ მოეთხოვა, იგი აუცილებლად გაიგებდა, რადგან ექიმი მის გვერდით იყო, მაგრამ ამავდროულად, საყურადღებოა, რომ ც. ქ–ს ვერ გაიხსენა, ლ. შ–ს მ. ა–სათვის მიეწოდებინოს ინფორმაცია მისი სხვა შვილების პათოლოგიებთან დაკავშირებით, მაშინ, როდესაც, თავად მ. ა–ს განმარტებით, ლ. შ– მასთან საუბარში ახსენებდა მისი სხვა შვილების პათოლოგიებს, რის გამოც, განსაკუთრებით გულდასმით მოუსმინა ა. შ–ს გულსა და ფილტვებზე, რადგან შიშობდა, აღელვებულ მშობელს რამე არ შეშლოდა და სწორედ მისი პაციენტის ანამნეზი არ ყოფილიყო საყურადღებო.

27. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მ. ა–ს მიერ გაცემული ფორმა №IV-100/ა-ში – ცნობაში ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – მითითებულია, რომ პაციენტ ა. შ–ს ექიმთან მიმართვის დროა – 2018 წლის 18 დეკემბრის 23:30 საათი, ხოლო გაწერის დრო – 2018 წლის 19 დეკემბრის 14:30 საათი; დიაგნოზი – ცხელება, რომელიც არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას, სითხის მოცულობის შემცირება, დაუზუსტებელი მწვავე რესპირატორული ინფექციური დაავადება, დაუზუსტებელი ალერგია; ანამნეზი: ბავშვს მეორე დღეა აქვს მაღალი ტემპერატურა 38-38,3, რომელიც ძნელად ემორჩილება ანტიპირეტულ პრეპარატებს, კატარალური მოვლენები, ბინაზე იღებდნენ „პანადოლს“, საღამოს აეწია ტემპერატურა 38,5, ბავშვი მოითენთა, არ მიიღო სითხე და საკვები, რის შემდეგაც მიმართეს კლინიკას თვითდინებით; ჩატარებული დიგნოსტიკური გამოკვლევები და კონსულტაციები: პედიატრის კონსულტაცია, სისხლის საერთო ანალიზი; ავადმყოფობის მიმდინარეობა: მწვავე T-38,5, P-140, R-42, T-A-80/45, ზოგადი მდგომარეობა – საშუალო სიმძიმის, კანი – მარცხენა ყვრიმალის არეში აღენიშნება ერთეული ერითემატოზული გამონაყარი, რასაც დედა უკავშირებს სარემონტო სამუშაოებს, ტურგორი – დაქვეითებული, სახის რკალები ჰიპერემიული, ხახა უკანა კედელი და რბილი სასა ჰიპერემიული, Cor-ტონები სუფთა, რითმული, pulmo – ვეზიკულური სუნთქვა, მუცელი რბილი, უმტკივნეულო დიურეზი შემცირებული, დეფეკაცია რეგულარული; ჩატარებული მკურნალობა: ინფუზია NACL, 0,9%–500,0ml, Bebiti 100mg/5ml-6,0ml peros, Dexametazone 4 mg/ml 1,0 i/v; მდგომარეობა სტაციონარიდან გაწერისას: გაუმჯობესებული, ტემპერატურა ნორმალიზდა, გამონაყარი ალაგდა, ბავშვი აქტიურია, სითხეს და საკვებს იღებს ზომიერად, დიურეზი აღენიშნება ადეკვატურად, T-36,7, P-120, R-28; სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები: მიეცა რჩევა-დარიგება, ესაჭიროება მეთვალყურეობა.

28. აღსანიშნავია, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში სამკურნალო და შრომით რეკომენდაციებში პაციენტის მართვასთან დაკავშირებით არის მხოლოდ ზოგადი მითითება, მაშინ, როდესაც, პაციენტის დედის მტკიცებით, მისთვის არც ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა მიუცია ვინმეს, რომელიც სწორედ 2018 წლის 19 დეკემბრით ანუ ბავშვის კლინიკიდან გაწერის დღით არის დათარიღებული და არც ბავშვის ანალიზების პასუხები, რომლებიც, ექიმის თქმით, კლინიკაში უნდა დარჩენილიყო. საყურადღებოა, რომ საკასაციო სასამართლო სხდომაზე მ. ა–მ არაერთხელ გაიმეორა, რომ კონკრეტული დანიშნულებაც მისცა პაციენტს, მაშინ, როდესაც ამის ვალდებულება არ ჰქონდა, თუმცა ასეთი დანიშნულების შესახებ არაფერია აღნიშნული ჯანმრთელობის შესახებ ცნობის შესაბამის გრაფაში, სადაც ასეთის არსებობის შემთხვევაში აუცილებლად უნდა ყოფილიყო შესაბამისი მითითება. ამავე ფორმა №IV-100/ა-ში, ანამნეზის გრაფაში გაკეთებულ ჩანაწერთან დაკავშირებით, – ბავშვს მეორე დღეა აქვს მაღალი ტემპერატურა, – მ. ა–მ საკასაციო სასამართლოში განმარტა, რომ დედის მითითებით, დილიდან ჰქონდა ბავშვს სიცხე და, ვინაიდან, ამ დროს, 12 საათს უკვე იყო გადაცილებული, ე.ი. იყო უკვე მეორე დღე, რაც ეწინააღმდეგება საქმეში წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციას, მათ შორის, ფორმა №IV-100/ა-ს, რომლის თანახმად, 2018 წლის 18 დეკემბერი, როდესაც პაციენტმა მიმართა კლინიკას იყო ცხელების მეორე დღე და არა პირველი – როგორც ამას მ. ა– ამტკიცებდა. ამავდროულად, დაცვის მხარე, როგორც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებში, ასევე – საკასაციო სასამართლო სხდომაზე აპელირებდა, რომ მ. ა–მ გააფრთხილა პაციენტის დედა, სიცხის ან რაიმე სხვა ჩივილის არსებობის შემთხვევაში, მაშინვე დაერეკა მისთვის ან უბნის ექიმისათვის (2025 წლის 5 მარტის სხდომა 14:25:50 საათი), თუმცა, მოგვიანებით, საკასაციო სასამართლოს მიერ აღნიშნული საკითხის კვლევის შემდეგ, მ. ა–- დააკორექტირა პოზიცია და აღნიშნა, რომ პაციენტის დედას უთხრა, თუ რამე არ მოეწონებოდა მიეყვანა არა უშუალოდ მასთან, არამედ – უბნის ექიმთან ან მათ კლინიკაში (2025 წლის 20 მარტის სხდომა 14:49:23 საათი), რაც, თავის მხრივ, არ დაუდასტურებია ჩვენების მიცემისას ბავშვის დედას – ლ. შ–ს – და არც საქმეში წარმოდგენილი რაიმე სამხილი მიანიშნებს, რომ მ. ა–მ ჩააწერინა მას თავისი საკონტაქტო მონაცემები, რათა საჭიროების შემთხვევაში მართლაც ხელმისაწვდომი ყოფილიყო პაციენტის მშობლისათვის. მეტიც, საკასაციო სასამართლოში დაცვის მხარის მტკიცების საპირისპიროდ, რომ საქმეში წარმოდგენილია განცხადება, რომელიც საგამოძიებო ორგანოში შეიტანა ლ. შ–მ და, როგორც დასაშვები მტკიცებულება, პირველი ინსტანციის სასამართლოში, გამოიკვლიეს მხარეებმა, რომელშიც, თითქოსდა, პირდაპირ იყო მითითებული, რომ ექიმმა გააფრთხილა იგი, თუ ბავშვი ცუდად გახდებოდა, მიეყვანა მასთან, ხაზგასასმელია, რომ სასამართლოში წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმის მასალებში, მათ შორის არც დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილში, ასეთი განცხადება საერთოდ არ მოიპოვება.

29. ა. შ–ს განმეორებითი შემოწმების სანდოობასთან მიმართებით, ყურადსაღებია, რომ მ. ა–ს მიერ სამედიცინო ისტორიაში ერთმნიშვნელოვნად მითითებული მონაცემების კვალდაკვალ (არტერიული წნევა – 85/45; გულის სიხშირე – 120; ტემპერატურა – 36,7; სუნთქვის სიხშირე – 28), რომლებიც დაადასტურა მან სასამართლოში ჩვენების მიცემისას, ნაკლებად კატეგორიულია მოწმე ც. ქ., რომლის ჩვენების მიხედვით ბავშვს გადაუდებელ განყოფილებაში, პირველადი შემოწმების შემდეგ, მხოლოდ გადასხმის დროს გაუზომეს ტემპერატურა და ასევე – გადასხმის შემდეგ, რა დროსაც ჰქონდა – 36,7 გრადუსი. ამბობს, რომ შეამოწმეს პაციენტის მონაცემები მონიტორზეც, თუმცა საყურადღებოა, რომ აკონკრეტებს მხოლოდ სატურაციას, რომელიც, მისი თქმით, იყო – 98, ხოლო სხვა რომელიმე განმეორებით გამოკვლეულ მონაცემზე (მათ შორის, სუნთქვისა და გულის სიხშირეებზე) არაფერს უთითებს. ამ დროს მეტად საყურადღებოა, რას ამბობს ბავშვის დედა, რომელიც, დადგენილია, რომ გადასხმის დაწყებიდან ა–ს კლინიკიდან გაწერამდე, ქალიშვილს გვერდიდან არ მოშორებია, მეტიც, გადასხმის დასრულების შემდეგ, ვინაიდან მწოლიარე ბავშვი განუწყვეტლივ ტიროდა, ხელში აყვანილი ჰყავდა. ლ. შ–ს ჩვენებიდან კი არ ირკვევა, რომ კლინიკიდან გაწერამდე გარდა ტემპერატურისა ა. შ–ს დამატებით კიდევ რაიმე მონაცემი შეუმოწმეს. ბავშვის სამედიცინო ისტორიის სანდოობის კუთხით ასევე მნიშვნელოვანია მოწმის სახით გამოკითხული ექსპერტის – მ. ხ–ს – მითითება, რომ ა. შ–ს გვამზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის შედეგები რადიკალურად ეწინააღმდეგება მისი ავადმყოფობის ისტორიაში აღწერილ მდგომარეობას, ხოლო მოწმის სახით გამოკითხული ექსპერტის კ. ა–ს მტკიცებით, ა. შ–ს კლინიკაში უკვე ჰქონდა პნევმონია, რაც, მოვლენათა განვითარების დინამიკისა და, დაახლოებით, 48 საათში დამდგარი სასიკვდილო შედეგის კვალდაკვალ, მეტად საეჭვოს ხდის ა. შ–ს განმეორებითი შემოწმებისას მაჩვენებლების სარწმუნოობას.

30. საკასაციო სასამართლო, მ. ა–ს მტკიცების საპირისპიროდ, სარწმუნოდ მიიჩნევს გარდაცვლილი ა. შ–ს დედის – ლ. შ–ს – მითითებას, რომ ბავშვის პირველადად გასინჯვისას, პედიატრმა – მ. ა–მ – გამოავლინა ეჭვი ფილტვის შესაძლო პათოლოგიასთან დაკავშირებით და საჭიროდ მიიჩნია რენტგენოლოგიური კვლევა, თუმცა, მიუხედავად ამისა, საეჭვო დიაგნოზის დასაზუსტებლად/სწორი დიაგნოზის დასადგენად არ ჩაუტარა ბავშვს დამატებითი კვლევები, სათანადო დროით არ დააკვირდა მისი დაავადების განვითარების დინამიკას და დაავადების შესაბამისი მკურნალობის გარეშე გაწერა იგი კლინიკიდან.

31. აღსანიშნავია, რომ გარდა დაზარალებულის უფლებამონაცვლის – ლ. შ–ს – ზემოაღნიშნული განმარტებების არსებითად თანხვდენისა მოწმე მ. ა– სასამართლო ჩვენებასთან, რომელიც შემთხვევის ღამეს თან ახლდა ლ. შ–ს კლინიკა „...“ და პირადად მოისმინა, ის, რაც მ. ა–- თავდაპირველი გასინჯვისას უთხრა გარდაცვლილი ბავშვის დედას, საყურადღებოა, რომ როგორც ლ. შ–, ასევე – მ. მ– იდენტურ გარემოებაზე უთითებდნენ გამოძიების დროს, მათი გამოკითხვებისას. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. შ–ს მიერ 2019 წლის 11 იანვარს, ხოლო მ. ა–ს მიერ 2019 წლის 15 თებერვალს, გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია, ვერაფრით იქნებოდა ხელოვნურად თანხვდენილი 2019 წლის 18 მარტს გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შედეგთან, რომლის მიხედვით, ა. შ–ს სიკვდილის მიზეზად დასახელდა სწორედ მწვავე ინტერსტიციული პნევმონიის (ფილტვების ანთების) გამო განვითარებული სუნთქვის მწვავე უკმარისობა.

32. მტკიცების საგანთან მიმართებით, ასევე საყურადღებოა მოწმეების სახით დაკითხული, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის მონიტორინგის დეპარტამენტის სამედიცინო საქმიანობის ინსპექტირების სამმართველოს უფროსის – კ. ღ. – და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის მონიტორინგის დეპარტამენტის დედათა და ბავშვთა დახმარების კონტროლის ჯგუფის უფროსის – გ. გ–ს – ჩვენებები, რომელთა მიხედვით, პაციენტ ა. შ–სათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის შემსწავლელმა კომისიამ ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს წარუდგინა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რეცენზენტების – ნ. უ–ს, მ. ჟ-ს და ქ. გ-ს – დასკვნა, რომლის საფუძველზეც, 2019 წლის 12 სექტემბერს „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ექიმ მ. ა– გაუუქმდა სახელმწიფო სერთიფიკატის მოქმედება სპეციალობაში – „პედიატრია“. რეცენზიის მიხედვით, პედიატრები გამოთქვამდნენ შენიშვნებს ა. შ–სათვის რენტგენოლოგიური კვლევისა და „C” რეაქტიული ცილის ანალიზის ჩატარების საჭიროებასთან დაკავშირებით, ასევე – საეჭვოდ მიიჩნევდნენ პაციენტის გაწერისათვის, ესოდენ მოკლე დროში, ბავშვის მონაცემების დარეგულირების საკითხს.

33. 2019 წლის 30 მაისის სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსის წერილის თანახმად, სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ შეისწავლა შპს ,,...–-ში“ პაციენტ ა. შ–სათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხი. სამედიცინო დოკუმენტაცია რეცენზირებულია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ. სარეცენზიო დასკვნის მიხედვით: ,,დასაწყისში ბავშვი შემოვიდა საშუალო სიმძიმის – რაზედაც მიუთითებდა სუნთქვის გახშირება – 1... ზემოთ სუნთქვა >40-ზე არის ტაქიპნოე და ითვლება სუნთქვის პათოლოგიურ ტიპად, მიუხედავად ტემპერატურული რეაქციისა. გულისცემა – P-140, ასევე პათოლოგიურია, თუმცა სატურაცია ნორმალურია. ბავშვს აღენიშნება მივარდნილობა-მოთენთილობა, სისხლის საერთო ანალიზში ყურადღებას იპყრობს ანემია და ედს-ის მცირედი მომატება. ამ მონაცემებით შეიძლება ვარაუდი, რომ დაავადების დასაწყისშივე განვითარდა მკვეთრი რეაქციები გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი სისტემის და ცნს-ის მხრივ, თუმცა ბოლო ჩანაწერში ეს რეაქციები, ამ სისტემების მხრივ, ნორმალურია. მოვლენების ასეთი განვითარება სერიოზულ ეჭვს ბადებს, ასეთი რეაქციები ასე სწრაფად, ამ ასაკის ბავშვებში არ ლაგდება. ალბათ ასაკისა და სიმძიმის გათვალისწინებით, საჭირო იყო რენტგენოგრაფია, „C“ რეაქტიული ცილის განსაზღვრა, გაგრძელებულიყო მკურნალობა და ამის შემდეგ მიღებულიყო გადაწყვეტილება, სად და როგორ გაგრძელებულიყო მკურნალობა – სტაციონარში თუ ამბულატორიულად. ექსპერტიზის დასკვნით ნათლად ჩანს, რომ საქმე გვაქვს ინტერსტიციული პნევმონიის შედეგად განვითარებულ ფილტვისა და თავის ტვინის შეშუპებასთან, რამაც გამოიწვია სიკვდილი. როგორც ჩანს, მშობელს არ მიუმართავს სამედიცინო დაწესებულებისთვის. არასრული გამოკვლევის შედეგად შეფასებული მდგომარეობა და მშობლის არასწორი დამოკიდებულება გახდა მიზეზი ბავშვის გარდაცვალების“.

საკითხის შესწავლის შედეგად, გამოვლინდა შემდეგი სახის დარღვევები:

– არ ჩატარებულა გულმკერდის რენტგენოგრაფიული კვლევა და არ განსაზღვრულა „C“ რეაქტიული ცილა, რაც, რეცენზენტის შეფასებით, პაციენტის ასაკისა და სიმძიმის გათვალისწინებით, საჭირო იყო;

– გაწერისას დაფიქსირებული მონაცემები (გულსისხლძარღვთა, სასუნთქი და ცენტრალური ნერვული სისტემები) ნორმის ფარგლებშია, რაც, რეცენზენტის შეფასებით, ეჭვს ბადებს, ვინაიდან, ასეთი რეაქციები ასე სწრაფად, ამ ასაკის ბავშვებში არ ლაგდება;

– სამედიცინო ბარათი არ იძლევა ინფორმაციას პაციენტის მდგომარეობის შესახებ ჰოსპიტალიზაციიდან გაწერამდე პერიოდში, 15 საათის განმავლობაში. ასევე, არ არის მითითებული, რა დანიშნულებით გაეწერა პაციენტი ბინაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პროფესიული განვითარების საბჭოს წინაშე, „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 74-ე მუხლის შესაბამისად, დაისვა შპს “...“ ექიმის – მ. ა–ს (სერთიფიკატი – „პედიატრია“) – პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი.

34. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2020 წლის 10 თებერვლის წერილის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭომ, ... სხდომის ოქმით მიიღო გადაწყვეტილება, შპს „-“ (მის.: თ–ი, ბ–ს ქ. №..) პაციენტ ა. შ–სათვის, ექიმ მ. ა–ს მიერ, გაწეული სამედიცინო დახმარებისას გამოვლენილი დარღვევა-ნაკლოვანებების გამო, მ. ა–სთვის სახელმწიფო სერთიფიკატის გაუქმების შესახებ, საექიმო სპეციალობაში – „პედიატრია“.

35. აქვე აღსანიშნავია, რომ საკასაციო სასამართლო მ. ა–ს ბრალეულობის საკითხის გამორკვევისას ვერ დაეყრდნობა განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორის, ასოცირებული პროფესორის – ი. კ–ს წარდგენილ რეცენზიას, რომელიც, ერთი მხრივ, ხელმოუწერელია და არც დოკუმენტის შინაარსიდან იკვეთება, რეცენზიის ავტორ(ებ)ის ვინაობა, ხოლო, მეორე მხრივ, მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენილი რეცენზია მხარეებს სადავო მტკიცებულებად ჰქონდათ მიჩნეული, სასამართლოში საქმის არსებითად განხილვისას არ დაკითხულა რეცენზიის ავტორ(ებ)ი, რათა დაედასტურებინა(თ)/უარეყო(თ) სადავო სამხილის შინაარსი, ნათელი მოეფინა(თ) რეცენზიაში განვითარებული მსჯელობის მოტივაციისათვის და მხარეებისათვის მიეცათ შესაძლებლობა, ჯვარედინი დაკითხვით გამოერკვიათ ამ დოკუმენტის შინაარსთან მიმართებით, საკამათო საკითხები. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს: ვინაიდან დაცვის მხარეს არ მიეცა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილით (მხარეს უფლება აქვს, მათ შორის გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება) და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით, აღნიშნული მტკიცებულებების გამოკვლევა – მტკიცებულებაში ასახული ინფორმაციის სარწმუნოობისა და ინფორმაციის მიმწოდებლის სანდოობის გამოკვლევის, ინფორმაციის პირველწყაროს დაკითხვის შესაძლებლობა, დაუშვებელია აღნიშნული სამხილის გამოყენება მსჯავრდებისათვის (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 13 მარტის განაჩენი №959აპ-23 საქმეზე, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 8.4). მხოლოდ ის ფაქტი, რომ სასამართლოში მოწმეების სახით დაიკითხნენ ის პირები, ვინც მოიპოვა და ვისთანაც ინახებოდა სადავო რეცენზია, ამ მტკიცებულების შინაარსიდან გამომდინარე, ვერ ჩაანაცვლებს მისი შემქმნელ(ებ)ის დაკითვის ფასს, რამეთუ მხოლოდ რეცენზიის ავტორ(ებ)ს შეეძლო(თ) გაეცა(თ) პასუხი დოკუმენტის შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებული კითხვებისათვის, რაც ექცეოდა სწორედ დაცვის მხარის ინტერესის სფეროში და იყო სადავო.

36. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში წარმოდგენილ, რელევანტურ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც ზემოთ მიმოვიხილეთ, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს: ვინაიდან დაზარალებულის უფლებამონაცვლის ლ. შ–სა და მოწმე მ. ა– ჩვენებებით სარწმუნოდ დასტურდება, რომ 2018 წლის 18 დეკემბერს, დაახლოებით, 23:30 საათზე, კლინიკაში პირველადად გასინჯვის დროს, ექიმ-პედიატრს გაუჩნდა ეჭვი ა. შ–ს ფილტვის შესაძლო პათოლოგიასთან დაკავშირებით და საჭიროდ მიიჩნევდა რენტგენოლოგიური კვლევის ჩატარებას; ამავდროულად, დადგენილია, რომ ფილტვის შესაძლო პათოლოგიის მიმართულებით გამოვლენილი საკუთარი ეჭვის გასაქარწყლებლად და სწორი დიაგნოზის დასადგენად, მ. ა– ა. შ–სათვის შესაბამისი გამოკვლევა – მათ შორის, რადიოლოგიური კვლევა – არ ჩაუტარებია; გამომდინარე იქიდან კი, რომ 2018 წლის 21 დეკემბერს, მწვავე ინტერსტიციული პნევმონიის გამო განვითარებული სუნთქვის მწვავე უკმარისობით გარდაცვლილი ა. შ–ს ფილტვებში განვითარებული მიკრომორფოლოგიური ცვლილებები – ექსუდაციური ბრონქიტი, მწვავე ინტერსტიციული პნევმონია ფილტვების შეშუპების და კეროვანი ემფიზემის განვითარებით – ხანდაზმულობით შეესაბამებოდა 4-5 დღეს, როგორც ეს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებითა და მოწმის სახით გამოკითხული ექსპერტის – კ. ა–- – უდავოდ გამხდარი გამოკითხვის ოქმით დგინდება, საკასაციო სასამართლოს ერთმნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ 2018 წლის 18 დეკემბერს, დაახლოებით, 23:30 საათზე, კლინიკა შპს „...“ მიყვანისას, ა. შ– დაავადებული იყო ინტერსტიციული პნევმონიით, როგორც ეს ბრალდების შესახებ დადგენილებაშია მითითებული. შესაბამისად, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია დაცვის მხარის მტკიცება, თითქოსდა ზემოაღნიშნული მხოლოდ ბრალდების ვარაუდია და საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით უტყუარად არ დასტურდება.

37. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მეორე და ძირითად არგუმენტს, რომლის მიხედვით: მკაფიოდ არ იკვეთება, რომ კლინიკისთვის მიმართვის დროისათვის ა. შ–ს გამოხატული სიმპტომებისა და შესაბამისი კვლევების შედეგების საფუძველზე, ექიმ-პედიატრ მ. ა–ს შეეძლო ინტერსტიციული პნევმონიის დიაგნოზის დადგენა, დაფუძნებულია 2020 წლის 23 აპრილის №... კომისიური ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილზე (ექსპერტი მ. ხ–), რომელსაც, საექსპერტო მსჯელობის განმაპირობებელ საფუძვლებთან ერთობლივად, დეტალურად ქვემოთ მიმოვიხილავთ.

38. მანამდე, საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ 2019 წლის 18 მარტის სამედიცინო ექსპერტიზის №... დასკვნით (ექსპერტები: თ. ქ. და თ. კ.) ერთმნიშვნელოვნად დადგენილია ა. შ–ს სიკვდილის მიზეზი – მწვავე ინტერსტიციული პნევმონიის გამო განვითარებული სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ხოლო 2020 წლის 23 აპრილის №... კომისიური ექსპერტიზის დასკვნით (ექსპერტები: კ. ა–, თ. ქ. და მ. ხ–) დასტურდება, რომ ბავშვის სიკვდილის მიზეზი – მწვავე ინტერსტიციული პნევმონიის გამო განვითარებული სუნთქვის მწვავე უკმარისობა – არ არის ასახული სამედიცინო დოკუმენტაციაში, ა. შ–ს არ ჩასტარებია ინტერსტიციული პნევმონიის მკურნალობა, ხოლო დროულად, სწორად დასმული დიაგნოზის, დროულად, სწორად და სრულად ჩატარებული მკურნალობის შემთხვევაში, გაიზრდებოდა ბავშვის გადარჩენის შანსი.

39. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, მ. ა–ს წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობა დიდწილად განაპირობა №...... კომისიური საექსპერტო კვლევის იმ ნაწილმა, რომელშიც მითითებულია, რომ:

40. სამედიცინო დოკუმენტაცია შეისწავლა მედიცინის დოქტორმა – თსსუ პედიატრიული დეპარტამენტის პროფესორმა – მ. ხ–მ, რომელიც გაეცნო სამედიცინო დოკუმენტაციას (სამედიცინო ისტორია, ექსპერტიზის დასკვნა, სამედიცინო საბუთები) და ექსპერტიზისათვის დასმულ შეკითხვებს უპასუხა შემდეგი:

41.1. 1) სამედიცინო ისტორიის მიხედვით, პაციენტი ა. შ– (6.05.17) მიყვანილი იქნა კლინიკაში 18.12.18-ში, დაავადების მეორე დღეს. ყურადღებას იპყრობდა მაღალი ფებრილიტეტი, რომელიც ძნელად ემორჩილებოდა ანიპირეტულ საშუალებებს და გამონაყარი თვალის მიდამოში. პაციენტი მოთავსდა სტაციონარის გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში. ექიმის მიერ პაციენტის ობიექტური გასინჯვისას აღინიშნებოდა ფებრილიტეტი, სახის მიდამოში ერითემატოზული გამონაყარი. გამოხატული ადინამია, კატარალური მოვლენები, ზომიერი ტაქიკარდია და ტაქიპნოე, ამავე დროს გულის და ფილტვის აუსკულტაციით არ ვლინდებოდა პათოლოგია, შესაბამისად, პაციენტს ჩაუტარდა სისხლის საერთო ანალიზი და დეზინტოქსიკაციის და რეჰიდრატაციის მიზნით (ბავშვი დღის განმავლობაში არ იღებდა სითხეს და საკვებს) ჩატარდა ინფუზიური თერაპია ფიზიოლოგიური ხსნარით, შეყვანილ იქნა „დექსამეტაზონი“ (ალერგიული ხასიათის გამონაყარის არსებობის გამო) და მიწოდებული იქნა ანტიპირეტული საშუალება. ისტორიაში აღწერილი მდგომარეობა არ მოითხოვდა სხვა დამატებითი კვლევის ჩატარებას ჰოსპიტალიზაციის მომენტში. მართალია, პაციენტის ჰოსპიტალიზაციისას გამოხატული იყო ზომიერი ტაქიკარდია და ტაქიპნოე, თუმცა ტემპერატურის ნორმალიზაციის შემდეგ გულისცემის სიხშირე და სუნთქვის სიხშირე შეესაბამება ნორმის მაჩვენებლებს. მოცემულ პაციენტთან დამატებითი კვლევა („C“ რეაქტიული ცილა, გულმკერდის რენტგენოგრაფია) საჭირო იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ტემპერატურის ნორმალიზების შემდეგ კვლავ სახეზე იქნებოდა ტაქიპნოე და ტაქიკარდია, რაც მოცემულ შემთხვევაში არ აღინიშნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ გაკვეთის დროს პაციენტთან ნანახი იქნა ინტერსტიციული პნევმონიის არსებობა, პაციენტის ჰოსპიტალიზაციისას, ისტორიის მიხედვით, არ ვლინდება ინტერსტიციული პნევმონიისათვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები. ინტერსტიციული პნევმონია ერთ-ერთი მძიმედ მიმდინარე პათოლოგიაა, რომელსაც ახასიათებს მძიმე რესპირაციული დისტრესი. პაციენტს ჰოსპიტალიზაციის დროს, ისტორიის მიხედვით, არ ჰქონდა გამოხატული ხველა. რესპირაციული დისტრესი, ტაქიპნოე (სუნთქვის სიხშირე ტემპერატურის ნორმალიზაციისას იყო ნორმა 28). არ ვლინდებოდა გულმკერდის რეტრაქცია, ციანოზი, არ იყო დაქვეითებული სატურაცია, სისხლის საერთო ანალიზი არ მიუთითებდა ბაქტერიულ ინფექციაზე. ამრიგად, ისტორიის ჩანაწერის მიხედვით, აღნიშნული ჩივილები არ მოითხოვდა არც ჰოსპიტალიზაციას და არც გულმკერდის რენტგენოგრაფიის და სხვა დამატებითი კვლევის ჩატარებას. ამონარიდი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული გაიდლაინიდან: „საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის მართვა ბავშვებში“ ჰოსპიტალიზაციის ჩვენებები:

1. ბავშვები, რომელსაც აქვს საშუალო ან მძიმე პნევმონია, განსაზღვრული რამდენიმე ფაქტორით, მათ შორის, რესპირაციული დისტრესით და ჰიპოქსენიით SPO2-92%);

2. 6 თვემდე ასაკის ჩვილები, თუ სავარაუდოა ბაქტერიული პნევმონიის არსებობა;

3. ბავშვები, რომლებთანაც არსებობს ეჭვი, ან დადასტურებულია პნევმონია განვითარებული მაღალი ვირულენტობის მქონე პათოგენით, როგორიც არის – მეტაცილინ-რეზისტენტული;

4. თანმხლები ქრონიკული პათოლოგიის გულის თანდაყოლილი დაავადებები, დღენაკლულობასთან დაკავშირებელი ფილტვის ქრონიკული პათოლოგია, კისტოფიბროზი, ბრონქოექტაზია, იმუნიდეფიციტური მდგომარეობები;

5. მშობლებს არ აქვთ უნარი, შესაძლებლობა, ბინაზე უზრუნველყონ ბავშვის ადეკვატური მოვლა და მკურნალობა ან შეუძლებელია ბავშვზე ზედამხედველობის განხორციელება“.

იგივე გაიდლაინიდან ამონარიდი: „რადიოლოგიური კვლევის ჩატარების ჩვენებები:

პნევმონიის კლინიკური სურათის მქონე პაციენტებს, რომლებიც არ საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას, რუტინულად გულმკერდის რენტგენოგრაფია არ ესაჭიროებათ (რეკომენდაცია A);

პაციენტის ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში, საჭიროა რადიოლოგიური კვლევა (პირდაპირი და/ან გვერდითი) დაზიანების ზომის ხასიათის დასადგენად და მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისათვის;

რადიოლოგიური კვლევა საჭიროა, თუ ბინაზე მკურნალობა უშედეგოა ან თუ საეჭვოა დიაგნოზი, თუ სახეზეა პნევმონიის გართულების ნიშნები“.

ამონარიდი გაიდლაინიდან – ლაბორატორიული კვლევის წარმართვის ჩვენებები. სისხლის საერთო ანალიზი, ანთების მწვავე ფაზის რეაგენტები (ედსი C რეაქტიული ცილა) რუტინულად არ გამოიყენება რეკომენდაცია A). სისხლის საერთო ანალიზი, ანთების მწვავე ფაზის რეაგენტების განსაზღვრა რეკომენდირებულია საშუალო და მძიმე პნევმონიის შემთხვევაში.

ვინაიდან ჰოსპიტალიზაციის დროს პაციენტის კლინიკური სურათი არ მიუთითებდა პნევმონიის არსებობაზე, პაციენტი არ საჭიროებდა სხვა დამატებითი კვლევის ჩატარებას. აღნიშნულს ადასტურებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული გაიდლაინის – „საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის მართვა ბავშვებში“ და ასევე ევროპული და ამერიკული გაიდლაინების რეკომენდაციები.

41.2. 2) როგორც წარმოდგენილი დოკუმენტებიდან ვლინდება, სტაციონარის დიაგნოზი – ცხელება, რომელიც არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას, სითხის მოცულობის შემცირება, მწვავე რესპირაციული ინფექცია, ალერგია დაუზუსტებელი – არ შეესაბამება ექსპერტიზის ჩატარებისას არსებულ დიაგნოზებს – ექსუდაციური ბრონქიტი, მწვავე ინტერსტიციული პნევმონია, ფილტვის შეშუპება, კეროვანი ემფიზემა, თავის ტვინის შეშუპება. აქედან გამომდინარე, ექსპერტიზის დიაგნოზები არ დაისვა პაციენტის ჰოსპიტალიზაციისას, ვინაიდან ისტორიის ჩანაწერის მიხედვით, პაციენტის ჰოსპიტალიზაციის დროს, არსებული მონაცემები არ შეესაბამებოდა ინტერსტიციული პნევმონიის და არც ბრონქიტის დიაგნოზს, ვინაიდან არ აღენიშნებოდა არც მოცემული პათოლოგიისათვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები, არც აუსკულტაციური მონაცემები და სისხლის საერთო ანალიზის პასუხიც არ იყო ბაქტერიული ინფექციის დამახასიათებელი. აქედან გამომდინარე, პაციენტის გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში მოთავსების დროს, არსებული ცვლილებების მიხედვით დიაგნოზი იმ მომენტისთვის სწორად იყო დასმული. აღსანიშნავია, რომ გარდაცვალებამდე გასულია 2-3 დღე, რომლის პერიოდშიც, შესაძლებელია, მომხდარიყო მდგომარეობის დამძიმება. პნევმონიის დიაგნოზი ეფუძნება პირველ რიგში კლინიკურ მონაცემებს – სიმპტომები: ხველა, სუნთქვის გაძნელება, ობიექტურად: ტაქიპნოე, ტაქიკარდია, ქოშინი (მოსვენების დროს), დამხმარე მუსკულატურის მონაწილეობა სუნთქვაში, გულმკერდის რეტრაქცია, პერკუსიით და აუსკულტაციით ლოკალური ცვლილებები – არცერთი მოცემული მონაცემი არ არის მითითებული ისტორიაში. ამრიგად, პაციენტის გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში მოთავსებისას არსებული სიმპტომოკომპლექსის მიხედვით, მისი დიაგნოზი სწორად არის დასმული. ექსპერტიზის დასკვნით მიღებული ცვლილებები შესაძლებელია განვითარებულიყო, გაწერის შემდეგ.

41.3. 3) პაციენტს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში ჩაუტარდა ადეკვატური დახმარება და მკურნალობა, რომელიც შეესაბამებოდა სტაციონარში პაციენტის მიყვანისას არსებულ მდგომარეობას, სიმპტომებსა და დიაგნოზს. ამავე დროს პაციენტს არ ჩასტარებია ინტერსტიციული პნევმონიის მკურნალობა, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით წარმოადგენს სიკვდილის მიზეზს, ვინაიდან ჰოსპიტალიზაციის ეტაპზე, არცერთი კლინიკური ნიშნის მიხედვით, არ შეიძლებოდა – მოცემული დიაგნოზის ვარაუდი და შესაბამისად, ვერ ჩაატარდებდა მისი შესაბამისი მკურნალობა. კვლავ უნდა აღინიშნოს, რომ ინტერსტიციული პნევმონია, კლინიკურად ერთ-ერთი ყველაზე მძიმედ მიმდინარე პათოლოგიაა, რომელიც ხასიათდება სუნთქვის მძიმე უკმარისობით და ბავშვის მდგომარეობა ამ შემთხვევაში მძიმეა, რაც არ იყო გამოხატული პაციენტის ჰოსპიტალიზაციის მომენტში.

41.4. 4) ისტორიის ჩანაწერი და ექსპერტიზის დასკვნა რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. დოკუმენტაციის გაცნობისას მოცემული შემთხვევა ძალიან ჰგავს ე.წ. „ჩვილთა უეცარი სიკვდილის“ შემთხვევას, როდესაც აუხსნელი რჩება სიკვდილის რეალური მიზეზი. თავის ტვინისა და ფილტვის შეშუპება, შესაძლებელია, ვითარდებოდეს ტერმინალურ მდგომარეობაში არსებული ჰიპოქსიური ცვლილებების ფონზეც. პაციენტს არ ჩასტარებია ექსპერტიზის დასკვნით გამოვლენილი პრობლემების შესაბამისი ადეკვატური მკურნალობა, მაგრამ მას ჰოსპიტალიზაციის და გაწერის დროს არ ჰქონდა სახეზე მოცემული პათოლოგიის არც ერთი კლინიკური ნიშანი და, შესაბამისად, მკურნალობა ვერ ჩატარდებოდა. გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში ჰოსპიტალიზაციისას სტაციონარის პერსონალის მიერ ჩატარებული მკურნალობა სრულად შეესაბამებოდა პაციენტის მდგომარეობას მოცემულ ეტაპზე.

41.5. 5) თუ ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, პაციენტის გარდაცვალების მიზეზად ითვლება ინტერსტიციული პნევმონია, თავისა და ფილტვის შეშუპება, მოცემული პრობლემების ადეკვატური მკურნალობა გაზრდიდა ა. შ–ს გადარჩენის შანსს, თუმცა, ისტორიის მიხედვით, პაციენტის გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში ჰოსპიტალიზაციის ეტაპზე, შეუძლებელია დასმულიყო ინტერსტიციული პნევმონიის დიაგნოზი, ვინაიდან, როგორც აღვნიშნეთ, პაციენტის კლინიკაში მოთავსებისას არ ვლინდებოდა არც ერთი კლინიკური ობიექტური, თუ ლაბორატორიული მონაცემი, რომელიც მიუთითებდა მოცემულ დიაგნოზზე და არ არსებობდა არცერთი ჩვენება დამატებითი ლაბორატორიული კვლევების ჩატარებისა და პაციენტის ჰოსპიტალიზაციის სასარგებლოდ.

41.6. 6) მოცემულ კითხვაზე პასუხი, არსებული დოკუმენტაციის მიხედვით, შეუძლებელია. აღსანიშნავია, რომ პნევმონია მიეკუთვნება 5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილობის ძირითად მიზეზს. განვითარებულ ქვეყნებში ადეკვატური ჰოსპიტალური მკურნალობის შემთხვევაშიც, პნევმონიით სიკვდილობა შეადგენს 1-ს 1000 წელიწადში, სიკვდილობა უფრო მაღალია განვითარებად ქვეყნებში.

41.7. 7) პაციენტის გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში მოთავსებისას სამედიცინო დოკუმენტაციაში ასახული მდგომარეობა არ არის მძიმე, ინფუზური თერაპიის შემდეგ მდგომარეობა ნორმალიზდა. ვიტალური მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია. პაციენტი აქტიურია, მიიღო საკვები და სითხე. შესაბამისად, მისი მდგომარეობა ისევე, როგორც ჩატარებული მკურნალობა, მიზეზობრივად არანაირად არ უკავშირდება პაციენტის გარდაცვალებას.

41.8. 8) პაციენტის უშუალო გარდაცვალების მიზეზი, რომელიც მითითებულია ექსპერტის დასკვნაში, არ არის ასახული ისტორიაში, ვინაიდან პაციენტის ჰოსპიტალიზაციისას არ ვლინდებოდა გარდაცვალების უშუალო მიზეზის არანაირი სიმპტომი და მისი დამადასტურებელი კრიტერიუმი. მოცემული ისტორიის ჩანაწერის მიხედვით, პაციენტს ჰოსპიტალიზაციის დროს არ ჰქონდა სახეზე პნევმონიის არც ერთი სიმპტომი და მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, პაციენტი ჩატარებული კვლევებისა და მკურნალობის გარდა სხვა, დამატებით კვლევებსა და მკურნალობას არ საჭიროებდა.

41.9. 9) სამედიცინო ისტორიის მიხედვითაც, პნევმონიის დამახასიათებელი არც ერთი ნიშანი – სიმპტომი, რომელიც მოითხოვდა პაციენტის დამატებით კვლევას ან შესაძლებლობას მისცემდა ექიმს, ეჭვი ყოფილიყო მიტანილი პნევმონიაზე, პაციენტს არ აღენიშნებოდა. ტემპერატურის ნორმალიზების ფონზე, მას არ უვლინდებოდა რესპირაციული დისტრესი და ტაქიკარდია, არ იყო სუნთქვის გაძნელება, ხველა, არ ვლინდება ქოშინი, გულმკერდის რეტრაქცია, არ აღენიშნებოდა ლოკალური სიმპტომატიკა აუსკულტაციით, არ იყო ბაქტერული ინფქციისათვის დამახასიათებელი ცვლილებები სისხლში. აქედან გამომდინარე, ჰოსპიტალიზაციის დროს, სავარაუდოდ, ჯერ კიდევ არ იყო გამოვლენილი ინტერსტიციული პმევმონია.

41.10. 10) კლინიკაში ჩატარებული გადაუდებელი მკურნალობა შეესაბამება პაციენტის გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში შესვლისას არსებულ მდგომარეობას და დასმულ დიაგნოზს.

41.11. ამავე საექსპერტო კვლევაში მითითებულია, რომ წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია დამატებით შეისწავლა ექსპერტმა – მ. ხ–მ, რომელიც განმეორებით გაეცნო პაციენტის – ა. შ–ს – სამედიცინო დოკუმენტაციას (სამედიცინო ისტორია, ექსპერტის დასკვნა, სამედიცინო საბუთები) და დასმულ შეკითხვაზე უპასუხა შემდეგი:

41.12. პაციენტის გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში შემოსვლისას მდგომარეობა იყო საყურადღებო, რაც განპირობებული იყო ინტოქსიკაციის მოვლენებით (მაღალი ცხელება, რომელიც არ ექვემდებარება ანტიპირეტულ საშუალებას, ბავშვი ვერ იღებდა სითხეს და საკვებს), ტაქიკარდიითა და ტაქიპნოეთი (რომელიც მოცემულ ასაკში ითვლება პათოგენომურად, თუნდაც მაღალი ფებრილიტეტის პირობებში), დეჰიდრატაციის ნიშნებით (ადინამია, კანის სიმშრალე, ელასტიურობის და ტურგორის დაქვეითება). ამავე დროს, ისტორიის მიხედვით, აღენიშნებოდა ალერგიული გამონაყარი. აღნიშნულის გამო პაციენტი მოთავსდა გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში, ჩატარდა ინფუზური თერაპია, რეჰიდრატაციისა და დეზინტოქსიკაციის მიზნით და სიმპტომური თერაპია (კორტიკოსტეროიდი ალერგიული გამონაყარის და ანტიპირეტული საშუალება ცხელების კუპირებისათვის). პაციენტის კლინიკური ნიშნები: ადინამია, ტაქიკარდია, ტაქიპნოე შესაძლებელია სხვადასხვა მიზეზით იყოს განპირობებული, როგორიცაა, სასუნთქი სისტემის დაავადებები, გულ-სისხლძარღვთა პათოლოგია, დეჰიდტრატაცია, ნევროლოგიური დარღვევები და სხვა. კლინიკაში შესვლისას პაციენტს ტაქიპნოესა და ტაქიკარდიასთან ერთად აღენიშნებოდა გაუწყლოების სიმპტომები, სუნთქვის უკმარისობის ნიშნების გარეშე (არ იყო გამოხატული გულმკერდის რეტრაქცია, დამხმარე კუნთების მონაწილეობა სუნთქვაში, ციანოზი, სატურაციის დაქვეითება). კლინიკური სურათის მიზეზად ჩაითვალა სითხის მოცულობის შემცირება და, შესაბამისად, დაიწყო ინფუზური თერაპია. დეჰიდრატაციული მდგომარეობით განპირობებული ადინამია, ტაქიკარდია, ტაქიპნოე, სითხის მიღების შეუძლებლობა, როგორც წესი, სწრაფად იხსნება რეჰიდრატაციული თერაპიის შემდეგ, ხოლო სასუნთქი სისტემის და გულსისხლძარღვთა პათოლოგიით განპირობებული ტაქიკარდია და ტაქიპნოე მოცემული თერაპიის ფონზე, ვერ მოიხსნებოდა, პირიქით, სითხით დატვირთვისას, შესაძლებელია, მდგომარეობა გაუარესებულიყო. ისტორიაში აღწერილია, რომ რეჰიდრატაციული თერაპიის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა, მოიხსნა ტაქიპნოე, ტაქიკარდია, ადინამია. პაციენტი გახდა აქტიური, კარგად იღებდა საკვებს და სითხეს. გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში პაციენტის შესვლისას აღწერილი კლინიკური ნიშნები განპირობებული, რომ ყოფილიყო რესპირაციული პათოლოგიით, მდგომარეობა ვერ გამოსწორდებოდა ასე სწრაფად, მხოლოდ რეჰიდრატაციული თერაპიის ჩატარებით, სპეციფიკური მკურნალობის გარეშე. პაციენტს არ უვლინდებოდა ხველა, სუნთქვაში დამხმარე კუნთების მონაწილეობა, პერკურატორული და აუსკულტაციური მონაცემები იყო ნორმის ფარგლებში, სისხლის საერთო ანალიზით ვლინდებოდა ედსის უმნიშვნელო მატება. ლეიკოციტოზის და მარცხნივ გადახრის გარეშე, უმნიშვნელო (მსუბუქი ანემია). პაციენტის მდგომარეობა რეჰიდრატაციის შემდეგ, სწრაფად გაუმჯობესდა, რის გამოც არ ჩატარდა დამატებითი გამოკვლევები. პაციენტის განმეორებითი შეფასებისას კვლავ, რომ ყოფილიყო სახეზე ტაქიკარდია და ტაქიპნოე, თუნდაც ნორმალური სატურაციის და აუსკულტაციური ფენომენის ფონზე, ერთმნიშვნელოვნად აუცილებელი იქნებოდა გულმკერდის რენტგენოგრაფია, „C“ რეაქტიული ცილის განსაზღვრა და სხვა.

41.13. ექსპერტმა კვლავ აღნიშნა, რომ ეყრდნობა პაციენტის ისტორიაში არსებულ ჩანაწერებს და ვერ იმსჯელებს აღნიშნულ მდგომარეობაზე ვარაუდების დონეზე. ისტორიის მიხედვით, ბავშვის მდგომარეობა რეჰიდრატაციის ფონზე გაუმჯობესდა, გულისცემის და სუნთქვის სიხშირე ნორმალიზდა, სატურაცია იყო მაღალი 98%. ბავშვი გახდა აქტიური. სწორედ მოცემული ჩანაწერის მიხედვით, მას არ სჭირდებოდა დამატებითი კვლევები. დამატებითი გამოკვლევის ჩატარება იქნებოდა აუცილებელი იმ შემთხვევაში, თუ პაციენტთან შენარჩუნებული იქნებოდა იგივე პარამეტრები (ტაქიკარდია და ტაქიპნოე), რომელიც პაციენტს აღენიშნებოდა გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში შესვლისას. სასამართლო ექსპერტის დასკვნაში აღნიშნული თავისა და ფილტვის შეშუპება, პერიკარდიუმის ღრუში არსებული უმნიშვნელო რაოდენობის სითხე, ექსუდაციური ბრონქიტი ვერ ალაგდება სწრაფად, მით უმეტეს, როდესაც პაციენტს უტარდება მხოლოდ ინფუზური თერაპია, ერთჯერადად სტეროიდის გამოყენებით. თუმცა ისტორიაში არსებული ჩანაწერის მიხედვით, შეუძლებელია, ვივარაუდოთ, მოცემული პრობლემების არსებობა, მით უმეტეს, პაციენტის გაწერისას არსებული ჩანაწერის მიხედვით. პაციენტის ისტორიაში არ არის აღწერილი ის კლინიკური სიმპტომატიკა, რაც ახასიათებს თავის ტვინისა და ფილტვის შეშუპებას, რესპირაციული დისტრესის გამოხატული ნიშნები (სტაბილური ტაქიპნოე, რეტრაქცია, ციანოზი, დამხმარე კუნთების მონაწილეობა სუნთქვაში, ჰიპოქსემია, ცნობიერების შეცვლა, ნევროლოგიური სიმპტომატიკა). თავისა და ტვინის შეშუპება შესაძლებელია, სწრაფად განვითარდეს ტერმინალური მდგომარეობის დროს. ნებისმიერი დაავადების გამოსავალი დამოკიდებულია დიაგნოზის დროულ დასმასა და სწორ, ადეკვატურ მკურნალობაზე. მოცემულ შემთხვევაში კლინიკური და პათანატომიური დიაგნოზი ერთმანეთს არ შეესაბამებოდა. პათანატომიური ექსპერტიზისას გამოვლენილი პრობლემების ადეკვატური მკურნალობა გაზრდიდა ა. შ–ს გადარჩენის შანსს. თუმცა, ისტორიის მიხედვით, პაციენტის გადაუდებელ დახმარების განყოფილებაში ჰოსპიტალიზაციის ეტაპზე ისტორიაში არსებული ჩანაწერისა და კლინიკური ნიშნების მიხედვით, შეუძლებელია მოცემულ პათოლოგიათა ვარაუდი, ვინაიდან რეჰიდრატაციის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა სწრაფად გაუმჯობესდა, პაციენტი იყო აქტიური, იღებდა სითხეს და საკვებს, ცნობიერება იყო შენარჩუნებული, ცხელება და ტაქიკარდია აღარ აღენიშნებოდა, პაციენტი საერთოდ არ უჩიოდა ხველებას, აუსკულტაციური და პერკუტორული მონაცემები და სატურაცია იყო ნორმა. რამდენად შეცვლიდა „C“ რეაქტიული ცილის და გულმკერდის რენტგენოგრაფიის პასუხი დაავადების დიაგნოზს, რთული შეკითხვაა, ვინაიდან ვარაუდს ეფუძნება. თანაბრად შესაძლებელია მოცემული მონაცემები ყოფილიყო ან არ ყოფილიყო შეცვლილი. უხშირესად მაღალი ,,C” რეაქტიული ცილა თანხვდენილია მაღალ ლეიკოციტოზთან, ნეიტროფილოზთან და ფორმულის მარცხნივ გადახრასთან, რაც, ბაქტერიულ-ვირუსული ინფექციის დროს, რაოდენ მძიმედაც არ უნდა მიმდინარეობდეს იგი, მოცემულ ინფექციაზე მიუთითებს. ვირუსული ინფექციის დროს, რაოდენ მძიმედაც არ უნდა მიმდინარეობდეს იგი, მოცემული მონაცემები არ შეიცვლებოდა. უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელ წლებში არაერთი კლინიკური შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც რენტგენოლოგიური სურათი 4-6 საათის შემდეგ აბსოლუტურად იცვლება და პირველი ნორმალური სურათის შემდეგ, რამდენიმე საათში რენტგენოლოგიურ სურათზე ფიქსირდება პნევმონია, განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში. პაციენტის უშუალო გარდაცვალების მიზეზი, რომელიც მითითებულია ექსპერტის დასკვნაში, არ არის ასახული ისტორიაში, ვინაიდან პაციენტის ჰოსპიტალიზაციისას არ ვლინდებოდა გარდაცვალების უშუალო მიზეზის არანაირი სიმპტომი და მისი დამადასტურებელი კრიტერიუმები.

42. ამდენად, ზემოაღნიშნული ცხადყოფს, რომ საექსპერტო კვლევის ის ნაწილი (ექსპერტი მ. ხ.), რომლის მიხედვით, ექიმმა – მ. ა–მ – კლინიკაში მყოფ ა. შ–ს ჩაუტარა ყველა საჭირო კვლევა, დაუსვა შესაბამისი დიაგნოზი და ადეკვატურად უმკურნალა, სამედიცინო ისტორიის ჩანაწერებისა და კლინიკური ნიშნების მიხედვით კი, შეუძლებელია, ევარაუდა ინტერსტიციული პნევმონიის არსებობა (რომელიც გახდა სწორედ კლინიკიდან გაწერილი ბავშვის, დაახლოებით, 48 საათში, გარდაცვალების მიზეზი), სრულად ეფუძნება ა. შ–ს სამედიცინო ისტორიის იმ ნაწილს, რომლის მიხედვით, კლინიკაში ჩატარებული მკურნალობის შედეგად, პაციენტის მდგომარეობა, კლინიკაში ჰოსპიტალიზაციის მონაცემებთან შედარებით, გაუმჯობესდა, მაშინ, როდესაც საქმის მასალებით უტყუარად დგინდება, რომ სამედიცინო დოკუმენტაციის ეს ნაწილი არ არის სწორი, კერძოდ:

43. ექიმ მ. ა–ს მიერ ხელით შევსებული შპს “...“ სტაციონარული პაციენტის №.. სამედიცინო ბარათის ჩანაწერების მიხედვით, .... (...ში დაბადებული) ა. შ– კლინიკაში ჰოსპიტალიზებულია 2018 წლის 18 დეკემბერს, 23:30 საათზე, დაავადების დაწყებიდან მეორე დღეს; შემოსვლისას (წინასწარი) და კლინიკური დიაგნოზი ერთი და იგივეა – ცხელება, რომელიც არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას; ძირითადი დაავადების გართულება – სითხის მოცულობის შემცირება; თანმხლები დაავადება – მწვავე რესპირატორული, ვირუსული ინფექცია, ალერგია დაუზუსტებელი; გაწერის დრო – 2018 წლის 19 დეკემბერი; საწოლდღე – 15 საათი.

44.1. მიმღები ექიმის ჩანაწერების მიხედვით:

44.2. 2018 წლის 18 დეკემბრის 23:30 საათის მონაცემებით: t (ტემპერატურა) – 38,5°, P (გულის სიხშირე) – 140', R (სუნთქვის სიხშირე) – 42', T/A (წნევა) – 80/45, SpO2 (სატურაცია) – 97%, წონა – 11 კგ.

44.3. მშობლის გადმოცემით, ბავშვს მეორე დღეა აღენიშნება მაღალი ტემპერატურა, 38-38,5 გრადუსი, კატარალური მოვლენები. ტემპერატურა ძნელად ემორჩილება ანტიპირეტულ პრეპარატებს. ბინაზე ეძლეოდა „პანადოლი“. საღამოს კვლავ აეწია ტემპერატურა, ბავშვი მოითენთა, არ მიიღო სითხე და საკვები, რის შედეგადაც მომართეს კლინიკას. მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. კანი – მარცხენა ყვრიმალის მიდამოში აღენიშნება ერთეული ერითემატოზული გამონაყარი, რასაც დედა უკავშირებს სახლში სარემონტო სამუშაოებს. ტურგორი და ელასტიურობა დაქვეითებული. ტონები სუფთა, რითმული, ვეზიკულური სუნთქვა. ცნობიერება ნათელი. მენინგულარული ნიშნები უარყოფილია. ენა სუფთა, მშრალი. ხახის რკალები და ხახის უკანა კედელი ჰიპერემიული. მუცელი რბილი, უმტკივნეულო. დიურეზი შემცირებულია, დეფეკაცია რეგულარული. ჩატარებული კვლევები – სისხლის საერთო ანალიზი.

44.4. ჩატარებულ კვლევებში მონიშნულია მხოლოდ – სისხლის საერთო ანალიზი BL.6, რომლის მიხედვით გამოკვეთილია ანემია და ედს-ის მცირედი მომატება.

44.5. 2018 წლის 19 დეკემბრის 14:30 საათის მონაცემებით: t (ტემპერატურა) – 36,7°, P (გულის სიხშირე) – 120', R (სუნთქვის სიხშირე) – 28', T/A (წნევა) – 80/45, SpO2 (სატურაცია) – 98%.

44.6. მდგომარეობა გაუმჯობესდა. ტემპერატურა ნორმალიზდა, ბავშვი აქტიურია, გამონაყარი ალაგდა, სითხეს და საკვებს იღებს ზომიერად, დიურეზი ადეკვატური. ეწერება ბინაზე, შესაბამისი დანიშნულებით, უბნის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

44.7. ამავე სტაციონარული პაციენტის №..... სამედიცინო ბარათის დანართი №2-ის – ფიზიკალური მონაცემების რეგისტრაციის ფურცლის – მიხედვით, რომელიც ასევე ხელით აქვს შევსებული ექიმ მ. ა–, ა. შ–ს მონაცემებია:

არტერიული წნევა: 18/XII-ის 23:30-ზე – 80/45;

19/XII-ის 14:30-ზე – 85/45;

გულის სიხშირე: 18/XII-ის 23:30-ზე – 140;

19/XII-ის 14:30-ზე – 120;

ტემპერატურა: 18/XII-ის 23:30-ზე – 38,5;

19/XII-ის 14:30-ზე – 36,7;

სუნთქვის სიხშირე: 18/XII – 42;

19/XII – 28;

დანიშნულება: 18/XII-ის 23:45-ზე – Sol NACL, 0,9%–500,0ml ინფუზია.

18/XII-ის 23:40-ზე – Bebiti 100mg/5ml-6,0ml p-os:

19/XII-ის 00:05-ზე – Sol Dexametazone 4 mg/ml 1,0 ი/ვ.

45. ამდენად, ხაზგასასმელია, რომ ექიმ მ. ა–ს მიერ შევსებული სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით, ა. შ–ს კლინიკაში ყოფნის დროს, ექიმმა ორჯერ შეუმოწმა ბავშვს მონაცემები – მათ შორის: ტემპერატურა, გულის სიხშირე, სუნთქვის სიხშირე, წნევა და სატურაცია. პირველად – 2018 წლის 18 დეკემბრის 23:30 საათზე, ხოლო მეორედ – 2018 წლის 19 დეკემბრის 14:30 საათზე და, ამავე ჩანაწერების მიხედვით, ბავშვის მონაცემები – მათ შორის ტემპერატურა, სუნთქვისა და გულის სიხშირეები – ბავშვის კლინიკიდან გაწერის დროისათვის – 2018 წლის 19 დეკემბრის 14:30 საათისთვის იყო საგრძნობლად გაუმჯობესებული.

46. აღსანიშნავია, რომ ამის შემდეგ, გამოძიების მიერ მოწმეების სახით გამოიკითხნენ გარდაცვლილი ბავშვის დედა – ლ. შ–, მამა – შ. გ. და მეზობელი – ი.კ., ასევე ლ. შ–ს თანამშრომლები: ი. კ–ი, გ. ბ., ნ. გ., ნ. ღ. და ვ.- ც., დათვალიერდა სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის .. ... კლინიკისის ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომელთა სამუშაო ადგილზე გამოცხადების აღრიცხვის ჟურნალი და ა. შ–ს სამედიცინო ისტორიაში მითითებულის საპირისპიროდ, რომ მ. ა–- ა. შ– განმეორებით შეამოწმა და კლინიკიდან გაწერა 2018 წლის 19 დეკემბრის 14:30 საათზე, ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიების დაწყებიდან და, მათ შორის, მ. ა–ს 2018 წლის 21 დეკემბრის პირველი გამოკითხვიდან, დაახლოებით, 6 თვეში, სარწმუნოდ დადგინდა, რომ ა. შ. დედასთან – ლ. შ–სთან – ერთად, 2019 წლის 19 დეკემბრის 14:30 საათამდე პერიოდში ფიზიკურად ვერ იქნებოდა კლინიკა „...“ და ამ დროისათვის ბავშვს ფიზიკურად ვერავინ შეუმოწმებდა სამედიცინო დოკუმენტაციაში მითითებულ მონაცემებს – მათ შორის, ტემპერატურას, სუნთქვისა და გულის სიხშირეებს – რადგან საქმის მასალებით ეჭვგარეშე დადასტურდა, რომ ა. შ– ამ დროს იყო სახლში, ხოლო ლ. შ. კი – სამსახურში.

47. საქმის სასამართლო განხილვის დროს, არც დაცვის მხარეს გაუხდია სადავოდ და სასამართლომაც დადგენილად ჩათვალა, რომ სამედიცინო დოკუმენტაციაში მითითებული დრო – 2018 წლის 19 დეკემბრის 14:30 საათი – არის არასწორი, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არასწორია პაციენტის ყველა ის მონაცემი – მათ შორის სუნთქვისა და გულის სიხშირეები – რომლებიც, თითქოსდა, ამ დროისათვის – 2018 წლის 19 დეკემბრის 14:30 საათისთვის – შეუმოწმა ექიმმა მ. ა–მ ა. შ–ს და ჰოსპიტალიზაციის – 2018 წლის 19 დეკემბრის 23:30 საათის – დროის მონაცემებთან შედარებით, იყო საგრძნობლად გაუმჯობესებული.

48. დაცვის მხარის ვერსიით, ა. შ–ს ისტორიის შევსებისას, მ. ა–ს მექანიკურად შეეშალა ბავშვის გაწერის დრო, რაც, თითქოსდა, იყო უმნიშვნელო გადაცდომა და გავლენას არ ახდენდა არც პაციენტზე და არც კლინიკის ხარჯებზე, მაშინ, როდესაც, ერთი მხრივ, მოწმის სახით დაკითხული, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის მონიტორინგის დეპარტამენტის სამედიცინო საქმიანობის ინსპექტირების სამმართველოს უფროსის – კ. ღ–ს – ჩვენებით ირკვევა, რომ ა. შ–სათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის შემოწმებისას, სამედიცინო დოკუმენტაციაში პაციენტის კლინიკიდან გაწერის დროსთან დაკავშირებული შეცდომის გამო, კლინიკას ჩაერიცხა ზედმეტი თანხა, რაც უნდა დაკორექტირებულიყო, ხოლო, მეორე მხრივ, მცირეწლოვანი ა. შ–სათვის კლინიკაში გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხი, ცხადია, იქნებოდა განსხვავებული, გამომდინარე იქიდან, 3 საათის განმავლობაში აკვირდებოდა პროფესიონალი პედიატრი მისი დაავადების განვითარების დინამიკას თუ – 15-ის, მით უფრო, როდესაც გაწერიდან, დაახლოებით, 48 საათში ბავშვი გარდაიცვალა იმ დაავადებით, რომელიც მას უკვე ჰქონდა კლინიკაში ჰოსპიტალიზაციის დროს. ხაზგასასმელია, რომ სამედიცინო დოკუმენტაცია მ. ა–მ შეავსო ხელით, როგორც თავად განმარტა, 2018 წლის 19 დეკემბერს, მორიგეობის დასრულების შემდეგ, რა დროსაც არა ერთ, არამედ სამ ადგილას, 02:30-ის ნაცვლად, მიუთითა – 14:30 საათი, ხოლო საწოლდღის გრაფაში ნაცვლად 3-ისა, მითითებულია – 15 საათი, რაც მეტად საეჭვოა, რადგან თითქმის წარმოუდგენელია, მკურნალ ექიმს ასეთ მცირე დროში აღარ ახსოვდეს, კლინიკაში მიღებული, მცირეწლოვანი პაციენტის დაავადების დინამიკას 3 საათის განმავლობაში აკვირდებოდა თუ – 15-ის. ამავდროულად, გასათვალისწინებელია, რომ მ. ა. თავადაც აღიარებს, რომ სამედიცინო ისტორიის შევსებისას, შეცდომა დაუშვა. მისივე განმარტებით, იმ დღეს სამორიგეო ცვლა დაასრულა 10:00 საათზე, თუმცა კლინიკიდან ამ დრომდე გაწერილ ბავშვზე მაინც მიუთითა, რომ 14:30 საათზე გაწერა. საყურადღებოა, რომ მორიგე-ექთნის თქმით, იმ დროისათვის, კლინიკაში სულ 6-7 პაციენტი ჰყავდათ, ამასთან, არ დგინდება, რომ, მიუხედავად ზამთრის პერიოდისა, როდესაც ვირუსული ინფექციების გამო კლინიკებისათვის მიმართვიანობა გაზრდილია, შპს “...“ პერსონალი განსაკუთრებით იყო გადატვირთული პაციენტების რაოდენობის ან სიმძიმის გამო, ასევე – არ გამორკვეულა, რომ მ. ა–მ სამორიგეო ცვლის დამთავრების შემდეგ, კლინიკაში, მინიმუმ, 5 საათი დაჰყო, რაც პრაქტიკულად ერთი სამუშაო დღის ხანგრძლივობაა და სამსახურიდან 14:30 საათის შემდეგ წავიდა. შესაბამისად, არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ სამედიცინო ისტორია შევსებულია 14:30 საათის შემდეგ, რის გამოც, შესაძლოა, ექიმს დილისა და შუადღის საათები ერთმანეთში არეოდა, ხოლო თუკი ისტორია შევსებულია 14:30 საათამდე, შეუძლებელია ექიმს მექანიკურად მიეთითებინა დრო, რომელიც ჯერ არ იყო დამდგარი, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის ვერსიას სამედიცინო ისტორიაში დაშვებული შეცდომის ტექნიკურ ხასიათთან დაკავშირებით.

49. აქვე, დამატებითი კვლევების მნიშვნელობასთან მიმართებით, ხაზგასასმელია კომისიური საექსპერტო კვლევის ის ნაწილი, რომლის მიხედვით, ა. შ–ს განმეორებითი შეფასებისას კვლავ რომ ყოფილიყო სახეზე ტაქიკარდია და ტაქიპნოე, თუნდაც ნორმალური სატურაციისა და აუსკულტაციური ფენომენის ფონზე, ერთმნიშვნელოვნად აუცილებელი იქნებოდა გულმკერდის რენტგენოგრაფია, „C“ რეაქტიული ცილის განსაზღვრა და სხვა, ხოლო მ. ა–ს მიერ არასწორად შევსებული სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით, თითქოსდა, სუნთქვისა და გულის სიხშირეები 2018 წლის 18 დეკემბრის 23:30 საათიდან 2018 წლის 14:30 საათამდე პერიოდში იყო საგრძნობლად გაუმჯობესებული, კერძოდ, გულის სიხშირე 140-დან 120-მდე, ხოლო სუნთქვის სიხშირე 42-დან 28-მდე, რაც აღარ ითვლებოდა მცირეწლოვანი პაციენტის პათოლოგიად და, შესაბამისად, თითქოსდა, გამორიცხავდა ექსპერტის მიერ მითითებული დამატებითი გამოკვლევის – მათ შორის: „C“ რეაქტიული ცილის განსაზღვრის, გულმკერდის რენტგენოლოგიური და სხვა კვლევების – საჭიროებას.

50. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს: გამომდინარე იქიდან, რომ ა. შ–ს სამედიცინო დოკუმენტაციაში მითითებული, პაციენტის განმეორებითი შემოწმების მონაცემები – მათ შორის, ბავშვის სუნთქვისა და გულის სიხშირეები – არის არასწორი, ფაქტობრივი საფუძველი ეცლება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 23 აპრილის №.... საექსპერტო კვლევის იმ ნაწილს (ექსპერტი მ. ხ–), რომლის მიხედვით, ა. შ–სათვის კლინიკა „....“ გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად გაუმჯობესებული მონაცემების – მათ შორის, სუნთქვისა და გულის სიხშირეების – გათვალისწინებით, არ არსებობდა ექიმის მიერ პაციენტის დამატებითი გამოკვლევის საჭიროება, მ. ა– არ შეეძლო ინტერსტიციული პნევმონიის დიაგნოზის ვარაუდი და, ამდენად, წარმართული მკურნალობა იყო სწორი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 23 აპრილის №.... კომისიური საექსპერტო კვლევის იმ ნაწილს (ექსპერტი მ. ხ.), რომელიც ეფუძნება თავად მ. ა–ს მიერ შევსებული სამედიცინო დოკუმენტაციის არასწორ მონაცემებს და დადასტურებულად მიიჩნევს, რომ პედიატრიულ კლინიკაში მყოფ მცირეწლოვან ა. შ–ს, რომელიც, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, ამ დროისათვის დაავადებული იყო ინტერსტიციული პნევმონიით, ექიმმა-პედიატრმა მ. ა–მ არ ჩაუტარა შესაბამისი გამოკვლევა, მათ შორის, რადიოლოგიური კვლევა, არ დაუსვა სწორი დიაგნოზი და არ უმკურნალა სათანადოდ. შესაბამისად, ექიმმა არ გაითვალისწინა ადეკვატური მკურნალობის ჩაუტარებლობის შესაძლო მძიმე შედეგი, რომელიც დადგა, როდესაც ა. შ. მწვავე ინტერსტიციული პნევმონიის გამო განვითარებული სუნთქვის მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა, როგორც ეს ბრალდების შესახებ დადგენილებაშია მითითებული.

51. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მითითებას, თითქოსდა, ბრალდების მხარე მ. ა– ედავებოდა მხოლოდ რადიოლოგიური (რენტგენოლოგიური) კვლევის ჩაუტარებლობას, რამეთუ ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულია, რომ: „ექიმმა მ. ა–- ა. შ–ს არ ჩაუტარა შესაბამისი გამოკვლევა, მათ შორის, რადიოლოგიური კვლევა“, რაც ცხადია, ნიშნავს, რომ მ. ა–ს ბრალად დაედო, რომ ინტესტიციული პნევმონიით დაავადებულ ა. შ–ს არ ჩაუტარა შესაბამისი გამოკვლევა, ხოლო სიტყვა – მათ შორის – ამ შემთხვევაში მიუთითებს კვლევათაგან ერთ-ერთს და არა – ერთადერთს, როგორც ამას დაცვის მხარე ამტკიცებს. შესაბამისად, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია მტკიცება ბრალდებიდან შესაძლო გადახრაზე, ვინაიდან მ. ა. პასუხისგებაში მიეცა არა მარტო იმის გამო, რომ რადიოლოგიური კვლევა არ ჩაუტარა პაციენტს, არამედ – იმიტომ, რომ მართებული დიაგნოზის დასადგენად, სათანადოდ არ გამოიკვლია იგი, რაც, ასევე – მოიცავდა ა. შ–ს რადიოლოგიურ კვლევასაც, მაგრამ – არა მარტო. სამედიცინო ისტორიაში ასახულ არასწორ მონაცემებთან დაკავშირებით კი, რასაც დაცვის მხარის მითითებით, ასევე არ ედავებოდა ბრალდების მხარე მ. ა–ს, აღსანიშნავია, რომ კონკრეტული პირის ბრალდება პროკურორის უფლებამოსილებაა, შესაბამისად, სასამართლო ვერ იმსჯელებს ამ ქმედების დანაშაულებრიობასა და დასჯადობაზე, მაგრამ ხაზგასასმელია, რომ განსახილველ საქმეზე მხარეებს შორის დავის საგანი არ ყოფილა ის გარემოება, რომ ა. შ–ს განმეორებითი შემოწმების მონაცემები სამედიცინო ისტორიაში იყო არასწორი. შესაბამისად, დაცვის მხარის მითითება, რომ სამედიცინო ისტორია დავის საგანი არც ყოფილა, სრულებით არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამედიცინო დოკუმენტაციაში არასწორი მონაცემები იყო ასახული, როლებიც იქ სწორედ მ. ა–მ შეიტანა.

52. დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილ პროტოკოლებსა და გაიდლაინებთან მიმართებით, რომლებზეც დიდწილად აპელირებს დაცვის მხარე და თავისი გადაწყვეტილების მოტივაციისას ასევე იშველიებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოც, საკასაციო სასამართლო განმარტავს:

53. კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტი (პროტოკოლთით) – „საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის მართვა ბავშვებში“ – შეეხება პნევმონიით დაავდებული ბავშვების დაავადების სიმძიმის შეფასებას, ჰოსპიტალიზაციისა თუ რადიოლოგიური კვლევის ჩატარების ჩვენებებს და ამ პროტოკოლით გათვალისწინებული რეკომენდაციები მიემართება პნევმონიით დაავადებული ბავშვების პათოლოგიის ეფექტურად მართვას, მაშინ, როდესაც, განსახილველ შემთხვევაში, ა. შ–სათვის პნევმონიის დიაგნოზი სიცოცხლეში არავის დაუსვამს და, შესაბამისად, არც დაუდგენელი დაავადების ადეკვატური ღონისძიებები ჩასტარებია. ამდენად, მსჯელობა იმის შესახებ, დადასტურების შემთხვევაში, იქნებოდა პნევმონია მსუბუქი ხარისხისა თუ მძიმე, დაავადების მართვა აჯობებდა სტაციონარში თუ ამბულატორიულად ან დადგენილი დიაგნოზის პირობებში, რამდენად საჭირო იქნებოდა რადიოლოგიური კვლევა, ა. შ–ს შემთხვევაში, არარელევანტურია, რამეთუ მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ დადასტურდა, რომ ა. შ– დაავადებული იყო ინტერსტიციული პნევმონიით, რომლის გართულებაც გახდა სწორედ მისი სიკვდილის მიზეზი. ამავე პროტოკოლით გათვალისწინებული პნევმონიის კლინიკური მახასიათებლებიდან ყურადღებას იქცევს – ტაქიპნოე, როგორც პნევმონიისათვის დამახასიათებელი სიმპტომი. ტაქიპნოედ 12 თვიდან 5 წლამდე ბავშვებში ითვლება – სუნთქვის სიხშირე 40-ზე მეტი (ა. შ–ს კლინიკაში ჰოსპიტალიზაციისას ჰქონდა 42); ასევე – ცხელება, რომელიც პნევმონიის ერთ-ერთ ხშირ, მაგრამ არა აუცილებელ სიმპტომადაა მიჩნეული. ამავდროულად აღნიშნულია, რომ მცირე ასაკის ბავშვებში პნევმონია შეიძლება მიმდინარეობდეს უსიცხოდ. ეს განსაკუთრებით ყურადსაღებია იმ ფონზე, როდესაც ა. შ–ს დედისა და მომვლელის განმარტებების კვალდაკვალ, ბავშვს 2018 წლის 19 დეკემბერს ჰქონდა 37,6-37,7, ხოლო 2018 წლის 20 დეკემბერს – 38 გრადუსი სიცხე, რაც ვერ ჩაითვლება მაღალ ტემპერატურად, რომელიც მშობლისთვის აპრიორი უნდა ყოფილიყო საგანგაშო. შესაბამისად, მეტად არასწორია პასუხისმგებლობის მშობელზე გადატანა, რომელმაც, თითქოსდა გამოიჩინა გულგრილობა და კლინიკიდან გაწერის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვს კვლავ ჰქონდა ტემპერატურა, არ მიმართა ექიმს, რაც, ერთი მხრივ, ქმნის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის რისკს, ხოლო, მეორე მხრივ, ეწინააღმდეგება მოვლენების განვითარების დინამიკას. საქმის მასალებით დადგენილი, რომ ა. შ. ლ. შ–ს მესამე შვილია, შესაბამისად, იგი გამოცდილი დედაა, ამასთან, როდესაც ბავშვი არ იღებდა წამალს ორალურად, უკეთებდა სიცხის დამწევ სანთელს, ამდენად, სახლის პირობებში იცოდა ცხელების მართვა და როდესაც ბავშვის მდგომარეობა საყურადღებოდ მიიჩნია, ზამთარში, შუაღამეს, ფეხით მიიყვანა ქალიშვილი პედიატრიულ კლინიკაში, სადაც იმედი ჰქონდა, რომ პროფესიონალი პედიატრი გაუწევდა ბავშვს სათანადო დახმარებას, ასეთის საჭიროების შემთხვევაში, მაშინ, როდესაც, თავადაც მძიმე ავადმყოფი იყო. აღსანიშნავია, რომ ლ. შ–მ მაშინვე ისესხა ფული და მომდევნო დილასვე უყიდა ექიმის გამოწერილი წამლები ბავშვს, რაც დაადასტურა ლ. შ–ს სახლის მახლობლად არსებული აფთიაქის ფარმაცევტმა – მ. ფ-მ – რომელმაც გაიხსენა, რომ ლ. შ., რომელსაც ჰყავს სამი შვილი და, შესაბამისად, მათი ხშირი კლიენტია, 2018 წლის დეკემბერში მართლაც შეიძინა აფთიაქში სამი დასახელების წამალი, რომელთა შორის იყო: ალერგიის საწინააღმდეგო საშუალება და ძვირადღირებული, იმუნიტეტის გასაძლიერებელი ვიტამინი. ა. შ–ს პედიატრი – ლ. ე. – ადასტურებს, რომ ლ. შ–სათვის ბავშვებთან მიმართებით უყურადღებობა არ შეუნიშნავს. შესაბამისად, არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება ლ. შ–ს მიერ რომელიმე ბავშვის უგულებელყოფის ფაქტი.

54. ზემოაღნიშნული პროტოკოლის თანახმად, პნევმონიის დამადასტურებელი კრიტერიუმებია:

· პნევმონიისათვის დამახასიათებელი კლინიკური სურათი და ფილტვის გასინჯვის მონაცემები;

· დამახასიათებელი რადიოლოგიური მონაცემები;

პნევმონიის გამომრიცხავი კრიტერიუმებია:

· შესაბამისი კლინიკური სურათისა და ლოკალური პათოლოგიური ცვლილებების არარსებობა;

· ფილტვის ნორმალური სურათი რადიოლოგიურად.

55. ხაზგასასმელია, რომ ამავე პროტოკოლის მიხედვით, კლინიკურად და რადიოლოგიურად პნევმონიის ეტიმოლოგიის (ანუ გამომწვევი მიზეზის) განსაზღვრა შეუძლებელია და არა თავად პნევმონიის არსებობისა, როგორც ამას, თითქოსდა ხსენებულ პროტოკოლზე დაყრდნობით, ამტკიცებდა დაცვის მხარე ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად.

56. კლინიკური პრაქტიკის ეროვნულ რეკომენდაციასთან (გაიდლაინთან) – „მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი (მმრს)“ – მიმართებით, რომელზეც ასევე აპელირებდა დაცვის მხარე, აღსანიშნავია, რომ ა. შ–ს სასამართლო-სამედიცინო დიაგნოზია: ორმხრივი ექსუდაციური ბრონქიტი, მწვავე ინტერსტიციული პნევმონია, ფილტვების შეშუპება, კეროვანი ემფიზემა. თავის ტვინის ნივთიერების შეშუპება. ბაქტერიოლოგიური კვლევით სისხლში ამოითესა BREVIBAQTERIUM SPECIES, ხოლო სასამართლო-ჰისტოლოგიური დიაგნოზია: თავის ტვინის ნივთიერების შეშუპება G93.6; ექსუდაციური ბრონქიტი J20; მწვავე ინტერსტიციული პნევმონია J84.9; ფილტვების შეშუპება J81; კეროვანი ემფიზემა J43. ბავშვის გარდაცვალების მიზეზია – მწვავე ინტერსტიციული პნევმონიის გამო განვითარებული სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რომელიც ექსპერტ კ. ა–- გამოკითხვის ოქმის თანახმად, კლინიკაში შეყვანის დროს უკვე აღენიშნებოდა ა. შ–ს, ხოლო ექიმმა – მ. ა–მ – ვერ დაუსვა მას სწორი დიაგნოზი, სათანადო დროით არ დააკვირდა მისი დაავადების განვითარების დინამიკას და არ უმკურნალა პნევმონიის შესაბამისად, რამაც გამოიწვია კიდეც კლინიკიდან გაწერიდან, დაახლოებით 48 საათში, პნევმონიის გართულებით ა. შ–ს გარდაცვალება.

57. პროტოკოლით – „ცხელების მართვა ბავშვთა ასაკში“, გაწერილია სერიოზული დაავადების რისკის იდენტიფიკაცია „შუქნიშის“ ნათების ფერების მიხედვით, რომელიც ეხმარება სპეციალისტს ბავშვის ჰოსპიტალიზაციის საჭიროების გადაწყვეტილების მიღებაში. აქ ყვითელი – საშუალო რისკის – საიდენტიფიკაციო მონაცემებს შორის რესპირაციული სიმპტომებიდან აღნიშნულია: ნესტოების ბერვა; ბავშვებში >12 თვე, ტაქიპნოე – RR – >40 (ა. შ–ს ჰოსპიტალიზაციის მონაცემებით სუნთქვა – 42); სატურაცია <=95% (ა. შ–ს ჰოსპიტალიზაციის მონაცემებით – 97%); ხმაურიანი სუნთქვა და ცირკულაციური და ჰიდრატაციული სიმპტომებიდან: 12-24 თვის ბავშვებში ტაქიკარდია – P – >150 (ა. შ–ს ჰოსპიტალიზაციის მონაცემებით – P - 140 (მსუბუქი ტაქიკარდია)); ცუდად იკვებება; შარდვა შემცირებულია.

58. ზემოაღნიშნული პროტოკოლის მიხედვით, მძიმე დაავადების მაღალი რისკი აქვთ ბავშვებს, ცხელებითა და წითელი სვეტის ნებისმიერი ნიშნით, რომელთა ჩამონათვალში ყურადღებას იქცევს:

· სუნთქვის სიხშირე >40-ზე წუთში – 12 თვეზე მეტ ასაკში;

· ბავშვები რომლებსაც აღენიშნებათ ტაქიკარდია, მიეკუთვნებიან მძიმე რისკის საშუალო ჯგუფს.

59. რაც შეეხება საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 ივლისის №... დადგენილებას, რომელიც აწესრიგებს სამედიცინო რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკური, პროფილაქტიკური და თერაპიული პროცედურების ჩატარების დროს პერსონალის, პაციენტისა და მოსახლეობის რადიაციული დაცვის უზრუნველყოფის ძირითად მოთხოვნებსა და სამედიცინო დასხივების დასაშვებ და რეფერენტულ დონეებს და ბირთვულ მედიცინაში რადიოფარმპრეპარატებით დიაგნოსტიკური და თერაპიული პროცედურების ჩატარებისას ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის, პაციენტისა და მოსახლეობის რადიაციული დაცვის უზრუნველყოფის მოთხოვნებსა და კრიტერიუმებს და ადგენს ბავშვთა რენტგენოლოგიური გამოკვლევების რადიაციულ უსაფრთხოებას, კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ დასხივების ზემოქმედება მომეტებული საფრთხის შემცველია ბავშვის განვითარებადი ორგანიზმისათვის, ბავშვთა გამოკვლევების დროს რადიაციული მავნე ზემოქმედების შემცირების მიზნით, გამოყენებული უნდა იქნეს შეზღუდვის ყველა მეთოდი. პროფილაქტიკური რენტგენოლოგიური გამოკვლევები არ უტარდებათ 14 წლამდე ასაკის ბავშვებს. განსაკუთრებულ შემთხვევაში (არაკეთილსაიმედო ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა) პროფილაქტიკური რენტგენოლოგიური გამოკვლევები წარმოებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით. ბავშვთა ფილტვების რენტგენოსკოპია, დასხივების დიდი დოზის გამო, უნდა წარმოებდეს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში და არაუმეტეს ერთი წუთის გაშუქების ხანგრძლივობით. გამოკვლევების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ კლინიკური ჩვენებებით. პროფილაქტიკური რენტგენოლოგიური გამოკვლევები არ უტარდებათ 14 წლამდე ასაკის ბავშვებსა და ორსულებს.

60. ზემოაღნიშნულის საპირწონედ, საკასაციო სასამართლო ხაზგასმით მიუთითებს №.... კომისიური საექსპერტო კვლევის იმ ნაწილზე, სადაც ცხადად იკითხება, რომ პა. შ–ს განმეორებითი შეფასებისას კვლავ, რომ ყოფილიყო გამოხატული ტაქიკარდია და ტაქიპნოე, თუნდაც ნორმალური სატურაციისა და აუსკულტაციური ფენომენის ფონზე, ერთმნიშვნელოვნად აუცილებელი იქნებოდა გულმკერდის რენტგენოგრაფია, „C“ რეაქტიული ცილის განსაზღვრა და სხვა. ამავდროულად, ექსპერტის განმარტებით, რამდენად შეცვლიდა „C“ რეაქტიული ცილისა და გულმკერდის რენტგენოგრაფიის პასუხი დაავადების დიაგნოზს, რთული შეკითხვაა, ვინაიდან ვარაუდს ეფუძნება. თანაბრად შესაძლებელია მოცემული მონაცემები ყოფილიყო ან არ ყოფილიყო შეცვლილი. აქედან გამომდინარე, ერთი მხრივ, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია დაცვის მხარის მტკიცება, რომ კლინიკაში ჰოსპიტალიზაციისას, ა. შ–ს რენტგენოლოგიური კვლევა მოემსახურებოდა მხოლოდ პროფილაქტიკურ მიზანს და, ცხადია, არ იქნებოდა რეკომენდებული, ხოლო, მეორე მხრივ, ექსპერტის მოსაზრების კვალდაკვალ, მით უფრო, წარმოუდგენელია ეჭვგარეშე იმის მტკიცება, რომ რადიოლოგიური კვლევის შემთხვევაში ა. შ–ს დაავადების სურათი კვლევის შედეგებში ცალსახად არ აისახებოდა. ამავდროულად, ხაზგასასმელია, რომ არც დაცვის მხარეს მიუთითებია და საკასაციო სასამართლოსათვისაც, მიუხედავად საკასაციო სასამართლო სხდომაზე არაერთხელ დასმული შეკითხვისა, პასუხგაუცემელი დარჩა ის გარემოება, რატომ არ განესაზღვრა ა. შ–ს კლინიკაში ყოფნისას „C“ რეაქტიული ცილა, რომელიც ინფორმატიულია ინფექციებისა და ანთებების მკურნალობის მონიტორინგისთვის და, რადიოლოგიური კვლევისაგან განსხვავებით, რაზეც განსაკუთრებით აპელირებდა დაცვის მხარე, ბავშვის ჯანმრთელობის რაიმე განსაკუთრებულ საფრთხეებთან არ არის დაკავშირებული.

61. დასკვნის სახით უნდა ითქვას: 2018 წლის 21 დეკემბერს გარდაცვლილი ა. შ–ს გვამის გაკვეთისას, ბავშვის ფილტვებში განვითარებული მიკრომორფოლოგიური ცვლილებების 4-5 დღიანი ხანდაზმულობის გათვალისწინებით, როდესაც ცხადია, რომ 2018 წლის 18 დეკემბერს, 23:30 საათზე, კლინიკაში მიყვანის დროს, ა. შ– უკვე დაავადებული იყო ინტერსტეციული პნევმონიით; ამავდროულად, როდესაც დადგენილია, რომ კლინიკაში შეყვანის დროს, ბავშვის გასინჯვისას, ექიმ მ. ა– გაუჩნდა ეჭვი ა. შ–ს ფილტვის პათოლოგიასთან დაკავშირებით და თავდაპირველად საჭიროდ მიიჩნევდა რენტგენის გადაღებას, მაგრამ დამატებით აღარ უკვლევია. შესაბამისად, საჭირო კვლევის გარეშე მცირეწლოვან პაციენტს ვერც სწორი დიაგნოზი დაუსვა და ვეღარც სათანადოდ უმკურნალა; გამომდინარე იქიდან კი, რომ ა. შ–ს სიკვდილის მიზეზი გახდა სწორედ მწვავე ინტერსტიციული პნევმონიის (ფილტვების ანთების) გამო განვითარებული სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რომელიც, თავის მხრივ, თვითიმედოვნების გამო ვერ დაადგინა ბავშვის მკურნალმა ექიმმა – მ. ა–მ – რადგან გაჩენილი ეჭვების გასაქარწყლებლად/სწორი დიაგნოზის დასადგენად არ ჩაუტარა პაციენტს საჭირო გამოკვლევა, რასაც მოჰყვა ა. შ–ს ინტერსტიული პნევმონიის გართულებით გარდაცვალება, საკასაციო სასამართლოს ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია, რომ მ. ა–ს ქმედებაში გამოკვეთილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მისთვის ბრალადშერაცხილი დანაშაულის – ა. შ–ს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის – შემადგენლობა, რომლის ჩადენისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

62. რაც შეეხება სასჯელს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის ჩადენისთვისაც მსჯავრი ედება მ. ა–ს, ისჯება შინაპატიმრობით, ვადით – ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით – ორიდან ოთხ წლამდე.

63. სასჯელთან მიმართებით, აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

64. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია: როდესაც საკითხი ეხება ეროვნულ სასამართლოებში სამართალწარმოების განხორციელებას, მთლიანი სამართალწარმოება, მათ შორის, სასამართლო განხილვა, უნდა აკმაყოფილებდეს პოზიტიური ვალდებულების მოთხოვნებს, კანონის ძალით იქნეს დაცული ადამიანთა სიცოცხლე. მაშინ, როდესაც არ არსებობს აბსოლუტური ვალდებულება, რომ ყოველი ბრალდების საქმე დამთავრდეს პირის მსჯავრდებით ან კონკრეტული სასჯელის დანიშვნით, ეროვნული სასამართლოები არ უნდა იყვნენ განწყობილი იმისთვის, რომ დაუშვან სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების დაუსჯელად დატოვება. სასამართლოს ამოცანა, შესაბამისად, შემოიფარგლება იმის განხილვით, რამდენად შეიძლება ჩაითვალოს, რომ სასამართლოებმა თავიანთი გადაწყვეტილებების მიღებისას კონვენციის მე-2 მუხლის მოთხოვნების შესაბამისი, სათანადო ყურადღება გამოიჩინეს და, რომ, სასამართლოს, როგორც შემაკავებლის როლი და ამ როლის ის მნიშვნელობა, რაც მას ეკისრება სიცოცხლის უფლების დარღვევების პრევენციაში, არ შერყეულა (იხ.: მაგალითად: Enukidze and Girgvliani v. Georgia, no. 25091/07, §242, Vazagashvili and Shanava v. Georgia, no. 50375/07, § 84).

65. ამავდროულად აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით: სასჯელთან დაკავშირებული კონსტიტუციური შეზღუდვის არსი არის პროპორციული სასჯელის დაკისრება მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი (კონკრეტული დაზარალებულისთვის თუ საზოგადოებისთვის), დამნაშავის პერსონალური მახასიათებლები და საქმის კონკრეტული გარემოებები იმისთვის, რათა განისაზღვროს, როგორი სასჯელი იქნება შესაბამისი პირის რეაბილიტაციისა და საზოგადოების დაცვისთვის ამ კონკრეტული დამნაშავის შეკავების გზით. მხოლოდ ამგვარ პირობებში შეასრულებს სასჯელი თავის მიზნებს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-97). სამართლებრივ სახელმწიფოში კანონზომიერია მოლოდინი, რომ სასჯელი, თავისი შინაარსით, ფორმით, თვისებრივად და არსებითად გასცდება შურისძიების პრიმიტიულ სურვილს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სამართალთან და რომელიც ობიექტურად ვერ შეუწყობს ხელს ვერც ადამიანების, საზოგადოების დაცულობას, ვერც დანაშაულის შემცირებას და ვერც დამნაშავე პირის რესოციალიზაციას, საბოლოოდ, ვერ შეუწყობს ხელს ვერც სამართლის პროგრესულ და მისი დანიშნულების შესაბამის განვითარებას და ვერც საზოგადოების წევრების ჰარმონიულ თანაარსებობას, შედეგად, ვერ უზრუნველყოფს იმ სამართლებრივ წესრიგს, რომლის დაცვისთვისაც უნდა გამოიყენებოდეს სახელმწიფოს იძულების უკიდურესი საშუალებები (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-43).

66. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო აფასებს, როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებებს, ასევე – მსჯავრდებულის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელი გარემოებებს და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან (დანაშაულის ჩადენა არასრულწლოვნის მიმართ არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის) გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მ. ა–ს სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს შინაპატიმრობა, მაქსიმალური ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად გამოყენებულ, დამატებით სასჯელთან – საექიმო საქმიანობის ასევე მაქსიმალური ვადით ჩამორთმევასთან – ერთობლივად, სრულად უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

67. საკასაციო სასამართლოს, ჩადენილი დანაშაულის საშიშროების ხასიათის, ხარისხისა და დამნაშავის პიროვნების გათვალისწინებით, შეუძლებლად მიიჩნევს, შეუნარჩუნოს მ. ა–ს საექიმო საქმიანობის უფლება. ამავდროულად მსჯავრდებულის ხანდაზმული ასაკის, პიროვნული მახასიათებლებისა და სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, პროფესიული საქმიანობის უფლების ჩამორთმევის პირობებში, სასჯელის, როგორც ზოგადი, ასევე კერძო პრევენციული მიზნების შესრულება, სრულად შესაძლებლად მიაჩნია მ. ა–ს მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებით, რამეთუ დანაშაულის განმეორების შესაძლო რისკი, მოცემულ შემთხვევაში, დიდწილად სწორედ გამოყენებული დამატებითი სასჯელით – საექიმო საქმიანობის აკრძალვით – არის დაზღვეული. მსჯავრდებულის წარსული ცხოვრებისა და მისი სოციალური სტატუსის გათვალისწინებით, საზოგადოებისაგან მისი იზოლაციისა და კანონით განსაზღვრულ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსების აუცილებლობა, მოცემულ შემთხვევაში, არ არის გამოკვეთილი.

68. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, უნდა გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც, მათ შორის, გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. აქედან გამომდინარე, ვინაიდან სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა დაზარალებულის უფლებამონაცვლის თანხმობა მ. ა–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელების თაობაზე, მსჯავრდებულის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია ვერ გავრცელდება. ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ერთი მეხუთედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი ქალ მსჯავრდებულს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი-მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია, თუმცა ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია, მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და რომელზედაც დაზარალებულის თანხმობის არარსებობის გამო არ გავრცელდა ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 25-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიანა ონიანის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ივლისის გამამართლებელი განაჩენი;

3. მ. ა., – დაბადებული 19.. – ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯოს შინაპატიმრობა – 2 წლით;

4. მ. ა– დაეკისროს თავის საცხოვრებელ ადგილას ყოფნის ვალდებულება დღის 13:00 საათიდან დილის 08:00 საათამდე;

5. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით ჩამოერთვას საექიმო საქმიანობის უფლება – 3 წლით;

6. შინაპატიმრობის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულს ეკრძალება საქართველოს საზღვრის გადაკვეთა;

7. მ. ა–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო – და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის საფუძველზე დაკისრებული დამატებითი ვალდებულება გაუქმდეს;

8. მოეხსნას ყადაღა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 29 ივლისის განჩინებით, 3000-ლარიანი გირაოს უზრუნველსაყოფად, მ. ა–ს საკუთრებაში არსებულ, უძრავი ქონების (სოფელი ნ....; ს/კ: ....) პროპორციულ წილს;

9. მ. ა–ს მიმართ სასჯელის აღსრულებისას, მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს – პრობაციის ბიუროს;

10. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 25-ე მუხლის შესაბამისად, არასრულწლოვანი დაზარალებულის უფლებამონაცვლეს განემარტოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ზიანის ანაზღაურებისა და კომპენსაციის მოთხოვნის უფლება;

11. ნივთმტკიცებები: გარდაცვლილ ა. შ–ს ტანსაცმელი, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, ხოლო 1 დისკი – შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

12. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ლ. ფაფიაშვილი