Facebook Twitter

საქმე N 330802225011268775

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №60I-25 ქ. თბილისი

ს. მ., 60I-25 10 აპრილი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ. ს.ს – ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ა-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 1 აპრილის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ. ს.ს (M. S.), – დაბადებულის .... – მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:

1.1. 2015 წლის 17 ნოემბერს თურქეთის რესპუბლიკის ქ. ქ-ს მძიმე დანაშაულთა მე-5 სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით მ. ს. ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-4 ნაწილით (საცხოვრებლის ხელშეუხებლობის წესის დარღვევა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 10 თვით თავისუფლების აღკვეთა.

1.2. 2019 წლის 28 მაისს ზემოაღნიშნული განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში.

1.3. 2016 წლის 24 მაისს თურქეთის რესპუბლიკის ქ. ქ-ს მძიმე დანაშაულთა პირველი სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით მ. ს. ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 149-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“, „დ“ და „ჰ“ ქვეპუნქტებით (საცხოვრებელ ბინაზე თავდასხმა, ჩადენილი ჯგუფურად, ღამის საათებში) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

1.4. 2020 წლის 22 ოქტომბერს ზემოაღნიშნული განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში.

1.5. 2017 წლის 1 დეკემბერს თურქეთის რესპუბლიკის ქ. ქ-ს მძიმე დანაშაულთა მე-4 სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით მ. ს. ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილით (თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა.

1.6. 2020 წლის 30 სექტემბერს ზემოაღნიშნული განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში.

1.7. 2021 წლის 26 აგვისტოს ქ. ქ-ს აღმასრულებელი სასამართლოს მიერ ზემოაღნიშნული განაჩენებით დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და მ. ს-ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 9 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა.

1.8. 2021 წლის 15 სექტემბერს თურქეთის რესპუბლიკის ქ. ქ-ს რესპუბლიკურმა მთავარმა პროკურატურამ გასცა მ. ს-ს დაკავების ბრძანება.

2. თურქეთის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები შემდეგია:

2.1. 2015 წლის 17 ნოემბრის განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

2015 წლის 16 იანვარს მ. ს. და მისი თანამზრახველები, ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შეძენის მიზნით, მივიდნენ დაზარალებულის საცხოვრებელ სახლში, სადაც ასევე იმყოფებოდა ამ უკანასკნელის მეგობარი გოგონა. მ. ს-სა და დაზარალებულს შორის, ნარკოტიკული ნივთიერებების ოდენობასთან დაკავშირებით, წარმოიშვა კონფლიქტი, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. კონფლიქტის დროს, მ. ს-მ დაზარალებულს თავის არეში ჩაარტყა ჭიქა და ამ უკანასკნელს მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება, რის შემდგომაც ბინის მესაკუთრეს აღარ სურდა, მ. ს. და მისი თანამზრახველები, ყოფილიყვნენ, მის საცხოვრებელ სახლში, თუმცა, მოთხოვნის მიუხედავად, აღნიშნულ პირებს არ დაუტოვებიათ დაზარალებულის საცხოვრებელი ბინა.

2.2. 2016 წლის 24 მაისის განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

2015 წლის 9 იანვარს, დაახლოებით, 21:30 საათზე, მ. ს. და მისი თანამზრახველები, 8 იანვარს შეძენილი ნარკოტიკული საშუალების მიღების მიზნით, მივიდნენ დაზარალებულის საცხოვრებელ სახლში. მ. ს.მ დაზარალებულს მოსთხოვა ნარკოტიკული საშუალების შესაძენად გადახდილი ფულადი თანხის დაბრუნება ან შეძენილი ნარკოტიკული საშუალების გადაცემა. დაზარალებულმა ჯიბიდან ამოიღო გასაღებული ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანის“ ნაწილი და მ. ს.ს განუცხადა, რომ ნარკოტიკული საშუალების დანარჩენი ნაწილი თავად მოიხმარა, თუმცა აღნიშნულ ნაწილს, გარკვეული დროის შემდეგ, გადასცემდა. მ. ს-მ და მისმა თანამზრახველებმა დაზარალებულს ძალის გამოყენებით წაართვეს ნარკოტიკული საშუალება, ასევე, ცივი იარაღის მუქარით წაართვეს ფულადი თანხა, რის შემდგომაც მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან.

2.3. 2017 წლის 1 დეკემბრის განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

ბუშრა ნურ ონური შემთხვევის დღეს მგზავრობდა ტაქსით. ტაქსის მძღოლმა ს. ა-მ დანიშნულების ადგილას მიყვანის შემდგომ ბ. ო-ს შესთავაზა სქესობრივი კავშირის დამყარება. ბ. ო-მ აღნიშნულის თაობაზე მოუყვა მ. ს-ს, რომელმაც უთხრა ო-ს, დაერეკა ტაქსის მძღოლისათვის და ეთქვა, რომ მასთან მისულიყო. ბ. ო ასეც მოიქცა. პარალელურად მ. ს. დაუკავშირდა მის მეგობარს და სთხოვა ადგილზე მისვლა. ს. ა-ს მოსვლის შემდგომ ბ. ო-მ იგი მიიყვანა ერთ-ერთ კაფეში, სადაც მივიდა მ. ს., ძალის გამოყენებით გამოიყვანა ს. ა-ში კაფედან და მისი ნების საწინააღმდეგოდ ჩასვა ავტომობილში. აღნიშნულის შემდგომ, მ. ს-მ და მისმა თანამზრახველმა დაზარალებული მისი ნების საწინააღმდეგოდ წაიყვანეს განსაზღვრულ ადგილას, ხოლო ავტომობილში მ. ს. ცეცხლსასროლი და ცივი იარაღების ტარის გამოყენებით ფიზიკურად ძალადობდა დაზარალებულზე, რის შედეგადაც მიაყენა მას ჯანმრთელობის დაზიანება. ძალადობის შემდგომ დაზარალებული მიიყვანეს ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, სადაც ჩაკეტილი ჰყავდათ 1 საათის განმავლობაში, რის შემდგომაც დატოვეს მის კუთვნილ ავტომობილთან.

3. მ. ს-ს მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:

3.1. 2018 წლის 6 ივლისსა და 2019 წლის 18 თებერვალს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო მ. ს-ს ექსტრადიციის თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობები და შესაბამისი დოკუმენტები.

3.2. 2019 წლის 5 აპრილს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი მ. ს..

3.3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 7 აპრილის განჩინებით, მ. ს.ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა – 3 თვით.

3.4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2019 წლის 18 აპრილის განჩინებით, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 7 აპრილის განჩინება.

3.5. 2019 წლის 12 აპრილსა და 2019 წლის 1 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებიდან გამოითხოვა მ. ს-ს ექსტრადიციასთან დაკავშირებით, დამატებითი ინფორმაცია, რომელიც საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო 2019 წლის 23 მაისსა და 2019 წლის 26 ივლისს.

3.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 3 ივლისის განჩინებით, მ. ს.ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე – 2019 წლის 5 ოქტომბრამდე.

3.7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით, მ. ს-ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 9 თვემდე – 2020 წლის 5 იანვრამდე.

3.8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 3 ნოემბრის განჩინებით დასაშვებად იქნა ცნობილი მ. ს-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია.

3.9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 22 ნოემბრის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 3 ნოემბრის განჩინება დარჩა უცვლელად.

3.10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 დეკემბრის განჩინებით მ. ს-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა შეიცვალა 30000-ლარიანი გირაოთი და მ. ს. გათავისუფლდა პატიმრობიდან.

3.11. 2021 წლის 24 მარტს, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გამოსცა ბრძანება მ. ს-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის თაობაზე.

3.12. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 5 აპრილის განაჩენით, მ. ს. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და მიესაჯა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

3.13. 2022 წლის 14 თებერვალს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების ახალი შუამდგომლობა და შესაბამისი მასალები, მ. ს-ს ექსტრადიციის თაობაზე.

3.14. ამჟამად, მ. ს. მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №... პენიტენციურ დაწესებულებაში.

4. 2025 წლის 31 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა – თემურ ცინდელიანმა – და ითხოვა, დასაშვებად იქნეს ცნობილი მ. ს.ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია:

4.1. თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-4 ნაწილით (საცხოვრებლის ხელშეუხებლობის წესის დარღვევა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის ქ. ქ-ს მძიმე დანაშაულთა მე-5 სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ 2015 წლის 17 ნოემბერს გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით, ქ. ქონიის აღმასრულებელი სასამართლოს 2021 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილების გათვალისწინებით;

4.2. თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 149-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“, „დ“ და „ჰ“ ქვეპუნქტებით (საცხოვრებელ ბინაზე თავდასხმა, ჩადენილი ჯგუფურად, ღამის საათებში) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის ქ. ქ-ს მძიმე დანაშაულთა პირველი სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ 2016 წლის 24 მაისს გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით, ქ. ქონიის აღმასრულებელი სასამართლოს 2021 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილების გათვალისწინებით;

4.3. თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილით (თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის ქ. ქ-ს მძიმე დანაშაულთა მე-4 სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ 2017 წლის პირველ დეკემბერს გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით, ქ. ქ-ს აღმასრულებელი სასამართლოს 2021 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილების გათვალისწინებით.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 1 აპრილის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ თემურ ცინდელიანის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და დასაშვებად იქნა ცნობილი მ. ს-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია.

6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ. ს-ს – ინტერესების დამცველი, ადვოკატი ს. ა. საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 1 აპრილის განჩინების გაუქმებას, ვინაიდან დაცვის მხარის მტკიცებით, მ. ს.ს თურქეთის რესპუბლიკისათვის გადაცემის შემთხვევაში, მ. ს.ს განმარტებით, მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას დაემუქრება საფრთხე, გამომდინარე იქიდან, რომ იგი ათეისტია და თურქეთში სწორედ ამ ნიშნით იდევნებოდა. შესაბამისად, სასამართლომ არ გაითვალისწინა რეალური საფრთხე, რომელიც შესაძლოა, ექსტრადიციის შემთხვევაში დაემუქროს მ. ს-ს სიცოცხლეს. ამავდროულად, დაცვის მხარემ ითხოვა წარმოდგენილი საჩივრის ზეპირი მოსმენა.

7. საკასაციო სასამართლომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ. ს-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ა-ს საკასაციო საჩივარი განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე. ამასთან, საკასაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე მხარეებს მისცა შესაძლებლობა, დამატებით წარმოედგინათ მათ ხელთ არსებული რაიმე სახის მტკიცებულება, ინფორმაცია თუ შუამდგომლობა.

8. საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა, თემურ ცინდელიანმა წარმოადგინა თავისი პოზიცია საკასაციო საჩივართან მიმართებით, ხოლო დაცვის მხარეს რაიმე სახის ახალი მტკიცებულება თუ ინფორმაცია არ წარმოუდგენია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია კასატორის მოთხოვნა საკასაციო საჩივრების ზეპირი მოსმენით განხილვასთან დაკავშირებით, რათა დაცვის მხარეს მიეცეს შესაძლებლობა, ზეპირად დაასაბუთოს მისი საჩივარი, რამეთუ მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარში გაცხადებული საკითხები არ საჭიროებს საქმის ფაქტობრივი გარემოებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევას, მით უფრო, როდესაც საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტლების მიღებამდე, საკასაციო სასამართლომ მხარეებს მისცა შესაძლებლობა, წარმოედგინათ დამატებითი არგუმენტები მათი პოზიციების დასადასტურებლად თუ საპროცესო მოწინააღმდეგის მტკიცების გასაბათილებლად, რის კვალდაკვალ, საკასაციო სასამართლოში, დაცვის მხარეს დამატებითი არგუმენტაცია აღარ წარმოუდგენია.

2. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

3. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

4. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი მ. ს.ს დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

5. პირის ექსტრადიციამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს, როდესაც არსებობს „არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში პირის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება ან/და იგი დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას ან დევნას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Soering v. the United Kingdom, no.14038/88, §91, ECtHR, 7/07/1989). ამასთან, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს ეკისრება ტვირთი, წარადგინოს მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებს არსებითი საფუძვლების არსებობას ვარაუდისათვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში იგი დაექვემდებარება არასათანადო მოპყრობასა და დევნას. ხოლო სახელმწიფო, მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სახით, ვალდებულია, გაფანტოს ყველა ეჭვი, რაც დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით შეიქმნება (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: J.K. and others v. Sweden, no. 59166/12, §91,96, ECtHR, 23/08/2016; Saadi v. Italy, no.37201/06, §129, ECtHR, 28/02/2008). საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Mamatkulov and Askarov v. Turkey, no. 46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005; K. v. Russia, no. 69235/11, §58, ECtHR, 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Shamayev and Others v. Georgia and Russia, no. 36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005). განზოგადებული ხასიათის ცნობები, სხვა სპეციფიკური სამხილების გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის გარემოებას იმის დასადასტურებლად, რომ ექსტრადიცია პერსონალურ საშიშროებას უქმნის ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირებს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Shamayev and Others v. Georgia and Russia, no. 36378/02, §350, 352, ECtHR, 12/04/2005).

6. აღსანიშნავია, რომ, განსახილველ შემთხვევაში, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ. ს-ს – ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ა-ს საკასაციო საჩივარში მითითებულია ექსტრადიციის შემთხვევაში მ. ს.ს მიმართ სიცოცხლის მოსპობის ზოგად საფრთხეებზე, რომლებიც თავად ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის განმარტებებს ეფუძნება, თუმცა გაცხადებული რისკების არსებობა ან/და რეალურობა არ არის გამყარებული კონკრეტული დამადასტურებელი მტკიცებულებებით, რისი მხედველობაში მიღებითაც, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს „არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ, თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, არსებობს მ. ს-ს სიცოცხლის მოსპობის რეალური საფრთხე და ვერც ის დგინდება, რომ ასეთი საფრთხის შემთხვევაში, თურქეთის რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოები ვერ უზრუნველყოფენ მის სათანადო დაცვას.

6. საკასაციო სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს თურქეთის რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში თურქეთის რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ, რაც ერთობლივად მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიებს ქმნის თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევების პრევენციის კუთხით. აღნიშნულ მექანიზმებს შორისაა: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი, წამების წინააღმდეგ გაეროს კომიტეტი და პრევენციის ეროვნული მექანიზმი. ხსენებული მექანიზმები, ერთობლივ, მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიებს ქმნიან თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებთან შეუსაბამო მოპყრობისა და ადამიანის უფლებების სხვა ტიპის დარღვევების პრევენციისა და აღკვეთის კუთხით. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნისათვის პირის გადაცემა უფრო უსაფრთხოდ იქნა მიჩნეული, ზემოაღნიშნული ევროპული მექანიზმების არსებობის გამო (Chentiev and Ibragimov v. Slovakia, App no 21022/08 & 51946/08, Decision, ECHR).

7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 1 აპრილის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ. ს-ს – ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ა-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2025 წლის 1 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ლ. ფაფიაშვილი