ბს-276-218-კ-05 20 ივლისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე (მომხსენებელი),
ბ. კობერიძე
დავის საგანი: საიჯარო ხელშეკრულების გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი:
2004წ. 9 მარტს საქარათველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფო აღრიცხვისა და პრივატიზების ქუთაისის სამმართველომ სასარჩელო განცხდებით მიმართა ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე შპს ს/კ “ტ.-სა” და მესამე პირის _ ქ. ქუთაისის მთავრობის მიმართ საიჯარო ქირის გადახდევინების თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ ქ. ქუთაისში, ... მდებარე ცენტრალურ სტადიონსა და მის შემადგენლობაში არსებულ შენობა-ნაგებობებს (2119,23კვ.მ), აგრეთვე ... განთავსებულ საფეხბურთო ბაზის ქონებასა და არასაცხოვრებელ 2013 კვ.მ-ს იჯარის უფლებით ფლობს საფეხბურთო კლუბი “ტ.-ო”, რაზეც გაფორმებულია შესაბამისი საიჯარო ხელშეკრულებები ¹978 (27.07. 1999წ.) და ¹977 (27.07. 1999), რომელთა მოქმედების ვადა განისაზღვრა 1997წ. 4 მარტიდან 2046წ. 4 მარტამდე. საიჯარო ხელშეკრულებების 2.1 და 2.2 მუხლების შესაბამისად, სტადიონით სარგებლობისთვის მოიჯარეს ყოველთვიურად საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 5 რიცხვამდე სამმართველოს სპეცანგარიშზე უნდა შეეტანა საიჯარო გადასახადი 1074,46 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო საფეხბურთო ბაზით სარგებლობისათვის _ 645,57 აშშ დოლარი ანგარიშწორების მომენტისათვის არსებული კურსით ეროვნულ ვალუტაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელშეკრულების 2.3 მუხლის შესაბამისად, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის მას დაერიცხებოდა საურავი 0,5%-ის ოდენობით.
მოსარჩელის განმარტებით, მოიჯარემ ნებაყოფლობით იკისრა აღნიშნული ვალდებულება, რაც დაადასტურა საკუთარი ხელმოწერით საიჯარო ხელშეკრულებაზე. მისი მხრიდან ადგილი აქვს სახელშეკრულებო პირობათა სისტემატურ დარღვევას, მის მიერ არ არის გადახდილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ქირა, რის შედეგადაც ცენტრალური სტადიონით სარგებლობისათვის დავალიანებამ 20.01.04წ. მდომარეობით შეადგინა 72575 აშშ დოლარი, მასზე დარიცხულმა საურავმა _ 32217 აშშ დოლარი, ხოლო საფეხბურთო ბაზის გამოყენებისათვის საიჯარო ქირის დავალიანებამ შეადგინა 42386,88 აშშ დოლარი და მასზე დარიცხული საურავით _ 19083 აშშ დოლარი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხე – შპს ს/კ “ტ.-ს” დაკისრებოდა ქ. ქუთაისში, ... მდებარე ცენტრალური სტადიონისა და მის შემადგენლობაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობისათვის საიჯარო ქირის დავალიანების _ 104792, 07 აშშ დოლარისა და ... განთავსებული საფეხბურთო ბაზის ქონებისა და არასაცხოვრებელ 2013,90 კვ.მ-ით სარგებლობისათვის 61470,72 აშშ დოლარს, გადახდის მომენტისათვის არსებული კურსით ეროვნულ ვალუტაში და ამასთან, სახელშეკრულებო პირობების სისტემატურად დარღვევის გამო მოიჯარესთან გაფორმებული ¹977 და ¹978 საიჯარო ხელშეკრულებების გაუქმებას.
მოპასუხე შპს ს/კ “ტ.-მ” შეგებებული სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და მიუთითა, რომ ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფო აღრიცხვისა და პრივატიზების ქუთაისის სამმართველოსთან დადებული ჰქონდა ¹977 და ¹978 საიჯარო ხელშეკრულებები. ხელშეკრულებების პირობების შეთანხმება მოხდა ნებაყოფლობით. ამ ხელშეკრულებების 3.5 მუხლის მოთხოვნები შპს “ტ.-მ” შეასრულა კეთილსინდისიერად. შესრულებულ სამუშაოზე დახარჯა 1148533 ლარი. ხელშეკრულების 3.6 მუხლის შესაბამისად კი უნდა მომხდარიყო ამ თანხის იჯარის ქირაში ჩათვლა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეგებეული სარჩელის ავტორი ითხოვდა 1148533 ლარის იჯარის ქირაში ჩათვლას.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს სასარჩელო განცხადება არ დაკამყოფილდა; შპს ს/კ “ტ.-ს” შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა _ ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს დაევალა 27.07.99წ. ¹¹977; 978 ხელშეკრულებების 3.6 პუნქტების მოთხოვნათა დაცვა, კერძოდ, მოეხდინა შპს ს/კ “ტ.-ს” მიერ სტადიონსა და საწვრთნელ ბაზაზე ჩატარებულ სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე ფაქტობრივად დახარჯული თანხის _ 1148.533 ლარის საიჯარო ქირაში ჩათვლა 2000 წლიდან ხელშეკრულებების მოქმედების ვადის განმავლობაში. ჩათვლა მოეხდინა ყოველთვიურად და შესაბამისად ყოველწლირი საიჯარო ქირის პროპორციულად.
საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილბაში მიუთითებდა, რომ ხელშეკრულებათა ყველა პირობაზე მხარეები შეთანხმდნენ და ხელი მოაწერეს ნებაყოფლობით, სკ-ის 327-ე მუხლისა და 581-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით და ასევე შეთანხმდნენ საიჯარო ქირის გადახდისა და განსაზღვრის საშუალებებზეც. ხელშეკრულების 3.5 პუნქტების მოთხოვნათა დაცვით შპს ს/კ “ტ.-მ” შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებული პროექტის თანახმად, შეასრულა იჯარით აღებული სტადიონისა და საწვრთნელი ბაზის სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები. მის მიერ ჩატარებულ სამუშაოებზე დახარჯულმა თანხამ შეადგინა 1148.533 ლარი. იმავე ხელშეკრულებების 3.6 პუნქტების შესაბამისად, მეიჯარემ იკისრა ვალდებულება, წარდგენილი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით უზრუნველეყო მოიჯარის ობიექტებზე გაწეულ სარეკონსტრუქციო სამუშაოზე დახარჯული თანხის საიჯარო ქირაში ჩათვლა ხელშეკრულებების მოქმედების ვადის განმავლობაში გადასახდელი ქირის პროპორციულად. საქალაქო სასამართლოს მითითებით, მეიჯარის მხრიდან აღნიშნული ვალდებულება არ შესრულებული და მან დაარღვია ხელშეკრულებათა პირობები.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველომ.
აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ “გადასახადებისა და საბიუჯეტო დავალიანებების უნაღდო ანგარისწორების ჩათვლის წესის გაუქმების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 7 ივლისის ¹429 ბრძანებულების შესაბამისად, 1999წ. 20 ივლისიდან გაუქმებულ იქნა მიმდინარე გადასახადებისა და საგადასახადო დავალიანებების ბიუჯტიდან კუთვნილი მიმდინარე ან ვადაგადაცილებულ მისაღებლებთან გაქვითვის გზით აღსრულების პრაქტიკა. შესაბამისად, ყველა მიმდინარე თუ ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება გადახდილ უნდა იქნეს საკასო შენატანის, საბანკო გადარიცხვის ან სხვა ფინანსური ოპერაციის მეშვეობით და არ უნდა იყოს დამოკიდებული საბიუჯეტო რესურსებიდან მიმდინარე ან მოსალოდნელი დაფინანსების მიღებაზე.
შესაბამისად, შპს ს/კ “ტ.-სთან” გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულების 3.5 და 3.6 მუხლების შესაბამისად, სამმართველო დაეთანხმა მოიჯარის მიერ სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე დახარჯული თანხის ჩათვლას საიჯარო ქირაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, მხოლოდ ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილი წესით, რაც, აპელანტის განმარტებით, გულისხმობს ადგილობრივი მმართველობის მიერ სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასაფინანებლად ადგილობრივ ბიუჯეტში თანხის გამოყოფას. აღნიშნული თანხა შპს “ტ.-ს” ანგარიშის გავლით, როგორც საიჯარო ქირა, უნდა გადარიცხულიყო სამმართველოს ანგარიშზე. ამის ჩასატარებლად 2002-2003 წლებში გამოიყო თანხა ადგილობრივ ბიუჯეტში, თუმცა შპს “ტ.-ის” მიერ, მიუხედავად არაერთგზის მოთხოვნისა, ანგარიშსწორების კანონით დადგენილი ფორმა უარყოფილ იქნა, რის გამოც საიჯარო ხელშეკრულებები უნდა გაუქმდეს და საიჯარო ქირის დავალიენება დაიფაროს შპს ს/კ “ტ.-ს” მიერ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 30 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით შპს ს/კ “ტ.-სათვის” შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 27 იანვრის გადაწყვეტილებით სახელმწიფო ქონების აღრიცვისა და პრივატიზების ქუთაისის სამმართველოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 30 სექტემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქუთაისის სამმართველოს სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა. შპს ს/კ “ტ.-ს” სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქუთაისის სამმართველოს სასარგებლოდ დაეკისრა ცენტრალური სტადიონით სარგებლობისათვის 72575 აშშ დოლარისა და საურავის – 32 217 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, ხოლო საფეხბურთო ბაზით სარგებლობისათვის 42386,88 აშშ დოლარისა და საურავის – 19083 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი. გაუქმდა სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქუთაისის სამმართველოსა და შპს ს/კ “ტ.-ს” შორის დადებული 1997წ. 27 ივლისის ¹977 და ¹978 საიჯარო ხელშეკრულებები. შპს ს/კ “ტ.-ს” შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ სკ-ის 581-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები, თუ 581-606-ე მუხლებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე კოდექსის 558-ე მუხლის მიხედვით, გამქირავებელს შეუძლია ხელშეკრულება მოშალოს ვადამდე, თუ დამქირავებელმა ქირა არ გადაიხადა სამი თვის განმავლობაში, შპს “ტ.-ს” კი ქირა მითითებულ ვადაში არ გადაუხდია.
ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სამოქალაქო კოდექსით იჯარისა და ქირავნობის ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებული ნორმები არ ითვალისწინებს საიჯარო ქირაში მოიჯარის მიერ გაწეული ხარჯების ჩათვლას, ე. ი ქირის გაქვითვას.
ასევე, სააპელაციო პალატის განმარტებით, გადასახადებისა და საბიუჯეტო დავალიანებების უნაღდო ანგარიშსწორების ჩათვლის წესის გაუქმების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 1997წ. 7 ივლისის ¹429 ბრძანებულებით 1999წ. 20 ივლისიდან გაუქმებულ იქნა მიმდინარე გადასახადებისა და საგადასახადო დავალიანებების ბიუჯეტიდან კუთვნილი მიმდინარე ან ვადაგადაცილებულ მისაღებლებთან გაქვითვის გზით აღსრულების წესი. არც 1997წ. და არც ამჟამად მოქმედი საგადასახადო კოდექსი არ ითვალისწინებს ბიუჯეტში გადასახდელი თანხის გაქვითვის შესაძლებლობას. ამიტომ ხელშეკრულების 3.6 პუნქტში დაფიქსირებული გაქვითვის შესაძლებლობა კანონსაწინააღმდეგოა და იგი საქმის არსს არ ცვლის შპს “ტ.-ს” სასარგებლოდ.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე კი დაუშვებელია გაქვითვა და მოსარჩელის მიერ შეგებებული სარჩელის ცნობა ვერ გახდება სარჩელის დაუკმაყოფილებელობისა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
არ დაეთანხმა რა მითითებულ გადაწყვეტილებას იგი საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს ს/კ “ტ.-მ”.
კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ არ ჩაჰბარებია უწყება სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, რის შედეგადაც მას წაერთვა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღო საქმის განხილვაში და წარედგინა საკუთარი მოთხოვნები.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილებაში მიუთითა სამოქალქო კოდექსის 581-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ბოლო წინადადებაზე, რომლითაც მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრისა და გადახდის სხვა საშუალებებზეც. ამ შემთხვევაში კი სწორედ შეთანხმებას აქვს ადგილი, პალატამ არ გამოიყენა ზემოაღნიშნული კოდექსის 582-ე, 561-ე მუხლები.
კასატორის მოსაზრებით, საქართველოს პრეზიდენტის 1997წ. 7 ივლისის ¹429 ბრძანებულება არ ეხება შპს ს/კ “ტ.-სა” და სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქუთაისის სამმართველოს შორის არსებულ ურთიერთობებს, ვინაიდან მითითებული ბრძანებულებით 1999წ. 20 ივლისიდან გაუქმებულია მიმდინარე გადასახადებისა და საგადასახადო დავალიანების ბიუჯეტიდან კუთვნილი მიმდინარე და ვადაგადაცილებულ მისაღებთან გაქვითვის გზით აღსრულების წესი და არა სამოქალაქო გარიგებების მონაწილეთა ურთიერთობისას საიჯარო ქირის გადახდისა და ჩათვლის წესი. ასევე არასწორია საქართველოს საგადასახადო კოდექსზე მითითება, ვინაიდან საგადასახადო კოდექსი არეგულირებს იურიდიულ და ფიზიკურ პირთა საბიუჯეტო გადასახადების განსაზღვრისა და გაანგარიშების წესს.
ამასთან, კასატორის მითითებით, სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქუთაისის სამმართველოს წარმომადგენლის მხრიდან სარჩელის ცნობით არ დარღვეულა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან აღნიშნულ შემთხვევაში სარჩელის ცნობა არანაირად არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 27 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის საჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას, ხოლო მისი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს ს/კ “ტ.-ს” საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
1999წ. 27 ივლისს ¹978 ხელშეკრულების საფუძველზე სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოსა (მეიჯარე) და შპს ს/კ “ტ.-ს” (მოიჯარე) შორის გაგრძელდა ... განთავისებულ ცენტრალურ სტადიონსა და მის შემადგენლობაში არსებულ შენობა-ნაგებობებზე (არასაცხოვრებელ 2119,23 კვ.მ) საიჯარო ურთიერთობა. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 49 წლით და შემოიფარგლა 1997წ. 4 მარტიდან 2046წ. 4 მარტამდე პერიოდით.
იმავე დღეს მხარეებს შორის იმავე პირობებით დაიდო ანალოგიური ტიპის ხელშეკრულება ... განთავსებულ საფეხბურთო ბაზის ქონებასა და 2013,90 კვ/მ არასაცხოვრებელი ფართით სარგებლობაზე.
¹978 ხელშეკრულების 2.2 პუნქტის შესაბამისად, ყოველთვიური საიჯარო ქირა განისაზღვრა 1074,46 აშშ დოლარის ეკვივალენტით ლარში, რომლის შეტანაც უნდა მომხდარიყო ყოველი მომდევნო თვის 5 რიცხვამდე. ხოლო, რაც შეეხება ¹977 ხელშეკრულებას, აღნიშნული ხელშეკრულების 2.2 პუნქტის თანახმად, ყოველთვიური საიჯარო ქირის ოდენობა განისაზღვრა 645,57 აშშ დოლარის ეკვივალენტით ლარში, რომლის გადახდაც ასევე უნდა მომხდარიყო ყოველი მომდევნო თვის 5 რიცხვამდე.
დადგენილია, რომ შპს “ს/კ “ტ.-ს” საიჯარო დავალიანება მეიჯარისადმი შეადგენს ... მდებარე ცენტრალური სტადიონისა და შენობა-ნაგებობებით სარგებლობისათვის 104792,07 აშშ დოლარს, ხოლო ... არსებული საფეხბურთო ბაზის ქონებისა და ფართის სარგებლობისათვის _ 61470,72 აშშ დოლარს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და ადასტურებს, რომ სკ-ის 558-ე მუხლის საფუველზე სამი თვის განმავლობაში საიჯარო ქირის გადაუხდელობა წარმოადგენს ხელშეკრულების ცალმხრივად ვადამდე მოშლის საფუძბელს, მაგრამ აქვე საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სკ-ის 342-ე მუხლის მე-3 ნაწილს, რომლის შესაბამისადაც, უშუალოდ მხარეთა მიერ შეთანხმებულ პირობებს ენიჭება უპირატესობა სტანდარტულ პირობებთან შედარებით.
ორივე წინამადებარე ხელშეკრულების 3.6 პუნქტის შესაბამისად, “მეიჯარე” კისრულობს ვალდებულებას წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით უზრუნველყოს “მოიჯარის” მიერ სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე ფაქტობრივად დახარჯული თანხის საიჯარო ქირაში ჩათვლა.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას ხელშეკრულებაში აღნიშნული პირობის საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 7 ივლისის ¹429 ბრძანებულებასთან შეუსაბამობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ საოლქო სასამართლოს მხრიდან არამართებულადაა გამოყენებული “გადასახადებასა და საბიუჯეტო დავალიანების უნაღდო ანგარიშსწორების ჩათვლის წესის გაუქმების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის ზემოაღნიშნული ბრძანებულება.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ზემოაღნისნული ბრძანებულების შინაარს, და მიუთითებს, რომ მითითებული ბრძანებულების საფუძველზე აკრძალვას ექვემდებარება ისეთი ტიპის ჩათვლების განხორციელება, რომელიც უკავშირდება გადასახადებისა და საგადასახადო ვალდებულებების ბიუჯეტიდან კუთვნილ მიმდინარე ან ვადაგადაცილებულ მისაღებლებთან გაქვითვას, გამომდინარე იქიდან, რომ კასატორი არ ითხოვს ბიუჯეტიდან მისაღებ ან მის კუთვნილ თანხაში საიჯარო ქირის გაქვითვას, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ზემოაღნიშნული ბრძანებულება ვერ დაარეგულირებს იმ ურთიერთობებს, რომლებიც გამომდინარეობს კერძო სამართლებრივი ურთიერთობიდან და უკავშირდება მხარეთა შორის დადებულ სახელშეკრულებო ვალდებულებებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ადგილი აქვს კანონის ნორმათა არასწორ გამოყენებასა და მის მცდარ განმარტებას და თვლის, რომ საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს ს/კ “ტ.-ს” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 27 იანვრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. მხარეთათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.