Facebook Twitter

საქმე N 010100123006993942

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№1214აპ-24 16 აპრილი, 2025 წელი

ქ. დ., 1214აპ-24 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე)

ლევან თევზაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. ქ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ჟ. საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 24 სექტემბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, დ. ქ., – დაბადებულს ...., – ბრალად დაედო: განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა (ორი ეპიზოდი) და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.1. დ. ქ., გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით –55,587 გრამ – ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 1,568 გრამ – ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“, განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 32,014 გრამ – ნარკოტიკულ საშუალება „მეთილენდიოქსიმეტამფეტამინსა (მდმა)“ და განსაკუთრებით დიდი ოდენობით –89,486 გრამ – ნარკოტიკულ საშუალება „მეტამფეტამინს“, რომელთაგან ნაწილს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 53,168 გრამ – ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 1,568 გრამ – ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“, განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 32,014 გრამ – ნარკოტიკულ საშუალება „მეთილენდიოქსიმეტამფეტამინსა (მდმა)“ და განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 89,486 გრამ – ნარკოტიკულ საშუალება „მეტამფეტამინს“ ინახავდა პირადად, რაც 2023 წლის 3 თებერვალს, 06:45 საათიდან 08:18 საათამდე დროის მონაკვეთში, ... მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული მისი პირადი ჩხრეკის შედეგად ამოიღეს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებმა; ხოლო ნაწილს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 2,419 გრამ – ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“ ინახავდა მის საცხოვრებელ სახლში, რაც 2023 წლის 3 თებერვალს, 09:00 საათიდან 09:35 საათამდე დროის მონაკვეთში, ... მისი დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებმა.

1.2. დ. ქ. გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 1,164 გრამ – ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინს“, რომლის ნაწილი – 0,606 გრამი ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინი“ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებმა ამოიღეს 2023 წლის 3 თებერვალს, 12:10 საათიდან 13:45 საათამდე დროის მონაკვეთში, ... შესახვევთან (საავტომობილო გზის მარჯვენა და მარცხენა მხარეს) ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად; ნაწილი – 0,285 გრამი ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინი“ – 2023 წლის 3 თებერვალს, 12:10 საათიდან 13:45 საათამდე დროის მონაკვეთში, ... მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად, ხოლო ნაწილი – 0,273 გრამი ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინი“ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებმა ამოიღეს 2023 წლის 3 თებერვალს, 12:10 საათიდან 13:45 საათამდე დროის მონაკვეთში, ... მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად.

1.3. დ. ქ. დაუდგენელ პირებზე გასაღების მიზნით, 2023 წლის 2 თებერვალს, ღამის საათებში, . შესახვევთან (საავტომობილო გზის მარჯვენა და მარცხენა მხარეს), ... მიმდებარე ტერიტორიებზე განათავსა 1,164 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი ფხვნილი. ზემოხსენებული ნარკოტიკული საშუალება სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებმა საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოიღეს.

2. დ. ქ. წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,260-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ქვეპუნქტით.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით დ. ქ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,260-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,260-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ქვეპუნქტზე; დ. ქ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (პირველი ეპიზოდი) – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მეორე ეპიზოდი) – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,260-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 14 თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დ. ქ., საბოლოოდ განესაზღვრა – 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები.

4. სასამართლომ დაადგინა, რომ დ. ქ. ჩაიდინა: განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა (ორი ეპიზოდი) და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მომზადება.

5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, ერთი მხრივ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა – თორნიკე გოგეშვილმა, რომელიც ითხოვდა გადაწყვეტილების შეცვლასა და დ. ქ-ს დამნაშავედ ცნობას მისთვის წარდგენილი კვალიფიკაციით და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას, ხოლო, მეორე მხრივ, მსჯავრდებულ დ. ქ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატებმა – გოჩა შაინიძემ და მ. ჟ., რომლებიც ითხოვდნენ განაჩენის შეცვლას, დ. ქ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ერთი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,260-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და შეფარდებული სასჯელის – 14 წლით თავისუფლების აღკვეთის – ნაწილის პირობითად ჩათვლას.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 24 სექტემბრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 24 სექტემბრის განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ. ქ--ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა – მ. ჟ., რომელიც ითხოვს განაჩენის შეცვლას, დ. ქ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა (ერთი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,260-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და საქართველოს სისხლის სამართლის მკოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, შეფარდებული სასჯელის – 14 წლით თავისუფლების აღკვეთის – ნაწილის პირობითად ჩათვლას. კასატორი მიიჩნევს, რომ განაჩენი უკანონოა, ვინაიდან, ერთი მხრივ, არასწორია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ორ ეპიზოდად დაკვლიფიცირება და, აქედან გამომდინარე, ცალ-ცალკე სასჯელების განსაზღვრა, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 14-ე მუხლის შესაბამისად, განგრძობადია ამავე კოდექსის ერთი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომელიც მოიცავს ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით ჩადენილ ორ ან მეტ ქმედებას. განსახილველ შემთხვევაში კი, გამოკვეთილია არა რამდენიმე, არამედ – ერთი ქმედება; მეორე მხრივ, არსებობდა ყველა სამართლებრივი წინაპირობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,260-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელის – 14 წლით თავისუფლების აღკვეთის – ნაწილის პირობითად ჩასათვლელად, ვინაიდან დ. ქ-სათვის დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე არ წაუსწრიათ, მან ითანამშრომლა გამოძიებასთან (რომ არა მსჯავრდებულის გამოძიებასათან თანამშრომლობა, კონკრეტული ლოკაციებიდან ვერ ამოიღებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს) და დაასახელა დანაშაულში თანამონაწილეები. გარდა ამისა, მსჯავრდებულმა უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებების ნაწილი, რითაც ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას.

8. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე ბრალდების მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ: მოწმეების – გ. ა., ლ. გ., მ. ბ., დ. ბ., მ. დ, ი. გ., გ. თ., ა. ფ. და ე. ჯ. ჩვენებები, დ. ქ-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ქიმიური ექსპერტიზის №... და №... დასკვნები, რომელიც, მსჯავრდებულ დ. ქ-ს აღიარებასთან ერთობლივად, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ მან ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედებები, რასაც არც მხარეები ხდიან სადავოდ.

3. დაცვის მხარის მიერ სადავოდ გამხდარ – დანაშაულის კვალიფიკაციასთან – დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-14 მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, განგრძობადია ამავე კოდექსის ერთი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომელიც მოიცავს ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით ჩადენილ ორ ან მეტ ქმედებას. განგრძობადი დანაშაული დამთავრებულია უკანასკნელი ქმედების ჩადენის მომენტიდან. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, დ. ქ-ს მიერ ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით ჩადენილი ქმედებები არ იკვეთება, რამეთუ მისი პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკულ საშუალებებთან მიმართებით, უტყუარად დადგენილია, რომ მსჯავრდებულს ამოძრავებდა მხოლოდ მათი უკანონოდ შეძენისა და შენახვის განზრახვა, რასაც ედავებოდა კიდეც დ. ქ-ს ბრალდების მხარე, მაშინ, როდესაც საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებებთან მიმართებით, დადგენილია მათი გასაღების განზრახვა. საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებით, არც დაცვის მხარე უარყოფს და საკასაციო სასამართლოსაც დადასტურებულად მიაჩნია, რომ დ. ქ. ამზადებდა ამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებას, როდესაც დანაშაულის ჩასადენად პირობები განზრახ შექმნა. შესაბამისად, დაცვის მხარის მითითება, რომ დ. ქ. ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით შეიძინა და ინახავდა მისი პირადი და საცხოვრებელი ჩხრეკისას აღმოჩენილ, ისევე – როგორც საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებებს და, შესაბამისად, მისი ქმედებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვიჩ ჩადენილ, ერთ დანაშაულად უნდა დაკვალიფიცირდეს, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

4. მსჯავრდებულისათვის შეფარდებულ სასჯელთან მიმართებით, აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სასჯელთან დაკავშირებული კონსტიტუციური შეზღუდვის არსი არის პროპორციული სასჯელის დაკისრება მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი (კონკრეტული დაზარალებულისთვის თუ საზოგადოებისთვის), დამნაშავის პერსონალური მახასიათებლები და საქმის კონკრეტული გარემოებები იმისთვის, რათა განისაზღვროს, როგორი სასჯელი იქნება შესაბამისი პირის რეაბილიტაციისა და საზოგადოების დაცვისთვის ამ კონკრეტული დამნაშავის შეკავების გზით. მხოლოდ ამგვარ პირობებში შეასრულებს სასჯელი თავის მიზნებს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-97).

6. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა, როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე – პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ასევე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების (აღიარა ჩადენილი ქმედებები, რასაც სწორ სამართლებრივი შეფასება მისცა სასამართლომ; ითანამშრომლა გამოძიებასთან; უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებების ნაწილი, რითაც ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას) მხედველობაში მიღებით, დ. ქ. ჩადენილი დანაშაულის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი – 14 წლით თავისუფლების აღკვეთა – შეუფარდა, რომლის კიდევ უფრო შემსუბუქება და სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლა, საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების სახეობიდან (,,ჰეროინი“ მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებაა) გამომდინარე, არ არის მიზანშეწონილი. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს: რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენება, მასში გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის დროსაც კი, წარმოადგენს სასამართლოს უფლებამოსილებას და არა – ვალდებულებას. შესაბამისად, ზემოხსენებულ არგუმენტებზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად არ მიიჩნევს დ. ქ-ს მიმართ შეფარდებული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლას.

7. ამასთან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-3 მუხლის 1-ელი პუნქტის შესაბამისად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია, მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო წარმოებისა ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებისა, წარმოებისა, შეძენისა, შენახვისა, გადაზიდვისა ან გადაგზავნისა). ამავდროულად, 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის 1-ელი პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ დანაშაულზე, რომელიც გათვალისწინებულია, მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-7 ნაწილით. ამდენად, დ. ქ. ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელები, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,260-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სასჯელზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი არ ვრცელდება.

8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ დ. ქ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ჟ. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 24 სექტემბრის განაჩენი უნდა შეიცვალოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 301-ე მუხლით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ დ. ქ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ჟ. საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 24 სექტემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. დ. ქ-სათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,260-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,260-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე;

4. დ. ქ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს:

5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,260-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით – 14 წლით თავისუფლების აღკვეთა;

6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (1-ელი ეპიზოდი) – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და განესაზღვროს – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (მე-2 ეპიზოდი) – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-3 მუხლის 1-ელი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და განესაზღვროს – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დ. ქ. საბოლოოდ მიესაჯოს – 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალოს 2023 წლის 3 თებერვლიდან;

9. მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, 5 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით –საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, საჯარო სამსახურში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე – აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება – 20 წლით;

10. სხვა, მათ შორის, ნივთმტკიცებების ნაწილში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 24 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

11. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ლ. ფაფიაშვილი